პეპლების სასაფლაო
ლეო ნაფტა
 
თარიღი: 31/08/2012
კატეგორია: სტატია

 

@ ლეო ნაფტა

 

 

პეპლების სასაფლაო

 

 

შენ დატოვე სასაფლაოები და მაშინ, როცა სისველის გარდა, სიკვდილის შიში დამეწყო - დაბრუნდი.

რომელი სიკვდილია სწორი?

ან მართალი?

ან როგორი შეიძლება იყოს დახეთქება სინათლის შუქით დაბრმავებულის?

ყველაფერი შეიძლება და ჩემი სიკვდილიც ნამდვილი იყო - როცა ყოველ დღე საკუთარი ფეხებით ვთელავ მომაკვდავ პეპლებს და უკვე მკვდარ კოღოებს -

 

მაწუხებენ მკვდრები.

ძილის დროს, რომელსაც ძილი არ ქვია და ყოველი გათენება ნაწვიმარი მზის შუქივით მადგას თავზე.

სიბერის შიშის დროს, რომელსაც სიბერე არ ქვია.

არითმიის დროს, რომელსაც პანიკა ჰქვია.

 

***

შენთვის მოწყობილ, კომფორტულ სასაფლაოზე გლოვობ მკვდარ და აღარ არსებულ მიცვალებულებს, თან ყოველი მათგანი ცოცხალი გგონია, ზუსტად ისე, როგორც ,,უფალს თავის შვილები უყვარს” - როგორ ვძულვართ ალბათ, თუ ჯერ არ გახრწნილა და ისევ ცოცხალია - ის ღმერთი, რომლითაც გვაშინებენ და რომლის  ძემაც ისეთი რაღაცეები ჩაიდინა, რომ მამები შეგვაძულა.

 

როგორი სიტყვაა ,,მიცვალება” - ყველას და ყველაფერს რომ უხდება - იმდენად უინტერესო და საძაგელია ყოფნა, რომ სიკვდილის რომანტიკა სინათლიდან იატაკზე დახეთქებულ კოღოებს, პეპლებს და ადამიანებს ჰგავს .

 

ფიზიკური ტკივილი ალბათ მრავალჯერადია: ჯერ შუქის ძებნა და მანამდე ყველა თეთრ, გამურულ ან გასუფთავებულ კედელთან შესკდომა - როცა თავის ქალა ცნობიერის არსებობას ამართლებს - ტკივილი (ფიზიკური) სიკეთეა, ისეთივე სიკეთე, როგორიც ვერგათავებული მინეტის მერე სევდიანი სახით ჩამუხვლა და იმ გოგოს კისერში ჩასუნვა, რომელიც დაიღალა და დაეხეთქა სადღაც - ლოგინზე, ბაღში მიგდებულ სკამზე ან მიტოვებული მშენებლობის ჭუჭყიან კედლებში. როცა მისი მშრალი თმები გეხება და უკმაყოფილო სახით სახლში მიდის, სადაც დედა დახვდება.

 

ფიზიკური ტკივილი ალბათ მრავალჯერადია: მას მარტო აფეთქების უნარ-ჩვევები აქვს: ასე, ასკდები ყველაფერს და არ გინდა მოკვდე, ან რანაირად შეიძლება მოკვდე, როცა არსებობა ერთადერთი შანსია ბედნიერების.

 

მე არ მესმის თვითმკვლელების, ისინი იდიოტები არიან - სიცოცხლეზე საინტერესო მარტო  ახალდაბადებული, ჩვილი ქრისტეა, რომელსაც დიდი სიამოვნებით მივაკლავდი აპკიანი, ქალწული მარიამის ბალიშის გვერდით, როცა მას ჩაეძინებოდა

 

***

 

ასე გესმოდა ხმები, რომელსაც ხან ტალღების, ზოგჯერ ღრუბლების და ზოგჯერ სითბოს ხმები ჰქონდა, მაგრამ არასდროს გიფიქრია სადღაც ველურ და ჩემთვის ყველაზე არსებულ ბედნიერებაზე - იმაზე, რომ სადღაც სოკოებიც არსებობენ - შორს შენგან და შენთვის - ვერასდროს წარმოიდგენდი რომ ისინი სუნთქავენ, სუნთქავენ ისე, რომ მათთან შეხება გაციებულ ფეხებს, გაციებულ სახეს, გაყინულ ხელებს და გამომწვარ, ერთმანეთში აზელილ ორგანოებს მუცელში - გააყუჩებენ.

 

ისინი არსებობენ ზუსტად შენსავით - ჩუმად.

 

ვერავინ გაიგებს მათ შესახებ. ან როგორ უნდა გაიგონ, ვის აინტერებს? - არჩევნები მოდის - სულელი ადამიანები (და მათგან შედგება ჩემი ქვეყნის ნარჩევი უმრავლესობა, რომელსაც აუცილებლად ანგარიში უნდა გაუწიო - იმიტომ, რომ გადარჩე) ჩემს ქვეყანაში, სადაც აგერ უკვე მეოცე წელია რაღაცას ებრძვიან, ვიღაცას აგდებენ, ვიღაცას ირჩევენ, სულ ღირსებაზე ლაპარაკობენ, რომელსაც ყველა ხელისუფალი (რომელსაც სრული უმრავლესობით ირჩევენ ყოველთვის) ართმევს თურმე და ესენიც დგანან და წლების მერე ერთმანეთს აყვერდებენ - ,,მაშინ მე იქ ვიყავი”-ო. ამ დროს სულ მინდა ვუთხრა: ფეხებზე  მკიდია სად იყავი და სად ხარ.

 

 

 

ვერავინ დაიჯერებს, რომ სითბო მართლა არსებობს.

ის სითბო, რომელიც იმ ნაწვიმარ და სველ ქვებთან ერთად მომეცი.

როცა ტალღები ღრიალით მიათრევდა და უკან გვიბრუნებდა იმ ქვებს, რომლებიც სასიამოვნო ეიფორიით დაავადებულ სხეულს აფხიზლებდა.

 

***

და ზუსტად ასე:

 

ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი
მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი.

და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები.

შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს
შევაჩვიე სიცივე ჩემი გულის სიცივეს.

ეხლა... თოვლში, ჩაფლული, უნუგეშოთ შთენილი
იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი...

 

გალაკტიონის ამ ლექსივით, უნუგეშოდ და იმედის გარეშე იყრებოდა ჩემ ფანჯრებთან მკვდარი პეპლები, ოღონდ ჯერ ცხელ და გაჩახჩახებულ ჭაღს ეხეთქებოდა. შემდეგ კი, გახრწნის მერე უკვალოდ ქრებოდა.

 

ასე შევეჩვიეთ ერთმანეთს.

 

როცა თოვლი და წვიმა ზღვის ტალღებთან ერთად ქრებოდა, და ყოველ ამოსუნთქვას შენს სველ თმას ვაყოლებდი - როგორც სიმბოლოს სილამაზის და მიტოვებული, ვერასდროს ნანახი ნაპირების - რომლის ნახვაც ასე არ მინდა.