ვიკტორ პელევინი - “სამყაროს [მირის] კოდი”
ზურა ჯიშკარიანი
 
თარიღი: 03/09/2012
კატეგორია: თარგმანი

 

 
ვიკტორ პელევინი - “სამყაროს [მირის] კოდი”
 
 
თარგმანი: ზურა ჯიშკარიანი
 
 
ადამიანი ნახევრად ის არის – რაც არის, და ნახევრად – ის, რაც სურს რომ იყოს, თქვა ოსკარ უაილდმა. თუ ეს ასეა, მაშინ 60-70-იანი წლების საბჭოთა ბავშვები ნახევრად კოსმონავტები იყვნენ. მე ეს ზუსტად ვიცი, რამდენადაც 7-8 წლის ასაკში მეც ასეთივე ნახევრადკოსმონავტი ვიყავი. საოცარია, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ, მე უკვე ვხვდებოდი რომ ეს მხოლოდ ბავშვური ბოდვაა, რომელიც წლებთან ერთად გაივლის. მაგრამ იმავდროულად საკუთარ თავს ამასაც ვეუბნებოდი: “ მე ვიცი, რომ ყველას უნდა კოსმონავტობა. მაგრამ ჩემს შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა! მე მართლა მინდა კოსმონავტობა, მართლა! და თუ სხვებს გაუქრებათ ეს სურვილი, დაე გაუქრეთ! მე კი არ გამივლის!”
 
ვფიქრობ, ბევრი ჩემხელა ბავშვი, ვინც კოსმოსში გაფრენაზე ოცნებობდა, თვითრეფლექსიის ასეთივე სიღრმეებს აღწევდა. თუმცა როგორც ჩანს ზოგიერთმა მათგანმა საკუთარი ფიცი მაინც შეასრულა – ასე თუ ისე მას შემდეგ გვყავდა რამდენიმე კოსმონავტი. როგორც არ უნდა ყოფილიყო: იმ პერიოდში, ჩვენ ყველას, პატარებსა და დიდებს ცალი ფეხი კოსმოსში გვქონდა. კოსმოსი ყველგან იყო. სასკოლო სახელმძღვანელოებში, სახლების კედლებსა და მოსკოვის მეტროს მოზაიკებზე: ცხვირაპრეხილი კოსმონავტი , მინის შლემ-აკვარიუმით მუდმივად რამე სიმბოლურ საქმიანობას ეწეოდა – თესავდა პატარა მწვანე მცენარეს მარსზე ამოთხრილ ორმოში ან თანამგზავრს იშვერდა ვარსკვლავებისკენ. ქალაქების სიღრმეებში ის ყოველთვის და ყველგან იყო, და ამდენად, გარკვეულწილად ყოველივე მომხდარის უხმო მოწმედ,მარადიულ “მესამედ” გადაიქცა, ისეთივე სახის იპოსტასად, როგორიც იყო ის ლენინი, რომელიც შაბათობაზე ხის კუნძს მოათრევდა. ამასთან, როგორც ჩანს,  უფროსები მას გარდაუვალ თანამესუფრედ თვლიდნენ, რომელიც რათქმაუნდა ბოთლის ყიდვაში არანაირ მონაწილეობას არ იღებდა, მაგრამ ბევრსაც არ სვამდა. შესაძლოა, სწორედ მას ეძღვნება ის რამდენიმე წვეთი, რომელსაც ლოთები რიტუალურად ღვრიან მიწაზე, სანამ ბოთლი თავის პირველ წრეს დაასრულებს. 
 
ხუთსართულიანი ხრუშოვკების ფანჯრების ქვეშ თანამგზავრების მოდელები იდგა. ერთი ვარსკვლავთმფრენი მეორეს ცვლიდა კედლის მოსახევ კალენდარებში. კოსმოსური ალუზიების ნაკადი მომავლის გზას უხსნიდა საბჭოთა ყოველდღიურობას და საშუალებას არ აძლევდა ცხოვრებისეულ სიმყრალეს, რომ ცხვირამდე მიეღწია. სამყარო გარშემო გავდა კარვების ბანაკს, რომელშიც ხალხი მხოლოდ დროებით ცხოვრობდა, მზის ქალაქის მშენებლობის დასრულებამდე. და ის რომ ეს ბანაკი უკვე თითქმის მარადიულად არსებობდა, ჩვენი კოსმოსური ილუზიების აპოთეოზში – ჩვენ საერთოდ არ ვიხსენებდით: ტელევიზორიდან აჩვენებდნენ რაკეტების სტარტს ბაიკანურში. ეს იყო ის მომენტები, როცა ცოცხლდებოდნენ კოსმონავტები სახლების ფრიზებიდან. თავიანთ სკაფანდრებსა და კაპიშონებში, ტუჩებთან მიკროფონით, ისინი უკანასკნელად უქნევდნენ ხელებს ტელემაყურებლებს, სანამ მიტრიალდებოდნენ თეთრი ფალოსისკენ, რომელიც მზადყოფნაში იდგა და უმიზნებდა ყაზახეთის მუქ ლურჯ ცას. 
 
 
 
 
განსაკუთრებით მისტიკურად მეჩვენებოდა კოსმონავტების ეკიპირების ერთი უცნაური აქსესუარი. მათ მუდამ თან დაქონდათ პატარა, მსუქანი ჩემოდნები, რომლებიც მზის შუქზე ფოლადისა და ტიტანიუმის ბრწყინვალებით კაშკაშებდნენ. მახსოვს ყველაზე მეტად მტანჯავდა კითხვა – თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამ ჩემოდნებში. იქნებ ვარსკვლავური რუკები? კოდური ცხრილები? საიდუმლო იარაღი? ჟანგბადის მარაგი ექსტრემალური სიტუაციებისთვის? დიდი ხანი ვერ ვბედავდი მეკითხა ამის შესახებ უფროსებისთვის – რადგან საკუთარი გამოცდილებით უკვე ვიცოდი, რომ მათი ახსნა-განმარტებების შემდეგ სამყარო იშვიათად თუ ხდებოდა უფრო საინტერესო. როდესაც ერთხელაც ვეღარ მოვითმინე და ვიკითხე – პასუხი გამაოგნებელი აღმოჩნდა. “ჩემოდანი?” – დამიბრუნა კითხვა ტელევიზორთან მჯდომმა – “ეს ჩემოდანი მძღნერისთვისაა. ხედავ ჩემოდნიდან შლანგი რომ სკაფანდრისკენ მიდის? კოსმონავტებიც ხო ხალხია.”
 
შეუძლებელი იყო იმის უარყოფა, რომ ნარჩენების განადგურების ასეთი სისტემა მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ კოსმონავტი მძღნერით სავსე ჩემოდნით ხელში - ჩემთვის ისეთი წარმოუდგენელი რამ იყო, რომ ჩემს უმანკო ვარსკვლავურ ცას იმ მომენტში სერიოზული ბზარი გაუჩნდა. მას შემდეგ, როცა ახალი კოსმონავტი უახლოვდებოდა ახალ რაკეტას, მთელი ჩემი ყურადღება ჩემოდნისკენ იყო მიმართული, რომელსაც უბრალოდ თვალს ვერ ვწყვეტდი. ალბათ, ეს იმითაც იყო განპირობებული, რომ იმ დროისთვის მე უკვე გავიზარდე და დიდი ხნის შემჩნეული მქონდა, რომ არა მხოლოდ კოსმონავტები ატარებდნენ ამ ჩემოდანს – ამას მთელი საბჭოთა რუსეთი აკეთებდა. [რევოლუციამდელ რუსეთში ამბობდნენ, ყოველმა ადამიანმა თვითონ უნდა ატაროს თავისი ჯვარიო – შესაძლოა, ჩემოდანი ამ მეტაფორის ათეისტური ნატეხი იყო.]
 
უფრო მეტიც, მთელი საბჭოთა კოსმონავტიკა თავისი ფესვებით გულაგის სიმყრალეში იყო ჩაფლული, იქ გულაგში იჯდა მთავარი კონსტრუქტორი კოროლიოვი და მისი ჩემოდანი მას შემდეგ მუდამ მასთან ერთად იყო. სიმბოლარიუმი, რომელიც საბჭოთა რაკეტებს მიქონდათ კოსმოსში [გერბები თავთავების კონებით, დროშები ვარსკვლავებით და ა.შ.], იყო სიყალბე, მაშინ როცა ამავდროულად ეს იყო ზუსტი სიმბოლო, რომელიც ფარდას ხდიდა მთელ საშინელებას: საბჭოთა ადამიანს, რომელმაც ააშენა პირველი კოსმოსური ხომალდები და გაფრინდა ვარსკვლავებისკენ, სხვა სამყაროთა მობინადრეების შესახვედრად, არაფერი ქონდა მათთვის საჩვენებლად - გარდა ამ ჩემოდნისა, რომელიც სავსე იყო ლაგერების განავლით, ტირანიითა და ბნელი სიღატაკით. რაც უფრო მეტს ვიგებდი სამყაროს შესახებ, მით უფრო დიდი ხდებოდა ჩემოდანი და მით უფრო მძიმე იყო კოსმონავტისთვის მისი ათრევა რაკეტაში. 
 
ამიტომაც მე არ გამკვირვებია, რომ საბჭოთა შატლის “ბურანის” ბორტზე, მისი ერთადერთი ფრენის წინ – არცერთი კოსმონავტი არ იმყოფებოდა.  უხილავი ჩემოდანი იმ დროისთვის უკვე იმდენს იწონიდა, რომ ადამიანისთვის ადგილი აღარ დარჩა. მოგვიანებით, ელცინის პერიოდში, აღმოჩნდა, რომ ეს უნივერსალური სიმბოლო არსებობს ასევე სხვა, უფრო ღრმა ფროიდისტულ ინკარნაციებშიც: მაგ. როგორც ჩემოდანი ბანკის სეიფში. იმისთვის, რომ ადამიანების ერთმა ნაწილმა თავისი ინკარნაცია შვეიცარიულ ბანკში შეინახოს ,უნდა არსებობდნენ სხვა ადამიანები, რომლებიც სხვა ინკარნაციას მოყინულ კიბეებზე ეზიდებიან თავიანთ სახლებში, სადმე ცივ ვლადივასტოკში – ყველაფერი ეს რაღაცით ენერგიის შენახვის კანონს წააგავს. რაც უფრო სქელია ერთი ჩემოდანი, მით მეტი ეტევა მეორეში. 
 
საბოლოო ჯამში მე მივხვდი, რომ რუსეთში არ არსებობენ  კომუნისტები,  დემოკრატები, ნაციონალისტები ან ლიბერალები, არ არიან მემარჯვენეები და არც მემარცხენეები, იმის მიუხედავად, რომ ტელევიზია მუდამ ცდილობს საპირისპიროში დაგვარწმუნოს. არსებობს მხოლოდ ეს ჩემოდანი – რუსეთში მიმდინარე დრამების უხილავი მთავარი რეკვიზიტი. ეს ის საიდუმლო ობიექტია, რომელსაც გადაეყარა “კურსკი” დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე. მოცემულ მომენტში ის აგდებს სადგურ “მირს” მისი ორბიტიდან. და ვინ იცის , იქნებ ეს სწორედ ის კეისია, რომელსაც ერთი პრეზიდენტი მუდამ გადასცემს შემდეგს, ხოლო გენერლები მუდმივად გვარწმუნებენ, თითქოს ეს ბირთვული ჩემოდანია. 
 
ოდესღაც, როცა ჩემოდანიც და მეც ჯერ კიდევ პატარები ვიყავით, საბჭოთა საბავშვო ენციკლოპედიაში უცნაური ნახატი აღმოვაჩინე: თეთრი ზიგზაგები შავ ფონზე. ნახატის ქვეშ მიწერილი ტექსტის მიხედვით საუბარი იყო ოსცილოგრაფიულად კოდირებულ სიტყვებსე: “სსრკ”,”ლენინი” და “მირი”[მშვიდობა], რომელსაც მაშინ მარალსიხშირიანი სიგნალების სახით გზავნიდნენ კოსმოსში. ჩვენ, იმ ეპოქის მომავალი კოსმონავტები დიდი ხანია გავიზარდეთ. საბჭოთა კავშირი უკვე რამდენი წელია აღარ არსებობს.ლენინის ძეგლები ჩამოაგდეს პოსტამენტებიდან და დაშალეს. ეხლა უნდა ჩამოაგდონ სადგური “მირი” – და მასთან ერთად ის სამყაროც, რომელშიც ჩვენ დავიბადეთ. და მხოლოდ ის სამი სიტყვა-სიგნალი მიფრინავს სამყაროში, როგორც  სხივები დიდი ხნის წინ ჩამქრალი ვარსკვლავის, რომელიც მიუხედავად იმისა რომ უკვე არ არსებობს, მაინც ანათებს ცაზე, და ამ ნათების უკან არ არის არაფერი, სიცარიელისა და ბედნიერი დამთხვევების გარდა.
 
 
[მთარგმნელის პ.ს. - სიამოვნებით მიიღება ადეკვატური შენიშვნები, რჩევები და მხარდაჭერები თარგმანთან დაკავშირებით. იმედია ისიამოვნეთ :] ]