ერთი დღე ბათუმის ლიტერატურულ კაფეში
ერეკლე დეისაძე
 
თარიღი: 06/09/2012
კატეგორია: სტატია

 

 
 
 
@ ერეკლე დეისაძე
 
 
ერთი დღე ბათუმის ლიტერატურულ კაფეში
 
 
,,ორი ამბავი მაქვს ერთი ცუდი, ერთი კარგი’’
დათო ტურაშვილი
 
1.
გაგიკვირდებათ და..
ბათუმის ლიტერატურულ კაფეში ხინკალს ვერ ნახავთ. სამაგიეროდ ნახავთ ზღვიდან ახლადამოსულ ნახევრადგაზაგრულ ვიზიტორებს, თეთრი  ფლოსტებითა და გამჭვირვალე მაისურებით. ასევე ნაკლებადცნობილ ადგილობრივ პოეტს და დაბოლილ ნინო ქათამაძეს, რომელიც თავისი შემოქმედებისგან განსხვავებით თავს ყოველთვის მხიარულად გრძნობს. ბათუმის ლიტერატურულ კაფეს მრავალი თავისებურება ახასიათებს, მაგალითად სეზონის მიუხედავად ერთი ჭიქა ნატურალური წვენი ყოველთვის 2 ლარი და 50 თეთრი ღირს. ხოლო წინა წელთან შედარებით წიგნების რაოდენობამ წელს საგრძნობლად იკლო, სამაგიეროდ იმატა მენიუს შემადგენლობამ, ეს თვალშისაცემი და ადვილი მისახვედრია, მაშინაც კი როცა ძალითმომღიმარი მიმტანი მენიუს წიგნივით გაწვდის, მისი შეფუთვა ძალიან ჰგავს თანამედროვე ქართველი პოეტების წიგნების შეფუთვას. რაღა დაგიმალოთ და ხშირია მომენტები, როცა მენიუ წიგნზე საინტერესოდ იკითხება.
 
 
2.
გაგიკვირდებათ და..
მეც იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები ვინც ხსენებულ ადგილს წვენის დასალევად სტუმრობს და ყველაფერზე საუბრობს გარდა ლიტერატურისა. ეს ხანდახან მეამაყება კიდეც. წელს, ძალიან გავოცდი, როცა განახევრებულ წიგნებში რამდენიმე ისეთ წიგნს გადავაწყდი, რომელიც წაკითხული არ მქონდა. გარემო კომფორტულია, ინტერიერი საინტერესო, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ადვილი დასაშვებია რომელიმე ცნობილ მწერალსაც გადააწყდე, მთავარია ნერვებმა არ გიმტყუვნოს და მოთმენა შეგეძლოს. და აი ისიც... გაშლილ ლეპტოპში თავჩარგული გურუ, რომელსაც შარავანდედივით დაჰყვება რუსთავი 2-ის და ,,იმედის’’ ლოგოები, ამ ლოგოების გარეშე მისი აღქმა წარმოუდგენელია, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბათუმის ლიტერატურულ კაფეს უამრავი თავისებურება ახასიათებს. გურუ მოწყენილია, თუმცა ილუზია იქმნება, რომ ვიტრინასთან ახლოს რეკლამის გამო დაუსვამთ, რათა ქუჩაში
გამვლელებმა ადვილად შენიშნონ. ყველას როდი უმართლებს ცოცხალ ღვთაებას ლაივში უყუროს. არის მასში რაღაც მანეკენისებური, ვიტრინა კი თითქმის ყველგან ერთნაირია. 
 
 
3.
გაგიკვირდებათ და..
წიგნის თაროებზე ორჰან ფამუქსაც წავაწყდი. ნებისმიერი ფობია ჭირის დღესავით მძულს, მაგრამ როდესაც ფამუქის წიგნებს ვუყურებ. თურქოფობია მემართება. გამოგიტყდებით და არც წამიკითხავს,  მაგრამ ილიას დავესესხები და ,,მე ერი მზრდის’’ ხოლო წაუკითხავად გაკრიტიკებაც ჩემი ერის მაგალითიდან ვისწავლე. რაღა თქმა უნდა, არც იმაზე დავობს ვინმე, რომ ხალხი ბრძენია და ყველანი ვთანხმდებით საკუთარ სრულყოფილებაში. როგორც ქალბატონმა ბაია ამაშუკელმა ბრძანა ,,მე ვარ ქართველი და არავითარი მაშასადამე...’’ შესაბამისად თუ ვინმესთვის რაიმე გაუგებარია, ჩემი სიტყვების განმარტებას საჭიროდ არ ვთვლლი.
- რა ღირს ფამუქი? - ვკითხულობ ხმამაღლა.
- არ ვიცი, გამყიდველი გასულია - მპასუხობს ვიღაც.
 
 
4.
გაგიკვირდებათ და
ბათუმის ლიტერატურულ კაფეში, ვაშლის წვენი ძალიან გემრიელია. მის  ნატურალურობაში შეგვიძლია საფუძვლიანი ეჭვი შევიტანოთ, მაგრამ გარემოდან გამომდინარე ამისთვის დრო თითქმის არ გრჩება. მით უფრო როდესაც ვიტრინიდან, ქუჩაში მიმავალ შოთა გაგარინს ხედავ, რომელიც
გედივით ყელმოღერებული მიაბიჯებს ბათუმის ვიწრო ქუჩებში და ჩემ მიერ ნასწავლ პროლეტარულ სახინკლეს ეძებს.
 
- თუ შეიძლება ანგარიში! - მიმტანს ვეუბნები და ტიციანის სტრიქონი მახსენდება, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს ,,თუ პოეტი ხარ ყველაფერი მაგარი გქონდეს!’’
 
გაგიკვირდებათ და, ასეთს არავის ვიცნობ. არადა დედაჩემს ყოველთვის მოსწონდა ჩემი ლექსები...