დრო - ხვლიკია მზეზე
ალექს ჩიღვინაძე
 
თარიღი: 10/09/2012
კატეგორია: თარგმანი

 

 

 

@ ალექს ჩიღვინაძე

 

 

დრო - ხვლიკია მზეზე

 

 

ჩარლზ სიმიკი - ამერიკელი პოეტია, წარმოშობით სერბი. 1938 წლის ბელგრადში დაიბადა.  შემდეგ კი ამერიკაში გადასახლდა. აშშ-ს პოეტი-ლაურეატი და პულიცერის პრემიის მფლობელია. ისეთი ტიპია, როგორებიც იყვნენ ის ძენის ოსტატები, დჰარმის მაწანწალები,  მჭვრეტელები, იუმორით შემკულნი და ყოველდღიურობიდან მარგალიტების მომპარავნი. ესეც მისი რამდენიმე ლექსის თავისუფალი თარგმანია:

 

 

ქუჩის სცენა

 

ქუჩის კუთხეში - პატარა ბრმა დგას

მკერდზე მუყაოს ნაგლეჯმიკრული.

ბიჭუნა ძალიან პატარაა იმისთვის,

რომ მოწყალებას ითხოვდეს მარტო.

მაგრამ მაინც დგას

ხელგაშვერილი.

 

უცნაური საუკუნეა -

უდანაშაულო ადამიანების მკვლელობები,

ფრენები მთვარეზე...

და ეს ბიჭუნა

უცხო ქალაქში დაკარგულს მიცდის.

 

ჩემი ნაბიჯების ხმაზე,

პირიდან იღებს რეზინის თოჯინას,

თითქოს რაღაცის თქმა სურს.

მაგრამ არაფერს ამბობს.

 

თოჯინას თავია,

დაღეჭილი. მაღლა სწევს,

რომ დავინახო.

ორი მომღიმარი სახე მომჩერებია.

 

 

 

 

სიზმრების სამეფო

 

ჩემი სიზმრების წიგნის პირველ ფურცელზე

მარადიული საღამოა

ოკუპირებულ ქვეყანაში

კომენდატის საათის მოლოდინში

პატარა პროვინციული ქალაქი

სახლების ფასადები დამტვრეულია

ფანჯრები ჩაბნელებული

 

კუთხეში ვდგავარ

სადაც წესით არ უნდა ვიდგე.

მარტო, ნახევრადშიშველი

შავი ძაღლის მოლოდინში

რომელიც ჩემს სტვენა ესმის

ხელში საზარელი საკარნავალო ნიღაბი მიჭირავს

მაგრამ გაკეთების მეშინია.

 

 

 

 

ისტორიის გაკვეთილი 

 

ხმაურიანი ქუჩის შუაგულში

ბიჭუნამ დაინახა წიგნიდან ამოხეული ფურცლები

ბურთს ასფალტზე ბრახუნს მოეშვა

და მათკენ გაიქცა.

 

ფურცლები პეპლებივით მოფრინავდნენ.

მან მხოლოდ რამდენიმე სახელს და თარიღს

შეავლო თვალი.

 

ქალაქის განაპირას

ჰაერში აწეულმა ფურცლებმა

გადაყრილი საბურავების გორას გადაურა

და სერ მდინარეში ჩაეშვა.

 

და კნუტივით ჩაიძირა წყალში

გვერდზე მიცურავდა ბარჟა

სახელად “გამარჯვება”

და დამახინჯებულ ტალღებს ტოვებდა.

 

 

 

სკამი

 

ეს სკამი ევკლიდეს მოსწავლეა.

თეორემების წიგნი იდო მასზე

კლასის ფანჯარა კი ღია

ქარი ფურცლავდა წიგნს

ჩურჩულით იმეორებდა ცნობილ სიტყვებს

მზე ჩადიოდა ოქროსფერ სახურავებს მიღმა

და ჩრდილები გრძელდებოდნენ

ევლიდე ამას არანაირ ყურადღებას არ აქცევდა.

 

 

 

ბებიას ლოგიკა

 

დიდებულმა ნიცშემ, ამბობენ,

რომ ერთხელ ტურინში გაპარსა ცხენი.

იგივე შეშლილი ნიცშე

საკუთარ არსეობაში დასარწმუნებლად

დროდადრო ჯიბის სარკეში იყურებოდა.

ალბათ ეს იგივე სარკეა, რომელიც მან ცხენს გაუწოდა,

რათა გაპარსვის შემდეგ საკუთარი თავი დაეთვალიერებინა.

 

 

 

* * *

 

დრო - ხვლიკია მზეზე. უძრავი, ფართოდ გახელილი თვალებით. მას მოსწონს ჩვენი სახეების საიდუმლოს წვდომა და ჩვენი საუბრის მოსმენა.

ეს ყველაფერი იმიტომ რომ პირველი ადამიანებიც ხვლიკები იყვნენ.

თუ არ გჯერათ, დაიჭირეთ ხვლიკი კუდით და ნახეთ რას იგრძნობთ.

 

 

* * *

 

ბავშვობაში ციგნებმა მომიტაცეს. მშობლებმა კი უკან დამაბრუნეს. შემდეგ ისევ მომიტაცეს ციგნებმა. და ასე გაგრძელდა. აი, ჩემი ახალი დედის შავ ძუძუს ვწოვ და აი, ვზივარ გრძელ მაგიდაზე და ვერცხლის კოვზით შევექცევი სადილს.

გაზაფხულის პირველი დღე. ჩემი ერთი მამა აბაზანაში მღერის. მეორეს კი ბეღურა დაუჭერია და ტროპიკული ჩიტის ფერებში ხატავს.