"მე იაპონია"
ლეო ნაფტა
 
თარიღი: 10/05/2012
კატეგორია: სტატია

 

ყველაფერი დამთავრდა. ცუნამი მორჩა, გადაგვიარა და ატომური ელექტროსადგურებიც ააფეთქა ალბათ. მე მოვკვდი, მაგრამ ჩემამდე, მგონი, სემი მოკვდა. სემი ჩემი შეყვარებულია, ძალიან ლამაზი იყო სემი. ნეტა ახლა როგორია? არ ვიცი. მკვდარი ვარ და საერთოდ მარტო დავბოდიალობ აქეთ-იქით. ჩემი გოგოც ასეა ალბათ და მისი პატარა პუდელიც, ცუნამის დღეს რომ ვასეირნებდით ჩვენს საყვარელ ბაღში. არ ყოფილა ძნელი მარტოობა, პირიქით - მომწონს. ჰეროინი ჩვენს ქვეყანაში არ უყვართ, მე სტუდენტური მოგზაურობის დროს გავსინჯე პირველად ნანტის მახლობლად, პატარა უბანში. მაშინ მოვკვდი პირველად და გაცოცხლებისთანავე სემი ვიკითხე, ის ჩემთან არ იყო, არც იცოდა ალბათ რომ მოვკვდი და გავცოცხლდი. ისევ დავხუჭე თვალები და მეორე გაღვიძებაზე უკვე ჩვენი პატარა პუდელი, ჩერი ვიკითხე, თუმცა არც ის არ იყო ჩემს გვერდით. მოკლედ, ერთხელ უკვე გადავიტანე სიკვდილი და ახლა მეორეჯერაც თუ გავცოცხლდი, ნამდვილად ვიწამებ ღმერთს. აქ ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ ღმერთს. მკვდრებთან რა უნდა პრინციპში, მაგრამ სულ მასე ამბობდნენ სანამ მაგ დალოცვილ და მუდამ მიწაშერყეულ მიწაზე დავაბიჯებდი - არსებობს და ძალიან კეთილიაო. სიმართლე გითხრათ, ფეხებზე მკიდია აქ სადმე არის თუ არა, არც მის ძებნას ვაპირებ. მე სემის და ჩვენი პატარა პუდელის დარდი მაქვს.

 

უშველებელმა ტალღებმა რომ წამოიღო მანქანები, სახლები, ჭუჭყი, ქუჩაში ქარისგან მომტვრეული სინათლის ბოძები, მაღაზიები, ადამიანები - როცა ყველაფერი ერთმანეთში აიზილა და ირგვლივ განწირული კივილი - ქარის, ტალღების თუ ადამიანების - ახშობდა ყველაფერს, ჩვენ ერთ-ერთი მანქანის სახურავზე ვიდექით და მაგრად ვეჭიდებოდით მის ზედაპირს. მერე ტალღებმა ჩვენამდეც მოაღწია, ამოგვატრიალა, ჯერ სემი წაიღო ტალღებმა და ისე ამოტრიალდა მისი სახე ვერ დავინახე, შემდეგ რაღაც დამეცა თავში და სისვeლე ვიგრძენი. ალბათ იმ დროს მოვკვდი. მაგრამ ჩვენი პუდელი? არ ვიცი, ის ვეღარ დავინახე. ალბათ ისიც მოკვდა.

 

დავდივარ ახლა რომელიღაც ცარიელ ქალაქში და ომობანას ვეთამაშები ვიღაცეებს - ოღონდ მათ სახეები არ აქვთ, არც ხმები ისმის, უბრალოდ ყველა შენობასთან მემალებიან და მისაფრთდებიან. იქნებ სადმე ვინმე ვიპოვო. ყვირილიც მეზარება, სანგრების თხრა უნდა დავიწყო, სხვა გზა არ არის, თორე ეს ახვრები აუცილებლად კიდევ მომკლავენ. ამდენი სიკვდილი მეზარება. უნდა ამოვთხარო და დავემალო ჩემსავით დახოცილ ჯარისკაცებს. ალბათ ისინიც ვიღაცებს ეძებენ, შეიძლება სულაც ლოცულობენ ან მოწყენილობისგან ონანირებენ ცარიელი ქალაქის მიტოვებულ კედლებთან. მშვენიერი გასართობია. კარგად გაიყვან დროს ადამიანი, მაგრამ მე ამის დრო არ მაქვს. სანგარი უნდა გავთხარო და ბრძოლისთვის მოვემზადო, თან სემი უნდა ვიპოვნო როგორმე.

ჯანდაბა, არც ერთ ნაცნობ ქალაქს არ გავს აქაურობა. წყურვილის გრძნობაც არ მაქვს, ალბათ ცუნამმა წყალი შემაძულა. რაღაც ქვა ვიპოვე და სანგრის თხრა დავიწყე. ხმები მიწყნარდა. მგონი აღარ მომსდევენ, ან არც არასდროს მომსდევდნენ. არა უშავს, შევეჩვევი როგორმე აქაურობას. შეჩვევის ნიჭი კი მქონდა ცოცხალსაც - ყველას და ყველაფერს ვეჩვევოდი. 

 

ახლა ალბათ ის ქალაქი და ის ქვყეანა სადაც მე დავიბადე ნანგრევების და ადამიანების ზარალს ითვლის. დედები და მამები ტირიან, შვილები დედებს და მამებს ტირიან, პოლიტიკოსები კამერის გამოჩენისთანავე ცხვირსახოცს უწყებენ ძებნას ჯიბეში, თუმცა, ჩემ ქვეყანაში არც არავინ იტყუებოდა - ცრემლებს ყველაზე წორად და ბუნებრივად ჩემს ქვეყანაში იყენებდნენ. დიახ, დიახ, იქ ყველა მართლა ტირის, არავის რცხვენია ცრემლების და არავის უყვარს.

 

ახლა მეც ავტირდები. სოლიდარობას ვუცხადებ მკვდრეთიდან ცოცხლად დარჩენილ ადამიანებს და შენობებს, მანქანებს და ატომურ ელექტროსადგურებს. მაგრამ სად არის სემი? მისი ხმა ისევ არ ისმის. ჯობია მეც მივბაძო ჩემსავით თავგზააბნეულ მიცვალებულებს და სანგარში წამოვწვე. ქვა აქვე მაქვს, თუ რომელიმე თავზეხელაღებული მკვდარი დამადგა, თავს გავუტეხავ. 

 

კარგი, სემი ჩემამდე მოკვდა და ალბათ ვეღარც ვნახავ ვერასდროს მის კისერზე ჩამოყრილ შავ თმას და ვერც ვეღარასდროს ვაკოცებ. მისი ტუჩების სუნი მიყვარდა, მისი კისრის. ყველაფერი მიყვარდა რაც სემს გააჩნდა. ჩერიც მიყვარდა, ჩვენი პატარა პუდელი. ხო, ჩერიზე გამახსენდა - ერთხელ კავკასიის რომელიღაც ქვეყნის ამბებს ვუყურებდი ინტერნეტში. იმ ქვეყნის არც სახელი მახსოვს და არც მდებარეობა, სადღაც რუსეთთან იყო მგონი - ხოდა, იმ ქვეყანაში ჯერ სამოქალაქო ომი მომხდარა და მერე ეთნოკონფლიქტი - მთელი ომიდან ერთადერთი კადრი დარჩა მეხსიერებას (ალბათ, მარტო ჩემსას არა) - გემზე ასული და გასაქცევად გამზადებული ადამიანები, დამარცხებული და საკუთარი სახლებიდან გაყრილები. გემი დაიძრა და პატარა ძაღლი (ძაღლის ჯიში არ მახსოვს და არც აქვს მნიშვნელობა) ტალღებში შევარდა, ის გემს გაეკიდა, ალბათ პატრონს მისდევდა. მისდევდა მაგრამ დაწევის შანსი არ ქონდა, გემზე კი მისი პატრონი ჩემსავით მარტო და გამოქცეული - იდგა და მოჩვენებით ჯარისკაცებს ებრძოდა, ემალებოდა, ალბათ გემზე სანგრებსაც თხრიდა, არ ვიცი.

 

არც ღამდება, არც თენდება, ეს რა უბედურებაა. გამოჩნდეს ვინმე, მარტო მე მოვკვდი როგორც ჩანს, სხვა ყველა გადარჩა. არადა რამდენი ვიჩალიჩე, რომ გადავრჩენილიყავი. ამდენი ენერგია ალბათ არასდროს დამიხარჯავს. ძალიან ზარმაცი ვარ, შემეძლო პირდაპირ მესკუპა წყალში და გავყოლოდი ტალღებს - გმირი ვიქნებოდი, ნამდვილი გმირი, მაგრამ არა - ამოვიჩემე ეს ოხერი გადარჩენა და ესეც შედეგი. ვწევარ ახლა სანგარში და დახოცილ ადამიანებს, რატომღაც ჯარისკაცებად რომ იქცნენ - ველოდები. სემი მაინც მყავდეს აქ. სემი ალბათ გადარჩა. ნამდვილად გადარჩა, ალბათ რომელიმე მავთულხლართს  გამოედო და გაიჭედა, მერე ალბათ მაშველებმა ამოიყვანეს და ახლა მე მეძებს. ჩვენი პუდელი იმ კავკასიური ქვეყნის ძაღლივით დაყვება დინებას და ტალღებს, მაგრამ ვერცერთს ვერ გვპოულობს. სემი კარგად გახდება და ძალიან მალე ისევ ააშენებს ცუნამგადავლილ, ამომავალ მზის ქვეყანას. მე რა მეშველება არ ვიცი. ერთი შანსია - შევურიგდე სიკვდილს, არც ისე ცუდი ყოფილა: ვითამაშებ სანგრობანას, ჯარისკაცობანას და კოსმონავტობანას, ხელს არავინ მიშლის და არც არავინ მეუბნება წადი დროზე დაიძინეო - როგორც ბავშვობაში მეუბნებოდნენ.

 

ახლა, როცა იარაღის მაგივრად პატარა ქვა მიდევს თავისდასაცავად და ნამდვილი ჯარისკაცების ნაცვლად დახოცილი ადამიანები მებრძვიან, თავისუფლად შემიძლია გამოვიტირო ის, რაც დაინგრა, რაც დანგრეული დავტოვე და სადაც ვერასდროს ვეღარ მოვხვდები. ახლა თავისუფლად შემიძლია დავუძახო ბასიოს და მისივე სიტყვები ხმადაბლა, ჩურჩულით ვუთხრა: ფუძის ნიავო, 
ძვირფას ქვასავით
მარაოთი წაგიღებ სახლში.

 

ალბათ, ამასვე გრძნობდა იქ სადღაც, კავკასიაში, რუსეთის მახლობლად მწოლიარე  პატარა ქვეყნის გემზე შეხიზნული და გაქცეული ის ადამიანი, რომელსაც თავისი ძაღლი გამოეკიდა. არ მოერიდა არც ავტომატების კაკანს და არც საშინელ ხმაურს. ასე მომსდევდა ალბათ ჩემი ჩერიც, მე კი სემს მივყვებოდი.

 

ბასიოს მოძრავი მუზეუმი და უვარსკვლავებო ზეცა. სადღაც კედელზე მგონი მინაწერი ჩანს -

,,ზღვაში მოვისვრი
დაფხრეწილ სანდლებსა და
ქარიშხალთაგან გაცვეთილ შლაპას.”