DIY [vol.1: EduPunks]
ზურა ჯიშკარიანი
 
თარიღი: 12/09/2012
კატეგორია: სტატია

 

@ ზურა ჯიშკარიანი

 

 

DIY [vol.1: EduPunks]

 

 

ბევრს პანკ როკი მარტო მუსიკა ჰგონია, ზოგს მოსწონს, ზოგს არა, მაგრამ პანკ როკი როგორც მუსიკა არაფერია პანკ როკის ფილოსოფიის გარეშე. ეს ფილოსოფია,რომელიც მეოცე საუკუნის 70-80-იან წლებში ჩამოყალიბდა – წინა ათწლეულების ანტი და კონტრკულტურების ნაზავით გაკეთებული მოლოტოვის კოქტეილია. პანკში არის დადაიზმის ანტიკულტურა და ესთაბლიშმენტის აბსოლუტური უარყოფა, ბიტნიკური აგრესია ორგანიზებული და მუმიფიცირებული კულტურის მიმართ, ანარქისტული ცხოვრების წესი, სიურეალისტური სარკაზმი გაზავებული ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით, და რაც მთავარია პანკ როკში ძალიან დიდი დოზით არის სიტუაციონიზმი. მიმდინარეობა, რომელმაც მოახერხა არ გადაქცეულიყო მორიგი “იზმების” სექტად და ამავდროულად გავლენა მოეხდინა ბევრ აქტივისტზე, ფილოსოფოსზე, 1968 წლის საფრანგეთის მაისის ამბოხებსა და მთელს პანკ როკზე.

 

ყველაზე მთავარი მომენტი კი პანკ ფილოსოფიაში არის – DIY ფილოსოფია. DIY იშიფრება როგორც Do It Yourself – “გააკეთე შენ თვითონ”. ეს ფრაზა ნიშნავს  – ინიციატივის აღებას საკუთარ თავზე, ნებისმიერ სფეროში, მღვდლებისა და ექსპერტების, ავტორიტეტებისა და “მამების” გარეშე. და აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს ფერმერობა, უკვდავების მისაღწევი ექსპერიმენტები, თეოლოგია თუ ბენდის შექმნა. შენ არ გჭირდება ქურუმები და ავტორიტეტები ამ გზაზე – ყველა მიმდინარეობა, ყველა ცოდნა მხოლოდ ინსტრუმენტებია შენი პირადი კვლევისთვის. DIY თავიდან თითქოს მხოლოდ მუსიკას ეხებოდა – ერთერთ პირველ თვითნაკეთ პანკ გაზეთში დახატული იყო სამი აკორდი და ქვევით იყო წარწერა: დაიმახსოვრე? ეხლა მიდი და შექმენი ბენდი.

 

 

პანკ ეპოქის შემდეგ დიდი ხანი გავიდა, მაგრამ ეს ფორმულა, რომელიც ზოგადად ყველა ეპოქაში ფუნქციონირებდა, როცა კონკრეტული ადამიანები არ ანდობდნენ თავიანთ სამოქალაქო ბედს სახელმწიფოებს, თავიანთ ფსიქიკას '"ექსპერტებს” და თავიანთ ბედისწერას “ღმერთებს” – საკუთარ თავზე იღებდნენ ინიციატივებს -- დღეს უფრო სავსე და ყოვლისმომცველია.  ინტერნეტისა და ქსელის ეპოქაში – როცა ინფორმაციამ ნელ-ნელა დაიწყო თავისუფალი დინება ყველა მიმართულებით – DIY მომავალი "ღია ეპოქის" ერთერთ მცნებად იქცა, ინფორმაციის გაზიარების სხვა მცნებასთან ერთად.

 

1. ინფორმაცია თავისუფალია – მიიღე, გააზიარე საწყისი კოდი, გადააკეთე როგორც გინდა
 
2. გააკეთე ყველაფერი შენ თვითონ.. “მეგობრების მცირედი დახმარებით” როგორც დაამატებდა ლირი.
 
მე ვიტყოდი, დღეს DIY მოძრაობა მთელ მსოფლიოში - რევოლუციის მთავარი ავანგარდია. გაცილებით ეფექტური ვიდრე პანკები, გაცილებით ზუსტი ვიდრე ანარქისტები და ყველა სხვა სახის "პროფესიონალი რევოლუციონერები", გაცილებით სავსე და მომცველი ვიდრე ნებისმიერი სახის სახელმწიფო ინსტიტუცია. ორგანიზაციებში გამყარებული იერარქიული პრინციპის ნაცვლად სადაც ინფორმაცია ლიფტივით მოძრაობს ზევიდან ქვევით და ქვევიდან ზევით – აქ ურთიერთობა ქსელურ პრინციპს ეფუძნება: არ არსებობს საკრალული და რამდენიმე ადამიანის ხელში დამალული ინფორმაცია, არ არსებობს ტაბუ საწყისი კოდების [source code] შეუცვლელობაზე და ჯერჯერობით რაც ყველაზე მაგარია – არ არსებობს ძლიერი კანონები, რომლებიც შეძლებდნენ DIY რევოლუციის გაჩერებას ან შეზღუდვას. დამოუკიდებელი მკლევარებისთვის კი ქსელი ერთი დიდი დეცენტრალიზებული ბაზაა, სადაც იკრიბებიან ხვალინდელი ზეცის გმირები, წმინდა ფრიკები და მუტანტები, ცივილიზაციის საფუძველთა ჰაკერები და დამოუკიდებელი მკვლევარები.

 

ტექნოლოგიური გარღვევები და მეცნიერული აღმოჩენები სინათლის სიჩქარისკენ მიიწევს – რაც ბადებს სიტუაციას, სადაც ინფორმაცია გამოვიდა აკადემიებიდან, უზარმაზარი სახელმწიფო კვლევების მონაცემები დესკტოპზე გიდევს ფაილად, ინსტრუმენტების ფასები ნელნელა დაბლა იწევს და თუ გენომის სეკვენსირება რამდენიმე მილიონი ღირდა რამდენიმე წლის წინ ეხლა მისი ფასი ათასებამდეა დასული, თუ ნეარ-ორბიტ რამის გაშვებას დიდი სახელმწიფო დაფინანსება სჭირდებოდა – ამერიკელი მამა-შვილი 300 დოლარის ფარგლებში აგზავნის ცაში ბუშტს და დედამიწის ვიდეოს იღებს და ა.შ.
 

გინდა უკეთესი სახელმწიფო? შექმენი სამოქალაქო დამოუკიდებლობის კოდექსი, საიტი სადაც შეკრებ ინტერესთა ჯგუფებს და დადებ სახელმწიფო სისტემის  open source-ს.

გინდა შენი პირადი რელიგია გქონდეს? შეუერთდი open source religion-ს და მსოფლიოს ყველა არსებული კულტიდან გააკეთე შენი პირადი მიქსი.
 
გინდა კოსმოსში გაფრენა, სატელიტის გაშვება? შეურთდი სფეისპანკებისა და სპეისჰაკერების არმიას – ისინი უკვე ამზადებენ სამოქალაქო რაკეტებს და სატელიტებს. ერთერთი შეგიძლიათ შეიძინოთ კიდეც.
 
გინდა საკუთარი რობოტის გაკეთება? შედი DIY პროგრამისტებისა და ინჟინრების ჯგუფებში, წაიკითხე მათი დადებული კოდები და გაუმჯობესებული ვერსიები, დაამატე შენი, გამოიყენე, დააშეარე რა გამოგივიდა.
 
გინდა მიიღო ბერკლის, სტენფორდის და სხვა უნივერსიტეტების დონის განათლება? დაანებე თავი ამ უნივერსიტეტებს თავისი თვითმმართველობებით და თრეშ-ლექტორებით და დაჯექი მონიტორთან, ვინაიდან აქ არის ყველა ინფორმაცია, რომელიც შენ გინდა. ერთადერთი რაც შენ დაგჭირდება – ცოტაოდენი თვითდისიპლინა და ცნობისმოყვარეობაა – დანარჩენი ყველაფერი აქ დევს. ლამისაა თეფშით მოგართვან.
 
მართლა ვერ ვხვდები რატო უნდა შეუშვა ყოველდღე საკუთარ ტვინში ჯიგრული განათლების თრეში -- როცა ნეტში შეგიძლია უსმინო ბერკლის, პენსილვანიის, სტენფორდის და სხვა უნივერსიტეტის ლექტორებს. იპოვო ნებისმიერი სახის დამატებითი ლიტერატურა. ესაუბრო თვითნასწავლ და სხვისნასწავლ სტუდენტებს და იქვე აკეთო კოლოქვიუმები და ა.შ.
 
სხვა ბლოგებში მოკლედ აღვწერ სხვადასხვა ჩემთვის საინტერესო  DIY ინტერესთა ჯგუფებს, დღეს კი შეგიძლიათ დატკბეთ რამდენიმე “უნივერსიტეტით”, რომელიც შეგიძლიათ ჩაყლაპოთ დილის სადილთან ერთად. [თუ საუზმე ქვია დილის კვებას?]
 
მოკლედ: ადექი დილით, უყურე ლექციას, წადი ჭამე სოკოები.
 

----------

 

კურსერა – რამდენიმე კურსი უკვე დაწყებულია, სხვები მომავალ თვეებში დაიწყება, ლექციებს კითხულობენ ძალიან კარგი ლექტორები სხვადასხვა უნი-ებიდან, თემები ძალიან მრავალფეროვანია: ალგორითმები, ნეიროეთიკა, ტანამედროვე ამერიკული პოეზია, ბერძნულ-რომაული მითოლოგია, ორგანული ქიმია, ლოგიკა, სოციოლოგია, ინტერნეტის ისტორია, ადამიანი-კომპიუტერის ინტერაქცია, შესავალი პროგრამირებაში, მონაცემთა ბაზების ანალიზი, ასტრონომია და კოსმოლოგია, კომპიუტერების არქიტექტურა, დიზაინი, კრიპტოგრაფია...

 

ყველა კურსი აბსოლუტურად უფასოა! ყველა კურსს უკეთდება თავისი ვიკი, მოყვება საკითხავი თუ სანახავი ლინკები და აქვს თავისი კოლოქვიუმები. უბრალოდ უნდა დარეგისტრირდე და ამოირჩიო შენთვის საინტერესო კურსები.

 

 

https://www.coursera.org/courses

 

 

 

 

შემდეგი ადგილი, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ განათლება არის Khan Academy ,

 

როგორც აკადემიის საიტზე წერია:

 
“აკადემია არის ორგანიზაცია მისიით. ჩვენ ვართ არაკომერციული აკადემია და ჩვენი მიზანია გავაუმჯობესოთ განათლება მსოფლიო დონის კლასებით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და ყველგან.
 
საიტის ყველა რესურსი ნებისმიერისთვის ღია და ხელმისაწვდომია. მნიშვნელობა არ აქვს თქვენ ხართ სტუდენტი, მასწავლებელი, სწავლობთ სახლში, ხართ ადამიანი, რომელიც 20 წლის შემდეგ ბრუნდება სკოლაში, თუ უბრალოდ მეგობრული უცხოპლანეტელი, რომელიც ცდილობს დედამიწისეული ბიოლოგიის შესწავლას. აკადემიის ყველა მასალა ღიაა თქვენთვის, აბსოლუტურად უფასოდ”
 
188,073,914 გაკვეთილი – წერია საიტის ბანერის ქვეშ. Enjoy !

 

 

http://www.khanacademy.org/

 

 

 

----

 

დუგლას რაშკოფი თავის წიგნში და ლექციების სერიაში “დააპროგრამე ან იყავი დაპროგრამებული” ამბობს, რომ პროგრამირება და კოდები – რომლებიც რეალურად მართავენ დღევანდელ სამაყროს [კომპიუტერები, ქსელი, აეროპორტები, ბანკები და ა.შ.] – ყველამ უნდა იცოდეს.
 
ყველამ უნდა იცოდეს ამ ენების საწყისები მაინც. პროგრამირების არცოდნა – დღევანდელ სამყაროში ნიშნავს – წერა-კითხვის არცოდნას იმიტომ, რომ თქვენ არ იცით ფუნდამენტური ენა, რომელზეც მუშაობენ ქარხნები და პარლამენტები, ბანკები და ხშირად ადამიანებიც. ის პროგრამირებას წერა კითხვას ადარებს და ამბობს, რომ ჩვენი თაობა ძალიან ჰგავს იმ თაობას, რომელსაც უჭირდა ასოების დამახსოვრება, როცა წერა-კითხვა ხელმისაწვდომი აღმოჩნდა მასებისთვის. “Codeacademy” ამ მიდგომით შექმნილი უნიკალური აქციაა, რომლის მიზანია 2012 წელს ათასობით ადამიანს ასწავლოს პროგრამირების საფუძვლები, ამისთვის რამდენიმე ენთუზიასტმა შექმნა საიტი, სადაც თქვენ ინტერაქტიულად შეგიძლიათ ისწავლოთ რამდენიმე პროგრამირების ენა და იქვე ონლაინ შეამოწმოთ ეს ცოდნა და წეროთ კოდები,მიიღოთ ქულები და დაჯილდოებები თქვენივე განვითარებისთვის და თუ რამე ვერ გაიგეთ იქვე ფორუმზე ჰკითხოთ პროგრამისტებსა და სხვა სტუდენტებს. რაღაც გაგებით Codeacademy და მის შემდეგ შექმნილი რამდენიმე მსგავსი საიტი – ახალი ეპოქის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებებია.

 

წერა-კითხვა შეგიძლიათ ისწავლოთ [ასევე აბსოლუტურად უფასოდ] აქ:

 

 

http://www.codecademy.com/

 

 

 

ამის გარდა – ქსელში უამრავი ედუპანკ პროექტია, ასაფრენ ბილიკად შეგიძლიათ ყველაზე მარტივად – გუგლი გამოიყენოთ. დაანებეთ თავი ამ უნივერსიტეტებს და დასხედით მონიტორებთან. ინფორმაცია და განათლება არასოდეს ყოფილა ასეთი ხელმისაწვდომი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში და ამის არგამოყენება – სრული იდიოტიზმია. [განსაკუთრებით მინდა ამ ყველაფერს ყურადღება მიაქციონ გეტოში გამოჩეკილმა მუტანტებმა და პოსტ-ანარქისტებმა  “Anarchist Cook Book” სასაცილო "აი-იაა" იმასთან შედარებით თუ რა რეცეპტები შეიძლება ისწავლო სხვადასხვა DIY მოქალაქეებისგან – სახლიდან გაუსვლელად, განთიადის იასამნისფერ ნისლში ჩაძირულმა].