ფუსი რაიოთ ფორევერ!
ერეკლე დეისაძე
 
თარიღი: 13/09/2012
კატეგორია: სტატია

                                                                                                      Emil Kozak : emilkozak.com/studio/free-pussy-riot

 

 

@ ერეკლე დეისაძე

 

 

ფუსი რაიოთ ფორევერ!

 

 

არც ისე დიდი ხნის წინათ, როდესაც იაპონიის ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო, შოკირებულთა რიგებში, რა თქმა უნდა, ნებით თუ უნებლიეთ  ქართველებიც აღმოჩდნენ. ერთი შეხედვით, ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ განსაკუთრებულობის მთავარი მიზეზი სხვა რამეა, კერძოდ ის ადამიანები, რომლებისთვისაც იაპონია მხოლოდ მანქანების მწარმოებელ ფირმებთან (მიცუბიში, სუბარუ და სხვ.) ასოცირდებოდა, მოულოდნელად თავგადაკლულ ჭირისუფალთა რიგებში ჩადგნენ. ამ ადამიანების უმრავლესობამ იაპონიის გეოგრაფიული მდებარეობაც კი არ იცოდა. რომ აღარაფერი ვთქვათ კულტურაზე. კარგად მახსოვს (ან რა დამავიწყებს) ფეისბუქის ავატარზე იაპონიის დროშების ცვენა. მაშინაც და ახლაც ეს გოიმური მასკარადი ცუდ გემოს მიტოვებდა, რადგან ეს არაგულწრფელობა და თავის მოტყუება მეტად თვალშისაცემი იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ დაუხვეწავ სოლიდარობაზე. 
 
მიუხედავად ჩემი არაკონსერვატიული ხასიათისა, დაუხვეწავობა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა მგონია, რომელსაც საქართველოში ყველა ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით, ეს ყველაზე ხშირად პროტესტის ფორმაში გამოიხატება. 
 
მაგალითისთვის, თუ დღევანდელ რეალობაში კაი ტიპის სტატუსი გინდა, ამისათვის აუცილებელია თურქოფობიით შეწუხებულმა ფუსი რაიოთის მხარდაჭერაც ღიად დააფიქსირო, ეს უკანასკნელი კი პირადად ჩემთვის სვეცკური პროტესტია, რადგან მე ძალიან კარგად ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებსაც ხსენებული ჯგუფის არცერთი სიმღერა არ მოუსმენიათ და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პანკ მუსიკა სძულთ. აბა, რაშია საქმე – ნუთუ ამ ადამიანებს რუსეთში დარღვეული ადამიანთა უფლებები აწუხებთ და სასამართლოს არასამართლიან განაჩენზე ბრაზობენ?! როგორ დავიჯერებდი მათ სიბრაზეს, ცოტა გულუბრყვილო რომ ვიყო. 
 
რადგანაც სიტყვა არაგულწრფელობაზე ჩამოვარდა, მინდა პროტესტის კულტურას მივუბრუნდე და ახლო წარსულში მიტინგზე გამოსული ერთ-ერთი ქალბატონი გავიხსენო. რომელმაც იქ დგომის მიზეზად სოციალური გაჭირვების ნაცვლად სავალდებულო ინგლისურის ცოდნა და გადაშენების პირას მდგარი ქართული ენა დაასახელა. თავად კი ენის დამცველად გვევლინებოდა. ჩემი აზრით კულტურული პოლიტიკის არქონაც, ჩვენი არაგულწრფელობის და დაუხვეწავობის ერთ-ერთი შედეგია, რადგანაც განვითარებულ ქვეყნებში ინიციატორი ყოველთვის საზოგადოებაა. 
 
რამდენიმე დღის წინათ, დიდი დისკუსია გამოიწვია სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, რომელზეც ნაჩვენები იყო ქაშუეთის ეკლესიის კედელზე მიხატული გაშარჟებული ხატის სტენსილი. რომელსაც ინგლისური ასოებით ეწერა ,,თავისუფლება ფუსი რაიოთს'’. დისკუსიის ერთ მხარეს ის ადამიანები იდგნენ, რომლებმაც ეს ფაქტი რელიგიის შეურაცხყოფად მიიღეს, ხოლო მეორე მხარემ სტენსილი არტისტულ ხულიგნობად მონათლა და ყოველგვარი შეურაცხყოფა გამორიცხეს. მეც ამ უკანასკნელთა რიგებში ვიდექი და დღემდე მგონია, რომ ერთი უწყინარი სტენსილით რელიგიას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება, ხოლო ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დადგეს ის ეტაპი, როდესაც საზოგადოება ხმამაღლა ილაპარაკებს უადგილო ადგილებში გამოჩენილ უცნაურ სტენსილებზე და მეზობელ ქვეყანაში დარღვეულ გოგონების უფლებებზე. ოღონდ არა მარტო მეზობელ ქვეყნებში...
 
მთავარია, რომ დისკუსია ცივილიზებულ ფორმებში წარიმართოს და დავფიქრდეთ პროტესტის კულტურაზე და საკუთარ დაუხვეწავობაზე, ბოლოს და ბოლოს, ერთხელ მაინც ვიყოთ გულწრფელები.