"სუპრემატიზმი და ვებ-დიზაინი"
ზურა ჯიშკარიანი
 
თარიღი: 11/05/2012
კატეგორია: სტატია

@ზურა ჯიშკარიანი

 

 

1.მზის დამარცხება

 

პირველად მალევიჩმა შავი კვადრატი ფუტურისტული ოპერის დეკორაციისთვის შექმნა, მისი,”ზაუმური” პოეტის ალეკსეი კრუჩონიხის და კომპოზიტორის მიხაილ მატიუშინის მიერ დაწერილი პიესის – “მზის დამარცხების” ერთერთ აქტში შავი სუპრემატისტული კვადრატი მზეს ეფარებოდა, როგორც სიმბოლო – რადიკალი ავანგარდისტული კაცობრიობის მიერ სამყაროს და ბრმა ევოლუციის დამორჩილების. სადღაც ლევ მანოვიჩი წერდა, რომ წინა საუკუნის დასაწყისის ავანგარდისტებმა საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე სოფტებისა და ინტერნეტის უამრავ ნოუ ჰაუს. ამის გარდა ავანგარდისტული ანტი-კულტურა პოპ-კულტურის ყველა სფეროში ყოველთვის ყველაზე საუკეთესო და საინტერესო ტენდენციების “რუხი კარდინალია”. საუკუნის დასაწყისის ვიზიონერები თავიანთი ტვინის ანტენებით თითქოს მომავლის ხილვებს იჭერდნენ ტალღების სახით, რომელიც რა თქმა უნდა ავსებული იყო შიშინითა და გაურკვევლობებით, მაგრამ მაინც აგრძელებდა მაუწყებლობას ციფრული მომავლიდან თავისი ბიოლოგიური რადიო-მიმღებების, რე-ტრანსლატორების, მალევიჩის და სხვათა მეშვეობით.

 

20-იან წლებში მალევიჩი ოცნებობს სახეობრივ მუტაციაზე, პირად და პლანეტარულ [რ]ევოლუციაზე, ის ხედავს დღითიდღე როგორ კოსმოსურ სიბნელეში ეფლობა “ძვლისა და ხორცის” ბიოლოგიური სამყარო და ცდილობს იპოვოს სიცოცხლისა და ხელოვნების ახალი ფორმები,  გარემო, რომელშიც ის რეინკარნირდება, როგორც ახალი სახეობის წარმომადგენელი. ასეთმა რადიკალმა მეოცნებეებმა დაუდეს საფუძველი ინფორმაციულ რევოლუციას, რომელსაც ტექნოლოგიური სინგულარობის “დიდ აფეთქებამდე” მივყავართ დღეს. ეს “ძვლისა და ხორცისგან” შემდგარი მატლის ოცნებაა, მატლი ჯიუტად მიიწევს რადიკალური ტრანსფორმაციისკენ, კვდება და იკეთებს ჭუპრს, რათა გადაიქცეს “სილიკონურ პეპლად”, რომელიც გამოიცვლის ძველი, მოუქნელი პატრიარქატის, აგრესიული კულტურის კანს, უკან მოიტოვებს ცხოველურ ცივილიზაციას, იძულებით შრომას, ორ კვადრატულ პერიმეტრზე ძალაუფლების დამყარების სურვილით დაავადებულ ორანგუტანგულ პოლიტიკურ სისტემებს და თავის ფრენას უცნობი და უსასრულო კოსმოსის სიღრმეებისკენ მიმართავს. “სამყაროს შეცვლით, მე მივდივარ საკუთარი თავის გარდასახვისკენ, და შესაძლოა, ჩემი ტრანსფორმაციის უკანასკნელ დღეს მე გადავაბიჯებ ახალ ფორმაში, და დავტოვებ ჩემს ახლანდელ თავს მომაკვდავ მწვანე ცხოველურ სამყაროში”. [მალევიჩი].
წმინდა წყლის ონტოლოგიური ანარქიზმი – ცივილიზაციის საფუძვლებში დამონტაჟებული წამზომი, რომლის გულის ფეთქვასავით ინტიმური წიკწიკი მთელი საუკუნის განმავლობაში ისმის [რ]ევოლუციის სხვადასხვა მოციქულების ბაგეებიდან.


2.პროგრამირება


“ჩვენ არ ვქმნით სახე-ხატებს – ჩვენ ვქმნით ცოცხალ ორგანიზმებს” --მოურიდებლად ამბობდნენ 1920იან წლებში შემდეგში რეპრესირებული ბიოკოსმისტები, “ახალი ცხოველები იქმნებიან ჩვენს თანამედროვე დეპოებში, იღებებიან ისე როგორც ჩვენ მოგვწონს , ხოლო შემდეგ ჩვენ მათ სამყაროში სახეტიალოდ ვუშვებთ”, “და თანამედროვე სამყაროს ახალი ცხოველები მირბიან და აკეთებენ ზუსტად იმას, რაც მჭირდება მე, რაც ჭირდება ჩემს ბუნებას” – ამატებს კაზიმირ მალევიჩი,
სინთეტიკური, პროგრამირებადი ბიოლოგიის, განვითარებული ანდროიდების, ვებ 2.0ის, კვანტური ფიზიკისა და ნანოტექნოლოგიების აღზევების ერაში – ეს სიტყვები არ ჟღერს როგორც “პოეტური ფანტაზია”, არამედ როგორც პრაქტიკული ტრანსჰუმანიზმი და რადიკალური პროგრამირების კრედო. ჩვენ უკვე გვყავს “ორგანიზმები, რომელთა მშობელი კომპიუტერია” –  შარშან კრეიგ ვენტერის ლაბორანტებმა სხვადასხვა ერთუჯრედიანების გენეტიკური კოდების შერწყმით შექმნეს პირველი სინთეტიკური უჯრედი. ხელოვნური სიცოცხლე, დაპროგრამებული კომპიუტერის მიერ.
სხვაგან, ინგლისელმა ენთუზიასტებმა  შექმნეს “ბიოტური თამაშების” პირველი პროტოტიპი, აქ კომპიუტერული თამაშებისგან განსხვავებით, სადაც ადამიანები ჯოისტიკის ღილაკებზე თითების დაჭერით ციფრულ “არსებებს” ამოძრავებენ – თქვენ საშუალება გაქვთ ითამაშოთ ნამდვილი ბიოლოგიური ერთუჯრედიანი არსებებით, ჯოისტიკზე შესაბამისი ღილაკების დაჭერით თქვენ ამოძრავებთ ბიოლოგიურ არსებებს და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია ამ ინდუსტრიის.

 

“თავდაპირველად იყო კოდი და კოდი იყო ღმერთთან”. [“in the beginning was the code, and the code was hanging out with god; soon enough some came to the conclusion that the code was god” Mark pesce].
მატრიცის ცნობილი “კოდების წვიმა”, როცა ნეო ყველა ობიექტს თუ სუბიექტს მოძრავ კოდად აღიქვამს – არც ისე ფანტასტიკურია, სამყარო რეალურად შედგება კოდებისგან. მთელი სამყაროს სხვადასხვა ენებზე [ქიმიურ, ატომურ,ბიოლოგიურ,ფიზიკურ ენებზე..] დაწერილი პროგრამები ამოძრავებენ და ქმნიან. [თანამედროვე ფიზიკის ერთერთი რადიკალური თეორია -”ციფრული ფიზიკა” თავად სამყაროს განიხილავს როგორც უზარმაზარ რამდენიმემილიარდი წლის ხნის კომპიუტერს, რომელიც რეალურ დროში “ითვლის” და აწარმოებს სამყაროს ყოველ შემდეგ მდგომარეობას, ამ ფაქტზე სტივენ ვოლფრამი ამბობს, რომ “გამოთვლა ფაქტობრივად თეოლოგიური პროცესია”].

 

ნებისმიერი ნივთის, ცოცხალი არსების თუ მცენარის ვიზუალური ნაწილის “უკან” მისი ქიმიური თუ ბიოლოგიური კოდია. მაგ. ბიოლოგიური კოდი [დნმ] ჩვეულებრივი ენაა,რომელიც შეგიძლიათ ისწავლოთ, ისევე როგორც “უცხო ენები”. კოდი “ბრძანებების” კოდექსია, რომელშიც წინასწარ წერია თუ რა სიმაღლის, როგორი ფორმის, რა დაავადებებისკენ მიდრეკილი იქნება ცხოველი.
თავის საფუძველში ყველაფერი კოდია, ყველაფერი ინფორმაციაა – კომპიუტერული პროგრამები მართავენ რობოტებს, ბიოლოგიური პროგრამები მართავენ ცოცხალ ორგანიზმებს, ყველა ფერი, რომელსაც აღვიქვამთ, მამლების ყივილი განთიადის სისხლით მოსვრილ პატარა ნახევრადინდუსტრიულ ქალაქებში თუ მზიდან წამოსული სინათლე, რომელიც ეცემა ჩემს მონიტორს როცა ამ ტექსტს ვწერ და ათბობს ჩემს კანს – მხოლოდ კოდია, ინფორმაციის მატარებელი სიგნალები, რომელთა დეკოდირებას თავისი შესაძლებლობების მიხედვით ახდენს ტვინი და ამით ქმნის სამყაროს თავისებურ ხედვას. ეს სიგნალები გაზომვადია, მათი დათვლა შესაძლებელია და უფრო მეტიც – თუ ჩვენ გვექნება ამომწურავი ინფორმაცია ამა თუ იმ სიგნალის შესახებ – ჩვენ თეორიულად შეგვიძლია მისი ანალოგის შექმნა. ჩვენ შეგვიძლია ჩვენს მანქანებზე შევქმნათ მზის სხივები და ვაკონტროლოთ მისი ნათებისა თუ სითბოს პარამეტრები.
გარკვეული აზრით – ახალ ფილოსოფიას დავიწყებიდან ამოყავს გნოსტიციზმის ტრადიცია და აერთებს მას ახალი ციფრული ნინძას მობილურობასა და ოპერატიულობასთან. ”საინტერესოა არტისტი, რომელიც ლოცულობს”.
ასეთივე კოდებისგან და პროგრამებისგან შედგება ადამიანური კულტურაც. ყოველი კონკრეტული ადამიანი კი ორი სახის პროგრამის ა]ბიოლოგიური გენეტიკური კოდის
და 2]კონკრეტული კულტურული პროგრამირების შედეგია.

 

თუ გინდა შეიცნო მოყვასი შენი – წაიკითხე მისი კოდი, თუ გინდა შეიცნო საკუთარი თავი – გაშიფრე საკუთარი კოდი, ხოლო თუ კი გინდა შეცვალო საკუთარი თავი – შეიტანე შესწორებები შენს კოდში. [დწყებული გენეტიკურიდან გაგრძელებული კულტურულით]

 

3.ვებ-დიზაინი


კოდის ახალი გაგება ფილოსოფიაში კომპიუტერმა შემოიტანა. ფსიქოდელური ნივთიერებების დარად, ახალი ვიზიონერული ტექნოლოგიები –  ცნობიერებას გალაქტიკური მასშტაბებით აფართოვებენ. კომპიუტერი და ქსელი [WEB] – ზუსტად ასეთი ფსიქოდელური ტექნოლოგიებია. Web-ის იდეა იმ სახით როგორსაც მას ვიცნობთ პირველად 1991 წელს დაიწერა, სხვათა შორის, იქ სადაც დღეს მინი შავი ხვრელების შექმნას ცდილობენ რეალობის ჰაკერი ფიზიკოსები – ცერნ-ში ახალგაზრდა თიმ ბერნერს-ლიმ თავის უფროსობას ვებ-ის კონცეფცია წარუდგინა. პირველი რეცენზია ამ კონცეფციაზე ძაან სახალისოა – თანამედროვე ინტერნეტის   მთავარი კონცეფციის პირველ ხელნაწერს უფროსობის გაკრული ხელით მინაწერი კომენტარი ამშვენებს: “ბუნდოვანია, მაგრამ საინტერესო”. ასეთი “ბუნდოვანი და საინტერესოა” ის “ენაც”, რომელიც იმავე თიმ ბერნერს-ლიმ გამოიგონა საიტების საკეთებლად.

 

HTML ვებ-საიტების დასამზადებელი ენაა [უფრო სწორად, დიალექტი], ამ კოდით იწერება ყველა საიტი კიბერსივრცეში, ხოლო CSS-ით, მისი დამხმარე ვებ-დიზაინის ენით კეთდება მათი დიზაინი. ყველა გამოსახულება რაც გვხვდება ნეტში კოდით არის შექმნილი.
აქაც ყველა ფერს, ყველა ნახატს, ყველა შტრიხს გააჩნია თავისი კოდი, რომელიც დაფარულია მომხმარებელთათვის და მონიტორის მეორე მხარეს იმყოფება.

 


4.Before You is Nothing but HTML+CSS code of a Black Square on a White background!

 

სადღაც ერთი კრიტიკოსი წერდა, რომ მალევიჩის შავი კვადრატი “უკანასკნელი წერტილია”, კოსმოლოგიური ჰორიზონტი, რომლის იქეთ, რომლის უკან – არაფერი არ არსებობს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს ეს აზრი მცდარია, “შავი კვადრატი” არ არის ბოლო წერტილი, მალევიჩის შავი მონიტორის უკან – მისი კოდია: ქიმიური, ატომური და რათქმაუნდა მისი HTML+CSS კოდი, რომელიც დღემდე დაფარული იყო მომხმარებლებისთვის, ეხლა კი შეგიძლიათ დატკბეთ მისი რეალური სახით, მისი ჩონჩხით.

მალევიჩზე ამ კრიტიკული წერილის კითხვისას გამიჩნდა პირველად იდეა – გამოფენაზე  – ნახატის, ვიზუალის სახით წარმომეჩინა ის რაც შავი კვადრატის “იქეთ” იმყოფება [ანუ მისი კოდი] და ბოლომდე ჩამეტარებინა კაზიმირის “დეკონსტრუქცია” პირველ რიგში ჩემს თავში. მისი კოდი დაახლოებით ასე გამოიყურება შიშველი სახით:

 

<!DOCTYPE HTML PUBLIC "-//W3C//DTD HTML 4.01//EN"
"http://www.w3.org/TR/html4/strict.dtd">
<html>
       <head>
               <title>Kazimir Malevich - Black Square</title>
               <meta property="og:painter" content="Kazimir Malevich"/>
<meta property="og:deconstructor" content="Next Dila"/>
<meta property="og:title" content="Black Square"/>
<meta property="og:description" content="Beyond Black Square"/>
<style>
body{
min-height: 1000px;
                               background: #EAF6EA;
                               min-width: 1000px;
}
#square {
width: 800px;
height: 800px;
margin: 100px auto;
background: #030409;
-webkit-transform: skewY(0.7deg);
}
</style>
</head>
<body>
<div id="square"></div>
</body>
</html>

 

“არსებობს ხალხი, რომელიც გვიჩვენებს დაფარულ სამყაროს და ამ სამყაროს რეალობად აქცევს. რჩება მხოლოდ გახსნილი ამოხსნილი რეალობის საიდუმლო და ყველა რეალობა მრავალმხირივი და მრავალფეროვანია” - ამბობდა მალევიჩი. ასეთი ხალხი მათ შორის ვებ დიზაინერებიც არიან.
როგორც კრიტიკოსები ამბობენ პირველი მოდერნისტული ეპოქის ელექტრო-გნოსტიკოსი კაზიმირ მალევიჩი თავისი “სუპრემატიზმით”  – სიზმრების ჰაკერივით ცდილობდა ეპოვა ის ელემენტარული პიქსელები, რომლებიც ქმნიან სიზმრული რეალობის ქსოვილს, ამბობენ რომ შავი კვადრატი ასეთი პიქსელია. ასეთი პიქსელებისგან შედგებიან გამოსახულებები ჩვენს მონიტორებზე და პერსონაჟები ჩვენი სიზმრებიდან. როგორც ფრიმენ დაისონი ამბობს: “ახალი თაობის არტისტები დაწერენ გენომს[გენეტიკურ კოდს] ისევე მარტივად როგორც ბლეიკი და ბაირონი წერდნენ სტრიქონებს”.
მე ვფიქრობ თანამედროვე პოეტები  მინიმუმ ვებ-პროგრამირების ენებზე უნდა წერდნენ თავიანთ პოეზიას, ინჟინრები და პროგრამისტები კი თავიანთი სიზმრების რეალიზაციას უნდა ეწეოდნენ. ჩვენ უკვე ვქმნით ახალ სამყაროებს ციფრულ გარემოში [Second Life მაგ.], ჩვენ უკვე გვაქვს შანსი შევქმნათ ახალი, ფიზიკური სამყარო ცერნ-ს ლაბორატორიაში, როგორც ამას ამბობს გია დვალი, ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიები რომლებიც შესაძლებელს ხდიან  და ახალ შინაარს აძლევენ “პერმანენტულ რევოლუციას”. და როგორც ამობს რიდლი სკოტის  პერსონაჟი “TED”-ის 2023წლის გამოსვლაზე - “ვისაც ჩემს შესახებ არაფერი გსმენიათ, მე პიტერ ვეილენდი ვარ და თუ ნებას მომცემთ, გეტყვით, რომ მე მსურს შევცვალო სამყარო”.
[ვიდეო: http://blog.ted.com/ted2023/  ]

 

“ჩვენი მომავლის ფუტურისტული თეატრი იქნება: სინთეტიკური!”.
ეს “მესამე მოდერნია”.

 

კაზიმირ მალევიჩი -შავი კვადრატი

 
 

კაზიმირ მალევიჩი - შავი კვადრატი [HTML+CSS ვერსია]

 

 

კაზიმირ მალევიჩი - შავი კვადრატი მონიტორზე

 

 

შავი კვადრატი გამოფენაზე "სხვა სხეული" ["თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი"

 

თუ ამ კოდს NOTEPAD-ში დააკოპირებთ, შეინახავთ როგორც .ჰტმლ ფაილს და გახსნით ვებ ბრაუზერში – თქვენს მონიტორებზე აციმციმდება შავი კვადრატული ხვრელი, ადგილი საიდანაც,როგორც ამბობენ, “სინათლის სხივიც ვერ აღწევს გარეთ.”