Georgian Show Case - ასე თუ გაგრძელდა, შორს ვერ „გავფრინდებით“
ლაშა ჩხარტიშვილი
 
თარიღი: 24/09/2012
კატეგორია: კრიტიკა

 

 

 

@ ლაშა ჩხარტიშვილი

 

 

Georgian Show Case - ასე თუ გაგრძელდა, შორს ვერ „გავფრინდებით“

 

ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება: - ქართული თეატრების უმრავლესობამ ვერ ისწავლა საკუთარი თავის ხარისხიანად წარდგენა თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე - საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც ჯერ-ჯერობით, ერთადერთი საშუალებაა (განსაკუთრებით რეგიონის თეატრებისთვის) ქვეყნიდან გაუსვლელად საერთაშორისო ასპარესზე წარმოჩენის. უკვე მეოთხე წელია ფესტივალზე მოწვეული უცხოელი ექსპერტებისთვის (თეატრის კრიტიკოსები, მკვლევარები, ფესტივალების ხელმძღვანელები) „დილის შეხვედრები“ იმართება, სადაც ფესტივალში მონაწილე ყველა თეატრი თვითპრეზენტაციას ახდენს.

 

ჩვენი თეატრების ოთხწლიანი გამოცდილებისა და ფესტივალის სტაფთან არა ერთი კონსულტაციისა, „დილის შეხვედრებზე“  თეატრების უმრავლესობა მაინც მოუმზადებელი მოდის. ქართულ ენაზე დაბეჭდილი პროგრამები, ქსეროქსით გადამრავლებული შავ-თეთრი ბუკლეტები და ბანერები ვერ დააინტერესებს ვერც ქართველს ამ თეატრით. ზოგიერთმა თეატრმა „დილის ბაზრობა“ (პროდუქციის გაყიდვის გარკვეული ფორმა) პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო და საკუთარი პროდუქციის (DVD დისკები სპექტაკლების ჩანაწერებით და სამენოვანი წიგნი-ალბომები) პირდაპირი გაყიდვა გადაწყვიტა. თუმცა ზოგიერთ თეატრს არც ერთი სპექტაკლის ვიდეო ჩანაწერი არ ჰქონდა წარმოდენილი (არ ვგულისხმობ იმ თეატრებს, რომლებმაც პრემიერები Georgian Show Case-ზე გამართა). ქართული თეატრების ნაწილის უპასუხისმგებლობა ტიტრების მოუმზადებლობასა და ტექნიკურ გაუმართაობაშიც გამოვლინდა, რომელიც ხშირ შემთხვევაში კურიოზამდეც კი მიდიოდა ... „დილის შეხვედრებზე“ ყველაზე მომზადებულ-შეფუთულები ზუგდიდის (ინგლისურ ენაზე მომზადებული ფლაერებით), გორის (თეატრის ლოგოს სამკერდე ნიშნით), ილაუნის (ბანერითა და ვიდეო მასალით), მარჯანიშვილის, მუსიკისა და დრამის, კინომსახიობთა (სრული რიდერებით) და რუსთაველის (დიდი ეკრანითა მრავალფეროვანი ფლაერებით) თეატრები გამოიყურებოდნენ, თუმცა სუბ ტიტრების გაუმართაობამ გორის და კინომსახიობთა თეატრების წარმოდგენებისას იჩინა თავი, რამაც მაყურებელი დააკარგინა მათ.

 

ამას გადარბენა ქვია

 

ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში ოთხი დღის მანძილზე ოცდაათი სპექტაკლი იყო წარმოდგენილი, მათ შორის რვა რეგიონიდან. ოთხი დღის განმავლობაში ოცდაათი სპექტაკლის ნახვა ფიზიკურად შეუძლებელი იყო. გადარბენებით თეატრიდან თეატრში დღეში მაქსიმუმ ოთხ სპექტაკლზე დასწრებას თუ მოახერხებდა თეატრის ყველაზე ერთგული და ფანატი მაყურებელიც კი. წლევანდელი ქართული „Show Case“ის დროის ვექტორს ყველაზე კარგად მსახიობისა და რეჟისორის დათა თავაძის „Facebook“-ში დაწერილი სტატუსი გამოხატავს: „16 სექტემბერს ქეთა შათირიშვილი, გიორგი შარვაშიძე, კატო კალატოზიშვილი, ნატუკა კახიძე, სალომე მაისაშვილი, მაგდა ლებანიძე, პაატა ინაური და ანა წერეთელი 19:00 საათზე ითამაშებენ სამეფო უბნის თეატრში "ფრეკენ ჟულის" პრემიერას. იმავე დღეს 23:00 საათზე ანა წერეთელი მუსიკისა და დრამის თეატრში "კარმენის" პრემიერას იცეკვებს. 17 სექტემბერს 20:00 საათზე ქეთა შათირიშვილი და ნატუკა კახიძე მარჯანიშვილის თეატრში "როგორც გენებოთ–ის" პრემიერას ითამაშებენ   18 სექტემბერს, 20:00 საათზე პაატა ინაური სამეფო უბნის თეატრში "სტრიპტიზს" ითამაშებს და სალომე მაისაშვილი თუმანიშვილის მცირე დარბაზში "სუფთა სახლს" (21:00 საათზე), 19 სექტემბერს, 20:00 საათზე ქეთა შათირიშვილი, კატო კალატოზიშვილი, პაატა ინაური, გიორგი შარვაშიძე და მაგდა ლებანიძე თუმანიშვილის თეატრში "R+J-ს" ითამაშებენ... აქედან გამომდინარე მე, ჩემი მხრივ, ერთი პრემიერა მაქვს, ერთ სპექტაკლში ვთამაშობ და ერთიც უნდა აღვადგინო... დიდი ეჭვი მაქვს სულ სხვანაირად შევხედავთ 21–ში "ღმერთების დაცემას" © დათა თავაძე“

 

 

სწორედ ასეთი დატვირთული პროგრამის გამო ფესტივალის გადაწყვეტილებით თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციამ ფესტივალის სტუმრებს რეკომენდირებულ სპექტაკლების სია გადასცა. შესაბამისად, ფესტივალის უცხოელ ექსპერტებს დღეში 3-4 სპექტაკლის ნახვა უწევდათ. ქართველი კრიტიკოსების ყურადღება კი უფრო მეტად რეგიონების თეატრებისკენ იყო მიმართული, რადგან „ჩამოტანილი“ პროდუქციის ნახვის საშუალება ჩემს კოლეგებს სამწუხაროდ, მხოლოდ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალის ფარგლებში აქვთ.

 

ფესტივალის Hold the light for somebody

 

პირადად მე, თუ მკითხავთ, წლევანდელი ქართული პროგრამით უფრო კმაყოფილი ვარ, ვიდრე შარშანდელი სპექტალებით. კმაყოფილი დარჩნენ უცხოელი ექსპერტებიც და მათი მოსაზრებების მოსმენის შემდეგ ქართველ კოლეგებს რომ გვთხოვეს აზრის გამოთქმა ჩვენსავე თეატრში მიმდინარე შემოქმედებით პროცესებზე, ნახევრად ხუმრობით ვუპასუხე: ჩვენ მუდამ უკმაყოფილო ვართ ქართული თეატრის მიღწევებით და ის, რომ თქვენ ასე კმაყოფილი დარჩით ქართული თეატრის თანამედროვეობით სულ მცირედით ჩვენი, ქართველი კრიტიკოსების (თუმცა ზოგიერთი თეატრის მმართველი არ აღიარებს რომ ქართული სათეატრო კრიტიკა არსებობს) დამსახურებაცაა-მეთქი, რადგან ჩვენ, ავად თუ კარგად არ ვაძლევთ ქართულ თეატრს მოდუნების საშუალებას.

 

 

წლევანდელი ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამის ნამდვილი Hold the light for somebody პრემიერები იყო, რამდენიმე წინა სეზონის სპექტაკლთან ერთად, რომლის ხელმეორედ ნახვის სურვილი გამიჩნდა თუნდაც მეტი კვლევისთვის, ან გაუნელებელი სიამოვნების კვლავ მიღების მიზნით. ასეთი სპექტაკლების ჩემეული სია ასე გამოიყურება: გიორგი თავაძის „მაგრიტის შემდეგ“ (რუსთაველის თეატრი), ლევან წულაძის „როგორც გენებოთ“ (მარჯანიშვილის თეატრი) - ორივე პიესის ქართული ვერსიის ავტორი დრამატურგი ლაშა ბუღაძეა; დათა თავაძის „ფრეკენ ჟული“ - სპექტაკლი მანიფესტი (სამეფო უბნის თეატრი, ქართული ვერსიის ავტორი დრამატურგი დათო გაბუნიაა), მიხეილ მარმარინოსის  „R+J ბედისწერა დაბნეულია...“ (კინომსახიობთა თეატრი, ბერძნულიდან თარგმნა ვერიკო მგელაძემ, ტექსტზე იმუშავეს მანანა ანთაძემ და დათა თავაძემ), მაკა ნაცვლიშვილისა „ფსიქოზი 4:48“ და კოტე ფურცელაძის „კარმენი“ (მუსიკისა და დრამის თეატრი), გოჩა კაპანაძის „გუშინდელნი???“ (სოხუმის თეატრი, მანანა გეგეჭკორის ინტერპრეტაციით), ავთო ვარსიმაშვილის „მექანიკური ფორთოხალი“ (თავისუფალი თეატრი რეჟისორისეული ქართული ინტერპრეტაცია). ეს ის სპექტაკლებია რომლებმაც ყველაზე მეტი დისკუსია გამოიწვია თეატრალურ წრეებში და ჯერ თუ არ გინახავთ, აუცილებლად უნდა ნახოთ. აი, მერე კი უფრო იოლი იქნება ჩემი უფრო კონკრეტული მოსაზრებების შემოთავაზება თქვენთვის დისკუსიაში უფრო აქტიურად ჩასაბმელად.

 

ჩემს თავს და ჩემს კოლეგებს კი მეტი გულწრფელობისკენ და სნობისმისგან გათავისუფლებისაკენ მოვუწოდებ. ჩემი თვითშეგონების შედეგს კი ამ დღეებში მოგაწვდით. დროებით!