მეხსიერება
გაგა ლომიძე
 
თარიღი: 25/09/2012
კატეგორია: სტატია

 

 

@ გაგა ლომიძე

 

 

მეხსიერება

 

 

ჩვენი ცხოვრება ძირითადად მეხსიერებაში დალექილი მოგონებებისგან შედგება - მოვლენებისგან, რომელთაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს ჩვენზე, ქმედებებისგან, ემოციებისგან, გემოს თუ სურნელებისგან და ა.შ. ამგვარი მოგონებები ერთგვარი flashback-ის გზით, დროდადრო ჩვენს გონებაში ამონათდება ხოლმე. ეს ჩვენი პერსონალური გამოცდილებაა, რაც, კაცმა არ იცის, უკეთეს თუ უარეს შემთხვევაში, ჩვენი სიცოცხლის შემდეგ შეიძლება მხოლოდ ენერგეტიკულ დონეზე აგრძელებდეს არსებობას. მაგრამ მარადიული არსებობა აქ სულაც არ არის მთავარი, უფრო პირიქით, დასასრულში დიდი შვებაა, ან როგორც გალაკტიონი იტყოდა: “სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას”. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენად რთული, გამომფიტავი და დამღლელია ყველაფერი უსაზღვრო და დაუსრულებელი, თუნდაც უსაზღვრო პოზიტიური.

 

არსებობს გენეტიკური მეხსიერებაც, რაც, ალბათ, ყველაზე კარგად ენაში შემონახულ ნაკვალევში ცხადდება. თუნდაც ჩვენს შემთხვევაში, ჩვენი კოლონიური მენტალობიდან გამომდინარე, ბევრი სიტყვა, რაც კოლონიურ წარსულს უკავშირდება, უარყოფით დატვირთვას თუ არა, უარყოფით ელფერს მაინც დღემდე ატარებს. ასეა იმ სიტყვის შემთხვევაში, რომელსაც სულხან-საბა ორბელიანი თავის “სიტყვის კონაში” “მამაკაცისგან დედაკაცის დამცირებად” განმარტავს და რომლის ფუძეც - “ტყ” - ტყვეობას უკავშირდება. თავის დროზე, როცა დათო ბარბაქაძემ “ტრფობა წამებულთა” დაწერა, სადაც ქართული ჰაგიოგრაფიული ტექსტების კოლონიური მენტალობის კუთხით რეინტერპრეტაცია გააკეთა, ჩვენი პატრიარქალური საზოგადოება აღშფოთდა. სინამდვილეში, დათო ბარბაქაძემ ჩვენი, ყველას სათქმელი თქვა, ასე ვთქვათ, სარკე მოგვიტანა და შიგ ჩაგვახედა. და თუ ამას იმ მოვლენებთან დავაკავშირებთ, რაც სამეფოს დაპყრობას მოყვება ხოლმე (მოსახლეობის დარბევა, მამრობითი სქესის მოსახლეობის განადგურება და მდედრობითი სქესის ტყვედ აყვანა და გაუპატიურება), ადვილი გახდება პატრიარქალურ საზოგადოებაში მამაკაცის გამძაფრებული პასუხისმგებლობის მნიშვნელობა. როგორც ეს არის ბოლივიელი რეჟისორის, როდრიგო ბელიოტის ფილმში “სექსუალური დამოკიდებულება”, ლენელ მოიზეს პატრიარქალურ გარემოში მოხვედრილი ადამიანის მდგომარეობის ამსახველი შესანიშნავი პოეზიით, სადაც გარემო თავის ილუზიებს თავს ახვევს თითოეულ ადამიანს და ეს ადამიანები შემდგომში, პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში, სწორედ იმ ილუზიებით ცხოვრობენ, როგორსაც გარემო ჰკარნახობს მათ. და ზოგჯერ ეს ილუზიებიც როგორ იმსხვრევა, როდესაც ადამიანები სხვა, უცხო გარემოში აღმოჩნდებიან, სადაც საკუთარი თავის “განმტკიცება” ხელახლა უხდებათ.

 

 

 

თუმცა ამჯერად საკუთარი მეხსიერება უფროა ინსპირაცია ჩემთვის. ვთქვათ, ქრონიკული დაგვიანება სკოლაში, როდესაც ჩემს დაგვიანებებს მასწავლებლები მრგვალი ბაღის გაჩერებულ საათთან აკავშირებდნენ; “ფრანციადან” სკოლის ფანჯარაში შემოღწეული ნამცხვრების სუნი, რომელიც იმ დროს კულინარიულ მიღწევად მეჩვენებოდა; კიდევ a-ha-ს ვიდეო Take on Me, თავისი სევდით და, ჩემი აზრით, ოპტიმიზმის სულ მცირე დოზით, რომელიც ჩემთვის გარკვეული ეტაპის დასარულად და განსხვავებულის დასაწყისად იქცა და ძალიან პირადულ კონტექსტს უკავშირდება:

 

 

სურნელებიდან ერთ-ერთი მძაფრი შთაბეჭდილება უკავშირდება ჩემს მათემატიკის მასწავლებელს, რომელიც ამ საგანში ჩემი აკადემიური მოსწრების ამაღლების მიზნით, სახლში მამზადებდა. და მახსოვს მისი ვალიდოლთან და სიგარეტთან შერეული პომადის სუნი; პომადის, რომლის ნაკვალევიც ჩემი მათემატიკის სახელმძღვანელოს ფურცლებს დღემდე შემორჩა; მახსოვს სახლების სახურავებზე გატარებული შატალოები და “ბიჩოკების” მოწევა. კიდევ ბევრი რამე მახსოვს, მაგრამ საყოფაცხოვრებო დონეზე, თითქმის წაშლილია ჩემი მეხსიერებიდან 1990-იანი წლები და მხოლოდ ძველი ვიდეოკადრები მახსენებენ იმ დროს. ამ დროიდან ყველაზე კარგად შოუბიზდაიჯესტი, სუპერჩენელი და ემთივი მახსოვს. ესეც, უდავოდ, თავდაცვის მექანიზმია - როგორც ჩანს, ჩემმა მეხსიერებამ დაბლოკა ის, რისი დამახსოვრებაც არასასურველია. და მასთან ერთად შეიძლება რამდენიმე უწყინარი მოვლენა, ფაქტი, კადრი, ხმა თუ სურნელიც დამავიწყდა. ასე ამოიშალა ჩემი მეხსიერებიდან ძველი შენობები და ქუჩები იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომლის დედაქალაქიც (ისევე როგორც დღეს უკვე სახელმწიფოებად ქცეული 15 რესპუბლიკის), თავის მხრივ, მოსკოვი იყო - ფაქტი, რომლის გაფიქრებაც კი დღეს დაუჯერებელი და პარადოქსულია ჩემთვის და რომელზეც ძალიან მეცინება. მახსოვს ანეკდოტადქცეული ორი ქართლის დედის ქანდაკება, რომლებიც გვერდიგვერდ თურმე იმიტომ იდგნენ, რომ ერთს, ანუ ძველს, შლიდნენ და ახლით ცვლიდნენ. კიდევ მახსოვს ძველი სატელევიზიო ანძა, გაუნათებელი, ცოტა მოწყენილი და რომელიც, ირაკლი ჩარკვიანის სიტყვების ინტერპრეტაციით რომ ვთქვა, საფლავის ჯვარივით ადგა ნაცრისფერ, 15 საბჭოთა რესპუბლიკათაგან ერთ-ერთის დედაქალაქს;  ოღონდ თითქოს უფრო ორგანული იყო ქალაქისთვის, რომელიც კოლონიურობის მიუხედავად, მაინც ცდილობდა თვითმყოფადი და ლაღი ყოფილიყო, რაც ერთ დროს ამ ქალაქის მოსახლეობასაც ეტყობოდა, თუნდაც გამოხედვასა და სიარულში; სატელევიზიო ანძა დღეს ნაძვის ხესავითაა მორთული, რაც, ალბათ, უფრო უცხოელების თვალისთვისაა მიმზიდველი, თითქოს საზეიმო განწყობას დაჟინებით გვიდასტურებს და ამაში, ალბათ, არც არაფერია ცუდი. და ამ დროს სულ მახსენდება ერთი ეპიზოდი სერიალიდან “სექსი დიდ ქალაქში”. გახსოვთ, როცა ქერი ბრედშოუს ჰგონია, რომ თავისი ცხოვრების მამაკაცი იპოვა? ბარიშნიკოვის პერსონაჟი რუსი არტისტი ალექსანდრ პეტროვსკი, რომელსაც პარიზში მიჰყვება, სასტუმროს სალონში მის შვილს გაიცნობს და აღფრთოვანებული უყვება, რომ როგორც იქნა, პარიზში ჩავიდა და ეიფელის კოშკი ნახა. პეტროვსკის შვილი შეშფოთებული პასუხობს, ეიფელის კოშკს ადრე კიდევ არაუშავდა და ახლა, რაც განათება დაუყენეს, საშინელებააო.

 

 

 

ჩვენც ხომ ჩვენი ილუზიები გვაქვს, ზოგთან ეს ილუზიები გვაერთიანებს, ზოგთან - გვაპირისპირებს და ამ ილუზიებში ცხოვრებას ვაგრძელებთ, სანამ თითოეული ჩვენგანი ყველაზე დიდი ილუზიის - სიზმრის სიზმარში არ გადავალთ.