რა ცოტა უნდა კრიტიკოსს სიხარულისთვის
ლაშა ჩხარტიშვილი
 
თარიღი: 26/09/2012
კატეგორია: სტატია

 

@ ლაშა ჩხარტიშვილი

 

 

რა ცოტა უნდა კრიტიკოსს სიხარულისთვის

 

 

ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ გასულ წლებთან შედარებით, წელს თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამით (სპექტაკლების ხარისხით, საინტერესო რეჟისორული და სამსახიობო ნამუშევრებით) უფრო კმაყოფილი ვარ-თქო, ვიდრე წინანდელებით. არადა, რა ცოტა უნდა მაყურებელსაც და კრიტიკოსაც სიხარულისათვის, სამი კარგი სპექტაკლის ნახვაც კი წარმოდგენილი ოცდათერთმეტიდან უკვე ბედნიერს ხდის. მე მხოლოდ ოცამდე სპექტაკლის ნახვა მოვასწარი და ყველაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ჩვენი სფერო არც ისე დიდია, რომ კარგი სპექტაკლის ამბავს ჩემამდე არ მოეღწია. რაც ვერ ვნახე გული დამწყდა, მაგრამ კოლეგებს თუ ვენდობი ბევრიც არაფერი დამიკარგავს,  რომლებიც ე.წ. „გადაფარვების“ გამო ვეღარ ვნახე.

 

ნუ შეშინდებით, ყველა ნანახი სპექტაკლის მიმოხილვით თავს არ შეგაწყენთ. მე მხოლოდ ჩემი ფავორიტი სპექტაკლების შესახებ გეტყვით ორ სიტყვას და გირჩევთ ეს სპექტაკლები თქვენც ნახოთ. პრემიერების გარდა ჩემს short list- ში გასული სეზონის სპექტაკლებიც მოხდა. კინომსახიობთა თეატრში ორი ასეთი სპექტაკლია: ნინი ჩაკვეტაძის „სუფთა სახლი“  და მიხეილ მარმარინოსის „R+J ბედისწერად აბნეულია“, ორი რადიკალურად განსხვავებული სტილის და ხელწერის სპექტაკლი. „სუფთა სახლი“ კინომსახიობთა თეატრის ახალ, მცირე სცენაზე თამაშდება. ეს თაეატრალური სივრცე სახლს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე თეატრს, სწორედ ამიტომ იქმნება ინტიმური ატმოსფერო მაყურებელსა და მსახიობებს შორის, ეს ინტიმი კიდევ უფრო ძლიერდება მსახიობების ეკა ჩხეიძის, ნინო ბურდულისა და სალომე მაისაშვილის წყალობით. მათი სილაღე გნუსხავს და გათბობს კიდეც. ახლო კონტაქტს ამყარებს მაყურებელი მიხეილ მარმარინოსის სპექტაკლის  გმირებთან,  თეატრალური სივრცის არატრადიციულმა გადაწყვეტამ (მაყურებელი სცენაზეც და პარტერშიც) წაშალა ზღვარი მსახიობსა და მაყურებელს შორის, რამაც შექმნა ერთი მთლიანი საზოგადოება.

 

 

მუსიკისა და დრამის თეატრმა კოტე ფურცელაძის „კარმენი“ (ქორეოგრაფიული დრამა, რომელიც 50 წუთს გრძელდება მხოლოდ) და მაკა ნაცვლიშვილის „ფსიქოზი 4:48“ წარმოადგინა. ამ სპექტაკლების ნახვაც ნამდვილად ღირს თუნდაც ორიგინალური რეჟისორული გადაწყვეტის, სამსახიობო ანსამბლის (განსაკუთრებით „კარმენში“) და სცენოგრაფიის და ორიგინალური განათების გამო („ფსიქოზი 4:48“). ვისაც მონოსპექტაკლები იზიდავს შეუძლია თავისუფალ თეატრში ვანიკო ხუციშვილის „საძაღლე“ ნახოს, ხოლო თუ ვინმეს გასული საუკუნის 90-იანი წლების თბილისის ცხოვრების გახსენება სურს, მაშინ ავთო ვარსიმაშვილის „მექანიკური ფორთოხალი“ (და არა ენტონი ბერჯესის) არ უნდა დარჩეს თვალშეუვლებელი. ცნობილი რომანისა და ფილმის ვარსიმაშვილისეული ინტერპრეტაცია უფრო ნათელს ჰფენს ჩვენს უახლოეს წარსულსაც და დღევანდელობასაც. ისტორიული წარსულისა და დღევანდელი მიდგომების მკვეთრად განსხვევებული მეთოდების შესახებ იუმორით მოგიყვებიან ილიაუნის თეატრში (ოთარ ეგაძის „სიზმრები სინანულისანი“). სასაცილო (რომ არა სატირალი) ისტორიები მსახიობების მიერ გათამაშებულია გროტესკულად. დავით აღმაშენებელი ჩვენს დროში და ჩვენი დროის საეჭვო ქართველები აღმაშენებლის ეპოქაში - უკვე დამაინტრიგებელია. განსაკუთრებით უცხოელი კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში მოექცა გოჩა კაპანაძის „გუშინდელნი???“ (სოხუმის თეატრი). როგორც ჩანს რუსეთის იმპერიალისტური მარწუხი არა მხოლოდ პოსტ საბჭოთა სივრცისთვის არის აქტუალური. რეჟისორი ქართველების ტრაგიკულ ისტორიას ირინიითა და სევდანარევი იუმორით გვიყვება. ძალადობის თემას ეხმიანება ნიკა თავაძის „სტრიპტიზი“ სამეფო უბნის თეატრში, რომელშიც ორი ახალგაზრდა მსახიობი პაატა ინაური და დათა თავაძე მონაწილეობს.

 

 

 

შთაგონება, თუ გავლენა ?

 

Georgian Show Case-ის პრემიერებიდან სპექტაკლებთან ჩემი პირადი დამოკიდებულების მიუხედავად, საუკეთესო სამეულს გამოვყოფდი, რომელიც ერთდროულად გამოირჩევა საინტერესო რეჟისორული გააზრებითა და კარგი სამსახიობო ნამუშევრებით.

 

დიდი პასუხისმგებლობა იყო, ასეთი ხმაურის შემდეგ (ვგულისხმობ მარჯანიშვილის თეატრის წარმატებულ გამოსვლას შექსპირის თეატრის „გლობუსის“ სცენაზე საერთაშორისო ფესტივალის „მთელი მსოფლიო გლობუსში“ ფარგლებში) ქართველი მაყურებლის წინაშე. ლევან წულაძის შექსპირისეული „როგორც გენებოთ“ (ტექსტზე ლაშა ბუღაძემ იმუშავა) არ ჰგავს მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლს, არც ამ თეატრისთვის ტრადიციულად დამახასიათებელ სტილს. სამაგიეროდ, სპექტაკლში ბევრჯერ ვხვდებით მხოლოდ ჭოლასთვის დამახასიათებელ მახვილგონივრულ იუმორს, სიკეთით და სითბოთი აღვსილ ირონიულობასა და გროტესკს. ლევან წულაძის ეს სპექტაკლი ის იშვიათი გამონაკლისია, სადაც ის მსახიობებიც კი მოგწონს და თქვენ წარმოიდგინეთ გაყვარებს თავსაც კი, რომელიც აქამდე არასდროს მოგწონებია. უცნაურია როგორ მიაგნო ლევან წულაძემ ასე ზუსტად იუმორისა და გროტესკის მოშველიების ზომიერების მკაცრად განსაზღვრულ დონეს. ამ სპექტაკლში კარგად გამოჩნდა რეჟისორის უსაზღვრო ფანტაზიის უნარი, აშკარაა და თვალში საცემი თითოეულ ეპიზოდზე და მსახიობზე ხანგრძლივი მუშაობის კვალი. ეს არის დახვეწილი და მაღალი კულტურის სპექტაკლი, რომელიც სილაღით და სითბოთი ავსებს თითოეული, სკეპტიკურად განწყობილი მაყურებლის გულსაც კი. სპექტაკლის ასეთი წარმატება რეჟისორთან და მთარგმნელთან ერთად კომპოზიტორ ვახტან კახიძის, ქორეოგრაფ გია მარღანიას, კოსტიუმების მხატვრის ნინო სურგულაძის და სპექტაკლში მონაწილე უკლებლივ ყველა მსახიობის დამსახურებაა.

 

 

 

რუსთაველის თეატრის მთავარ დიდ სცენაზე პრემიერას მაყურებელი თითქმის ერთი წელი ელოდა, არ ვგულისხმობ დავით საყვარელიძის „ოლივერ ტვისტს“, რომლის პრემიერაც გასული სეზონის მიწურულს ამავე სცენაზე შედგა. პროექტი, რომელიც ჯერ-ჯერობით თხუთმეტ სპექტაკლს მოიცავს და ის რუსთაველის და თბილისის ოპერის თეატრების ერთობლივი ნამუშევარია. ვგულისხმობ დრამატული თეატრის სპექტაკლს. რობერტ სტურუას თეატრიდან წასვლის შემდეგ  სულმოუთმენლად ელოდა  მაყურებელი ახალ სპექტაკლს დიდ სცენაზე. ამ სივრცის „დამპყრობა“ დიდი მაესტროს მოწაფე გიორგი თავაძე შეეცადა. ამ რისკის გაწევისთვის ალბათ მას რობერტ სტურუას მოწაფეობაც დაეხმარა და ის დასი, რომელელთანაც რამდენიმე წელია მუშაობს, ამავდროულად ის ერთადერთი გამონაკლისი იყო ბოლო პერიოდში, რომელიც დიდ სცენაზე დგამდა სპექტაკლებს და შესაბამისად, ეს სივრცე უცხო არ იყო მისთვის. ბუნებრივია იმას, ვინც ამ სივრცის დაპყრობას შეეცდება მეტ მოთხოვნებს და პრეტენზიებს წაუყენებენ, ვიდრე მის წინამორბედს, ამიტომაც შეინიშნებოდა ცოტაოდენი გაუცხოება მაყურებელსა და სპექტაკლს შორის.

 

ტომ სტოპარდის „მაგრიტის შემდეგ“ (თარგმანი ლაშა ბუღაძის) რენე მაგრიტის შემოქმედების ლიტერატურულ-თეატრალური ვერსიაცაა, რომლის სცენაზე გადატანა ბეწვის ხიდზე სიარულსაც უდრის. იოლი არ არის ერთდროულად ჩაავლო იუმორის, მელანქოლიისა და კონფლიქტების სტილისტიკის ერთობლიობას, რაც ამ სპექტაკლში მიღწეულია. რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე ერთდროულად ალეგორიულად და პირდაპირ ჩვენი ყოფა და თანამედროვეობა ცოცხლდება, ოჯახი, რომლის თითოეულ წევრს განსხვავებული მოსაზრებები აქვს, ამ ოჯახში (ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში) სრული ქაოსი, გაუცხოება, დაბნეულობაა, კონსესუსზე კი ლაპარაკიც კი ზედმეტია. არავინ უწყის ეს სიგიჟე როდის დასრულდება და როდის დაუბრუნდება ყველაფერი თავის ადგილს. გიორგი თავაძე სევდანარევი იუმორით, აბსურდის ხერხებით და მულტიმედიურ საშუალებებით წარმოაჩენს ჩვენი რეალობის უკიდურეს აბსურდულობას, იტყვის კიდეც მთავარი გმირი: „აშკარად ბნელა, არ შეიძლება ამ სახლში ვინმემ სინათლე აანთოს?“ და პატარა ნათურაში სინათლის ნაპერწკალი ჩნდება. რაც შეეხება მსახიობთა ნამუშევარს: ნინო კასრაძისა და ნანა ფაჩუაშვილისგან სიურპრიზები მაყურებლისთვის უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ იმ ამპლუაში, როგორშიც გოგა ბარბაქაძე და ლევან ხურცია მოგვევლინენ, ნამდვილი სიურპრიზი იყო მაყურებლისთვის.

 

 

სუფთა ფურცლიდან დაიწყო დათა თავაძემ სტრინდბერგის ყველაზე მეტად „დადგმადი“ პიესის „ფრეკენ ჟულის“ (თარგმნა დათო გაბუნიამ) ისტორია ქართულ სცენაზე. სპექტაკლის ორიგინალური (იდეური, სივრცითი) გადაწყვეტა, რომელიც შეესატყვისება ფორმას და სამსახიობო ანსამბლი უკვე საინტერესოს ქმნის დადგმას. ეს არის სპექტაკლი აქცია, ერთგვარი მანიფესტი, რომელიც კარგად რომ გაიაზრო კიდევ უნდა ნახო.

 

 

არ გეგონოთ ეს სამი სპექტაკლი კრიტიკის გარეშე დატოვა ქართველმა მაყურებელმა.  კრიტიკისას სპექტაკლებს „გავლენის პრობლემა“ აერთიანებთ, რასაც მე გავლენას კი არა, შთაგონებას დავარქმევდი. კი ბატონო, იყოს ლევან წულაძე ჯორჯო სტრელერის „არლეკინით“, გიორგი თავაძე რენე მაგრიტის შემოქმედებით და დათა თავაძე მიხეილ მარმარინოსის „ R+J ბედისწერა დაბნეულია...“-თი  შთაგონებული.

 

და ბოლოს

 

თეატრალური ფესტივალი პომპეზურად მთაწმინდის პარკში გაიხსნა და რამდენიმე წუთიანი ფეიერვერკით დასრულდა. ქართულ თეატრს აქამდე არასდროს ღირსებია ფეიერვერკი და მადლობა იმათ, ვინაც ჩვენს ხელისუფლებას ქართული თეატრისათვის ამისთვის ფული დაახარჯვინა, რადგან ქართული თეატრი ნამდვილად იმსახურებს ამას და იმ ბედნიერ სახეებს, რომელსაც მე ფეიერვერკისას ვხედავდი. ჩვენს რეალობაში, სადაც იაფფასიანი პროდუქცია უფრო ფასობს, ვიდრე ნამდვილი კულტურული ფასეულობები, ძნელია თეატრი გახადო  პრესტიჟული, თვალშისაცემი და ყურადღება მისაქცევი. ჰოდა, ნაბიჯი უკვე გადადგმულია.

 

შევხვდებით ფესტივალის უცხოურ  პროგრამაზე,

 

დროებით!