რა ვუყოთ ამდენ ნაგავს
შოთას სხვენი
 
თარიღი: 28/09/2012
კატეგორია: სტატია

 

 

@ შოთას სხვენი

 

რა ვუყოთ ამდენ ნაგავს

 

(თანამოსასმენი)


ცხოვრების დაულაგებელი რეჟიმის, უწყვეტი უაზრო თავყრილობებისა და სიზარმაცის გამო, ჩემი სახლი ერთ დიდ ნაგვის ურნას დაემსგავსა. ოღონდ ისეთს არა, დემოკრატიულ ქვეყნებში რომ უდგათ, სამნახვრეტიანი - ერთში პლასტიკს რომ ყრი, მეორეში მეტალს, მესამეში საჭმლის ნარჩენებს, რათა მერე ეს ყველაფერი გადამუშავდეს, გადასაყრელი გადაიყაროს, სასარგებლო კი ავითვისოთ... ჩემი სახლი მამაპაპური, საბჭოთა ურნაა, სადაც ყველაფერი ერთმანეთში აზელილა და რომც გადაყარო, სიმყრალე მაინც დარჩება, დარჩებიან ურნის კედლებზე შემხმარ გაურკვეველ მასაში დაბუდებული ბაცილებიც, რომლებიც ნაგვის შემდეგ პარტიას დაელოდებიან, რათა შეიძინონ ახალი მეგობრები და ახალი მტრები. წარმოქმნან ახალი „ზღლინტები“ ურნის კედელზე, გააჩინონ ახალი პარაზიტები. ნაგვის ახალი პარტია არ დაახანებს. ნაგვის ნაკადი უწყვეტია, ინტენსივობა კი ცვლადი, მოცეკვავე შადრევანივით.


ყველამ იცის, ნაგავი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ნაგავი იარსებებს მანამ, სანამ იარსებებს ადამიანი. და ნაგავი ყოველთვის შეაწუხებს ადამიანს.


მაშ რა ვქნათ? როგორ გავსუფთავდეთ? როგორ შეგვიძლია მოვექცეთ დაგროვილ ნაგავს?


* ჰიკიკიმორივით: არ გადავყაროთ, უბრალოდ დავაწყოთ ისე, რომ ნაკლები ადგილი დაიკავოს.  >>>


ამ შემთხვევაში ვინმემ შეიძლება მოწესრიგებულ ადამიანადაც მიგვიჩნიოს. ჩვენთვისაც კომფორტულია. ყოველთვის იცი რა სად არის, ძალისხმევას თავს არიდებ (ერთხელ სისტემიზირებას რომ გაუკეთებ რას სად დებ, მერე ნაგავი ავტომატურად გადამისამართდება აქა-იქ). საიმიჯოცაა, ასეთი შემგროვებლობა - შენი საარსებო გარემოს ესთეტიკური თავისებურებანი, ფერთა უცნაური დისპოზიცია, „ვარდსა და ნეხვსა ვინათგან მზე სწორად მოეკიდების“ განწყობა, ნივთებს შორის იერარქიის ნგრევა, ანუ ნაგვის და ფასეულობების გვერდიგვერდ დება - გარკვეულ წრეში (აი, წუთისოფლის ამაოებისგან დისტანცირებულ სასტავში, ყველაფერს მხატვრული თვალით რომ უყურებენ და კაიფობენ) ძალიან გამოსულად, cool-მასტად, ჰიპსტერად წარმოგაჩენს.


თუმცა ამას თავისი უარყოფითი მხარეები აქვს და მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჰიკიკიმორობა უპერსპექტივოა. ადრე თუ გვიან სახლი, ჩვენი საცხოვრებელი გარემო ამ „დეკორატიული ნაგვით“ აივსება, იმდენად აივსება, რომ ჩვენთვის ადგილი საერთოდ აღარ დარჩება და შესაძლოა ერთ მშვენიერ დღესაც ჰიკიკიმორებმა აღმოვაჩინოთ, რომ ეს სახლი ჩვენი კი არა, ნაგვისაა და ჩვენ კი არ ვფლობთ ამ ნაგავს - ნაგავი გვფლობს ჩვენ: განაპირობებს ჩვენ სასიარულო მიმართულებებს, მოძრაობის არეალს და ტემპს. ნაგავი და ფასეული რამე-რუმეები ერთ იერარქიულ საფეხურს კი იკავებს, მაგრამ თავად ჩვენ - ამ საფეხურის დაბლა ვდგავართ.


* დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის.


რახან ნაგვის ყოველი ახალი პარტია განაპირობებს ძველის გადაგდებას და ურნაზე მიმხმარი ნაწყლებიც, პრინციპში, ატანადია, თან სადღაც განჯინაში შეჩურთული, ისე რომ დიდად არ გვხვდება თვალში - შეიძლება ჩავთვალოთ რომ კი, უსიამოვნოა, მაგრამ არა უშავს. ჩავთვალოთ ეს ურნა დანარჩენი სახლის სისუფთავისთვის გადახდილ ერთგვარ ხარკად.


ამგვარ დამოკიდებულებაში ის არ მომწონს, რომ იგი ზედმეტად უპასუხისმგებლო და ეგოისტურია. კარგი, მოვლენ ვიღაც ფორმიანი ძიები მუნიციპალური მანქანით, გადაყრიან ნაგვის ძველ პარტიას, მოგვაშორებენ, მაგრამ მერე რა მოსდის ამ ნაგავს? ის ხომ არსად ქრება. თითოეული ჩვენგანი ჩვენ-ჩვენი წილი ნაგვით ვავსებთ ერთ ალაგს, ერთ გარემოს. ეს ისევ ჰიკიკიმორის პერსპექტივაა, ოღონდ უფრო არაესთეტური, მანკიერი და მასშტაბური.


გაქრება? ა, წვავენ? მთლად უარესი. ყროლი, რომელიც ადრე მხოლოდ განჯინაში იდგა ახლა ჟანგბადის მოლეკულებს შეერევა და ყველაფერს განმსჭვალავს ჩვენი ორგანიზმის ჩათვლით. ჩვენ სისხლის უჯრედებთან ერთად ჩვენს გულში და ტვინში ნაგავი იწრიალებს. თან, რაც უფრო სუფთები ვიქნებით ზედაპირზე, ანუ რაც მეტ ნაგავს მოვიშორებთ თვალსაწიერიდან და გავატანთ ვიღაცას, რაც მეტი დაიწვება, მით უფრო დავბინძურდებით შიგნიდან.


* ნაგავთან ჩვენი ამჟამინდელი დამოკიდებულებათა სისტემა, ანუ უსისტემობა, უნდა დაინგრეს.


რაც თავში ვთქვი - ისეთი ნაგვის ურნა, დემოკრატიულ ქვეყნებში რომაა, რათა გადასაყრელი გადაიყაროს, სასარგებლო კი ავითვისოთ. გასაგებია - ძნელია, დიდ ძალისხმევას, დროს, ადამიანების შინაგანი კულტურის დახვეწას მოითხოვს.


მეტყვით, ოოო, აბა ეს რა მიამიტობა და ფუჭი ოცნებებია, ამ ნირიახებს რა აიძულებს პლასტმასი ერთ ნახვრეტში, მეტალი მეორეში, საჭმლის ნარჩენები კი მესამე ნახვრეტში გადაუძახონო...

 

შესაძლოა მართალი ხართ.


შესაძლოა არა.


ვინ იცის.


ვინმემ სცადა?