ქვეყანა - ევთანეზია
ლეო ნაფტა
 
თარიღი: 29/09/2012
კატეგორია: სტატია

@ ლეო ნაფტა

 

 

ქვეყანა - ევთანეზია

 

 

თითქოს სავსეა ირგვლივ ყველაფერი. ჰაერიც ისე აღარ არის დამძიმებული, რომ სუნთქვა გიჭირდეს. ალბათ ძალიან მალე  ხეებსაც გაძვრებათ შემოდგომის უკანასკნელი ფოთლები. ამ სითბოს, რომელიც სასიამოვნოდ გვივლის სხეულში, სიცივე შეცვლის. ამ წელს სხვა წელი ჩაენაცვლება, საათის ისრებს და წამებს მიყუდებული, მაჩანჩალა სხეულები ისევ გაიღვიძებენ, ისაუზმებენ და ქუჩებს  ხოჭოებივით მოედებიან, მაგრამ ეს იქნება მერე, მანამდე კი -

 

ყველგან შფოთვა და ხმაურია. ემოციები. ყვირილი. სახის ხოკვა. ბორგვა. ეიფორია. მუსიკა(ც). თითქოს თანადგომა. ერთმანეთის განცდილი ყველა წარსული მარცხის გაზიარება. ყველა წაგების თუ სიძულვილის ხელახალი გადაფასება და იმედი - შერიგების და რაღაც შვების მსგავსი. ასე გრძნობს ალბათ ყველა სხვა, ვინც ერთმანეთის მიღმაა და თან ერთადაა, ერთ გლუვ მასად, ერთ ორგანიზმად - საერთო მოთხოვნებით, საერთო იმედებით და საერთო ტკივილებით, მაგრამ, როგორც კი ერთმანეთს შორდებიან -

 

ქუჩები ისევ დეპრესიული ხდება.

 

ადამიანები ტანკებად იქცნენ, დაპროგრამებული მესაჭე რომ უზის შიგნით, სადღაც სხეულის ბნელ ნაწილებში და ბრძანებას ელის, რომ პირველივე ამოოხვრაზე დაიძახოს - ბუუხხხ! და სული გააფრთხობინოს ნებისმიერს, ვინც წინ, გზაზე გადაეღობება.

 

ასეთი დაზაფრული მე ეს ქუჩები არასდროს მინახავს -

 

არც მაშინ, როცა ერთმორწმუნე ჩრდილოელი მეზობელი ღვთითკურთხეულ ბომბებს გვაყრიდა და უდანაშაულო ადამიანებს გვიხოცავდა.

 

არც მაშინ, როცა სულ რაღაც 6 წლის ასაკში, ბებია ეზოში მასერინებდა და ალაგ-ალაგ ისმოდა აჟიტირებული შეძახილები: ჯოს-ჯოს-ჯოს!

 

მაშინ, რა თქმა უნდა, არ მესმოდა რას ნიშნავდა ეს შემდეგში უკვე წყევლად ქცეული და ჩემი ცხოვრების მარადიულ თანამგზავრად ქცეული ,,ჯოს”, მაგრამ ბავშვური ინტუიციით მეც მიხაროდა, იმიტომ რომ ყველას გახარებულს ვხედავდი გარშემო. მერეღა მივხვდი, რომ თურმე ერთ დღესაც ის ქვეყანა, სადაც მე დავიბადე, დამოუკიდებელი გამხდარა. დამოუკიდებელი სისხლის, ნიჩბებით და გაზით დახოცილ/მოწამლული ადამიანების ხარჯზე, მაგრამ მაინც ყველას უხაროდა. ,,თავისუფლება მსხვერპლს მოითხოვს”-ო იძახდნენ და ფეხებზე ეკიდათ დახოცილ/მოწამლული ადამიანები ან მათი მშობლები და შვილები. მთავარი ის იყო, რომ მათ ის რაღაც მითიური  ,,დამოუკიდებლობა” მოიპოვეს, რომლის აზრზეც არ იყვნენ და რომელსაც ვერაფრისდიდებით, ვერასდროს ვერ გამოიყენებდნენ - ასეც მოხდა საბოლოოდ.

 

არც მაშინ, როცა უკვე დამოუკიდებლობამოპოვებულებმა პირველივე პრეზიდენტი ისევ ქვემეხებით და კალაშნიკოვებით გადააგდეს. პირიქით, მაშინ უფრო გახარებული დადიოდა ხალხი - ყველას რაღაც საერთო ტკიოდა, ყველას ერთნაირად უჭირდა, ყველას ერთნაირად ეცვა, ერთნაირად შიოდა და ყველა ერთნაირად, სულელურად ბედნიერი იყო - გასართობად კიდევ რუსთაველზე, ომის სანახავად დადიოდნენ, ან კარბიდისგან გამოხდილ არაყს უსხმადნენ ერთმანეთს პატარა ჭიქებში და მშვიდობის სადღეგრძელოს სვამდნენ.

 

***

 

რატომღაც, ბოლო ერთი კვირაა ამეკვიატა ერთი პატარა წერილი, რომელიც უხსოვარ დროს, ქსეროქსზე გადაღებული მოვიპოვე და წავიკითხე. ეს წერილი ჯიმ მორისონს ეხებოდა. არც მისი ავტორი მახსოვს და არც მისი შინაარსი, ძირითადად რაღაც სენტიმენტალური ბოდვა იყო 60-ანი წლების მეამბოხე და პაციფისტ, ,,თავდაუბანელ” თაობაზე, ჰეროინის და ალკოჰოლის ოხშივარში რომ ჩაიხრჩვეს საკუთარი თავები.

 

ვერ ვიტან ასეთ წერილებს, რომანტიზირებული გმირები რომ იჩითებიან საიდანღაც, რომლებსაც საკუთარ დროში ,,ხალხმა ვერ გაუგო” და ,,ასეთია გენიოსების ხვედრით” რომ მთავრდება. თუმცა, მაშინ (და ახლაც) იმდენად ვიყავი გატაცებული მორისონით, ეს წერილიც გულის ფიცარზე ამობეჭდილი დამქონდა და არყის ბოთლებს კუჭიდან პირდაპირ ლექტორებს ვესროდი 90-ანი წლებისგან გადაღლილ სიფათებში.

 

ამ წერილის მხოლოდ დასასრული მახსოვს. წერილი კი ასე მთავრდებოდა: ,,მას თითქოს სურდა ახალი ცხოვრება დაეწყო, მაგრამ გული უკვე გაცვეთილი იყო, სხეული დაღლილი, სული კი ალბათ არც არსებობს. ძალიან მალე კი ის მოკვდა, მისი სხეული აბაზანაში იპოვა პამმა”

 

და ეს დღეებია, სულ მინდა, რომ ქუჩაში გასვლისას ის ჰაერი, რომელიც ახლა გვიბერავს, ეს თითქოს იმედის და რაღაც სიახლის მომტანი ნიავი, რომელიც მალე ამ შემოდგომის ფოთლებთან ერთად დაჭკნება და ნეშომპალად იქცევა - აბაზანაში ჩასვენებული ვნახო, თვალებდახუჭული და მისვენებული, იმიტომ რომ ზედმეტად ძველი და მობეზრებულია, თან ყალბი - სიყალბე კი დიდხანს ვერ ძლებს - მალე ბერდება, სკლეროზი ემართება და საბოლოოდ იმ ნეშომპალად იქცევა, რომელიც მეორე ნიავის დაბერვამდე გაუნძრევლად წევს. ჩვენთანაც ასე, უბერავს ეს ჰაერი ერთ წრიულ მონახაზზე დახურულ სივრცეში და უფლებას არ ვაძლევთ სადმე ხვრელი, პატარა გასაქცევი ნახოს, რომ ერთხელ და საბოლოოდ ის სიმძიმე მოიხსნას, რომელიც უკვე მერამდენე საუკუნეა ადევს. ასე დაწუილებს მუდმივად ერთ, უცვლელ და არაფრისმთქმელ სივრცეზე. მინდა რომ მიიცვალოს და რამე ახალი დაიბადოს - სხვანაირი, ძალიან სხვანაირი.

 

ის ადამიანები კი, რომლებიც ტანკად ქცეულ ჯართებად დახრიგინებენ ქუჩებში და ზიზღით უშვერენ ერთმანეთს ლულებს, რომ პირველი ბრძანებისთანავე ტვინი გაასხმევინონ - ისინი, დღეს ყველაზე მართლები არიან. მართლები მანამ, სანამ გაიმარჯვებენ. ჩვეულებრივი ორგანიზმები არიან, საშიშად რომ გამოიყურებიან, ისევე, როგორც ნამდვილი ტანკები გამოიყურებიან - სანამ მათ არ ამოქოქავენ ოფიცრები.

 

***

 

საკუთარ თავს საერთოდ ვეღარ ვხედავ, არადა ადრე კონტურებს მაინც ვამჩნევდი.

 

წარსული ავადმყოფობაა, რომელსაც ზუსტად ვიცი, რომ მომავალი ვერ განკურნავს, იმიტომ რომ - ამ ქუჩებში, ამ ნიავთან, ამ ადამიანებთან ყველანაირი შინაგანი კომუნიკაცია გაწყვეტილი მაქვს - ვეღარ განვიცდი მათ სიხარულს, ტკივილს და აფორიაქებას. ჩემს ირგვლივ ყველა მოძალადე მგონია, და ალბათ, ასეც არის.

 

***

გუშინ ერთ ძველ ფოლდერში ერთი ძველი ლექსი ვიპოვე:

 

,,ალბათ მალე მოხდება ატომური აფეთქება

რომელიც ადამიანებს და ნიავს შეიწირავს

ზღვის ნაპირებს დაცლის ადამიანებისგან და მთაში გარეკავს მათ

სხეულები ბარბაცით შეასკდებიან ერთმანეთის ჩრდილებს

გადაწეული ფარდაგები დამალავენ სინათლის სხივებს

და ვერც ვერასდროს მოიფიქრებ მათ გადაწევას

ფანჯრებთან ახლოს კედლების ჭვარტლია

ობობა ხლართავს სხეულში გისოსებს

რომლიდანაც ვეღარასდროს გამოვა სითბო

იქნები სიცივე

სეტყვა

და

ქარი

სანამ ლამაზი ევთანეზია

სხვა ნაპირებთან არ გადაგაგდებს”

 

 

                                                                         ფოტო: ნატა სოფრომაძე