მკვდრების დღე (ნაწილი პირველი)
ზურა ჯიშკარიანი
 
თარიღი: 30/09/2012
კატეგორია: სტატია

 

@ ზურა ჯიშკარიანი

 

 

მკვდრების დღე (ნაწილი პირველი)

 

ეძღვნება უილიამ ბეროუზის ნათელ ხსოვნას

 


* * *
ერთხელ ქრისტემ უთხრა ალაჰს: დიდია ირანი და შენ გაქვს მასზე ძალა, მაგრამ ტიფლისში ჩვენ ორივეს გვადიდებენ. და არ ხამს, როცა ორი ღმერთის ქალაქში ამდენ ცოდვას გაუდგია ფესვები.
და უპასუხა ალაჰმა: შევზღუდოთ შაითანი და მივუჩინოთ მას ერთი ადგილი.
ასე შეთანხმდნენ ისინი და შეიქმნა წითელი უბანი.
შემოდგომის იისფერ საღამოს, ყურბან ბაირამის წმინდა დღესასწაულზე, როცა ტიფლისის ქუჩების ბინძურ მდინარეებად გადამქცევი წვიმები ჯერ კიდევ შორს არიან, ხოლო ზაფხული ჯერ კიდევ ცაშია, ყველაზე ცუდი ადამიანები წითელ უბანში იკრიბებიან. თავად შაითანი ჩამოდის ციდან და უერთდება ხალხს – ჩრდილოვან ბიზნესმენად გადაცმული.
[ნაწყვეტი რომელიღაც სასკოლო საკონტროლოდან, თემით: ”ჩემი ქალაქი”]
 

 


 

* * *


-- თუ ტიფლისში გართობა გინდათ, წითელი უბანის კარიბჭე მუდამ ღიაა აჩრდილებისა და ტუსოვშიკებისთვის, მაგრამ თუ სახელმწიფოზე საუბარი გინდათ – აგერ სუხარები ჭამეთ, პირი მაინც გექნებათ დაკავებული – დაუყვირა არაბ სტუმრებს ფეხზე წამომხტარმა და პოლიტიკაზე საუბრებისგან დაღლილმა ჟორჟმა, რომელსაც როგორც მივხვდი სხეულში “სიხარულის ბუშტმა” დაუარა.
-- გაქვს კიდე ბუშტები? – ვკითხე ჟორჟს და მანგოს წვენის ნარჩენები მოვხვრიპე ჭიქიდან.
-- რამდენიც გინდაააა! დღეს ჩვენ ჩინური ბუშტებივით ვიფრენთ ტიფლისის ცაში, ყურბან ბაირაამ, გულაობს მთელი ქალაქიი! – დაიყვირა ჟორჟმა და ადგილზე ცეკვა დაიწყო.
ყველას გაგვეცინა.
-- “სიხარულის ბუშტები” ახალი სინთეტიკური, მოდური ნარკოტიკია ტიფლისში, ორი პატარა ბუშტი საკმარისია, რომ წარმოუდგენელი ბედნიერებით აივსო. ამ სამოქალაქო ომების და უბედურებების მერე, ბაზარზე ვიღაც ძალიან ჭკვიანი ჯგუფი გამოჩნდა, ვინც ამის დასინთეზირება დაიწყო და საკმაოდ კარგადაც შეფუთა. მუდმივი სტრესის ფონზე “სიხარულის ბუშტები” ფაქტიურად დატაცებაზეა... სხვათა შორის, თვის ყველაზე რეიტინგული დრაგია.შეგიძლიათ ეგეც გასინჯოთ თუ რამეა, შოვნა არაა პრობლემა... თუმცა უკვე საღამოა და ჟორჟმა წამოაყენა წინადადება რო წითელ უბანში შევიდეთ – მინდა გითხრათ, რომ ამ სიტყვებმა დროულად მოგვისწრო. როგორც პოეტი იტყოდა: ნამდვილი ტიფლისი ჯადოსნური ყვავილივითაა, რომელიც საღამოს საათებში... პრაქტიკულად ეხლა უკვე წუთიწუთზე... იფურჩქნება და მხოლოდ დილამდე იარსებებს წითელ უბანში... მერწმუნეთ, ასეთი რამეები არცერთ ტურისტულ რუკაზე არაა აღნიშნული და ძალიან ცოტა ტურისტია ვინც დაიკვეხნის იმით, რომ ყურბან ბაირამობაზე ღამე წითელ უბანში გაატარა – ჩავჩურჩულე არაბ სტუმრებს იდუმალი ღიმილით და მიმტანს თითით ვანიშნე ანგარიში მოეტანა. როგორც ჩანდა კლიენტები კმაყოფილები და ცოტათი დაშინებულები იყვნენ. სხვანაირად ვერც იქნებოდა – იმიტომ, რომ მე ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ.
-- ჟორჟ, თინას დაურეკე და უთხარი, რო ორი ჩრდილოვანი მოგვყავს.
-- ოკ
-- ზუსტად უთხარი ყველაფერი, რო იცოდეს... და ვიზების ამბავი მოაგვაროს
-- ხოო, ვიცი, კაროჩე: ორი ჩრდილოვანი, არაბები. სქესი: მამრობითი, ასაკი: საშუალო, პროგრამა – 7 მომაკვდინებელი ცოდვა და დრაგი. ხო? - მკითხა ბედნიერებისგან თვალებგაბრწყნებულმა ჟორჟმა
-- ზუსტად ჟორჟიკ! და ნახევარ საათში ვიქნებით კარიბჭესთან...
-- კაი
-- მზად ხართ ცოდვების ჩადენისთვის? – გადავხედე ჩემს კლიენტებს და კმაყოფილმა გავიღიმე, როცა გამახსენდა, რამდენს იხდიდნენ ეს ჩრდილოვანი ტურისტები ამ ბრმა გასეირნებაში.

* * *
ჩრდილოვან ტურისტებს ჩვენში იმ ბიზნესმენებსა თუ სახელმწიფო მოხელეებს ეძახიან, რომლებიც ჩუმად ტიფლისის შავ ბაზარსა თუ წითელ უბანში ჩამოდიოდნენ ვიქენდებზე და გარყვნილებისა თუ ნარკოტიკების ისეთ დოზას იღებდნენ, რომ მთელი მომდევნო ნახევარი წელი შეეძლოთ დიდი ირანის სამაგალითო მოქალაქეებად ეცხოვრათ. მე ტურისტული გიდი ვარ ჩრდილოვან სამყაროში – მთელი ქალაქი საკუთარი 9 თითივით ვიცი [ერთი სამხედრო სამსახურმა წამართვა თავის დროზე], ვიცნობ ყველა ბარიგას და სიამოვნებების გადამყიდველს, ასე რომ, მე ვარ პროფესიონალური, სერტიფიცირებული ტრანსპორტი ამა ქვეყნის ძლიერთათვის, რომელიც მათ პურიტანულ ოფიციალურობას – ხილვებისა და სექსის ფსკერთან აკავშირებს ღამის ჩრდილებში. ამიტომაც მე მხოლოდ დიდი ძიები მქირაობენ – კონტრაქტი მარტივია, მოკლე ფსიქოლოგიური სეანსის შემდეგ – მე ვადგენ მათი ფარული ვნებების ლოკაციებს, ვწერ მარშრუტს და თავგადასავალის სცენარს, ვაფასებ რამდენიმე ათას რიალად და ვაკეთებ ჩემი გეგმის დემო-პრეზენტაციას, თუ კლიენტი დაინტერესდება – ჩვენ ვნიშნავთ თარიღს და იმ დღეს მე მისი ვნებების გიდი ვარ. ტიფლისი კი ვნებებისთვის იდეალური ქალაქია. შეიძლება ითქვას, საუკეთესო.


* * *
დემონსტრანტები ირანის სულთნისგან ითხოვენ, საკონსტიტუციო უფლებები ჩამოერთვათ ჯაბა იოსელიანის, თენგიზ კიტოვანის და მთელი მხედრიონის არასანქცირებულ კლონებს, რომლებმაც ფაქტიურად პოლიტიკური დიქტატურა დაამყარეს მთელ ქვეყანაში. ისინი ასევე მოითხოვენ ავტონომიური გურჯისტანის ტახტი წმინდა სინოდს და მეფე დავით მეოთხე ბაგრატიონს გადაეცეს, რომელიც როგორც მოგეხსენებათ ამჟამად მიმალვაში იმყოფება და მისი ადგილსამყოფელი უცნობია. როგორც მთავრობა იუწყება დავითის არსებობა ან მითია ან ის უკვე დიდი ხნის მკვდარია – იუწყებოდა საღამოს კურიერი ტელევიზორში.
-- ჩემი ცნობებით დემონსტრაციას დღეს სისხლში ჩაახშობენ “მხედრიონელები” – დავაკომენტარე ნიუსი ტელევიზორიდან – თქვენი ფსიქოლოგიური პორტრეტის მიხედვით, თქვენ საშინლად არ მოგწონთ ასეთი ტიპის კრიზისული სიტუაციები, თორემ შეგვეძლო მონაწილეობაც მიგვეღო მასკარადში... – დავამატე ღიმილით.
-- რომელ მხარეს? – იკითხა შედარებით პუტკუნა, ჩალმიანმა ბურჟუამ.
-- თუ გნებავთ დარბეულთა, თუ გნებავთ დამრბეველთა. ამის მოხერხება არაა რთული.
-- ეს ხომ ტიფლისია, ტიფლისი!! ველური ოცნებების ქალაქი! – დაიყვირა წინა სავარძლიდან, გახარებულმა ჟორჟმა და კიდევ ერთი კაფსულა სიხარული ჩაიგდო პირში.


* * *
წითელი უბანი ფაქტიურად ავტონომიური ქალაქია ქალაქში, როგორც ვატიკანი რომში. აქ შემოსვლისთვის ვიზებია საჭირო, მხედრიონი [კლონების დიქტატურა] დიდი ხანია ცდილობს თავისი კონტროლი დაამყაროს უბანზე, მაგრამ ვერაფრით ახერხებს ამას, იმიტომ რომ, ერთი მხრივ, თავად დიდი ირანის სულთანმა დართო არსებობის ნება ამ ქალაქს, როცა მრავალჯერ წაუყრუა უბანში აღზევებული გარყვნილობების ფაქტებს, მეორე მხრივ, მხედრიონის ბოევიკები მაინც აქ ერთობიან დღესასწაულებზე. უბანი თითქოს მთელი პურიტანული იმპერიის ორთქლის გამოსაშვები ხვრელია, აღმოცენებული სამოქალქო ომების ნანგრევებზე, უკონტროლობის პერიოდში,სანამ ამერიკასთან რამდენიმე თვის ზავდადებული ირანი რუსეთან ომში ჩაერთო – ტიფლისის ეს ნაწილი თავისი გეოგრაფიული მდგომარეობის შედეგად ევრაზიის შავი ბაზრების გადამკვეთ წერტილად გადაიქცა. ჩემთვის როგორც გიდისთვის წითელი უბანი საკუთარი მაგიური შესაძლებლობების სადემონსტრაციო დღესასწაულია, ვინ გინდათ რომ არ შეგხვდეთ აქ: არასანქცირებული, დეფექტური, კანონგარეშე კლონები, სხეულით მოვაჭრე ავღანელი ტრანსვესტიტები ნახევარმთვარის ტატუებით თვალის უპეებთან, ამერიკიდან გადმოხვეწილი, გაღატაკებული კიბორგები, ჰაშიშით მოვაჭრე აგორების სექტა ინდოეთიდან – ღმერთ შივას ბნელი მიმდევრები, აფრიკული სიზმრის მცენარეთა ძიებაში ჩაფლული დრიმჰაკერები ათეისტური გარეუბნებიდან, უცნობი მესიები და მონები აფრიკიდან, ირანელი სუფიები და მეგრელი იარაღით მოვაჭრეები.Mმხოლოდ აქ შეიძლება შეგხვდეთ: საუკეთესო არაბული ტაიჭები და დაჰაკული ბრიტანული ჯიპიეს სისტემები, ახალი დიზაინერული ნარკოტიკები, რომლებიც ჯერ არავის გაუსინჯავს მთელს პლანეტაზე, ნებისმიერი სახის სექსუალური მომსახურება, ჯინსებისა და მაკდონალდსის კონტრაბანდა ამერიკიდან და ა.შ.

მორწმუნე ტიფლისელები წითელ უბანს რამდენიმე კილომეტრზეც კი არ ეკარებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ რელიგიურ-ეკონომიურად სეგრეგირებულ უბნებში ყოველდღე გაცილებით მეტ ძალადობას აქვს ადგილი ვიდრე მთელი თვე წითელ უბანში.

* * *
-- აქ ნეიტრალური მიწები იწყება, მანქანით შესვლა არაა ნებადართული, ამიტომ ჟორჟმა ჩვენთვის საუკეთესო აქლემები შეუკვეთა, ხო ჟორჟ?
-- ჟორჟი ჯადოქარია! – განაცხადა სავარძელში მოცეკვავე ჟორჟმა ნეტარი ღიმილით.
მეაქლემეები ნეიტრალურ უბანში შემავალ გზასთან იდგნენ.
-- 10 000 დინარი – მიმანიშნა მოჩუქურთმებულ აქლემებზე სიბერისგან მოკუნტულმა ზედამხედველმა და რობო-აპარატი გამომიწოდა.
-- დღითიდღე აძვირებთ – გავუტრაკე ზედამხედველს და საბანკო კოდი შევიყვანე
-- ინფლაცია შენი ჭირიმე, მალე ყველაფერის ფასი დაკარგავს აზრს... ეხ! ახალგზრდა ბიჭი ხარ შენ, არ გემახსოვრება ადრინდელი ტიფლისი... აი, კლონების ომებამდე... იქ,სადაც ეს ტბაა ადრე პარლამენტი იდგა და ასე თუ ისე წესრიგი მეფობდა ქალაქში.. ნეიტრალურ უბანში კი ყოველდღე ვსეირნობდით უპრობლემოდ... ეხლა შეხედე, სასაფლაოს გავს მთელი უბანი, მარტო აჩრდილები და ჩრდილოვანები დაძრწიან ღამით, მხოლოდ სახელი შერჩა ძველებურად: რუსთაველი... და ისიც ის მამაძაღლი კლონია ამხელა საშემოსავლოს რო გვიბეგრავს... ეხხ შვილო, შაითანმა ჩაყლაპა ყველა სინათლე ტიფლისში...
-- კოდი შეყვანილია: დაადასტურეთ პროდუქტი და თანხა – დაიძახა აპარატის რობოტმა
-- 4 აქლემი, პირველი კლასი + 2 კალაშნიკოვი – ვუთხარი რობოტს.
-- თანხა მიღებულია – დაადასტურა რობოტმა და წითელი განათება მწვანეთი შეცვალა
-- დიდი ალაჰისა და ტიფლისის იესუ ქრისტეს მფარველობა თქვენ – დაგვიქნია ხელი მოხუცმა
-- აქ მთავრდება მაგათი იურისდიქცია ძია – მოაძახა ჟორჟმა მოხუცს, როცა ნეიტრალური უბნის ტერიტორიაზე შევედით. ამ დროს მსუქანმა ბურჟუა კლიენტმა, მოპულოდნელად მოატრიალა თავისი აქლემი, მიბრუნდა მოხუცთან, მისკენ დაიხარა და თითქოს თავზე ხელი გადაუსვა და რაღაც წასჩურჩულა. გაბრაზებული მივვარდი უკან.
-- რას აკეთებ??
-- არაფერს, მინდოდა მენუგეშებინა ძია, ბიძაჩემიც აქლემების გამქირავებლად მუშაობდა, ვეხმარებოდი ხოლმე ბავშვობაში...
-- თქვენს ფსიქოპორტრეტში არსად არ არის აღნიშნული თქვენი ასეთი სნეტიმენტალური მგრძნობელობის შესახებ. და საერთოდ ეს ტიფლისია, მე ვიცნობ ამ ქალაქს საკუთარი ცხრა თითივით და ჩემს თავზე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ თქვენი თრიფი მომეწყო! ერთი ორი ნაბიჯი განზე და შეიძლება ან სხეულის რომელიმე ნაწილი ან სიცოცხლე დაკარგოთ! - ძალიან გავცოფდი ამ მოულოდნელ ჟესტზე.
-- ხო, მგრამ თქვენ ხომ პროფესიონალი ხართ, თან იარაღებით ხართ და იმედი მაქვს, რომ დამიცავთ – მითხრა ბურჟუამ აუღელვებლად, თითქოს ლოცულობდა.
-- მე ვერ დაგიცავთ თუ ინსტრუქციებს და გზებს გადაუხვევთ. არავითარი თვითნებობა, თუ შეიძლება! – მკაცრად ვუთხარი ბურჟუას. მეორე არაბი დუმდა. დუმდა ეხლაც და ჩამოსვლის წუთიდანვე, ამიტომ მისთვის ისეთი დრაგი მქონდა ჩაფიქრებული, რომელიც მკვდარსაც აამეტყველებს თუ დაალევინე.
-- კარგი ბატონო – მიპასუხა არაბმა შეიხმა და მკაცრად მოატრიალა აქლემი.მეც იგივე ვქენი, თუმცა მოტრიალებისას თვალის კუთხით დავიჭირე მოხუცი მეაქლემის ოდნავ გაოგნებული და ნეტარი სახე.
-- მე წინ ვიქნები, ჟორჟი რიგის უკანა მხარეს წამოვა, ყველანი მე მომყვებით – ვუთხარი სტუმრებს, გადავტენე იარაღი და ჩავუხვიე ნეიტრალურ უბანში. ჩვენ საახალწლო კოლონასავით ვმოძრაობდით აისის სახელობის ქუჩებში, ნეონის აქლემებზე ამხედრებულები, ჩუმად როგორც ყველაზე ჩუმი ნიავი - მძინარე, ნახევრადდანგრეულ სახლებს შორის. პატარა, ურჩი ბავშვები, რომლებიც ალაჰის ნების საპირისპიროდ, არ იძინებდნენ საღამოს 10 საათზე, ჩუმად გვაკვირდებოდნენ სკოჩებით გადაკრული ფანჯრებიდან და ოცნებობდნენ როდის გახდებოდნენ ჩვენსავით დიდი განგსტერები, რომლებიც დადიან ნეონის ხალიჩებზე და მიირთმევენ საუკეთესო მანგოს წვენებს საუკეთესო სასტუმროებში. რამდენიმე, ძილიდან დროებით გამოფხიზლებული მათხოვარი უხმოდ გვიწვდიდა ხელს. ცა ნეიტრალური უბნის თავზე ყველაზე კარგი საყურებელი იყო ყოველთვის. თუ დანარჩენ ტიფლისში ის ქუჩის განათებებითა და საპატრულო ლაზერებით იფარებოდა, აქ, ამ უშუქო უბანში, რომელიც რამდენიმე კილომეტრზე იყო გაწოლილი – ცაზე მთელი ირმის ნახტომის გალაქტიკა მოჩანდა. ნეიტრალური უბანი ფაქტიურად სადამკვირვებლო პუნქტი იყო, აქედან შეგეძლოთ თავისუფლად გენახათ და აგენუსხათ ყველაფერი რაც ხდება ტიფლისის ცაში – სატრანსპორტო თვითმფრინავები არაბეთიდან, რაკეტების სტარტი ტიფლისის კოსმოდრომიდან, მეტეორების წვიმა აგვისტოში... ეს იყო ერთადერთი უფასო და მარადიული პრივილეგია, ღამის გასართობი ცენტრი ღარიბი უბნებისთვის – შორეული ლაზერების ციალითა და მილიარდი ვარსკვლავით მოჭედილი ბნელი და ცივი ცა.

 

 

იხ. ნაწილი მეორე