მკვდრების დღე (ნაწილი მეორე)
ზურა ჯიშკარიანი
 
თარიღი: 30/09/2012
კატეგორია: სტატია

 

 

@ ზურა ჯიშკარიანი

 

 

მკვდრების დღე (ნაწილი მეორე) 

 

ეძღვნება უილიამ ბეროუზის ნათელ ხსოვნას

 

იხ. ნაწილი პირველი 

 

* * *

წითელ უბანში ყურბან ბაირამი სულ სხვანაირად აღინიშნებოდა, ვიდრე მთელ ტიფლისში. თუ მთელი ვაკე ცხოველების ღრიალითა და სისხლით ივსებოდა, ხოლო ავლაბრის რეზიდენციასთან მორჩილი ქრისტიანები ისასა და ალაჰის შერიგებას აღნიშნავდნენ მდუმარე მსვლელობით – წითელ უბანში დამოუკიდებელი ქალბატონი ხალიფის, [ავტონომიური მერის] მხარდაჭერით წარმოუდგენელი მასშტაბების მულტიმედიური შოუ ეწყობოდა. მზის ჩასვლისთანავე ქალაქი ყველა რელიგიისა და მრწამსის, პოლიტიკური შეხედულებისა თუ მითების ჰოლოგრამებით ივსებოდა. ციდან ჩამოდიოდა იესო ქრისტე, ქალაქის ქუჩებში მოხეტიალე დერვიშებთან ერთად ცეკვავდნენ კრიშნა და შივა,ატომური აფეთქებები ანათებდნენ შიგადაშიგ ქალაქის ჰორიზონტებს. ყველაფერი ეს უამრავ სინთეტიკურ ჰალუცინოგენთან შერწყმაში – წარმოუდგენელ თრიფებში აგდებდა დღესასწაულში მონაწილე ხალხს. ქალაქში პირველად მყოფი სტუმრების პანიკური შეტევებისაგან თუ სპონტანური აგრესიისაგან დანარჩენ მობინადრეებს ავღანური ჰაშიშით დაბოლილი, სპეციალურად გამოწვრთნილი ჩეჩნური პოლიცია იცავდა. წელსზევით შიშველი და მთლიანად დატატუირებული სპეცდანაყოფი,რომლებსაც 14 წლიდან აწევინებდნენ ჰაშიშს და ასე წვრთნიდნენ სპეციალურად ასეთი დღესასწაულებისთვის. ამ პოლიციისგან შედგებოდა ხალიფის პირადი დაცვაც. ჩვენ გვერდი ავუარეთ სიძვის სახლებს და ფანტასტიურ კაზინოებს, ავუარეთ დრიმჰაკერულ კლუბებსა და “ბნელი ოდისევსის” გვირაბებს, სადაც სექსუალური ფანტაზია ყველაზე წარმოუდგენელ სიღრმეებს თუ მწვერვალებს აღწევდა. კლიენტები არაფრით დაინტერესდნენ. უკვე ვგრძნობდი, რომ სიბრაზეს ვერ ვთოკავდი, იმიტომ რომ ვერსად შევაძვრინე ჩემი კლიენტები, რათა დრო დამრჩენოდა ჩემი საყვარელი საქმიანობისთვის: საუბარი ღმერთების ბოტებთან პსილოციბინის სოკოებით ჰოლოგრამების ველზე.
ასეთი პრეტენზიული კლიენტები არასოდეს მყოლია, და არასოდეს ყოფილა რომ კლიენტი ამდენი ხანი არ შემეცდინა. ვიცოდი, რომ თუ ეს მისთვის პირველი გასეირნებაა, გაცილებით რთულია იმ პურიტანული ბლოკების გარღვევა, რომელიც მას ბავშვობიდან ამოუშენეს ჩინეთის დიდი კედლებივით ყველა მხრიდან, მაგრამ ამდენი ხანი ბრძოლა არავისთვის დამჭირვებია.
-- GnosX – მითხრა მეორე არაბმა, რომელსაც აქამდე ხმა არ ამოეღო,როცა ნერვიულად დავიწყე ჩამოთვლა იმ უსასრულო სიის, რითიც სიამოვნების მიღება შეეძლოთ ჩემს კლიენტებს.
-- რაა?? ატომურ ბომბს უფრო ადვილად ვიშოვი ვიდრე გნოზიქსს. საიდან მოიტანეთ?– დააღო ჟორჟმა პირი.
-- ნუ ყვირით,ხალხს ძინავს აქ, მეორე გაფრთხილებაზე ტერიტორიის დატოვება მოგიწევთ – მოგვაძახა ჩამოვლაზე მყოფმა პატრულმა და ჰაშიშის უზარმაზარი, შავი ღრუბელი მოაყოლა საკუთარ სიტყვებს.ღრუბელი ჰაერს გაყვა და რამდენიმე წამით მთვარე გადაფარა მთელს უბანზე. ჩვენ უკვე დიდი ხანია გაცდენილები ვიყავით დღესასწაულის მთავარ ეპიცენტრებს და შედარებით ჩუმ, სიზმრების ჰაკერთა ქუჩაზე ვიდექით უკვე. აქ წითელი უბნის დრიმერები სხვადასხვა სახის საერთო თუ ინდივიდუალურ ლუსიდურ სიზმრებში ეფლობოდნენ იაფფასიან დრიმ-კოტეჯებში,ამიტომ ამ უბანში განსაკუთრებული სიჩუმე სუფევდა, არ იყო გარეგანათებები, სახლებში სანთლები და ნელსურნელებები იწვოდა, მხოლოდ და მხოლოდ სავსე მთვარე ანათებდა ქვიან ტროტუარებს. მესიზმრეთა უბანში სასტიკად იკრძალებოდა ხმამაღლა საუბარი. მხოლოდ შორი დღესასწაულის გუგუნი და რამდენიმე დრიმერის სიზმრის ამოძახილები თუ გაისმებოდა ექოდ ამათუიმ კოტეჯიდან დილამდე..
-- პროფესიონალები კითხვებს არ სვამენ, პროფესიონალები კითხვებს პასუხებად აქცევენ, ასე არაა? – მომიბრუნდა ჩურჩულით მსუქანი ბურჟუა.
-- ჩვენ მხოლოდ ეს გვაინტერესებს – და ამისთვის იმდენ თანხას გადავიხდი რამდენიც საჭირო იქნება თუ თანხაზეა საუბარი. – თქვა მტკიცედ მდუმარე არაბმა,რომელმაც ჯერ იმით დამშოკა რომ მწყობრი წინადადები ჩამოაყალიბა და მერე იმით რო ასეთი მოთხოვნები წამოაყენა. ბოლო შოკი იყო, როცა მან თავისი საბანკო აპარატი ამოიღო ჩანთიდან და ჩემს სახელზე გადმოსარიცხად გამზადებული ტრანზაქცია მაჩვენა.
GნოსX-ის შოვნა მართლა იმდენად რთული იყო, რამდენადაც ატომური ბომბის ყიდვა, ან მთელი ღამე უნდა გერბინა ენაამოგდებულს ან ძალიან უნდა გაგმართლოდა, რომ გეშოვნა, მაგრამ ჩემმა კლიენტებმა ისეთი თანხები შემომთავაზეს, რომ გადავწყვიტე რომ თუ საჭირო გახდებოდა რამდენიმე ატომურ ბომბსაც მოვაყოლებდი პროდუქტს. ამ თანხით მე სამუდამოდ შემეძლო თავი დამენებებინა გიდობისთვის, გადავსულიყავი დასავლეთ საქართველოში, საიდანაც გურული პარტიზანები გადამაპარებდნენ კონსტანტინოპოლში.და ეს თანხა კიდე მეყოფოდა, რომ “ოქროს ევროპის” მესაზღვრეები მომესყიდა და თითის ანაბეჭდებიც კი გამეყალბებინა.. ჩემს წინ იდგა ჩემი ცხოვრების რადიკალურად შეცვლის შანსი და პირველად ამდენი წლის ურწმუნოების მერე – ორივე ღმერთის ლოცვები ამეკვიატა ტვინში..
-- რაღაც საინტერესო სიტყვებს მოვკარი ყური – გაისმა უცნაური ხმა ჩვენს ზურგსუკან. დაძაბული მოვტრიალდი. იქვე მდგარი კოტეჯის ჩრდილიდან კრიშნას ჰოლოგრამა გამოვიდა, მთვარის შუქზე მისი სხეული ლურჯად ვიბრირებდა და ცოტა გამჭვირვალე იყო.
-- შენ აქ რა გინდა?
-- ჩემი ბატონი საკმაოდ გავლენიანი წითელუბნელია. და როგორც ნამდვილ წითელუბნელს მას ყოველთვის აქვს ყველაზე სანუკვარი ოცნებები და პროდუქტები. მათ შორის ის რაც თქვენმა კლიენტებმა რამდენიმე წამის წინ ახსენეს საუბარში..
-- ეს ჩათლახი პროგრამა ნახე პროსტა!! ჩუმად დაგვყვება და ჩვენს საუბრებს იწერს. იცი რომ დრიმჰაკერების უბანში ჰოლოგრამების პარპაში არასანქცირებულია??ეხლა პოლიციას რო დავუძახო შენც წაგშლიან და შენს ბატონსაც გააგდებენ ქალაქიდან და მერე მხედრიონისთვის ამზადეთ კრიშნები, შენაბოზარო!!
-- ჟორჟ დაწყნარდი! და ჩაყლაპე ერთი ორი ბუშტი!
-- რა დავწყნარდე,გვითვალთვალებს მთელი საღამოა ეს ჰოლოგრამა,რამდენჯერმე შევნიშნე უკვე..
-- შენს ბატონს აქვს GnosX? – იკითხა მდუმარე არაბმა
-- ჩემს ბატონს ყველაფერი აქვს და მეც სწორედ ამისთვის ვარ შექმნილი – რათა მისი სიდიადე ვამცნო წითელ უბანში დაკარგულ მგზავრებს, რომელთაც უკვე გამოსცადეს ყველა სიამოვნება, იხილეს ყველა ხილვა, მაგრამ არ იციან რომ ხილვებს არ აქვთ საზღვარი..
-- ვინ არის შენი ბატონი? – ვკითხე კრიშნას.
-- თუ გამომყვებით მე მიგიყვანთ მასთან – თქვა კრიშნამ და თვალები გაუბრწყინდა კიბერნეტიკული სიხარულით.
-- არასოდეს ენდო ჰოლოგრამას სიზმრების უბანში! არასოდეს ენდო ჰოლოგრამას სიზმრების უბანში! არ გახსოვს?? უბედურების მომტანია ეს ყველაფერი.. - გამიპროტესტა დაძაბული ჩურჩულით ჟორჟმა და სახე ჩემს სახესთან ისე ახლოს მოიტანა, რომ მისი აღელვებული სუნთქვა ზღვის ტალღებივით შემოდიოდა ჩემი ყურის ნიჟარაში. “ალბათ ასე ღელავს ზღვა კონსტანტინოპოლში” გავიფიქრე ჩემთვის და კრიშნას თვალებში შევხედე, ის მე მიყურებდა ღიმილით. რაღაც საოცრად ახლობელი რაღაც იყო მის ციფრულ მზერასა და ხარვეზებიან ციმციმში.
-- რას ვშვებით? - მკითხა ფრთხილად მსუქანმა ბურჟუამ.
-- წაგვიყვანე შენს ბატონთან – ვუთხარი ჰოლოგრამას.


* * *
GnosX-ი ნარკოტიკული დიზაინის გენიალური მიღწევაა. მისი ყოველი მიღებისას სხეული დროებით კონვულსიაში ვარდება, კანკალი ნელ-ნელა იმატებს და ცოტა ხანში სრულიად აუტანელი ხდება, თქვენ გგონიათ, რომ ძველ, საბჭოთა რკინის რაკეტაში ზიხართ, რომელიც ესესაა გასკდება წნევისგან. თვალები წითლდება და შტერდება, როგორც მარსზე უჰაერობისგან დაღუპული კლონების მზერა, ტვინის ნეირონები თითქოს ინდივიდუალობას იძენენ. GნოსX-ის მომხმარებლის ტვინი რამდენიმე ნანო-წამის განმავლობაში მანათობელი არსებებით – ხოჭო-ნეირონებით ივსება, რომლებიც თითქოს თავიანთი არსებობის ფაქტით გაოცებულები სინათლის სიჩქარით დაცოცავენ თქვენს ტვინში და ადგილს ვერ პოულობენ. თყუილად არ ამბობენ, რომ GnosX-ის პირველი დეველოპერები საბჭოთა კავშირის დასვრილი, ინდუსტრიალური კოსმონავტიკის ფანები იყვნენ, რომლებაც მაშინ ჯერ კიდევ უბრალოდ გართობის მიზნით სცადეს ადამიანის კოსმოსში პირველი კოსმოსში გაფრენის მთელი ფიზიკურ-მენტალური თავგადასავალის – ქიმიური ანალოგი შეექმნათ. გენიოსმა დრაგ დიზაინერებმა ისეთი დრაგი გააკეთეს, რომლის მიღების შედეგად თქვენი სხეული ზუსტად იმას განიცდის რასაც პირველი კოსმონავტი პირველი ფრენისას.
გარკვეული პერიოდის შემდეგ სხეული წყნარდება და თქვენ ვაკუუმში გადიხართ, გრძნობთ აუწერელ ნეტარებას და ქრება გრავიტაციის შეგრძნება, სწორედ აქ იწყება GnosX-ის მოქმედების მეორე ეტაპი, რომელიც არ ქონდათ გათვალისწინებული მის შემქმნელებს, ზოგის თქმით, ეს ეფექტები მოგვიანებით დაამატეს ინდოელმა პროგრამისტ-ალქიმიკოსებმა, როცა ქიმიურ ფორმულაში კვანტური რეზონანსის შეტანა მოახერხეს.ამ ეტაპზე თქვენ გრძნობთ ხალხს და არსებებს, რომლებიც თქვენგან შორს არიან, ხანდახან მომხმარებლებს შეუძლიათ კონკრეტული პიროვნებებიც აირჩიონ და მათ სიზმარში აღმოჩნდნენ, ან მათი გეგმების შესახებ გაიგონ. ამბობენ GnosX-ის მოქმედების ამ ეტაპზე თქვენ შეგიძლიათ – ერთდროულად რამდენიმე ადამანს დაუკავშირდეთ ტელეპატიურად, ფაქტიურად შეგიძლიათ ტელეპატიური პრენსკონფერენციაც მოაწყოთ. არის შემთხვევები, როცა GnosX-ის მომხმარებლები ხედავენ მომავლის იმ ვერსიას, რომელსაც განხორციელება უწერია მომავლის სხვა მილიარდ ვერსიებს შორის. მხოლოდ რამდენიმე გრძელი საათის შემდეგ უბრუნდება მომხმარებელი თავის თავს – და ყოველთვის რაღაც ახალი ინფორმაციით.

-- ეხლა შენ ყველაფერი იცი და ეს ძალიან ცუდია – მითხრა ჩემს წინ მდგარმა მდუმარე არაბმა, როცა თრიფიდან დავბრუნდი. ჩვენ პატარა, მაგრამ მდიდრულად მოწყობილ ბუდუარში ვიწექით ყველანი ხალიჩებზე. კრიშნა და მისი ბატონი გაოგნებულები იდგნენ მუხლებზე მდუმარე არაბის წინ.
-- მეფე დავით მეოთხე ბაგრატიონი!! – აღმოხდა ჩემ შემდეგ რამდენიმე წამში თრიფიდან დაბრუნებულ ჟორჟს. მეც უკვე ვიცოდი. ვიცოდი ყველაფერი. ჩემ წინ არ იდგა ვინმე არაბი კლიენტი, ეს იყო თავად დავით მეოთხე, კლონი, რომელიც წმინდა სინოდმა საიდუმლოდ შექმნა 23 წლის წინ, როცა ტიფლისში ატეხილი კომპრომატების ომი, ნელ-ნელა კლონების ომში გადაიზარდა. მაშინ პირველად მოხდა წარმოუდგენელი რამ: მოქიშპე კონსერვატორული პარტიები ყველასთვის მოულოდნელად ახალი, ექსპერიმენტალური ტექნოლოგიებით აღიჭურვნენ და დაიწყეს წარსულის ისტორიულ პირთა კლონირება და თავიანთ რიგებში ჩამატება, რათა მომხრეთა და ქარიზმის რაოდენობა გაეზარდათ. მაშინ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა, იმიტომ რომ პარალელურად დაიწყო ამერიკა-ირანის მრავალწლიანი ომი და დადგა უკონტროლობის ეპოქა, სწორედ ის პერიოდი როცა კლონების პირველმა დაჯგუფებამ, ჯაბა იოსელიანის მეთაურობით ძალაუფლება ჩაიგდო ხელში და ამერიკულ-ირანული ზავის შემდეგ ირანის დაქვემდებარებაში გადავიდა. ძალაუფლებაში მოსულმა “მხედრიონმა” არასანქცირებულად გამოაცხადა სხვა კლონები, როცა გასკდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წმინდა სინოდი გურჯისტანის ავტონომიური რესპუბლიკისთვის სიურპრიზს და ქაოსის აღლაგმვას აპირებდა – ერისთვის ნამდვილი ლეგიტიმური მეფის შეთავაზებით.
-- მხოლოდ ჩრდილოვანი ტურისტების სახით შეგვეძლო შემოგვეღწია წითელ უბანში, რათა გნოსX-ი გვეშოვა და მონარქიის ერთგული ხალხისთვის მიმემართა. სხვა ყველაფერს ისეთი სიმკაცრით აკონტროლებს მთავრობა, რომ შანსი არ იყო... დიდი ხანია ამ მოგზაურობისთვის ვემზადებოდით... საბუთები იდეალურად გავაყალბეთ... დღეს მე დიდი კონფერენცია მოვაწყვე თრიფში – ყველა მეამბოხე მზადაა, რომ ხვალ, ყურბან ბაირამის დასრულებისთანავე საბოლოო დარტყმა მივაყენოთ ურჯულო არალეგიტიმურ მთავრობას. კონფერენცია დახურულ ფსიქო-სიხშირეზე მიმდინარეობდა, მაგრამ ვერაფრით მოვიშორე თქვენი იქ ყოფნა... ეტყობა რაღაც კვანტური კავშირები შეიკრა ჩვენს შორის ამ მოგზაურობისას და სამწუხაროდ თქვენც იქ აღმოჩნდით... ეს კი ძალიან ცუდია, ძალიან ცუდი... – ამბობდა მეფე დავითი და აჩქარებული იცმევდა ნანო-აბჯარს.
-- როგორც კრიშნა მეუბნება, თავად ხალიფა დედოფალი აპირებს რომ გეახლოთ მეფეო! ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა რომ თქვენ ცოცხალი ხართ და დაბრუნდებით! წითელი უბანი არასოდეს დამორჩილებია მხედრიონს.. – დაიძახა მუხლებზე დაჩოქილმა კრიშნას ბატონმა.
-- ძალიან კარგი, მე ამას ვაფასებ! – თქვა მეფემ.
-- პოლიცია მობილიზდება და თქვენს დასაცავად მოემართებიან, ეხლა შემატყობინა ქალაქის დაცვის უფროსმა – დაიძახა ყოფილმა მსუქანმა ბურჟუამ, რომელიც დავითის გადია აღმოჩნა.
-- თქვენი ცნობიერება ადვილად დასაჰაკია, იმიტომ რომ ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ცხოვრობთ და მათ წყალს სვამთ და მათ ჰაერს სუნთქავთ. როგორც ჩემთვის ცნობილია, მთავრობა სპეციალურ ნივთიერებებს ამატებს ჰესებზე, რათა მოსახლეობის ფსიქო-სიხშირეები ადვილად შეღწევადი იყოს. ამის გამო, ჩემი დღევანდელი განცხადება, რომელიც მხოლოდ მეამბოხეთათვის იყო განკუთვნილი – თქვენი გავლით, მხედრიონის თრიფ-კონტროლის დეპარტამენტმაც შეიტყო და ეხლა მთელი გვარდია მობილიზებულია. ხეებსა და ველურ ყვავილებში ჩამონტაჟებულმა კამერებმა აჩვენეს, რომ გვარდია ამ წუთას ნეიტრალური უბნის გავლით წითელი უბნისაკენ მოემართება და გზად მასობრივ დახვრეტებს ახორციელებს. მთელი გეგმა ჩაიშალა, ბრძოლა გარდაუვალია!! – მითხრა ბრძოლისათვის მომართულმა და ოდნავ აღელვებულმა დავითმა, როცა აბჯარი მთლიანად ჩამოიცვა, და ოთახიდან გავიდა. მე გაოგნებული ვიწექი ჩემს ხალიჩაზე, მუდამ მდუმარე მესიზმრეთა უბანში ნელნელა ხმები მატულობდნენ, ჰაერში დენთისა და დაძაბულობის სუნი იგრძნობოდა.
-- თქვენ დაღუპეთ მონარქია!! – დაგვიყვირა კრიშნას ბატონმა. – თუ დავითმა ეს ბრძოლა წააგო – მთავრობა ამას მიზეზად გამოიყენებს რომ წითელი უბანი, თავისუფლების ერთადერთი მექაც მიწასთან გაასწოროს!
ჟორჟს სიხარულის ბუშტები ხელიდან გაუვარდა აღელვებისგან.
-- რას აპირებთ?! – ვკითხე ბუდუარში დარჩენილ გადიას, რომელიც მოუთმენლად ელოდა რაღაც მნიშვნელოვან ზარს უცნაურ ტელეფონზე, რომელიც მეც კი არ მენახა აქამდე.
-- სოკოს სპორებს გავავრცელებთ ქალაქში და კარიბჭეებს გავაღებთ. პოლიცია არ გააკონტროლებს თრიფების სიმძლავრეს
-- რას ნიშნავს კარიბჭეებს გააღებთ? – წამოხტა ჟორჟი. – ეს ყველა ჰოლოგრამა და ეს ამდენი გადასული ხალხი რო წითელი უბნიდან ქალაქში გავიდეს – წარმოდგენილი გაქვთ რა მოხდება??
-- უკვე წარმოვიდგინე... ეს იქნება ყველაზე საშინელი დღე ტიფლისის ისტორიაში. ამ დღის შესახებ დაწერენ ტერაბაიტობით რომანებს და გადაიღებენ 7დ ფილმებს, თუ, რა თქმა უნდა, ქალაქი გადარჩება. მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს... ყოველთვის შეიძლება დადგეს ასეთი კრიზისული მომენტი... თუმცა ჩვენ ის არ გაგვითვალისწინებია... საბედნიეროდ, წითელი ქალაქი მონარქიის მხარესაა... დაე, ჰოლოგრამები და თრიფები გამოვიდნენ მისი კარიბჭედან და შეებრძოლონ კლონების გვარდიას... თქვენ შეგიძლიათ შეუერთდეთ მეფეს ან იჯდეთ აქ, არავინ დაგაძალებთ არაფერს... ორი ღმერთის მადლი გვაფარავდეს ჩვენ და მეფეს...
კრიშნას შევხედე – ვიცოდი, რომ ის განუწყვეტლივ იწერდა ყველაფერს და ათავსებდა თავის სამგანზომილებიან ვიზუალურ არქივში. რაღაცით, მზერით თუ მოძრაობებით ეს მდედრი კრიშნა ჩემს გოგოს მაგონებდა, ის რამდენიმე წლის წინ ჩაყლაპა წითელმა უბანმა, თუმცა მე არასოდეს ვადანაშაულებდი ამაში უბანს. ჩემი აზრით ამაში დანმაშავე ის ისტორია იყო, რომელიც სუფევდა მთელ ტიფლისში, სიგიჟისა და აგრესიის ის უწყვეტი მონოტონურობა, რომელიც ყოველდღიურად ეწვეთებოდა ჩვენს გულებს და ეს წვეთები ქვებსაც კი ხვრეტდნენ თავიანთი დაჟინებით, არათუ რბილ ბიოლოგიურ ქსოვილს. “ოქროს ევროპა” მომენტალურად გაქრა ჩემი გეგმებიდან. არვიცი GნოსX-ის პოსტ-თრიფული ეფექტები იყო თუ დასასრულის მოახლოვებამ ამოიყვანა ცნობიერების ოკეანის ზედაპირზე სრულიად მოულოდნელად ის სენტიმენტები, რომლებსაც გავურბოდი ამდენი წელი: ჩემი ბავშვობის მოგონებები ნეიტრალურ უბანში.. ჩემი გოგო, რომელმაც სადღაც აქ, წითელ ქალაქში თავისი ნებით დატოვა თავისი სხეული, და მას შემდეგ გაუცნობიერებლად სულ მის თრიფებს ვეძებდი ყოველ დღესასწაულზე. სულ ვიყავი დარწმუნებული, რომ მისი ცნობიერების ნაწყვეტები შეიწოვეს ამ ჰოლოგრამებმა და სინთეტიკურმა დრაგებმა, ხის შენობებმა და მერიის სამმართველომ. და მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ეს იყო მთავარი ბიძგი, რის გამოც გავხდი აჩრდილების გიდი -- იმისთვის რომ უფრო ხშირად ვყოფილიყავი აქ. როგორც სვავის ჰოლოგრამა მკვდარი მოგონებების თავზე, როგორც შივას მიმდევარი აგორი, რომლის მისია განგის სანაპიროების სასაფლაოებზე ცხოვრებაა. და ეხლა მივხვდი რომ ჩემთვის ყველაზე მთავარი არ იყო “ოქროს ევროპა”, ფული რომელსაც ვაკეთებდი.. არ მაინტერესებდა არსებული რეჟიმი დარჩებოდა თუ მონარქია დაბრუნდებოდა, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა იმ სიამოვნებებსაც, რისი მიღებაც შეგეძლო წითელ უბანში, რომელიც ესესაა დაეცემოდა და შეწყვეტდა არსებობას.. “და თუ გაქრება ქალაქიც, იმედი მაქვს გადარჩება კრიშნა, რომელიც მომავლის აჩრდილოვან ტურისტებს ამ მკვდარ მიწაზე – მოუყვება ამ გრძნობების შესახებ, რომლებითაც ავივსე ამ წამს, იმიტომ რომ ამაზე მნიშვნელოვანი დღეს არაფერი გადაწყდება” – გავიფიქრე ჩემთვის და დავრჩი ჰოლოგრამასთან, როცა ყველამ, ჟორჟის ჩათვლით, დატოვა ბუდუარი და სადღაც შორიდან ისმოდა, როგორ გაიღო კარიბჭე.