ცუდი სუნი
ერეკლე დეისაძე
 
თარიღი: 02/10/2012
კატეგორია: სტატია

 

 
 
 
@ ერეკლე დეისაძე
 
 
ცუდი სუნი
 
 
არჩევნების მოახლოება ყველაზე მეტად აშიშვლებს ადამიანს. ამ დროს კრიზისი იმატებს. მღელვარება ბუნებრივი მდგომარეობის ნაწილი ხდება. მეგობრები ხვდებიან ერთმანეთს, შეყვარებულები სეირნობენ ქუჩებში, ბილბორდებიდან კი გაღიმებული კანდიდატები დაგვცქერიან. ერთი შეხედვით ყველაფერი ჩვეულებრივადაა, მაგრამ ქუჩებში მაინც განავლის სუნი დგას. ეს სურნელი, საარჩევნო ბილბორდებიდან მოდის და პირადად მე ძალიან ცუდ გემოს მიტოვებს. ადამიანი ყოველდღიური რიტმიდან მოულოდნელად წყდება და პარარელულრ რეალობაში გადადის. 
 
წინასაარჩევნო პერიოდი, საუკეთესო დროა იმისათვის, რომ საკუთარ თავს მარტივი ჭეშმარიტება შევახსენოთ, ჩვენ ერთმანეთი არა კონკრეტული გვარ-სახელებისგან არამედ მთლიანად სისტემისგან და პოლიტიკოსებისგან უნდა დავიცვათ. რადგან რეალური გარყვნა არა ამერიკიდან და ევროპიდან მოდის, როგორც ამას სასულიერო პირები გვიკიჟინებენ, არამედ ისევ და ისევ საკუთარი თავიდან და ეს გარყვნილება, ყველაზე საშიშია. როგორც გნებავთ ისე გამიგეთ, მაგრამ განავლის სუნი მცემს, როცა სტუდენტების აქციებზე ჩემი ხნის ბიჭებს ჩაბურულმინებიან ჯიპებში ვხედავ, ვიდეოკამერით ხელში, სუნი მცემს, როცა აპარტიული სტუდენტური აქციის მარგინალიზებას თვითმართველობები ახდენენ. სუნი მცემს, როდესაც თანამედროვე პავლიკ მორუზოვები ეკლესიის სახელით მესაუბრებიან.
 
ბოლო დროს მივხვდი, რომ არ არსებობს იმაზე დიდი გარყვნა, ვიდრე 22-23 წლის ახალგაზრდებისთვის მცირეოდენი ძალაუფლების მიცემა. ამიტომაცაა, დღევანდელი სტუდენტური თვითმართველობა ჩემთვის კომკავშირის იდენტური. ისინი არ იცავენ თანატოლების ინტერესს. მათ სძულთ განსხვავებული აზრი, ისინი ცხოვრობენ დოგმებით, ეს ყოველივე მხოლოდ თვითმართველობას არ ეხება, არამედ ყველას ვინც ნებისმიერ აკრძალვას ემორჩილება. ვინაიდან აკრძალვა თავისთავად ძალადობის არაპირდაპირი გამოვლინებაა. როდესაც ავტორიტარიზმის ტყვეობაში ხარ და ძალადობას აპროტესტებ, დიდი შანსია ხვალ და ზეგ თავად იქცე მოძალადედ, ვინაიდან აუცილებლად გამოჩნდება ვინმე ისეთი, ვინც შენსთვის ავტორიტეტულ პიროვნებას დაუპირისპირდება და ეს შენ აგაღელვებს, შემდეგ გაგაბრაზებს, ბოლოს კი ხელკეტს აგაღებიებს. 
 
რამდენიმე თვის წინ სტუდენტებთან შეხვედრის დროს, ერთ-ერთმა სტუდენტმა მკითხა, როგორ ფიქრობ სამოქალაქო საზოგადოებას შესწევს ძალა სისტემა აკონტროლოს? ჩემი პასუხი კი შემდეგი იყო ,,აკონტროლე ის, ვინც შენს გაკონტროლებას ცდილობს.’’ პასუხს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ეს მოუკრეფავში გადასვლა იყო. ერთმა გოგონამ კი სრულიად გულწრფელად თქვა, რომ ის კმაყოფილია როცა ტელეფონზე უსმენენ, რადგან ეს მისი უსაფრთხოების გარანტია. 
 
სამწუხაროა, როდესაც სტუდნტები იგივე სუნმა ასე გვიან შეაწუხათ, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ნებისმიერი ფაქტი თუ მოვლენა ჯანსაღი საზოგადოებიოსთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რათა მან პრობლემის გადაჭრის ინდივიდუალური ხედვა წარმოადგინოს, თუმცა როდესაც არ არსებობს ფაქტზე მსჯელობა, დისკუსის გარეშე გაზარმაცებული და უმოძრაო საზოგადოება ადრე თუ თუ გვიან სუნს უშვებს. ხოლო რაც არ უნდა ბევრი წარმატებული რეფორმით ამაყობდე, სამოქალაქო საზოგადოების გარეშე ქვეყანა ვერასოდეს გახდება იმ ევროპის ნაწილი, რომელსაც წლების განმავლობაში ასე ტყუილად ვეტოლებით.
 
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ პარტიები და კონკრეტული გვარსახელები მეორეხარისხოვანია, რადგან ნებისმიერი მხარე ამ შემთხვევაში სისტემის ნაწილია.
 
ამიტომ, როდესაც მეკითხებიან, სისტემა უნდა დაინგრეს? მე ვპასუხობ, დიახ უნდა დაინგრეს. ხოლო როცა მეკითხებიან ხმას ვის აძლევო, ვიდრე ერთმანეთს ბიძინისტებად, მიშისტებად და შუაშისტებად ნათლავთ, მე ვამბობ: 
 
,,ჩემი ოცნებაა ყველაფერი ხუთიანზე იყოს.’’