1980–იანი წლების ქართული მხატვრობა
ხათუნა ხაბულიანი
 
თარიღი: 03/10/2012
კატეგორია: რეცენზია

 

 

 

@ ხათუნა ხაბულიანი  

 

 

1980–იანი წლების ქართული მხატვრობა

 

 

ეროვნული გალერეის ექსპოზიცია საშუალებას მოგცემთ 1980–იანი წლების ქართული მხატვრობის პროცესებს დროითი დისტანციიდან შეხედოთ. ამ მხატვრების შემოქმედება ცვლილებების პერიოდს უკავშირდება, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე ინფორმაციის დიდი ნაკადი იყო, აგრესიულად შემოჭრილი მანამდე დახურულ  და ცენზურით დათრუგუნულ სივრცეში.  ენერგია, რაც გამოფენის სახასიათო ნიშანია, ამ მხატვრებისთვის საერთო და გაცნობიერებული მოტივიდან მომდინარეობს: მათ დაინახეს, რომ იმ პერიოდის ქართული მხატვრობა არ მეტყველებდა თანამედროვე ენით, მას ცვლილებები სჭირდებოდა და თითოეულ მათგანს აღარ სურდა კარიერის ის მოდელი, რომლის მაგალითსაც წინა თაობის მხატვრებში ხედავდა;  სურდათ თავი დაეღწიათ პირობითობებისთვის და ჩაკეტილი ადგილობრივი წრისთვის. ექსპოზიცია ნეიტრალური და ობიექტურია (კურატორი – ირინა პოპიაშვილი), მიუკერძოებლად აჩვენებს იმ პერიოდის ქართული მხატვრობის სცენას. ნამუშევრებს შორის გურამ წიბახაშვილის ფოტო  დოკუმენტაციაა ჩართული, – პორტრეტები, სიტუაციური სცენები, სტუდიები... მთლიანად სურათი მეოცე საუკუნის დასავლურ–ამერიკული ხელოვნების ძირითად  ტენდენციებზე შექმნილი ვარიაციების მინი კრებულს წარმოადგენს, აქ ნახავთ გერმანული ექსპრესიონიზმის, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის, ნეოპლასტიციზმის, მინიმალიზმის, კონცეპტუალიზმის, ახალი ექსპრესიონიზმისა თუ პოპ არტის მოტივებს. შესაძლოა, აქ წარმოდგენილი მხატვრები იმ დროისთვის უკვე ისტორიის კუთვნილ მიმდინარეობებში შეღწევას ცდილობდნენ, მაგრამ  მიდგომა სავსებით თანამედროვე ჰქონდათ, ანუ contemporary–ისთვის სახასიათო ლიბერალიზმი, – თავისუფლად ირჩევდნენ თითოეულისთვის ახლოს მყოფსა და საინტერესო მხატვრულ გამოცდილებას.

 

 

 

დარბაზში შესვლისთანავე გია ეძგვერაძის ნამუშევარს ხვდებით, ეს არის ერთ–ერთი ნიმუში ცნობილი შავ–თეთრი სერიიდან, რომლის შესახებაც მან ორი წლის წინ ჩაწერილ ინტერვიუში თქვა: „იმ დროს, როცა მე ამ მეთოდზე დავიწყე მუშაობა, წარმოდგენა არ მქონდა, რომ აღმნიშვნელები 80-იანების ევროპული ფილოსოფიის ინტერესის ცენტრშიც მოექცეოდნენ. ტრანსცენდენტურისკენ სწრაფვა ენის ძირების გაანალიზებას მოითხოვს, რომ მათი გამომჟღავნებით ენის გადალახვა მოხდეს. ენის, რომელმაც, როგორც ნიცშე ამბობდა, გადაფარა და გვიმალავს  "რეალობას" (ლაკანი აზუსტებს და მას "Real"-ს ეძახის).“  ეს სახასიათო მდგომარეობა იყო, – მხატვრების უმეტესობა ინტუიციით მიდიოდა  იმ პრობლემატიკამდე, რაც საერთაშორისო არტ სცენისთვის იყო აქტუალური და მათ საკუთარ სივრცეში კი ორგანულად არ  გამოიყურებოდა. ბუნებრივია, რომ მხატვართა ნაწილმა ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა და ეძგვერაძის გარდა აქ წარმოდგენილი მხატვრებიდან კიდევ რამდენიმემ გააგრძელა კარიერა ევროპაში – ლუკა ლასარეიშვილმა, გია რიგვავამ...  ჩაკეტილობისა და შემოსული ინფორმაციის ადეკვატური ინტერპრეტაციის პრობლემები აქტუალური იყო კარლო კაჭარავასთვის, –  ის ექსპოზიციის ფოტო ნაწილში ბევრგან ფიგურირებს და  რა თქმა უნდა, მისი ნამუშევრებიც არის კოლექციაში; ის იყო პერსონა, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა არტისტული აქტივობების ხასიათი და რეალისტურად კრიტიკული ტექსტებიც დატოვა იმ პროცესებზე, რომლებსაც  ენთუზიაზმითა და ამბიციებით დაწყებული გზის სასურველი განვითარება არ მოჰყვა. კარლო კაჭარავა ინფორმაციის მიმწოდებელი და ინტერპრეტატორი იყო  თავისი წრისათვის იმ დროს, როცა ქართველ მხატვრებამდე საზღვრებს გარეთ მიმდინარე ამბები ფრაგმენტულად და ხშირად დამახინჯებულად აღწევდა, ის წერდა პრობლემაზე, რომ ქართული ხელოვნება არ აღინიშნებოდა საერთაშორისო ხელოვნების რუკაზე და ადგილობრივ სცენაზე თანამედროვე ხელოვნების გაგების პროფანაციასაც ჰქონდა ადგილი. საქართველოში პოლიტიკური დამოუკიდებლობის იდეა იმ პერიოდისთვის იკრებდა ძალებს და თავისი არსით ქვეყენა ჯერ კიდევ იმპერიის ნაწილი იყო, ნაკლებად ხდებოდა არტისტული ინიციატივების ფართოდ გაშლა და საზოგადოების ცნობიერებამდე მიღწევა. ამ პერიოდის მხატვრულ მოძრაობებს, – შურა ბანძელაძის სტუდიიდან წამოსული პირველ ავანგარდული ჯგუფი, მეათე სართული, მარჯანიშვილის სტუდია, – ჰქონდათ სუსტი მხარეც, –  მათ გამოფენებს დამთვალიერებელი არ აკლდა, მაგრამ მთლიანობაში საზოგადოების ცნობიერებაზე ძლიერი გავლენის მოხდენა მაინც ვერ შეძლეს, თუნდაც ისე, როგორც ეს მოსკოვის ანდერგრაუნდმა, ან საერთოდ რუსულმა კონცეპტუალიზმმა გააკეთა თითქმის იმავე პერიოდში. რა თქმა უნდა, მასშტაბებს ჰქონდა მნიშვნელობა და ასევე თეორიულ საყრდენსაც, რომელშიც რუსი მხატვრები ბევრად უფრო ძლიერები იყვნენ და კარგი ბეჭდური პროექტებიც ჰქონდათ. თუნდაც 1990–იან იწლების დასაწყისში გამოცემული ჟურნალი Художественный журнал (ХЖ),, რომელიც განსაკუთრებით მისი არსებობის პირველ წლებში იყო საინტერესო ტექსტებითაც და დიზაინითაც და აუდიტორიაც გაუზარდა ადგილობრივ მხატვრობას და საზოგადოებასაც მიაწოდა საკმაოდ დიდი ინფორმაცია, შეამზადა ის თანამედროვე ხელოვნების მისაღებად. საქართველოში სამწუხაროდ ეს არ მომხდარა და მომავალი თაობა იმ ინფორმაციის გარეშე დარჩა, რომელიც დღეს ნაწილობრივ ამ გამოფენის მონახულებით შეუძლია მიიღოს.

 

 

 

აქ წარმოდგენილი მხატვრების უმეტესობა მაყურებლისთვის კარგად არის ცნობილი, აქ შეგიძლიათ  ნახოთ მამუკა ცეცხლაძის, გია ლორიას, გოგა მაღლაკელიძის, ლია შველიძის, ოლეგ ტიმჩენკოს, ლევან ჭოღოშვილის, მერაბ აბრამიშვილის, კოკა რამიშვილის, მაია ცეცხლაძის, მამუკა ჯაფარიძის და სხვათა ნამუშვრები. ფართო აუდიტორიისთვის შესაძლოა აღმოჩენა იყოს ავთო მესხის გეომეტრიული აბსტრაქციები. დღეს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ თავის დროზე ასეთი ენთუზიაზმით დაწყებული მოძრაობები ღრმა მხატვრულ ძიებებად არ გადაიქცა, თუმცა ცალკეულმა მხატვრებმა დამოუკიდებლად გააგრძელეს თავიანი შემოქმედება პერსონალურ–სუბიექტური მსოფლმხედველობის ფარგლებში. ვფიქრობ, კარგი იქნება  თუ ამ  გამოფენისთვის ადგილი სადმე გამოინახება, – შეიძლება მას კიდევ დაემატოს  რამდენიმე მხატვრის ნამუშევარი და იქცეს პერმანენტულ კოლექციად.

 

 

ფოტოები: გურამ წიბახაშვილი