არალეგალური კოსმონავტიკის ზოგადი საფუძვლები (ანბანი)
ზურა ჯიშკარიანი
 
თარიღი: 04/10/2012
კატეგორია: სტატია

 

@ ზურა ჯიშკარიანი

 

 

ეს ცოტა ძველი ტექსტია, ეხლანდელი გადასახედიდან რაღაცეებს შევცვლიდი, მაგრამ მგონი ჯობია იყოს როგორიც არის. დღეს ჩვენ ყველანი ახალი "კოსმოსური რევოლუციის" მომსწრეები და თანამონაწილეები ვართ, ამ რევოლუციის წინა ხაზზე კი კოსმონავტი რობოტები და როვერები, მთვარე და მარსმავალი მანქანები, დამოუკიდებელი და კომერციული კოსმოსური კომპანიები არიან. წელს შეიქმნა პირველი კომპანია, რომელიც ასტეროდიებიდან იშვიათ მეტალს და ნივთიერებებს ჩამოზიდავს კომერციული მიზნებით, უამრავი დამოუკიდებელი მკვლევარი კოსმოსში უშვებს პირად სატელიტებს და მინი რაკეტებს, გაჩნდნენ SPACE Hacker-ები... ასეთ რამეზე თავის დროზე "ავტონომიური ასტრონავტების ასოციაციაც" კი არ ოცნებობდა... ეს მანიფესტოც რაღაც გაგებით ამ რევოლუციის ნაწილია, ამიტომ არ წაიკითხოთ ის, უფრო სწორი იქნება თუ დაიდებთ მას ენაზე, როგორც ლსდ-ს ბლოტერს, რომელიც ნელ-ნელა დნება და თქვენი სხეულის ნაწილი ხდება და გავიწყებთ სიტყვებს, ვინაიდან როგორც ნათქვამია "You can't take words into Space"...
 
არალეგალური კოსმონავტიკის ზოგადი საფუძვლები (ანბანი)
 
უზარმაზარი, პოსტ-ინდუსტრიული და პატარა, ანონიმური ქალაქების, ცარიელი ბინების, თვითნაკეთი ლაბორატორიების, გამოუვალი გეტოების და საბჭოური ელექტროფიკაციის ანდერგრაუნდის მკვიდრნო. საცდელი ნარკოტიკების სინთეზატორებო, დამწყებო სტრიპტიზიორო მწერლებო, ფემინისტო გეებო, სამგზის დატაბლეტებულო ლესბოსელებო, სასოწარკვეთილო დიასახლისებო, სასიცოცხლო მნიშვნელობის წვრილმანების ქურდებო, ნორჩო უფულო ქიმიკოსებო, მძინარეთა მეზობლებად გადაცმულო უცხოპლანეტელებო, ყველა ქსელის მუდმივად მიუწვდომელო აბონენტებო, სისტემის ოზონის ხვრელებო, თქვენ, რომლებიც შაჰიდის ქამარით დადიხართ სამსახურში და პაემანზე, თქვენ, რომლებმაც აირწინაღებით შეიცანით დედა და გტკიოდათ შეხებები, ახალი სილამაზის იდეებით გულანთებულო პროლეტარებო, ელიტის ვირუსებო, მსოფლიო სევდის ბარიგებო საშუალო სკოლებში, გეოგრაფიის მასწავლებლებო უცნაური წიკებით და კოკაინით გლობუსებში, მელანქოლიკებო პოსტ-აპოკალიფსური ინსტინქტებით, გადავიწყებული ომების შვილებო, დასვრილი გეტოების იაფად მოციმციმე დედოფლებო, საეჭვო რეპუტაციის გაკოტრებული კლუბების მეპატრონეებო, პენსიაში გასულო საიდუმლო გენერლებო და ასტროფიზიკოსებო, კიბერნეტიკულო შამანებო უშნო სათვალეებით, არშემდგარო თვითმკვლელებო, სიზმრების მკვლევარებო და ქალაქის კედლების ანონიმურო მხატვრებო კომუნალური დასახლებების სიღრმეებიდან, დოკუმენტალურად დამტკიცებულო მოქალაქეებო. . .
 
გადადეთ თქვენი მისტიური ყოველდღიურობის 15 წუთი ამ ტექსტის მოსახარშად.
ჩვენი არაცნობიერის ფარული ფოლდერებიდან მე ამომაქვს ახალი მეცნიერება, ახალი წარმართული დღესასწაული, ახალი იდეა (რ)ევოლუციისთვის. . .
 
1. ოდესღაც ჩვენ გვქონდა კოსმოსი. ჩვენ გვქონდა უზარმაზარი პლანეტა, ვარსკვლავების დათვლის შეუზღუდავი უფლებები, თვითნაკეთი გემები და ვარსკვლავთა რუქა. ჩვენთან ჩამოდიოდნენ მბრწყინავი ღმერთები სირიუსიდან და გვასწავლიდნენ მათემატიკას და ლუდის გამოყვანას. ოდესღაც ჩვენ გვქონდა კოსმოსი. მერე ყველაფერი შეიცვალა.
 
2. ალბათ ოდესმე ნებისმიერ ჩვენგანს შეეძლება სახლის ეზოში მინი-კოსმოდრომი იქონიოს, დღესდღეობით კი თუ ჩვენ – ჩვეულებრივი მოხალისე–მოქალაქეები გადავწყვეტთ კოსმოდრომის აშენებას და დავიწყებთ აქტიურ მუშაობას – ჩვენ რ.თ.უ. დაგვიჭერენ ან პოლიციით ან ექიმებით. ჩვენ არასოდეს მოგვცემენ კოსმოსის ინდივიდუალურად შესწავლის უფლებას. რატომ? სახელმწიფო აპარატებს და მის კულტურას მონოპოლია აქვთ კოსმოსზე. სახელმწიფო აპარატს კონვეიერის ბედნიერი რობოტი ჭირდება. ზეცისკენ გზები პოლიტიკაზე გადის.
 
ჩვენ არასოდეს გვეტყვიან მართლა გაფრინდა თუ არა ადამიანი მთვარეზე. იქნებ ეს თანამედროვე თეატრის უკანასკნელი მიღწევა იყო? რომელიმე საინტერესო არტისტის უდიდესი პერფორმანსი? რომელი იტყოდით უარს ეგეთი პერფორმანსის დადგმაზე? ჩვენ არასოდეს გვეტყვიან რა გველის კოსმოსის სიღრმეებში. სიჩუმის ჯერ კიდევ უცნობ ხარისხებზე. როდესაც ფროიდი საუბრობდა ლიბიდოზე და სექსუალურ ინსტინქტზე, მას დაავიწყდა ეხსენებინა კოსმოსის ინსტინქტი. ყველაზე ღრმა და ძლიერი ინსტინქტი, რომელიც არ ასვენებს ადამიანს.
 
ჩვენ გვინდა მინი ციფრული კამერებით გადავიღოთ ვარსკვლავების დაბადება.
ჩვენ გვინდა კოკაინი ვარსკვლავური მტვერით.
ჩვენ გვინდა მთვარეზე ჩასახული ბავშვები და ყვავილები.
ვარსკვლავთბიჭუნები და ვარსკვლავთგოგონები უბრუნდებიან ვასრკვლავებს.
 
3. ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ. ყველაზე მიუწვდომელი აბონენტები. ყოველდღიურობის ანონიმური კონსტრუქტორები. მოწყენილები და ბედნიერები. ჩვენ განსხვავებულ პროფესიებს ვფლობთ და განსხვავებულ პოზებში ვიძინებთ. გვაქვს ერთმანერთისგან განსხვავებული უნიკალური ცხოვრებისეული წარმოდგენები და გამოცდილებები. ჩვენ ძალიან იშვიათად ვიყურებით ზევით, მაგრამ როდესაც ჩვენს მზერაში ვარსკვლავიანი ცა გამოჩნდება – ჩვენ გვეუფლება ოდესღაც დაკარგული კოსმოსის შეგრძნება. ჩვენ დაგვავიწყდა რომ ჩვენი პლანეტა კოსმოსში დაფრინავს, მთვარე მოქმედებს ჩვენს სისხლმიმოქცევაზე, ყვავილებზე და ოკეანეებზე, უამრავი მეტეორი დაფრინავს ჩვენს გარშემო, ოზონის ხვრელებიი ფართოვდება. ჩვენ შეგვიძლია ნებართვის აღების გარეშე დავიწყოთ ჩვენი საკუთარი, დამოუკიდებელი გამოძიება. გადავამოწმოთ მთელი კოსმონავტიკა. დავაპირისპიროთ ფაქტები. წარმოვადგინოთ უამრავი თეორია თითო საკითხზე.
 
რა არის კოსმოსი? ვინ ვართ ჩვენ? სად არის დასაწყისი ან დასასრული? რა გველის კოსმოსის სიღრმეებში? როგორ შეიძლება დავუბრუნდეთ ვარსკვლავებს, ადგილს საიდანაც მოვედით ამ პლანეტაზე? როგორ არის შესაძლებელი არსებობა ქაოსის თეორიის პრინციპებზე? სად გადის ცნობიერების შესწავლის საზღვარი? არსებობს თუ არა ცხოვრების რაიმე ფორმა სტრატოსფეროს იქით? შესაძლებელია თუ არა კულტურა კომუნიკაციის სრულიად განსხვავებული საშუალებებით და არხებით, განსხვავებული ეკონომიკით და განსხვავებული მსოფლაღქმით? როგორი შეიძლება იყოს ეგეთი კულტურა? შეიძლება თუ არა გრავიტაციით ინფორმაციის გადაწოდება პარალელურ სამყაროებში? შეიძლება თუ არა უიქენდებზე ოჯახთან ერთად წრე დავარტყა დედამიწას ისე რომ პრობლემები არ შემექმნეს კონტინენტალურ კაგებესთან? ხელახლა გადახედე კულტურას, ისტორიას და ფიზიკას, ისწავლე სექსი და სუნთქვა, წარმოიდგინე რომ უცხოპლანეტელი ხარ. შენ უცხო ხარ ამ ისტორიისთვის, ამ ორგანიზმებისთვის, შენ ახალი ნაბიჯი ხარ ევოლუციაში.
 
4. არალეგალური კოსმონავტიკა დაიწყება ოფიციალურად აღიარებული პოლიტიკური და ონტოლოგიური რეალობის აბსოლუტური, საყოველთაო, თუმცა საიდუმლო უარყოფით. ეს იქნება ყველაზე მასობრივი და ყველაზე ჩუმი გაფიცვა არსებული ისტორიული სიტუაციის წინააღმდეგ. გარეგანი და შინაგანი კოსმოსის ინდივიდუალური შესწავლა ნებისმიერი ხელმისაწვდომი თუ მიუწვდომელი ნივთით, ემოციით, პეიზაჟით, ადამიანით, სიტუაციით. . . შინაგანი კოსმოსის კვლევაში კაცობრიობას გააჩნია გარკვეული გამოცდილება შამანიზმის, ბუდიზმის და სხვა უძველესი პრაქტიკების სახით. გამოიყენე ისინი. გარეგანი კოსმოსის კვლევას ნაკლები, მაგრამ ტევადი გამოცდილება აქვს. გამოიყენე ისინიც. შემდეგ დაწექი სახურავზე პირაღმა და იფიქრე კოსმოსზე. მიიღე კოსმოსი. მიიღე უსაზღვრო თავისუფლება, ენტროპია, ევოლუციური მეტამორფოზები, კოშმარები, ომები, ძილი, სიზმრები. კოსმოსი ჩვენი სამშობლოა. ის იმდენად შორსაა რამდენადაც ახლოს. ეს არის საშო სადაც მილიარდობით ვარსკვლავი, ცოცხალი არსება, ბაქტერია იბადება, სუნთქავს, ხედავს გრძნობს, გამოსცემს ხმას, იცვლის სახეს და გენეტიკურ კოდს. იფიქრე შენს girlfriend-ზე ან boyfriend-ზე როგორც კოსმოსზე. იყიდე ტელესკოპი!
 
5. დიასახლიხი რომელიც კოსმოსის საკვლევად იყენებს უთოს ან კაქტუსებს. ავტოსამრეცხაოს მუშა, რომელიც ფარულად ყიდულობს მიკროსკოპს და რამოდენიმე საგანს თვითნაკეთი ბომბების დასამზადებლად. ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც წვეულებიდან დაბრუნებულები, დაღლილები აგრძელებენ მუშაობას კოსმოსური ემიგრაციის პროექტზე. თინეიჯერები, რომლებიც მედიტირებენ ტელევიზორზე და რადიოზე და სწავლობენ სიზმრების გადაცემას ან გაშიფრვას გამოუყენებელ არხებსა და სიხშირეებზე. მეთევზე, რომელიც თევზის წყლიდან ამოყვანით განიცდის კოსმოსში გასვლის გრძნობას და ამიტომაც კარგი პოტენცია აქვს. ინტერნეტის მოქალაქეები.
 
კოსმოსის კვლევა სექსით. კოსმოსის კვლევა ნარკოტიკებით. კოსმოსის კვლევა მუსიკით. კოსმოსის კვლევა სიზმრებით. კოსმოსის შესწავლა ცეკვებით.
 
კვლევის შედეგად დიდად შეიცვლება ჩვენი სამყაროს მოდელირების, მეტაპროგრამირების და სამყაროსთან ურთიერთობის ინსტრუმენტები, შედეგად ჩვენ მივიღებთ სრულიად ახალ სექსს, სრულიად ახალ ცეკვებს და ახალ ნარკოტიკებს, რაც თავისთავად ახალი კოსმოსური ცივილიზაციის საფუძველია.
არალეგალური კოსმონავტიკა ყოველდღიურობის ნებისმიერ ნივთს საექსპერიმენტო ინსტრუმენტად აქცევს. ამრიგად, გასართობად გამოშვებული, უსახო მასაზე გათვლილი ნებისმიერი უაზრო ნივთიც კი არალეგალური კოსმონავტის ხელში იქცევა სულიერი ძიებების ინსტრუმენტად და პოტენციურ ბომბად სახელმწიფო აპარატებისთვის, რომლებიც დაფუძნებულნი არიან ძალადობაზე.
 
5. როდესაც დაიწყება გამოძიება – შენ უკვე ახალი მეცნიერების მკვლევარი ხარ. მთელი შენი კვლევა, მთელი შენი ცხოვრება ამიერიდან უდიდესი და ულამაზესი, მაგრამ არალეგალური ხელოვნებაა. კერძო კოსმონავტიკა. შენ NAსA ხარ, გაავრცელე კოსმოსის კვლევის საკუთარი პროგრამა.
არალეგალური კოსმონავტიკა უკვე ყალიბდება როგორც ემპირიული, არაავტორიტარული მეცნიერება და ხელოვნება, ძალიან მალე გამოვა ახალი კოსმონავტიკის სახელმძღვანელო მე-12 კლასელებისთვის სადაც შედარებით დაწვრილებით იქნება ჩამოყალიბებული ზოგადი და კერძო კოსმონავტიკის პრინციპები და კვლევის არალეგალური ინსტრუმენტების მოპოვების და გამოყენების ხერხები. მომავალში არალეგალურ კოსმონავტიკას ათასობით განშტოება და ცოდნა დაემატება, დღესდღეობით ის აერთიანებს რამდენიმე მიმდინარეობას:
1. ტრანსჰუმანიზმი
2. Dreamhacking
3. ფსიქონავტიკა
4. ასევე ამ სიაში შედის უბრალო ტუსოვშიკების, სიზმრისმკვლევარების და ელექტრონული ექსპერიმენტალური მუსიკის მკეთებლების გარკვეული ნაწილი
 
 
მიიღეთ კოსმოსი, მიიღეთ ეს ანბანი როგორც ახალი აღთქმა, როგორც ახალი ნარკოტიკი, როგორც ახალი ბიძგი (რ)ევოლუციისთვის.. დაიწყეთ კვლევა პირველივე წერტილის შემდეგ ამ ტექსტში.