როგორ დამიწუნა ქმრად მექსიკელმა მსახიობმა გაბრიელა მუნოზიმ
ლაშა ჩხარტიშვილი
 
თარიღი: 10/10/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

@ ლაშა ჩხარტიშვილი

 

 

როგორ დამიწუნა ქმრად მექსიკელმა მსახიობმა გაბრიელა მუნოზიმ

 

 

იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი მექსიკელი მსახიობი გაბრიელა მუნოზი საქართველოში იმ მიზნით ჩამოვიდა, რომ ბედს ეწეოდა და ერთ კარგ ქართველ ვაჟკაცს გამოჰკრავდა ხელს. თავად კი, დიდი ვერაფერი ქალი, არც ტან-ფეხი უვარგოდა და ვერც შინაგან-გარეგანი სისპეტაკით და პატიოსნებით დაიკვეხნიდა ბევრს, რადგან ფაქტია, თეთრ ცხენზე ამხედრებული უფლისწულის მოლოდინში არც უცნაურ ანანისტურ ექსპერიმენტებზე ამბობდა უარს. მოკლედ, მექსიკელი დარეჯანი (დაბალი, მსუქანი, ერთი შეხედვით მოუქნელი და ნაკლებ ჰიგიენურიც), როგორც აღმოჩნდა პედოფილიც ყოფილა, რადგან მარჯანიშვილის თეატრის სხვენის კამერული სცენიდან ყმაწვილ ბიჭებს უჟუჟუნებდა თვალებს.

 

ახლავე აგიხსნით ყველაფერს:

 

ოლეგ ტაბაკოვის ფუნდამენტალური და სიტყვაზე დაფუძნებული სპექტაკლის ნახვის შემდეგ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მაყურებელს საშუალება ჰქონდა მექსიკელი ჯამბაზის შოუ ენახა. სპექტაკლის რეჟისორი, კომპოზიტორი, ქორეოგრაფი და მთავარი როლის შემსრულებელიც გაბრიელა მუნოზია, ხოლო სცენოგრაფები ვალენტინა მუნოზი, ნატაშა გრეი და მარიონ სოსა არიან. ერთი მსახიობის, ჯამბაზის შოუ მთლიანად დაფუძნებულია იმპროვიზაციაზე და ინტერაქტივზე მაყურებელთან. საცირკო წარმოდგენა ადამიანის მოლოდინსა და იმედებზე გვესაუბრება. ეს არის ერთი ქალის ისტორია, რომელიც ოცნების მამამკაცს ელოდება და ის შესაძლოა რიგითი მაყურებელიც აღმოჩნდეს. მსახიობი მაყურებელში თავად ირჩევს პრინცს, მეჯვარეებსა და პადრეს, რომელიც მას ჯვარს დაწერს. წარმოდგენა სახალისოა და არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები, თავად მსახიობმაც კი.  

 

 

ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლი ორჯერ იყო წარმოდგენილი და ორივეს დავესწარი, მაინტერესებდა იმპროვიზაციას მეორე საღამოს როგორ გაართმევდა თავს გაბრიელა მუნოზი. აღმოჩნდა, რომ პირველი და მეორე წარმოდგენა განწყობებით, სიუჟეტის მიმდინარეობით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, თუმცა ფაბულას ხელუხლებელი დარჩა.

 

მეოცნებე მსახიობის პერსონაჟი სევდიანია. ის ცდილობს რეალობას თავი დააღწიოს და სურვილები მცირედით მაინც აიხდინოს და პირობითად მაინც გაითამაშოს ჯვრისწერის, თუ „პირველი ღამის“ სცენა. საბოლოოდ, ის  მაინც მარტო რჩება, რადგან მასთან თანაცხოვრება არც პირველ და არც მეორე დღეს მსახიობის მიერვე ამორჩეულმა სასიძო-მაყურებელმა არ ისურვა. საინტერესო იქნებოდა, გამსახიობებული მაყურებლის ინიციატივების შემთხვევაში როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ვთქვათ და მსახიობს ისეთი ვინმე შეერჩია მაყურებელთაგან, რომელსაც თურაშაულის ვაშლივით ლოყაწითელი და ფუმფულა ქალბატონები იზიდავს. გაბრიელა მუნოზის პერსონაჟი კი, როგორც აღმოჩნდა, პედოფილია და ის ყმაწვილებზე „ნადირობს“. პირველ წარმოდგენაზე მან გამხდარი ბიჭი (თეატრალური უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი ავთანდილ დიასამიძე) აირჩია საქმროდ, რომელმაც ხელშიც კი ვერ აიყვანა პატარძალი.  

 

 

სპექტაკლს მეორე დღესაც იმ მოტივით დავესწარი, რომ გაბრიელა მუნოზის რჩეული გავმხადარიყავი. ამ მიზნით შევაწუხე ფესტივალის პროექტებისა და ღონისძიებების მენეჯერი ნატო ებანოიძე, რომ როგორმე პირველ რიგში მოეხერხებინა ჩემი დისლოკაცია. ფესტივალმა ყველაფერი გააკეთა ჩემი „ბედნიერებისთვის“ , პირველ რიგის შუაში მომათავსა. გაბრიელას სცენაზე გამოჩენისთანავე თვალები ამიკაშკაშდა, სულ მას შევციცინებდი, მან კი ვიღაც ამოარჩია მესამე რიგში და მორიგი „გათხოვებაც“ ჩემი მონაწილეობის გარეშე გათამაშდა. რატომ დამიწუნა გაბრიელამ? ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემლად და სახალისო ამოცანად მრჩება. 

 

მექსიკური ჯამბაზის შოუ „იქნებ, იქნებ“ თბილად მიიღო მაყურებელმა, წარმოდგენის მსვლელობის მანძილზე დამსწრეები ბოლომდე ჩართული იყვნენ მოქმედებაში, რადგანაც ინტრიგა გაბრიელა მუნოზიმ თავიდანვე ჩააგდო  მაშინ, როცა მაყურებელთან კონტაქტის დამყარება დაიწყო.

 

 

თუ არ ვცდები, მექსიკიდან თეატრალური დასი პირველად სწორედ წელს გვეწვია თბილისის საერთასორისო თეატრალურ ფესტივალზე. კლოუნადისა და სენტიმენტალური დრამის სინთეზი გაზავებული გროტესკითა და იუმორის ნაკადით სასიმოავნო სიურპრიზი აღმოჩნდა ქართველი მაყურებლისთვის. ეს კი განპირობებული იყო იმითაც, რომ სპექტაკლის პერსონაჟებად, მოქმედ გმირებად რიგითი მაყურებელიც იქცევა, რომელიც უშუალოდ ერთვება სპექტაკლში და განსაზღვრავს კიდეც მის სიუჟეტს. სრულ იმპროვიზაციაზე დაფუძნებული მოვლენების განვითარებას სცენაზე დიდი  ინტერესით ადევნებს თვალს მაყურებელი. ჯამბაზის შოუს  სენტიმანტალური, სევდიანი დასასრულის  მიუხედავად ფინალში, ჯულიეტა მაზინას კაბირიას მსგავსად, მთავარ გმირს უჩნდება მომავლის რწმენა და იმედი, რაც მაყურებელშიც აღვივებს ოპტიმიზმის გრძნობას.