უძღები შვილის დღიური
ერეკლე დეისაძე
 
თარიღი: 11/10/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

@ ერეკლე დეისაძე

 

 

უძღები შვილის დღიური

 

                                                ,,პაზოლინი? - რეჟისორი არა ჩემი ფეხები, ეგ მანიაკია ტო! ‘’

                            (თეატრალური უმრავლესობიდან ერთ-ერთი პეადაგოგის  გამონათქვამი)

                   

თეატრალურ უნივერსიტეტში ოთხი წლის წინ ჩავაბარე. წესით ამ ზაფხულს უნდა დამემთავრებინა, მაგრამ ორი საგანი დამრჩა, რის გამოც დამატებითი სემესტრის გავლა მომავალ წელს მიწევს. ამ ხნის განმავლობაში უფასოდ ვსწავლობდი, რადგან ჩემმა თემამ, რომელიც შიდა გამოცდების დროს დავწერე, მოწონება დაიმსახურა და გადაწყვიტეს ჩემი სწავლის გადასახადი კულტურის სამინისტროს დაეფარა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საგამოცდო თემა ნამდვილი იდიოტობა იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს.

 

პროფესიით რეჟისორი უნდა გამოვსულიყავი. შეიძლება გამოვიდე კიდეც, რადგან საკუთარი ნიჭიერება ხანდახან ისე მაბრმავებს, რომ კამერის აღება და სადიპლომო ნამუშევრის გადაღება ზედმეტიც მგონია.

 

ახლობლები და შორებლები ხშირად მეკითხებიან - როდის გვიღებ ფილმში? შეკითხვას გაკეთებული ღიმილით ვპასუხობ, ,,ჩვენი ცხოვრება ხომ ისედაც ფილმია’’ რაც მათთვის ჭკვიანურ პასუხად ითვლება და კმაყოფილი სახით მეცლებიან.

 

თეატრალური უნივერსიტეტი საავადმყოფოს გვერდით, პლეხანოვზე მდებარეობს. ჩემი ნება რომ იყოს, ამ ორ დაწესებულებას თვალის დაუხამხამებლად გავაერთიანებდი, რადგან ვფიქრობ რომ თეატრალურს მიხაილოვთან უფრო მეტი საერთო აქვს ვიდრე ხელოვნებასთან.

 

უნივერსიტეტში შესვლისთანავე, ცხვირში საკმევლის სუნი გირტყამს. თავიდან ფიქრობ, მისამართი ხომ არ ამერიაო? მაგრამ რამდენიმე ნაბიჯიც და ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება. საკმარისია, სპარტაკ ბაღაშვილის მომღიმარ პორტრეტს შეხედო, მაშინვე ხვდები, რომ ცოდნის ტაძარში იმყოფები. ტაძარი ტყუილად არ მიხსენებია, შესასვლელიდან ხელმარცხნივ, დერეფნის ბოლოს მინი სამლოცველოა, ადვილი მისახვედრია საკმევლის სუნიც იქედან მოდის. ხატების უზარმაზარი კუთხე სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი.

 

მე ვნახე რიგში მდგარი თავსაფრიანი გოგონები, რომლებიც უფალს სამსახიობოზე ჩაბარებას სთხოვდნენ. მე ვნახე მათ უკან მდგომი კმაყოფილსახიანი დედები. მე ვნახე ღამენათევი დაცვის ბიჭი, რომელსაც აკიმარებდა. მე ვნახე ჰემინგუეის მსგავსი ბუბა ხოტივარი, კეპითა და თეთრი წვერით, მაგრამ არ მინახავს მისი ფილმები.

 

ასევე ვნახე რამდენიმე მართლაც ღირსეული პედაგოგი, რომელიც უმცირესობაში არიან და მე როგორც ყოველთვის, აქაც უმცირესობის მხარეს აღმოვჩდი. რადგან უმრავლესობა თეატრალურშიც არამიმზიდველი და უშნოა.

 

ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ თუ რომელიმე პედაგოგი ამ ბლოგს წაიკითხავს გაბრაზებულს აღმოხდეს ,,გველი გამიზრდია უბეშიო’’ ამიტომ დადებით მხარესაც ვიტყვი.

 

ყველაზე მთავარი რაც ამ უნივერსიტეტმა მომცა, არის პასუხი კითხვაზე - რა არის კინო?

 

ღრმად ჩაისუნთქეთ, მართლაც რამდენჯერ შეიძლება ჰკითხონ საკუთარ თავს ახალბედა რეჟისორებმა, პასუხის გაცემას კი არათუ ოთხი წელი, შესაძლოა ნახევარი ცხოვრებაც მოანდომონ. უნივერსიტეტში თითქმის ყველა პროფესორს (შესაბამისად ყველა სტუდენტსაც) ერთი და იგივე პასუხი აქვს - კინო, ეს არის ცხოვრება!

 

მეც მაინტერესებდა ხელოვნების ამ ჟანრის სწორი განმარტება და თავიდანვე საეჭვოდ დააკმაყოფილეს ჩემი ცნობისმოყვარეობა. ასევე დიდი ხანია ხმამაღლა ვერ ვახმოვანებ, თუმცა პირველი კურსიდან მაწვალებს სხვა უპასუხო კითხვაც, ალბათ იმდენად რთული, რომ ჯერ ამისათვის მზად არა ვარ, ხანდახან ისიც მგონია, პასუხი თავად შეკითხვაშია და ძალით ვართულებ. ალბათ მეც იდიოტი ვარ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მაინტერესებს - 

 

რა მინდოდა ამ იდიოტებთან?