მუსიკის ბინძური კლასიკოსი
ლეო ნაფტა
 
თარიღი: 16/10/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

@ ლეო ნაფტა

 

 

მუსიკის ბინძური კლასიკოსი

 

სისხლის გადასხმა ყველაზე ეფექტური გზაა საკუთარი სხეულიდან თავის დაღწევის - ტკივილებისგან და შიზოფრენიისგან გათავისუფლების - ალბათ, ეს ერთგვარად ფიზიკური აქტია, რომელიც იმ პოეზიის განუყოფელი ნაწილი იყო, ბრიტანელი პიტ დოჰერტი 11 წლის ასაკიდან აქტიურად რომ ისხამდა, როცა მას პირველად მკაცრმა და სამაგალითო მეოჯახე, კათოლიკე მამამ, პიტერ ჯონ დოჰერტიმ, გიტარა აჩუქა.

 

ყველა რიგითი კლასელივით გამომწყდეული სკოლის მტვერში და სხვა ბავშვებივით მიჭედებული მერხზე, ისიც იჯდა და რკინისშუბლა პედაგოგებისგან (დროდადრო ტრუსიკები რომ უსველდებოდათ და შუშის სახეებს კანონმორჩილი მიმიკებით მანჭავდნენ) სხვადასხვა შეგონებებს, აღზრდა-განმანათლებლურ ტუტუცობებს თუ უბრალოდ, ჩვეულებრივ გაკვეთილებს ისმენდა. ისმენდა, მაგრამ როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ამბობს: ,,საერთოდ არ მახსოვს ის პერიოდი, ერთი რაც მახსოვს, არის ის, რომ რომელიღაც ბავშვთა პოეტური კონკურსიდან სახლში მისული და გამარჯვებული მამამ მაგრად შემანჯღრია, მაკოცა და გიტარა მაჩუქა ჯილდოდ. იმის მერე ჩემი გაკვეთილები, ქუჩა თუ ძილი ის გიტარა გახდა და მე მას დღემდე სათუთად ვინახავ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი პერიოდი ყველაფრის გაყიდვა მომიწია, ჰეროინის და ვისკის ფული, ან ბირმინგემელი თუ ლონდონელი ბარიგების ვალები რომ გადამეხადა.”

 

მოხეტიალე, ლოთი, ნარკომანი, ამნეზიაკი, უზრდელი და გამოტვინებული - ჟურნალისტების მიერ უამრავი ასეთი ეპითეტით შემკობილი პიტ დოჰერტი თავის განუყრელ მეგობართან, კარლ ბარატთან და ჯონ ჰასელთან ერთად სცენაზე 90-იანების მიწურულს გამოჩნდა და გრაჰამ გრინის, ემილი დიკინსონის, მარკიზ დე სადის, ჯორჯ ორუელის, ჟან ჟენეს, შარლ ბოდლერის და სხვათა მიერ შთაგონებულმა ახალგაზრდა ნარკომანმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მაშინდელ ბრიტანულ ანდერგრაუნდში - სადაც ძირითადად დაბოლილი ახალგაზრდები სახლობდნენ და სადაც არათუ დოჰერტისთვის, არამედ ყველა პოეტისთვის კარი ყოველთვის ღიაა. მათ ყველაზე კარგად შეუძლიათ მოსმენა, ყველაზე კარგად არჩევენ ბგერებს, ყველაზე საღად აყურადებენ ყველა ჟღერად ინსტრუმენტს და ყველაზე მეტად იციან სიყვარული.

 

,,ბრიტანული მუსიკის ბინძური კლასიკა” - ასე ვუწოდე ერთხელ დოჰერტის და ბარატის დუეტს და რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ჩემი სიტყვები მართალი იყო - მათი მუსიკა მართლაც ჭუჭყიანია, ჟღერადობა თითქოს სპეციალურად აცდენილი კლასიკურ სტანდარტებს, მათი ხმები საერთოდ არ ჰგავს ათასგზის დამუშავებულ და კვერცხნაყლაპ საოპერო  ხრინწებს, მათი დასარტყამი ინსტრუმენტის ხმები, რომელსაც პირველად გარი პაუელი ეჯდა და რამდენჯერმე, შუა კონცერტის დროს დასარტყამი ჯოხი ხელიდანაც კი  გაუვარდა - საერთოდ ყველანაირ რითმს ერგებოდა - არ ექნებოდა მნიშვნელობა წინა ღამით ჩაწერილი და დავიწყებული იყო ეს თუ დიდი ხნის ნამუშევარი. მათი მუსიკა ექსპრესიული და სპონტანური იყო, მიუხედავად იმისა, რომ კარლ ბარატი, რომელიც ყველაზე ,,წესიერ” და ზრდილობიან რესპოდენტად ითვლებოდა ბრიტანელი კრიტიკოსებისთვის - მუდმივად იმეორებდა - საათობით ვიკეტებით და ვმუშაობთ სარეპეტიციოშიო.

 

რა თქმა უნდა, ,,შრომის და  წვალების გარეშე არაფერი მოდის”, მით უმეტეს წარმატება და მით უმეტეს მუსიკის, თავისუფლების და სილამაზის იმ ქვეყანაში, რომელსაც ინგლისი ჰქვია, მაგრამ ამ ადამიანების წარმატებაც მათი მუსიკასავით შთაგონება იყო მაყურებლისთვის, მსმენელისთვის ან უბრალოდ, მეგობრებისთვის თუ სუპერმოდელ ქეით მოსისთვის, რომელთან ერთადაც დოჰერტიმ ცხოვრების ყველაზე დიდი პერიოდი გაატარა და რომელმაც საბოლოოდ გამოაგდო სახლიდან. მოგვიანებით ქეითიმ განაცხადა, რომ დოჰერტისთან დაშორების მიზეზი მისი გაუთავებელი სმა იყო და კიდევ ის, რომ სახლიდან ფულს და ნივთებს მპარავდა, როცა წამლის ფული მოაკლდებოდა ხოლმეო. ყველაფრისდამიუხედავად ქეითი იყო ადამიანი, რომელმაც უამრავი სევდანარევი ინსპირაცია, უამრავი პოეტური შთაგონება თუ უბრალოდ, ყოველი ახალი პახმელიის დღე ახალ სიცოცხლედ უქცია მუსიკოსს. ეს მშვენიერი სიმღერაც სწორედ მას მიუძღვნა, რომელზეც მოგვიანებით თავად იტყვის, რომ ჭირივით სძულს და მსგავსი მარაზმი არასდროს დაუწერია.

 

 

ისინი იკეტებოდნენ და წერდნენ, სვამდნენ უზომოდ, დროდადრო დუბლინში აკითხავდნენ თავიანთ მეგობარს და უფროს ,,მასწავლებელს” შეინ მაკგოვანს, რომელიც იმ დროს სწორედ დუბლინის ერთ-ერთი ძველისძველი სახლის სხვენში იყო გამოკეტილი და ალბომზე მუშაობდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ მათმა პირველმა ჯგუფმა (The Libertines) დაახლოებით 7 წელი იარსება, და სულ რაღაც ორი სტუდიური ალბომის ჩაწერა მოასწრო (Up the Bracket (2002) The Libertines (2004)) და დროდადრო დაშლა-შეკრებების, სოლო კონცერტების და სკანდალების ფონზე მკვდრეთით ღსდგებოდა ხოლმე (მაგალითად 2010 წელს), პიტის და კარლის გზები მაინც გაიყარა და ორივე თავის ბენდებთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში მართავდა ტურნეებს, მაგრამ ეს არ იყო მასშტაბური ტურნეები, არც დიდი წარმატება ჰქონიათ - ისეთი აფეთქება, როგორც მათ თავიდან შეიტანეს მუსიკაში (როგორც პერსონებმა და როგორც მუსიკოსებმა) აღარ განმეორებულა - ვეღარც Babyshambles და ვეღარც Dirty Pretty Things-ის შემთხვევაში ეს ვეღარ (აღარ) მოხერხდა.

 

თუმცა, ეს უკვე წლები, ისტორია, ბიოგრაფია და სხვა ამგვარი დეტალებია, რომელსაც ოდესმე ვინმე ბიოგრაფი უფრო დეტალურად აღწერს. აღწერს, ოღონდ ისე ვერა, როგორც ამას ბრიტანული პაბიდან გამოსული ადამიანი, თუნდაც იმ წუთას სკანკით დაბოლილი და სულაც კოკაინნაყნოსი, რომელიც ემოციებს ალბათ მხოლოდ მაშინ იკავებს, როცა ტელევიზორიდან პოლიტიკურ ,,ნიუსს” იგებს - არ იფურთხება, რადგან იცის, რომ ეს მასაც ეხება, უბრალოდ სხვა არხზე რთავს, რადგან საქართველოს მოქალაქისგან განსხვავებით სხვა არჩევანიც აქვს.

 

დოჰერტი მოხეტიალეა. მუსიკის ედგარ პო, ადამიანი, რომლისთვისაც არ არსებობს დედამიწაზე მოსასვენებელი. ფიზიკური ყოფნა მისთვის თვითგნადაგურებას ნიშნავს. საკუთარი თავის მოკვლას. საკუთარი თავის მუდმივ წამებას - ეს ალბათ პატარა გოლგოთაა, რომელსაც ის ყველა ლომკის ან პახმელიის დროს გადის, სადაც მას მუდმივად ამათრახებენ ფხიზელი ჯალათები - რომელსაც ჟურნალისტები, ოჯახი, შეყვარებული, მეგობრები და ბიუროკრატია ჰქვია.

 

წერს ყველაფერზე: უკანასკნელ ინგლისურ ყვავილებზე, სიცოცხლეზე, ასფალტზე, კარებებზე, ანგელოზებზე, სიყვარულზე, კოსმოსზე, უნიღბო სცენებზე და საზიზღარ რეჟისორებზე - ხო მართლა, ამ გახსენებაზე - მან ბოლოს შარლოტა გინსბურგთან ერთად ფილმშიც კი ითამაშა, ფილმი რომელიც ალფრედ დე მიუსეს ავტობიოგრაფიულ წიგნზე დაყრდნობით შეიქმნა და რომელმაც კანის კინოფესტივალის გამოტვინებული კრიტიკოსების რისხვა დაიმსახურა. თუმცა ეს არაფერია, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს 12-ზე მეტი მუსიკალური ჯილდო აქვს მიღებული, მისთვის ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს. როდესაც ამის შესახებ ჰკითხეს, მან ირონიულად უპასუხა: ,,მართლა? არ მოეწონათ? შევეცი ტრაკში.”

 

ის მართლაც ჰგავს თავის პერსონაჟს ფილმიდან - მუდმივად სცენაზე დგას, მაშინაც კი, როცა არ მღერის - ცილინდრით, პიჯაკით და თეთრი პერანგით, მუდამ წვერგაპარსული და სახედასიებული -  მაშინაც, როცა უკრავს. მაშინაც, როცა ერთჯერადშპრიცმომარჯვებული სადღაც სივრცეში გაქვავებული თვალებით იყურება და მაშინაც, როცა თავის გადასარჩენად დროებით კლინიკაში წვება, სადაც სისხლი უნდა გადაუსხან, რათა შეძლოს კვლავ წამოდგომა.