ებრაელების მიერ დაპურებული ქართული თეატრალური ინტელიგენცია
ლაშა ჩხარტიშვილი
 
თარიღი: 17/10/2012
კატეგორია: რეცენზია

 

 

 

@ ლაშა ჩხარტიშვილი

 

 

ებრაელების მიერ დაპურებული ქართული თეატრალური ინტელიგენცია

 

 

დანაპირებს ვასრულებ! როგორც შეგპირდით მინდა გიამბოთ იმაზეც, თუ როგორ დაანაყრეს ებრაელმა მსახიობებმა სახელდახელოდ წარმოდგენის დროს დამზადებული ტკბილეულით ქართული თეატრალური ინტელიგენცია. მე მგონი, წელს ეკა მაზმიშვილს (ვინც არ იცნობს ის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორია) ნამეტანი მოუვიდა: -  სტრელერის, ნეკრეშუსის, კორშონოვასისა და თემურ ჩხეიძის სპექტაკლების „ჩამოტანის“ შემდეგ, კლეჩევსკასა და ფილიპ ჟანტის საუკეთესო სპექტაკლების ჩვენებით კი არ შემოიფარგლა, არამედ ისეთი სპექტაკლებიც ჩართო საერთაშორისო პროგრამაში, რომ ქართველი პრეტენზიული მაყურებლის გული მაქსიმალურად მოეგო, თუმცა რადიკალიზმით გაჟღენთილი ქართველი მაყურებლისას რას გაიგებ?!

 

უცნაური წარმოდგენა შემოგვთავაზეს გრიბოედოვის თეატრის პავილიონში ისრაელიდან, რომელზედაც დასწრება შეზღუდული იყო. შეზღუდავნენ აბა რა იქნებოდა, როცა 70 ადამიანზე გათვალისიწნებული ტკბილეულის ნამცეციც აღარ დარჩა სპექტაკლის შემდეგ. ქართველმა ხომ ყველაფერს უნდა გაუსინჯოს გემო, აბა როგორ?!

 

სპექტაკლის, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი - წარმოდგენის უცნაურობა არა მხოლოდ მის ფორმაში გამოიხატა, არამედ შინაარსშიც. წარმოდგენაზე მაყურებლთა დარბაზი საგანგებოდაა მოწყობილი ამფითეატრის პრინციპით. სამოქმედო სივრცე, ანუ სცენა ორად არის გაყოფილი. ავანსცენაზე ორი მსახიობი დგას, ერთი მუსიკოსი გაი გუტმანი, რომელიც დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს და შიგადაშიგ მღერის კიდეც, და მეორე მსახიობი ქალი, იგივე მთხორბელი - იაელ ევენ-ზოჰარი, რომელიც მთელი წარმოდგენის მანძილზე ჩართულია მოქმედებაში. მათ (ამ ორ მსახიობს)  სხვა მსახიობებისგან კედელი ჰყოფს, რომლის შუა ნაწილში ორგმინაა ჩასმული, რომელიც განათების შემთხვევაში გამჭირვალეა.  

 

 

„მოხუცი ცოლების ზღაპარი“ (ასე ქვია წარმოდგენას) რამდენიმე ცნობილი ევროპული, ხალხური ძველი ზღაპრისა და თქმულების თხრობაა, იმ გამჭირვალე კედელს იქეთ, რომელიც ზემოთ ვახსენე, სამზარეულოა მოწყობილი, სადაც მსახიობები როგორც ირკვევა ჩვენთვის, მაყურებლისთვის სხვადსხვა ტიპის ტკბილეულს ამზადებენ. ისინი დრო და დრო ერთვებიან თხრობაში. უცნაური კიდევ ის არის, რომ მსახიობები ამ წარმოდგენაში უფრო მზარეულობაში ავლენენ ცოდნასა და გამოცდილებას, ვიდრე არტისტობაში, რადგან ფაქტია, რომ მსახიობების მიერ ტკბილეულის მომზადების ცქერამ უფრო დააინტერესა ჩვენი მაყურებელი, ვიდრე მათ მიერ უინტერესოდ, მონოტონურად მოთხრობილმა ზღაპრებმა და თქმულებებმა.  

 

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი: წარმოდგენაში ორი უნარშეზღუდული „მსახიობი“ მონაწილეობს. თუ არ ვცვდები, „ჯგუფ მიკლატ 209“-ის პროექტის წარდგენა პირველი მცდელობაა მსგავსი ტიპის თეატრალური წარმოდგენის ჩვენების საქართველოში. ამ ტიპის თეატრალურ დასებს დიდი ხანია იცნობს ევროპა, მათ შორის, ყველაზე აქტიური ფრანგული და ბრიტანული დასებია, რომელთა პროექტებში ინვალიდები მონაწილეობენ. ამ კუთხით ყველაზე პოპულარული დასი „DV8“ გახლავთ.

 

 

წარმოდგენის მსვლელობისას მხოლოდ ტკბილი ორცხობილა და რძე შემოგვთავაზეს, დასრულების შემდეგ კი დარბაზიდან გამოსულ მაყურებელს საგანგებოდ მოწყობილ ფოიეში მრავალფეროვანი ტკბილეული დახვდა, რომელმაც 70-ზე მეტი მაყურებელი დაატკბო და დააპურა კიდეც.  ერთი რამ კი ცხადია-ებრაელი მსახიობები ვირტუოზი მზარეულებიც ყოფილან, რომლებმაც დაუვიწყარი სურნელის და გემოს ნამცხვრები და შოკოლადის მრავალფეროვანი სახეობანი მოგვიმზადეს.

 

 

ეპილოგის მაგიერ

 

ამით ვასრულებ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქრონიკებს, თუმცა დისკუსია წარმოდგენილი სპექტაკლების, შერჩეული პროგრამის, ფესტივალიის შესრულებული, თუ შეუსრულებელი მისიის შესახებ თეატრალურ წრეებში დიდხანს გაგრძელდება. იქნება ბევრი კრიტიკული შენიშვნაც (რასაც მიეჩვია კიდეც ალბათ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი) და ძალიან ცოტა მადლობის წერილიც. ჯანდაბას, ამას აიტანს კაცი, მთავარია კრიტიკა იყოს ჯანსაღი და ფესტივალის ორგანიზატორებისთვის რაღაცის უკეთესისკენ შეცვლის მასტიმულიზირებელი. მთავარია ფესტივალმა იარსებოს და გაჩნდეს თუნდაც კონკურენტუნარიანი გარემოც, რათა თეატრის მოყვარულებს, თუ პროფესიონალებს მეტი სულიერ-ესთეტიკური და პროფესიული განვითარების საშუალება მიეცეს.

 

 

და ბოლოს, მხოლოდ ციფრები - სტატისტიკა:

 

2012 წლის საფესტივალო პორგრამაში 15 სპექტაკლი იყო წარმოდგენილი მსოფლიოს 14 ქვეყნიდან.

 

წელს ქართველი მაყურებლისთვის პირველად ითამაშეს თეატრალურმა დასებმა მექსიკიდან, შვედეთიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი მოლდოვიდან და ბელორუსიიდან.

 

საფესტივალო წარმოდგენებს წელს 5 403 მაყურებელი დაესწრო.

 

ოთხი წლის განმავლობაში კი ქართველმა მაყურებელმა ფესტივალის ფარგლებში 65 სპექტაკლი 40-ზე მეტი ქვეყნიდან ნახა.