"შესავალი სპეციალობაში"
არტარეა
 
თარიღი: 14/05/2012
კატეგორია: სტატია

 

I’m John, I play the guitar. sometimes I play the fool.

John Lennon


ამ წანამღძვრის გამო, ვიცი, ჩემი ერთი-ორი მეგობარი დამცინებს – არ შეგიძლია, რამე ისე დაწერო, რომ შიგნით ”ბითლზი” ან ლენონი არ გათხაროო. ერთი პერიოდი, განსაკუთრებით ჟურნალ ”ანაბეჭდში” წერისას ”ბითლზს”, თუ არ ვცდები, მართლა მოჭარბებულად ვციტირებდი. და ახლა, როცა ამ პროექტმა, ”ანაბეჭდის” დრო თუნდაც იმიტომ მომაგონა, რომ მასში ამ ჟურნალის რამდენიმე განსაკუთრებული წევრი აქტიურადაა ჩართული, ლენონის ციტირებაც ჩემი მხრიდან ალბათ უფრო გამართლებულია.


სხვათა შორის, ის ერთი-ორი ჩემი მეგობარი იმაზეც დამცინებს, რომ ეს სიტყვათაშეთანხმება – ”ჩემი მეგობარი” – გამოვიყენე, რადგან წერისას მეგობრებსაც ხშირად ვციტირებ, ან უფრო სწორად რომ ვთქვა – ვიყენებ.


მაგრამ რას იზამ?! კარგი ტექსტის დაწერა ადვილი საქმე არაა. ხანდახან – იმისათვის, რომ ნაწერი უფრო შთამბეჭდავი გახადო – იმავე მეგობრების ნათქვამების შეცვლაც გიხდება ან სულაც მათთვის ისეთი ფრაზების ”დაბრალება” გიწვეს, რაც არც კი უთქვამთ. მაგრამ, ვუდი ალენის თქმის არ იყოს, ”რატომ უნდა გააფუჭო კარგი ისტორია სიმართლით?” მოკლედ, ტექსტის შედგენა ათას ხრიკსა და წვრილმანს ეფუძნება, ათას ფრთიან ფრაზასა და ათას ავტორიტეტს. შთაგონებად კიდევ ათას ისეთ რამეს იყენებს, რომლებიც ერთი შეხედვით, ერთმანეთთან დაუკავშირებელია, მაგრამ რომლებსაც მერე ერთმანეთთან ისე აკავშირებ, რომ ლოგიკური და მახვილგონივრული წასაკითხი გამოდის. ყოველ შემთხვეევაში, გინდა, გამოგივიდეს. ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა, შენ გარშემო – სახლში, ტრანსპორტში, ტვიტერში, ფართიზე, ტელევიზორში – ისეთი რამეები შეამჩნიო, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. ყოველ შემთხვევაში, შენი აზრით.


ასე, მაგალითად, შეგიმჩნევიათ, რომ პოპულარული პლანეტა, სახელად ნიბირუ ჰონდას ახალ ბრენდს უფრო ჰგავს, ვიდრე ახალ სამყაროს? Time-ის ავტორმა შეამჩნია. ან ის თუ შეგიმჩნევიათ, რომ რაც უფრო გადის დრო, წარსული სულ უფრო იზრდება, ხოლო მომავალი მოკლდება? დაკვირვებულხართ, რომ პალტო, რომელიც ავტობუსში ამოსულ ქალბატონს აცვია ნაკლებ ხარისხიანად გეჩვენებათ, ვიდრე იგივე პალტო, რომელიც რომელიმე დედაქალაქურ კაფეში შემოსულ ქალბატონს აცვია? ან იმ ადამიანზე თუ დაფიქრებულხართ, ვინც ძროხის რძე აღმოაჩინა... რა ჯანდაბას აკეთებდა ეს ადამიანი ძროხასთან? კითხვა ტვიტერის ერთ მომხმარებელს გაუჩნდა. ტვიტერის სხვა მომხმარებელმა კი შეამჩნია, რომ ავადსახსენებელი H1N1 სოციალურ ქსელებში უფრო სწრაფად ვრცელდებოდა, ვიდრე რეალურ სამყაროში.


ან, მაგალითად, აიღეთ ფრაზა: ”თავი რომ მქონდეს, მოვიკლავდი”. ხომ ჯობია, ასეთი რამე წაიკითხო, ვიდრე, ვთქვათ, ”ძალა რომ მქონდეს, თავს მოვიკლავდი?”


ან წარმოგიდგენიათ სტატია, რომელიც ერთდროულად ეხება ”ოსკარებს”, ადგილობრივ შოუ ”პროფილს”, ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის სამეფო ქორწინებას, ”ევროვიზიის” ადგილობრივ შესარჩევ კონკურსს, ნინო ქათამაძეს, ”რედიოჰედს”, ქართულ პოეზიას, გადაცემა ”თბილისი ლაივს”, ჯონ გალიანოს, საქართველოს პრეზიდენტს და ”სიმფსონებს”? და თან ამ ყველაფერს ისე ლოგიკურად აერთიანებს, რომ კარგი წასაკითხი გამოდის? ეს უკანასკნელი პირადად მიცდია.


შთაგონება ყველგანაა, შემჩნევა სჭირდება. აი, მაგალითად, საკმარისია ტელევიზორი ჩართო, უყურო, ვთქვათ, ქართული როკ-ფესტივალის ჩანაწერს და წამყვანისგან ასეთი ფრაზა მოისმინო:

”მუსიკა ათავისუფლეებს! ... როკ-ენ-როლი მარტო მუსიკალური მიმდინარეობა არაა, როკ-ენ-როლი ცხოვრების წესია!” – და მერე უმალვე, უფრო ენერგიულად, სათქმელისა და სიტუაციისთვის შეუფერებელი მანერით აყოლებს: – ”დიდი მადლობა თბილისის მერიას!”

 

ბუნებრივია, ამ და მსგავს პარადოქსებს შთაგონების დიდი ძალა აქვთ.

 

აბა, თუ დაწერ, რომ ტაქსიში ჩაჯექი და ტაქსის მძღოლმა გითხრა, რომ ორი დიპლომი აქვს და აი, ასეთ განათლებულ კაცს ახლა ტაქსაობა უწევს, და ტექსტში მის მიერ მოყოლილ ერთ-ორ კლასიკურ ისტორიასაც თუ ჩართავ, არა მგონია, ვინმეს თავი მოაწონო.

 

მკითხველისთვის თავის მოწონება კი მართლაც ერთობ რთულია. როგორც ერთმა ამერიკელმა მწერალმა, ნათანიელ ჰოთორნმა თქვა, კარგი და მსუბუქი საკითხავი ჯოჯოხეთურად მძიმე დასაწერიაო.

 

მოკლედ, ფაქტია – მეც რთული დავალების წინაშე ვდგავარ. მით უფრო, რომ კულტურის ირგვლივ უნდა ვიტრიალო. თანაც ქვეყანაში, სადაც მკითხველი ყველაზე დიდი ინტერესით ყველაზე ”საჭირობოროტო” სამ თემას ეტანება: სექსს, პოლიტიკას და რელიგიას. ერთხელ პატარა ოინსაც კი მივმართე, ზემოთხსენებულ ”ანაბეჭდში” სტატიას ”მასტურბაცია დანაშაული არაა” დავაქრვი და საკამოდ მოსაწყენად და პროზაულად სათაურების, ჰედლიანებისა და ზოგადად სახელების მნიშვნელობაზე მოვყევი. ბევრმა მითხრა, წავიკითხეო. დღეს, როცა სხვების სიტყვებზე ნდობის ამარა არ გიწევს ყოფნა და როცა მედია ციფრული გახდა, ყველა გამოცემის ვებ-გვერდისა თუ პირადი ბლოგის შიდა სამზარეულო (იგივე სტატისტიკა) ამ ინტუიციას ადასტურებს: სექსი, პოლიტიკა და რელიგია სულ მოწინავე პოზიციებზეა. ისე, მსგავსი ხრიკი ბოლო დროს რამდენიმე ქართველმა ავტორმა გამოიყენა – სტატიებს პროვოკაციული სათაურები დაარქვეს, თუმცა ტექსტის ბოლოს, მგონი, ახსნეს კიდეც – ასე იმიტომ მოვიქეცით, რომ წაგეკითხათო. როგორც ჩანს, მკითხველის სისუსტეებზე აღმოცენებული ეს ხრიკიც უკვე კლიშედ იქცა. 

 

ჩემს მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ სადაც არ გაიხედავ, გამოიხედავ, შორს მაინც ვერ წახვალ, იმიტომ რომ, დღის უმეტეს ნაწილს, უნებურად, ალბათ ეკრანთან ატარებ. ამ ეკრანზე კი რას ხედავ? ტექსტებს, ტექსტებს, ტექსტებს... იქნება, ეს ფეისბუქ-სტატუსები, ბლოგები, სტატიები, ტვიტები თუ რა გინდა სულო და გულო. ერთგვარი სიტყვების ჯუნგლებია და ჭირს ცოტა გზის გაკაფვა. 

 

ასე რომ, ძალიან უნდა შევეცადო, ჩემი ”მძიმე” წერა მკითხველისთვის ”კარგ და მსუბუქ” საკითხავად ვაქციო. ამიტომ, თქვენი გამხნევების იმედიც მაქვს. რთულ ორმხრივ პროცესში ჩავები. ვეცდები, ყოველ ჯერზე უფრო დაგაინტერესოთ. რაც აქამდე ვერ შევძელი.

 

ამ ეტაპზე კი წერას, ინგლისურ ენაზე, წანამძRვარის პერიფრაზით დავამთავრებ:

 

I’m Ana, I don’t play guitar, sometimes I play the fool, sometimes I play it cool.