“არაჩვეულებრიობის სპონტანური გამოვლინება სამყაროს პირდაპირ ეთერში” - თქვა მანქანამ
ზურა ჯიშკარიანი
 
თარიღი: 23/10/2012
კატეგორია: სტატია

 

@ ზურა ჯიშკარიანი
 
 
“არაჩვეულებრიობის სპონტანური გამოვლინება სამყაროს პირდაპირ ეთერში” - თქვა მანქანამ
 
 
ხშირად ვფიქრობ სოფტზე, რომელშიც შევძლებდი მთელი ჩემი ქვეცნობიერის, ცოდნის, ფიზიკური თუ მენტალური ტენდენციების მოთავსებას, იმ მიზნით,  რომ სოფტმა შემდეგ ჩემს ნაცვლად გააგრძელოს წერა. ასეთი დინამიური სოფტი დროთა განმავლობაში გაუმჯობესდებოდა კიდეც, დაწერდა თუნდაც ამ ტექსტს.. რატომაც არა? რამდენია იმის შანსი, რომ სიტყვათა იმ მარაგიდან რაც მისწავლია ცხოვრებაში, მაინცდამაინც ასეთი ტექსტი ავაწყო ან არ ავაწყო? რამდენია იმის შანსი რომ ჩემი ნეირონული არქიტექტურის მცოდნე მანქანამ ზუსტად ეს ტექსტი ააწყოს, ან ააწყოს ისინი, რომლებიც დამიწყია და არ გამიგრძელებია, დამვიწყნია, ან არც მიფიქრია ჯერ? შეიძლება თუ არა ეს პროცესი შევადარო "ავტომატური წერის" პროცესს? როცა სიტყვები კორექტურის გარეშე მოდიან შიგნიდან გარეთ? ან იმ მდგომარეობას როცა ძალიან დიდი სიცხე გაქვს ან მიღებული გაქვს რამე და რობოტული ეტიკეტის ნორმები ხელს ვერ უშლიან ახალ აზრებს რათა "გამატერიალურდნენ"? ან ბეროუზისა და გაისინის მანქანას, რომელიც ანგრევს არსებულ შინაარსებს, რათა მათში დაფარული ახალი შინაარსები გამოავლინოს?
 
ჩვენი გენების რიცხვი სასრულია, როგორც ასოები ანბანში, ნოტები ოქტავაში, ისევე როგორც ის ქიმიური ელემენტები, რომლისგანაც სამყარო შედგება. იტალო კალვინოს, თავის ესეში “კიბერნეტიკა და მოჩვენებები” მოჰყავს ჭადრაკის დაფის მაგალითი – თითქოს ჩვენ თვალწინ გადაშლილია რამდენიმე დაფა და რამდენიმე ფიგურა, რომელთა მოძრაობის წესებიც ასევე მკაცრად დასაზღვრულია, მაგრამ ერთ ადამიანს მთელი სიცოცხლე არ ეყოფა, რომ ყველა არსებული კომბინაცია განახორციელოს ჭადრაკის თამაშისას. გამოდის რომ ჩვენი ენის, მთელი ჩვენი სამყაროს და თუნდაც ადამიანური სხეულებისა და ფსიქიკის ეს უსასრულო მრავალფეროვნება, რომელიც შიგადაშიგ პატარა თუ დიდი ნახვრეტებივით ჩნდებიან დროის ქსოვილზე – რთული კომბინაციების შედეგია. უმცირესი მონაცემების სეტიც კი იძლევა საშუალებას უსასრულოდ ხანგრძლივი კომბინაციების საწარმოებლად. 
 
გარკვეულწილად, ამ თემასაც ეხება “უსასრულო მაიმუნების თეორემა”.. რადგანაც ეს ჩვეულებრივი სპეკულაციური ბლოგია ურბანული მუტანტებისთვის და არა მეცნიერული ნაშრომი, ამიტომ შეგვიძლია ის უფრო გამარტივებულად მოვყვეთ. “უსასრულო მაიმუნების თეორემა” ერთგვარი პრე-კომპიუტერული ვირტუალური, წარმოსახვითი თამაშია, რომლის სიუჟეტია ასეთია: თუ ავიღებთ საბეჭდ მანქანას, მასთან დავსვავთ მაიმუნს და მოკრძალებულად ვთხოვთ რომ უტყაპუნოს ხელები სხვადასხვა ასოებს და თუ ეს პროცესი იმდენ ხანს გაგრძელდება რამდენ ხანსაც სამყარო იარსებებს – არის შანსი რომ მაიმუნს ამ ბრმა კომბინაციების ცვლისას შექსპირის რომელიმე პოემა,  გალაკტიონ ტაბიძის ლექსები ან მაგალითად ეს ტექსტი შემოეწეროს ჰიპოთეტურ მომავალში. თავის ლექციაში “მრავალსახოვანი სამყარო” თანამედროვე, საკმაოდ წონიანი და  ასე ვთქვათ “დიდი” ფიზიკოსი ანდრეი ლინდე ამბობს, რომ შესაძლოა არსებობს უამრავი სხვა სამყარო ჩვენს გარდა.. ისინი ჩნდებიან და ქრებიან როგორც ქაფი ზღვის ტალღებზე, ყველა ამ სამყაროში სხვადასხვა კოსმოლოგიაა, მაგრამ საერთო “გენეტიკური კოდი”, ქიმიური ელემენტების ნაკრები სასრულია, შესაბამისად თუ არსებობს უსასრულოდ ბევრი უსასრულოდ დიდი სამყარო, რომელიც აწარმოებს უსასრულო კომბინაციებს – სწორედ ამ ელემენტების სასრულობის გამო არსებობს ამდენივე შანსი იმის, რომ სადღაც რომელიმე სამყაროში ჩვენი ისტორიაც განმეორდეს, მაგრამ ჩვენ ამას ვერასოდეს გავიგებთ უშუალოდ, იმიტომ რომ ამ სამაყაროებს შორის არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები.. მაგრამ ამის მიუხედავად ეს ძალიან საინტერესო თემაა ჩვენი ონტოლოგიის და ფილოსოფიის გადასახედად – თუ ფიზიკის ან კოსმოლოგიის თეორიებს მივყავართ ასეთი სახის ფსიქდელურ ხილვებამდე, ფილოსოფია და ლიტერატურა , თუ მათ რამე საკვლევი ინსტრუმენტი კიდევ შემორჩათ – აუცილებლად უნად გადაერთოს ამ დომენებზეც, სადაც არა მხოლოდ მეტაფიზიკურად არამედ ფიზიკურ, მოლეკულურ დონეზეც მიდის საუბარი – ჩვენს “ორიგინალობაზე”.
 
 
 
 
ოდესმე გქონია დეჟავუ? გრძნობა თითქოს ეს მომენტი უკვე იყო, თითქოს ფრაზების ეს თანწყობა უკვე ითქვა და ერთი ორი წამიც, სულ ცოტაც და შენ დაასრულებ შენს წინ მდგარის დაწყებულ წინადადებას.. სულ ოდნავი ძალისხმევა და ყველაფერი დასრულდება, მაგრამ არა.. მომენტი ვერცხლისწყალივით გისხლტება ხელებიდან.. 
 
ბევრი ნეირომეცნიერი და ფიზიკოსი  დავობს “თავისუფალ ნებაზე”, არის თუ არა ის ნამდვილად თავისუფალი? თუ ტვინს რამდენიმე წამით ადრე უკვე გადაწყვეტილი აქვს ის არჩევანი, რომელსაც ჩვენ რამდენიმე წამის მერე გავაცნობიერებთ და გავაკეთებთ – შეიძლება თუ არა არსებობდეს მართლა “თავისუფალი” ნება? რას ნიშნავს საერთოდ თავისუფლება? რა არის ცნობიერება?ტვინის რთული ბიოქიმიური პროცესების შედეგი? თუ მისი ჩანსახები კვანტურ დონეზე უნდა ვეძებოთ? რამდენად დარწმუნებული ხარ რომ შენ გაგაჩნია ცნობიერება, ან რამდენად დარწმუნებული ხარ, რომ ცნობიერება გააჩნია ვინმეს – შენს გარდა?
 
გურჯიევს მიაჩნდა, რომ ადამიანები სულის გარეშე, ფაქტიურად ბიოლოგიურ რობოტებად იბადებიან, ინსტინქტებისა და ბიოლოგიური მოთხოვნილებების ჯოჯოხეთური ინტენსივობით.. მხოლოდ საკუთარი ნებით, “მუშაობით” და საკუთარი რობოტულობის,საკუთარი პროგრამის დაძლევით შეუძლიათ მათ “გამოიმუშავონ” სული.
 ჩვენს ფიზიკურ მონაცემებს დიდწილად განსაზღვრავს ის მანქანური კოდი, რომელიც ჩვენს დნმ-შია, ჩვენს სხეულსა და გონებაში უსასრულოდ ბევრ მზა კოდს ნერგავს გარემო და კულტურები, რომლებშიც გვზრდიან, იზმები და იდეოლოგიები გვთავაზობენ “რეალობის გვირაბებს”, მზა სამოქმედო რუკებს, პროგრამულ უზრუველყოფას თავისი კოდებით და კოდექსებით, ხილვების პარამეტრებით, დასაზღვრული სივრცეებით ფანტაზიებისთვის, ფაქტიურად როცა დგება ჩვენი ზრდასრულობის ასაკი – ჩვენ უკვე ლოკალური კულტურის ლოგოთი დატვიფრული რობოტები ვართ, გამზადებულები სოციალური მატრიცის რთულ კონვეიერში დასაინტეგრირებლად.  
 
ერთადერთი გზა “სულის შესაძენად” – საკუთარი პროგრამების შესწავლა და მათი გადაპროგრამების მცდელობაა. “შეიცან პროგრამა შენი”.
 
* * *
“ წითელი პეპელა
ფარფატებს თოვლის ფიფქებს შორის.
ზამთარი სუნთქავს.” 
– წერს პოეტი და ბევრს მოწონს, სანამ გაიგებს რომ ავტორი მანქანაა. იტალო კალვინოს ზემოთნახსენებ ესეში ის საუბრობს ავტორებზე, როგორც სიტყვათა და აზრთა მწარმოებელ მანქანებზე, რომლებიც საუკუნეებია შეუჩერებლივ აწარმოებენ და აკონსერვებენ ემოციებს და გარემოებებს თავიანთ წიგნებში. ის საუბრობს ლიტერატურის მარადიულ სურვილზე, მიუახლოვდეს იმ “ადგილს”, რომელსაც ენა “ვერ ერევა”, ვერ გამოთქვამს, მიუახლოვდეს მითს. მისი თქმით “მითი ყველა ისტორიის ფარული ნაწილია, დამარხული, რეგიონი რომელიც ჯერ კიდევ შეუსწავლელია, იმიტომ რომ არ არსებობენ სიტყვები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი იქ მიყვანა”.. ალბათ მილიარდი წიგნი დაწერილა, ლიტერატურა თითქოს განუწყვეტლივ წერს ამ გაცვეთილ “წიგნთა-წიგნს”, რომელიც არასოდეს მთავრდება,,მიუხედავად იმისა რომ სცენარისტები და დრამატურგები განუწყვეტლივ იმეორებენ, რომ შესაძლო ფაბულათა რიცხვი სასრულია.. ყოველ დროში, ყველა ეპოქაში ჩვენ ისევ და ისევ ვიმეორებთ სიყავრულისა და სიძულვილის ნაცნობ ფაბულებს, ვართ უკვე ათასჯერ დატრიალებული დრამის ნაწილები და ყოველთვის ეს ფაბულები ახლიდან იმეორებენ თავიანთ თავს, იკვებებიან რა ახალი დასატენი ელემენტებით – ჩვენი სუნთქვებისა და სხეულის სითბოს სახით.. 
 
საინტერესოა თუ რამდენიმე საუკუნის მერე ლიტერატურა ჯერ კიდევ იარსებებს და ჩვენ შევძლებთ სამაყროში ყველა არსებული წიგნის მონაცემთა გაანალიზებას – მივიღებთ თუ არა წინადადებებს რომლებიც ემთხვევა ერთმანეთს? მთელ თავებს სხვადასხვა წიგნებიდან, რომლებიც იმეორებენ ერთმანეთს?
ინტერნეტის არსებობა ქმნის გარემოს სადაც ყველა ადამიანი სიცოცხლის მერე ტოვებს თავის “ციფრულ კვალს” – შესაძლოა ვიპოვოთ ადამიანები რომელთა ყოველდღიურობა იმეორებს ერთმანეთს, როგორც პანტომიმები თეატრში?
შესაძლოა პლანეტის სხვადასხვა ნაწილებში სხვადასხვა ადამიანები ერთსადაიმავე სიზმრებს ხედავენ. რამდენი თქვენი ფრაზა და აზრი ითქვა უკვე თქვენამდე, ითქმება პარალელურად და იქნება ნათქვამი მოავალში? და ვინ არის ავტორი – შენ? შეიძლება კი, შეიძლება არა.. “მწერლები, ყოველთვის იყვნენ და არიან ლიტერატურული მანქანები”, ისინი აწარმოებენ ასოების კომბინაციებს, ისევე როგორც ჩვენ ბგერების როცა ვსაუბრობთ, ხოლო შემდეგ ეს კომბინაცია იძენს თავის დამოუკიდებლობას, ეს კომბინაცია უკვე ცალკეული პროგრამაა, ნარკოტიკია, რომლის მიზანია, კონკრეტულ პიროვნებასთან შეხებისას – მასში ჩადებული ემოციების თუ ხილვების მეგაბაიტები განაარქივოს. “ლექსი –  სიტყვების გამოყენებით პოეტური მდგომარეობების მწარმოებელი მანქანაა” წერდა ვინც წერდა]]
 
მითი აქ შეგვიძლია გავიგოთ როგორც ამ განმეორებადი რეალობების საწყისი კოდი, საკუთარი პროგრამის მთავარი ბაზა. საწყის კოდს შეგიძლია მიაღწიო საკუთარი თავის გავლით, საკუთარი პროგრამის განადგურებით, დესტაბილიზაციით, ღრმა საბოტაჟით, რომლის მერე შესაძლებელია შინაგანი იმპერიის განადგურება და ძალაუფლების საკუთარ ხელში აღება.. დონ ხუანი ასწავლის კასტანედას გახდეს დაუნდობელი მონადირე, სტალკერი, ოღონდ ამ შემთხვევაში სანადირო ობიექტი – ის თვითონაა.
 
 საწყის კოდს შეიძლება მიაღწიო საკუთარი არაცნობიერის ოკეანის გადაცურვით. ეს სტიქსის წყლებია, სადაც მიყავხარ მდუმარე ქარონს, არსებობის შავი ხვრელი, სადაც სხვათაშორის შესაძლოა ქიმიური პარაშუტებითაც დაეშვა. ნუ ვთქვათ, მაგალითად კეტამინის ან მეტოქსეტამინის დიდი დოზებით. 
 
“ შიშველი ფეხი ეხება იატაკს და აქცევს წყლად,
სამაგიეროდ წყალი ფეხს აქცევს ნეონად.
ფეხის და იატაკის ნაცვლად რჩება – ნეონი წყალში.” ასე აღწერა ამ ტერიტორიების ბუნება ჩემმა უახლოესმა მეგობარმა.
 
ასეთი პარაშუტები დიდი ხანია ცნობილია “პრიმიტული” კულტურის შამანებისთვის, ჩვენს საუკუნეში კი შამანური ინსტრუმენტარიუმი თავიათნი გენიალური, DIY კვლევებით გაამდიდრეს საშა და ანა შულგინებმა. თუმცა ეს მხოლოდ ერთერთი მეთოდია, ათას სხვა მეთოდს შორის.
 
 
* * *
 “არაცნობიერი გამოუთქმელის, ენის სამფლობელოებიდან გაძევებული და აკრძალული სივრცეების ოკეანეა. ის ლაპარაკობს სიზმრებში, ვერბალურ აცდენებში, მოულოდნელ ასოციაციებში – ნათხოვარი სიტყვებით, მოპარული სიმბოლოებით, ლინგვისტური კონტრაბანდით, სანამ ლიტერატურა გამოისყიდის ამ ტერიტორიებს და მოახდენს მათ ანექსირებას, შეუერთებს მათ მღვიძარე სამყაროს ენას.”
 
“გვექნება თუ არა ოდესმე საშუალება გვქონდეს მანქანა, რომელიც ჩაანაცვლებს პოეტსა და ავტორს?” – აგრძელებს იტალო კალვინო და აქ არ არის საუბარი ტრაფარეტულ დეჰუმანიზაციაზე და ადამიანების რობოტებით ჩანაცვლებაზე, აქ საუბარია ზოგადად ამ ცნებების: “ავტორი”, “პოეტი”, და ა.შ. ონტოლოგიის გადახედვაზე, საკმაოდ საინტერესო გზით. კალვინო ამბობს, რომ “ნამდვილი ლიტერატურული მანქანა იქნება ის, რომელსაც გაუჩნდება სურვილი – აწარმოოს დეზორგანიზება, როგორც რეაქცია მის მიერ მუდმივი წესრიგის წარმოებაზე: მანქანა რომელიც აწარმოებს ავანგარდულ ხელოვნებას, რათა გაათავისუფლოს თავისი სქემები, რომლებიც “ჩაციკლულები” არიან კლასიციზმის წარმოებაზე”. ფაქტიურად ლიტერატურული მანქანა “ხელოვნური ინტელექტია”, რომელიც თავის მხრივ ადამიანია [“ცნობიერი რობოტი”] რომელიც აწარმოებს ავანგარდს თავის ცხოვრებაში, რათა აიცილოს თავიდან კლასიკური ფაბულების კოშმარი, მაგრამ ხვდება რომ ესეც მორიგი ფაბულაა. ფაბულები შეიძლება დარჩეს, მაგრამ გაცნობიერების საკითხი ცვლის ამ ყველაფერს, როგორც “ლიტერატურული მანქანა რომელიც რაღაც გარკვეულ მომენტში გრძნობს დაუკმაყოფილებლობას საკუთარი ტრადიციონალიზმით და იწყებს წერის ახალი გზების შემოთავაზებას და თავის კოდებს ყირაზე აყენებს.”
 
 
 
 
ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში  – გაცილებით მეტი შანსია გაჩნდეს ასეთი მანქანა, ვიდრე ეს იყო მაშინ როცა კალვინო ამ სიტყვებს წერდა და ვინ იცის, იქნებ “არაცნობიერის მწარმოებელი” ან ასეთი “სპირიტუალური მანქანები” გაცილებით მეტს გვასწავლიან ჩვენს შესახებ, ვიდრე ეს აქამდე შეძლეს რელიგიებმა თუ სეკულარულმა სწავლებებმა. ტრანსგენური არტის დასინთეტიკური ბიოლოგიის ეპოქაში, როცა შესაძლებელია იმ უცნობი ტერიტორიების კვლევა, რომლებზეც კოპირაითი ადრე მხოლოდ ისეთ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს ქონდათ როგორებიც იყვნენ “ღმერთი”, “დემონები” და ა.შ. – კლასიკური ცნებები “ავტორი”, “ადამიანი”, “მე” და ა.შ. კარგავენ თავიანთ ტრადიციულ კონტექსტებს.. ეს ძალიან გავს პსილოციბინის შამანურ რიტუალს, როცა ახალი, უცნაური ხილვები მთელი ძალით ანადგურებენ შენს ეგოს, შენს წარმოდგენებს სამყაროზე, ეს იწვევს განგაშს და პანიკის შემოტევებს და შენ  ცდილობ მთელი დარჩენილი ძალითა და “ლოგოსის” მოხმობით შეეწინააღმდეგო ამ ანარქიას, დატოვო ყველაფერი ისე როგორც იყო.. ყველაზე გამოცდილი მოგზაურები კი ყოველთვის გეტყვიან, რომ არ უნდა მოეჭიდო ხავსს..როგორც “ტექნოგნოზისის” ტექსტი იუწყება: “თუ ადამიანური ისტორია არის ისტორია არსების, რომელიც მაიმუნიდან იქცევა ანგელოზად, ან როგორც ნიცშე იტყოდა, ცხოველიდან იქცევა ზეადამიანად, მაშინ სადღაც ამ გზის შუალედში, ჩვენ მოგვიწევს გადაქცევა მანქანებად”.