"ეზიარეთ მაღალ ხელოვნებას..."
ლაშა ჩხარტიშვილი
 
თარიღი: 24/10/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

@ ლაშა ჩხარტიშვილი

 

 

"ეზიარეთ მაღალ ხელოვნებას..."

 

 

გასულ კვირას თელავის ქუჩებში მოულოდნელად იმ ადამიანებს გადაეყრებოდით, რომელთა შემოქმედება, ვირტუოზულობა და ოსტატობა კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის კარგად არის ცნობილი. ბევრჯერ მინახავს ფრაკში გამოწყობილი ტიმურ ზანგიევი, ინგოლფ ტურბანი, მაგრამ არასდროს ბრიჯებში, ისე როგორც, სპორტულ ტანისამოსში არ მინახავს (ან სად ვნახავდი) კოლია ბლაჰერი, ანატოლი ლევინი და ბორის ბერეზოვსკი. ვინც გასული ვიკენდი თელავში გაატარა ზემოთ ჩამოთვლილ ვირტოუზ მუსიკოსებს და კიდევ ელისო ვირსალაძეს ნატალია გუტმანთან ერთად არა მხოლოდ ახლადრეაბილიტირებული ძველი ქალაქის ქუჩებში, არამედ ვაჟა ფშაველას დრამატული თეატრის სცენაზეც ნახავდა.

 

შემოდგომაზე ქალაქ თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება უკვე რამდენიმე წელია ტრადიციად იქცა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია თანამედროვეობის უდიდესი პიანისტი ელისო ვირსალაძე. საერთაშორისო ფესტივალი ძირითადად ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. კლასიკური მუსიკის მოყვარულებსა და პროფესიონალ მსმენელს შეუძლია დატკბეს იმ კონცერტებით, რომლებშიც ერთდროულად რამდენიმე მაღალი რანგის  მუსიკოსი მონაწილეობს. გარდა ამისა, ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს დაესწროს მათ მიერ ჩატარებულ მასტერკლასებს.

 

 

წელს ფესტივალი, რომელიც ელისო ვირსალაძის შემოქმედებითი მოღვაწეობის 50 წლისთავს მიეძღვნა, ექვს კონცერტს მოიცავდა და მას ტრადიციულად თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრი მასპინძლობდა. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა წიგნი-ალბომის „ელისო ვირსალაძე“ პრეზენტაცია, რომელიც მაღალპოლიგრაფიული ხარისხით კომპანია „მაგთიკომის“ პროგრამის „ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ არის გამოცემული. „მაგთიკომს“ ეროვნულ საქმეში გვერდით „Caucasus online“ და „თიბისი ბანკი“ ამოუდგა, რომელთა სპონსორობით შესაძლებელი გახდა კლასიკური მუსიკის მორიგი ზეიმის განხორციელება.

 

ფესტივალის შესახებ კი ჩვენთან საუბარში ელისო ვირსალაძემ გვითხრა: „ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ თელავის ფესტივალი თანდათან ძალას იკრებს და ყალიბდება, როგორც ტრადიციული ფესტივალი. მიხარია, რომ კლასიკური მუსიკის ფესტივალს სახელმწიფო ასეთ მხარდაჭერას უცხადებს, რაც არაერთი ჩემი უცხოელი მეგობრისა, თუ კოლეგის აღტაცებას იწვევს. სასიხარულოა ჩვენი ფესტივალისათვის ახალი მესვეურების გამოჩენაც, რაც იმედს ბადებს, რომ თანამედროვე საქართველოში კულტურაზე ზრუნვა პრიორიტეტული და საამაყო ხდება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, რომლებიც საქართველოში თავიანთ ხელოვნებას აზიარებენ მსმენელს.“

 

 

საუკეთესო მუსიკოსების მონაწილეობით მოცარტის, მენდელსონის, ბრამსის, ბეთჰოვენის, მნიშვნელოვან და ნაკლებად ცნობილ ნაწარმოებებთან ერთად შესრულდა შოპენი - კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის #1 მი მინორი, შუმანი - კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის. ეს იყო ამ ნაწარმოებების პირველი შესრულება საქართველოში. კონცერტის დასრულების შემდეგ ძნელია არ დაეთანხმო რიხტერის სიტყვებს: „ელისო გამორჩეული ხელოვანია, ჩვენი დროის უდიდესი ქალი პიანისტი. იგი სერიოზული, ღრმა, გულწრფელი და სადა მუსიკოსია. შუმანის მისეული ინტერპრეტაცია საუკეთესოა“. ელისო ვირსალაძე ის ხელოვანია, რომელიც თავის შემოქმედებაში დაატარებს კონტარსტულ თვისებებს, მისი შესაძლებელობები უსაზღვროა.

 

ფესტივალი მოიცავდა სიმფონიური ორკესტრის და კამერული მუსიკის კონცერტებს. სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობდა ახალგაზრდა ნიჭიერი ვირტუოზი ტიმურ ზანგიევი და ასევე არანაკლებ ნიჭიერი ანატოლი ლევინი.

 

 

თელავის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე სოლისტების რანგში წარსდგნენ: ეველინა ბერეზოვსკაია, კიმ ტე იანგი (ფორტეპიანო), ლიზა ბათიაშვილი, ნატალია გუტმანი, სვიატოსლავ მოროზი (ვიოლინო), ელისო ვირსალაძე, ნატალია გუტმანი, ინგოლფ ტურბანი, ედუარდ ბრუნერი, ნოდარ ჟვანია, გია ქობულაშვილი, მიხეილ ქართველიშვილი, ჯააკო ლუომა, ზორა სლოკარი, ბორის ბერეზოვსკი, ინგოლფ ტურბანი,მარია კაგანი, ლუკას ნიკოლაი ბლაჰერი, ედუარდ ბრუნერი.

 

ფესტივალის დასასრულს ელისო ვირსალაძეს თელავის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით თელავის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

 

 

თელავის ფესტივალი გარდა იმისა, რომ ემსახურება კლასიკური მუსიკის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ფუნქციურად ამართლებს მის დევიზს - "ეზიარეთ მაღალ ხელოვნებას...", რადგან თელავის თეატრის დარბაზში თბილისიდან საგანგებოდ კონცერტებზე დასასწრებად ჩასულ მუსიკალური ინტელიგენციის გარდა, ადგილობრივ მსმენელებსა და კლასიკური მუსიკის მოყვარულ კახელებსაც ვხედავდი, რომლებიც ფესტივალის შემდეგ უეჭველად „ჩაუსხდებიან“ კლასიკური მუსიკის საგანძურს. ვინ იცის, ელისო ვირსალაძის და მისი მეგობარი-კოლეგების შესაძლებლობებით მონუსხულმა ახალგაზრდა კახელებმა ინტერესი კლასიკური მუსიკის მიმართ გამოიჩინონ და წლების შემდეგ თავად აზიარონ მაღალ  ხელოვნებას თანაქალაქელები.