პაატა შამუგია - დაუჯდომელი (ნაწილი პირველი)
პაატა შამუგია
 
თარიღი: 25/10/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

@ პაატა შამუგია

 

 

დაუჯდომელი

 

 

ბოლოს და ბოლოს უარი თქვით დაფნაზე,

დაფნა კარგია წვნიანში!!! [ჰანს არტმანი]

 

to notice the light changing. [პაულ თეკი]

 

ღმერთო, დახოცე ისინი! [ზურა ჯიშკარიანი])

 

იყავით ამაზრზენი და იქნებით მართალი... [მიშელ უელბეკი]

 

კლასიკა მხოლოდ გვანუგეშებს.

ჩვენ ეს არ გვყოფნის. [დერეკ უოლკოტი]

 

 

სვიმონ კანანელის კონდაკი 1

 

ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა პირველი ადამიანი გამოჩნდა,

რომელმაც გარკვეულ ხანს იცოცხლა

და ბოლოს ყოვლად ქრესტომათიული სიკვდილით მოკვდა

და სამი დღის მერე (კინოშიც ნახავდით) ფეხზე წამოდგა,

გაიარ–გამოიარა, თვალი ჭერს ჰკიდა,

ღიმილი ზარბაზანივით გადმოჰკიდა ტუჩებიდან

და ლექსი დაწერა,

ლექსი, რომელიც დღემდე იწერება და არა და არ უჩანს დასასრული.

ესეც იმ ლექსის გაგრძელებაა, ისევე, როგორც ყველა ლექსი.

და მე ვიხილე კაცი, რომელიც

ისე გულიანად იცინოდა,

თითქოს სიცილი მხარზე გაედო

და ჯვარივით მოასვენებდა

და მოჰყვებოდნენ თანამესიცილენი

და ყელამდე სიცილში მდგარნი

ფონს ეძებდნენ და ვერ ჰპოვებდნენ

მხოლოდ ის ერთი ახერხებდა, სიცილზე გაევლო,

და ეს პოემაც სიცილზე იწერება

დიდ და ქრესტომათიულ სიცილზე

მადლობა უფალს.

 

 

სვიმონ კანანელის იკოსი 1

 

იდგეს გრძელი სიცილის წელი,

კვირტები და ასფალტი დასკდეს,

ქალებს ძუძუები დაუმძიმდეთ

და თმის ნახევარი ჩიტებად ექცეთ

და ყოველ დილით ივარცხნიდნენ ბულბულებს და

შაშვებს და

მწყრებს და

კოლიბრებს და

ფარშევანგებს

და მონადირეები იპარებოდნენ იმათ თმაში

და ნაწნავებზე დაკიდებულები

ისროდნენ თოფებს და ხოცავდნენ ბულბულებს და

შაშვებს და

მწყრებს და

კოლიბრებს და

ფარშევანგებს...

რაც ნიშნავდეს არა მხოლოდ გაზაფხულს,

არამედ რაღაც უფრო მეტსაც

მადლობა უფალს.

 

 

ანდრიას კონდაკი 2

 

შეგეძლოს იყოს გაზაფხული,

თუნდაც, მაშინ,

როცა არის კიდეც გაზაფხული,

ესეც საქმეა

მადლობა უფალს.

ტროტუარმა ბალახები ამოიყმუვლოს

და შენ, ვთქვათ, ვაშლის ხის ძირას ჩამოწოლილს

სერ ისააკ ნიუტონი დაგეცეს თავში,

რაც ახალ აზრებს აღვიძებდეს

და ქმნიდეს შესაძლებლობების ახალ თავშესაფარს –

სამყაროს ამოტრიალებულ პერსპექტივას

მადლობა უფალს.

და ყვიროდე - „ევრიკა!“

მზე კი თვალებში ჩაგყურებდეს,

როგორც დამწყები ოფთალმოლოგი,

მართალია, ფრიად იდიოტურია ეს შედარება,

მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით – გამართლებული,

ჩვენ ხომ ძირითადად რელატივისტები ვართ.

მადლობა უფალს.

შეგეძლოს ოჯერ ორი ოთხი იყოს,

მზე კი – მაღლა,

შესაბამისად, საქმე იქონიო სრულიად გაზომვად ნივთებთან,

როგორიცაა, ვთქვათ, ნანომეტრი, არისტოტელეს “პოეტიკა” ან სიყვარული,

მადლობა უფალს.

შეგეძლოს იყო პოზიტიური

და ჩაკრები გქონდეს გახსნილი

და ქუჩაში გასვლისას ღიმილი

მუწუკებივით გაყრიდეს სახეზე

მადლობა უფალს

კითხულობდე ბატაის,

გი დებორს,

ეროფეევს,

ანაქსიმენეს,

პინდაროსს,

დიადოხოსს,

კლდიაშვილს,

სამოსატელს,

ბროტიგენს,

ტაციტუსს,

შელის,

შამუგიას,

იუნგს და კიუნგს და, ჯანდაბა მაგათ, კიდევ ვის არა.

მაგრამ სამყარო იყოს იგივე

მადლობა უფალს.

რა მნიშვნელობა აქვს,

„ანა კარენინას“ წაიკითხავ თუ რესტორნის მენიუს.

საგანთა წესრიგი მაინც არ იცვლება,

მადლობა უფალს.

 

 

ანდრიას იკოსი 2

 

ორი რამ აღავსებს ჩემს სულს განცვიფრებით:

საბჭოთა ტროიკა აბაჟური ჩემ ზემოთ და აპენდიქსი ჩემში.

მადლობა უფალს.

რა დროს ეგაა? – იტყვის მავანი

და თვალებს იარაღივით მოგაბჯენს შუბლზე, –

რეალობა სწორხაზოვანია

ის არ ტოვებს განსჯისათვის

საკმარის შრეებს.

ყოველდღიურობის მყიფე რუტინაში

საყოფაცხოვრებო ურჩხულები თვლემენ,

და თითქოსდა უნებლიე მოძრაობით

მხოლოდ სიკვდილს გამოიტყვიან.

აი, გაიზრდება თქვენი ბიჭი

და გამოვა ბანდიტი, მკვლელი,

ან უარესი – პოეტი გამოვა.

მუდმივის და ცვალებადის,

მწირისა და მონუმენტურის,

ეთიკურის და გოთიკურის და

ეპიკურის და ლოგიკურის და

კომიკურის და მისტიკურის და

ლირიკულის და პრაქტიკულის და

არქტიკულის და ტროპიკულის და

ტექნიკურის და ჭკუისმიღმურის შემზავებელი,

ქარებს კუდში ჩაუდგება

და სამყაროს შეცვლის ლოდინში

ამოხდება დებილი სული.

მადლობა უფალს.

ყველა და ყველაფერი სიკვდილზე გამოიტყვის

სეფე–სიტყვას,

მადლობა უფალს.

 

 

იაკობის (.) კონდაკი 3

 

დიდი ხნის წინ სიკვდილი იყო სიკვდილი და მეტი არაფერი

ახლა ყველამ იცის, რომ სიკვდილი არის მეტაფორა და მეტი არაფერი.

მორფოლოგიური ჰიდრა,

დაკიდებული შხამიან ფილოლოგიაზე,

რომლითაც სიცოცხლეს განმარტავენ პედაგოგები.

უსასრულოა სიბეცე მათი.

მადლობა უფალს.

 

 

იაკობის (.) იკოსი 3

 

შეგეძლოს, იყო მომნუსხველი

შეგეძლოს იყო მონუსხული

და სასიკვდილო ჟრუანტელი

უსაფრთხოების ღვედივით გეკრას სხეულზე

მადლობა უფალს.

ებრძოდე მარტოობას ღვინით და არყით და

ვისკით და კონიაკით და გლინტვეინით და კოქტეილით და

ვერმუტით და აბსენტით და

ბურბონით და ლიქიორით და ტეკილით და

ბოლოს და ბოლოს, რომით

(ყველა გზა ხომ რომთან მიდის)

მადლობა უფალს.

რუტინა კი უფრო დამძიმდეს და დამძიმდეს თვალებიც

და წამწამები იქცნენ ზღარბებად,

რომლებიც გუგებში შეგირბიან

მადლობა უფალს

და მღეროდე სიცოცხლის შეუძლებლობის სიმღერას

და გაჰკიოდე მიკიოტივით

მანამ, სანამ

ბგერებთან ერთად სისხლიან გლანდებსაც არ ამოისვრი.

მადლობა უფალს

გარეთ კი იყოს გაზაფხული,

და ყვავილების სუნი

უხერხულ ხუმრობასავით ჩამოდგეს ოთახში

და შეყვარებულების სიცილი ისმოდეს

შენ კი იყო ოთახში ჩაკეტილი და მეზობლებს გიჟი ეგონო

მადლობა უფალს

მარტოობა, როგორც ცნობილია,

ავითარებს წარმოსახვას

და დავიწყებულ შინაარსთა რეპროდუცირებას აიოლებს,

რაც ასე მნიშვნელოვანია გიჟური კომუნიკაციების ეპოქაში

მადლობა უფალს.

ასეც რომ არა,

საგანთა შედარებისთვის დრო ხშირად უნდა გამოყო.

ასე უფრო ადვილია.

ფილოსოფია იძლევა ასეთი პაუზებისთვის

ქრონოლოგიურ ღრიჭოებს.

მადლობა უფალს.

მაგრამ ფილოსოფია არ იძლევა პასუხებს.

მადლობა უფალს

არც პოეზია იძლევა პასუხებს

მადლობა უფალს

არც მათემატიკა იძლევა პასუხებს,

მადლობა უფალს

არც ვებ–პროგრამირება და მითუმეტეს, სიყვარული იძლევა პასუხებს,

მადლობა უფალს.

 

 

 

 

თომას კონდაკი 4

 

ცდილობდე კორპუსიდან ისკუპო,

რათა გაურკვევლობის მედუზა გორგონა

გაიყოლიო და ასფალტზე მიასრისო,

მაგრამ შიში ოხერი იყოს,

სამგზის და მეტგზის, რომ იტყვიან, მადლობა უფალს

დაე, სხვები კვდებოდნენ შენს ნაცვლად,

ასე ხომ გაცილებით მოსახერხებელია

მადლობა უფალს.

მოკვდნენ ბავშვები ომში და ომსგარეთ

მოკვდნენ ახლობლები, მეზობლები და ძმები და დები

მოკვდეს ყველა,

ვინც ჩვენს შორის ჩამოქცეულ უხერხულ დუმილს

ქარის სისინი შეუყუდა,

ვინც ჩვენი ჩრდილები გამოაღო

და სამხრეთის ქარები შეასახლა.

მოკვდნენ შენი უინტელექტო ლექტორები, მტრები და კეთილისმსურველები

და დარჩე მარტო

მადლობა უფალს

 

 

თომას იკოსი 4

 

თეოსოფიამ დაამტკიცა, რომ უფალი არ არსებობს,

მადლობა უფალს.

რასაკვირველია, უფალს სრული უფლება აქვს,

არ არსებობდეს. ეს ძალიან დემოკრატიულია.

მადლობა უფალს.

თუ მაინცდამაინც, ვისურვებდი, ღმერთი პორტატული ყოფილიყო

დაკეცავ – ილოცებ, გახსნი – იჩათავებ. თუ რამე – ჩამოჯდები კიდეც.

განა ღმერთი შვებისთვის არაა?!

მადლობა უფალს.

არავინ იცის, რა პერსპექტივები თვლემენ

მომავლის მღვიმეებში.

მჯერა, ასი წლის მერე

ყველა სამოსან მესამეკლასელს შეეძლება ადამიანის გაცოცხლება,

რაც განმარტავს მომავალს,

როგორც სრულიად მოწესრიგებულს

და მაშასადამე, სრულიად აუტანელს.

მადლობა უფალს.

ადამიანის თმები და ფრჩხილები

მისი სიკვდილის შემდეგაც იზრდება,

ყოველი ნაწილი მთელის ბუნებას ამხელს,

უკვდავება შესაძლებელია

მადლობა უფალს.

ვინ არის ღმერთი, მე არ ვიცი,

მაგრამ ის ჩანს ჩემს სუნთქვაში

მადლობა უფალს.

დარწმუნებული ვარ, ღმერთი უარს იტყვის

რეპრეზენტაციის კლასიკურ ფორმებზე

და მეორედ მოსვლისას შესაძლოა ლიმუზინით გამოგვეცხადოს,

როგორც რობერტ დე ნირო ან ლედი გაგა

მადლობა უფალს.

ყოველივე ეს ესთეტიკურს გახდის აპოკალიფსს

რაც, რა დასამალია და,

ყოველთვის აკლდა ესქატოლოგიურ პასაჟებს.

მადლობა უფალს.

ესთეტიკა სიამოვნებაა,

სიამოვნება მოწყვლადია,

რაც მოწყვლადია, ლპება,

რაც ლპება, კვდება,

რათა ხელახლა მოვიდეს

და მეტემფსიქოზის მოყვარულები აროკოს

ხელახალი სიკვდილის სიხარულით

მადლობა უფალს.

 

 

იაკობის (.) კონდაკი 5

 

გახედო ქუჩას, როგორც ბრძოლის ველს,

რომლის მიღმაც უნდა განავრცო მზერა და აზრი

და ხედავდე ულამაზეს გოგონას,

თეძოებით რომ მოაგორებს

ათას დაჟინებულ მზერას და სურვილს,

მადლობა უფალს.

ზემოკლე კაბა, უფრო სწორად, ქვემოკლე კაბა

[„უნდა არსებობდეს რაღაც შინაგანი კავშირი

ფიქრს, სიტყვასა და გარეგან

ობიექტს შორის.” (იხ: ვივეკანანდას ჩანაწერები)]

მრგვალი ტაკო, მმმმმმმ... მრგვალივე ძუძუ...

და მეტს უკვე ვეღარ ითმენდე

და შერბოდე ტუალეტში აგზნებული და ელვაშეხსნილი

რადგან, ცნობილი ამბავია,

არის ჟამი გროვებისა და

არის ჟამი ნთხევისა

მადლობა უფალს.

 

 

იაკობის (.) იკოსი 5

 

მზე იყოს ჯერ კიდევ შუბის ტარზე

და შიმშილის ანჩხლი კატა

დარბოდეს კუჭში

და კლანჭებით სერავდეს მუცელს

მადლობა უფალს.

თქვა „საჭმელი“ და აღმოცენდეს უხვი ხორაგი,

წარმოსახვა რეალურია,

საკვები – გემრიელი.

მადლობა უფალს.

ვინ  გამოიტყვის შენს სიხარულს?

კბილები ჯარისკაცებივით მწყობრად მოძრაობენ

და ტკვერავენ

მორიგ მსხვერპლს,

(ვთქვათ, ეს იყოს დეკეულის ხორცი.

და ვთქვათ, ერქვას დეკეულს „მარიანა“

და ცურს დროშასავით მოაფრიალებდეს

მადლობა უფალს.

 

 

იუდას წარმოსახული კონდაკი 6

 

ჯდე ინახად და წვიმდეს საჭმელი.

(კულინარიული ონტოლოგია ეს საერთოდ ცალკე დარგია)

ოი შემწვარი ჯიხვი, ოი ქაბაბი, შაშხი, ლორი. ოი ლორი

ოი პაშტეტი, ღორის ენა, ათასგზის ოი

ცვრიანი სუკი, ოი სუკი, ოი უფალს,

ბიოეთიკა არ იძლევა წარმოსახვის უზომოდ გაშლის საშუალებას.

ოი ბიოეთიკა, ოი ღომი, ოი ელარჯი,

ოი ქათმის რაგუ ქოთანში, ოი ლობიო ქოთანში, ოი ოი ვაი პელმენი ქოთანში

ფსიქოანალიზური გააზრებით, ქოთანი დედის საშოა,

რომელშიც პრეემბრიონული მოგონებები პროეცირდებიან,

ქოთნიდან ხვრეპა კუნილინგუსია, ინცესტის არომატით

ოი არომატი ოი ვაზის ტოლმა ოი ხინკალი მოხეური და

ოი ოსტატის მოხვეული და

ზედ ჭაჭა–რაჭას ბოცეული და...

სულ ერთი წამით წარმოიდგინეთ,

მაჯებისკენ დაძრული ხინკლის წვენის ტრაექტორია,

შეფარდებული მისსავე სურნელთან,

რითაც, რასაკვირველია, არ მიიღება ოი მათემატიკური მუდმივა,

მაგრამ მიიღება ოი ოი ოი მუდმივი სიამოვნება.

მადლობა უფალს.

ოი უფალს

სამგზის ოი

მწვადგზის ოი უფალს

 

 

იუდას იკოსი 6

 

თვითდიაგნოზიც გამოსავალია:

ამფეტამინი და მეტამფეტამინი

დღეში ორჯერ.

მადლობა უფალს

დიაზეპამი და ტიზერცინი დღეში სამჯერ

სამგზის მადლობა უფალს

უკუჩვენებები:

დახურულკუთხოვანი გლაუკომა

მადლობა უფალს.

პარკინსონი

მადლობა უფალს.

გაფანტული სკლეროზი

მადლობა უფალს.

მიასთენია

მადლობა უფალს.

ჰემიპლეგია

მადლობა უფალს.

ჰიპოტენზია

იშემია

პორფირია

მადლობა უფალს.

 

 

მათეს კონდაკი 7

 

მე გავრბოდი,

გავრბოდი ყველა მოსალოდნელი ბედნიერებისგან,

მადლობა უფალს,

და ყველა ლექსში ვადასტურებდი,

რომ

პოეზია, რომელიც არაა მათემატიკაზე ოდნავ ზუსტი,

ნაგავია.

მადლობა უფალს.

სიყვარული, რომელიც არაა სახიფათო,

სახიფათოა.

მოძრაობა, რომელიც არაა კატასტროფული,

უსარგებლოა

ფუჭი ილუზიების კონვეერია

გაზარდე ეჭვი შენს თავში,

რწმენა მხოლოდ ასე მიიღწევა.

მადლობა უფალს.

 

 

იხ. გაგრძელება - ნაწილი მეორე