საფლავიდან საგანგებოდ ჩვენთვის წამომდგარი რომეო და ჯულიეტა
ლაშა ჩხარტიშვილი
 
თარიღი: 26/10/2012
კატეგორია: რეცენზია

 

 

 

 

@ ლაშა ჩხარტიშვილი

 

 

საფლავიდან საგანგებოდ ჩვენთვის წამომდგარი რომეო და ჯულიეტა

 

 

რა უცნაურია, შექსპირის 37 პიესიდან ქართულ თეატრში ყველაზე პოპულარული  სამი პიესაა: „ჰამლეტი“, „რომეო და ჯულიეტა“ და „მეფე ლირი“. ეს ის სამეულია, რომელიც ყველაზე ხშირად არის დადგმული ქართულ სცენაზე, ასეთი იყო სტატისტიკა ყოველ შემთხვევაში 2011 წლამდე, მაგრამ ბოლო პერიოდში „რომეო და ჯულიეტა“ დაწინაურდა და სადაცაა  უკან „ჩამოიტოვებს“ „ჰამლეტს“ (მით უმეტეს, თუკი ამ სიაში მიხეილ მარმარინოსის „R+J მესამე განზომილება ბედისწერა დაბნეულია“ შევიტანთ).  

 

სულ მიკვირს იმ რეჟისორების გამბედაობის, რომლებიც მრავალგზის (თანაც წარმატებით) თეატრსა თუ კონოში განხორციელებულ-გაცოცხლებულ ტექსტს ეჭიდებიან, მაშინ როცა მაგალითად, იგივე შექსპირის რამდენიმე პიესა ჯერაც არ გაცოცხლებულა ქართულ სცენაზე. პრინცპიში, ჩემი, როგორც კრიტიკოსის, ეს რა საქმეა. ვისაც რა სურს და რამდენჯერაც უნდა ის უნდა დადგას. ჩვენი საქმე შემოთავაზებული ვერსიის გაანალიზებაა.

 

ბუნებრივია, შექსპირი ათასგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და თვით თეატრი, რომელიც ტოტალურ პირობითობას იტანს, ყველაფრის გათამაშება შეიძლება. თეატრი მშვენივრად „ითავსებს“ „ვითომ-ვითომს“ და ყოველგვარი კანონებისა და ჩარჩოების ნგრევა-მსხვრევას, მაგრამ ვერ იღებს არათანმიმდევრულობასა და ულოგიკობას. არც მე ვარ წინააღმდეგი სიახლის შემოტანის, სრული თავისუფლების და ბოლომდე „გაფრენის“ ხელოვნებაში. ჩემთვის სულერთია სად გაითამაშებს თეატრი „რომეო და ჯულიეტას“ უდაბნოში, სასახლეში, მორგში, ტბაზე თუ ზეცაში... არც ეპოქის შეცვლაა დანაშაული ჩემთვის, მაგრამ ერთიანი ლოგიკა და თანმიმდევრულობა კი აუცილებელიცაა, მით უმეტეს, როცა კლასიკურ სიუჟეტს დგამს რეჟისორი, ამბავი უნდა მოხდეს (ეპიზოდების შეკვეცის შემთხვევაშიც კი).

 

 

ამხელა „პრელუდია“ იმიტომ დამჭირდა, რომ  გესაუბროთ ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრში დავით მღებრიშვილის მიერ განხორციელებულ შექსპირის „რომეო და ჯულიეტაზე“, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი იდგმებოდა და რომლის პრემიერაც გასულ სეზონში უნდა შემდგარიყო. თუკი პიესა არ წაგიკითხავთ, გირჩევთ გადახედოთ, თორემ ვისაც არ წაუკითხავს, ალბათ, სპექტაკლის სანახავად მისულს გაუჭირდება სიუჟეტის გაგება. 

 

რეჟისორ დავით მღებრიშვილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიდგომა შექსპირის „რომეო და ჯულიეტასთან“ ის იყო, რომ რეჟისორმა განიზრახა ახალი თარგმანის შესრულება. ყოველი ათი წლის შემდეგ ენის ნორმები ძველდება და ენა მუდმივ ცვლადობას განიცდის. ქართული თეატრის ისტორიაშიც ბევრია შემთხვევა, როცა რეჟისორის დაკვეთით პიესის ახლებური თარგმანები სრულდება, მაშინაც კი, როცა ის გენიალურ მთარგმნელს ივანე მაჩაბელს ეკუთვნის. ასე მოიქცა გასულ საუკუნეში მიხეილ თუმანიშვილი, როცა შექსპირის პიესები ვახტანგ ჭელიძეს ათარგმნინა, ახალ თარგმანს აკეთებდნენ  რობერტ სტურუა და ლილი ფოფხაძეც, ეს ტრადიცია დავით მღებრიშვილმა ნინო კანტიძესთან ერთად გააგრძელა, მაგრამ ვერც დავით მღებრიშვილი აღმოჩნდა რობერტ სტურუას დონეზე და ვერც ნინო კანტიძე ლილი ფოფხაძის სიმაღლეზე. ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად მაყურებელს „გეხამუშება ყურში“ ეს სწორედ ახალი ტექსტია. „რომეო და ჯულიეტას“ შემთხვევაში ეს პროცესი სარისკოცაა და საფრთხილოც, რადგან შექსპირის ჭელიძისეული თარგმანის ტექსტის პწკარედები მაინც ყველამ ზეპირად იცის და არც იმდენად მოძველდა, რომ წარსულს ჩავაბაროთ.

 

დავით მღებრიშვილის „რომეო და ჯულიეტა“ პესიმისტურ, სასოწარკვეთილ ატმოსფეროში მიმდინარეობს, ამ განწყობას თამარ ოხიკიანის კოსტიუმებიც ამძაფრებს, რომელთა უმრავლესობა შავ ფერებშია გადაწყვეტილი. სხვათაშორის თამარ ოხიკიანის მიერ სივრცის გადაწყვეტა ორიგინალურია და ლოგიკას დაქვემდებარებული. დაძაბულ ატმოსფეროს საბა ჯოჯუას მუსიკალურ-ხმოვანი რიგი კიდევ უფრო ამძიმებს, რომელიც ფონად გასდევს მონოლოგებსა და დიალოგებს. ამას ემატება ისიც, რომ მოქმედება მორგში ხდება, პიესის მთავარი გმირების უმრავლესობა გარდაცვლილია. მათ „აკლდამებს“ კი ძიძა, რომელსაც ნანკა კალატოზიშვილი ასრულებს, საგანგებოდ უვლის. სხვათაშორის, ნანკა კალატოზიშვილის გმირს პირი აქვს აკრული, როგორც ჩანს, ის რაღაცას აპროტესტებს და ამას დუმილით გამოხატავს, მაგრამ ეს პრინციპი ირღვევა, როცა ის დიალოგებში ერთვება. ამით აზრი ეკარგება იმ ხერხს, რომლის მიხედვითაც ძიძამ არ უნდა ილაპარაკოს. არადა აშკარაა ფორმა, რომელიც რეჟისორმა შემოგვთავაზა-რომეო და ჯულიეტას ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას სწორედ ძიძა-ნანკა კალატოზიშვილი გვიყვება. რაც შეეხაბა თავად მსახიობს, ის სულ სხვა ამპლუაში წარსდგა, ასე ტრაგიკულად გააზრებული ძიძა ქართულ თეატრში აქამდე არ ყოფილა. ამ პერსონაჟს მსახიობები ძირითადად კომიკურ-გროტესკულ ხერხებში ხატავენ და მის ტრაგიკულ მოტივაციას და შეგრძნებებს გამორიცხავდნენ, ნანკა კალატოზიშვილმა კი პერსონაჟის ის მხარე გამოკვეთა, რომელიც აქამდე შეუმჩნეველი იყო.

 

 

განსხვავებულად და არატრადიციულად გააზრებულია გრაფი პარისის მხატვრული სახეც, რომელსაც იმედა არაბული ასრულებს. მისი გმირი არაცალხაზოვანია, არც მიამიტი და მოკრძალებული, როგორც მას ტრადიციულად თამაშობდნენ. ის საკმაოდ გავლენიანი გრაფია, შესაბამისად თავდაჯერებული და წარმატებული, გაზულუქებული ჩინოვნიკი, რომელიც ფაქტიურად ყიდულობს ჯულიეტას. საინტერესოა დავით ბეშიტაიშვილის მერკუციო, რომელიც ზუსტი ინტონაციიებით და მოკრძალებული მიმიკა-ჟესტიკულაციით ახერხებს მერკუციოს ირონიულობისა და იუმორის გრძნობის გამოხატვას, განსხვავებულია ანუკა გრიგოლიას ჯულიეტაც, რომელიც ერთო მორიდებული ყმაწვილი გოგო კი არ არის, არამედ აქტიური და საკმაოდ გაბედული, თუმცა არა ისეთი თამამი და ძლიერი, როგორიც ია სუხიტაშვილის ჯულიეტა იყო გიორგი მარგველაშვილის სპექტაკლში. ანუკა გრიგოლიას ჯულიეტა უფრო პეპის ჰგავს, ვიდრე რომეოზე გიჟურად შეყვარებულ ჯულიეტას. საერთოდ ამ ორ პერსონაჟს შორის ძლიერი სიყვარული სპექტაკლში დაკარგულია, სიყვარულის შესახებ მხოლოდ ტექსტიდან ვიგებთ და არა მსახიობთა თამაშიდან. რომეოს (სანდრო დავითაშვილი) და ჯულიეტას (ანუკა გრიგოლია) სიღრმე აკლიათ, ამიტომაც მათი პერსონაჟები ზედაპირულებად გამოიყურებიან. გული მწყდება ნიჭიერ ახალგაზრდა მსახიობზე თორნიკე გოგრიჭიანზე, რომელმაც დავით დოიაშვილის სპექტაკლში მაკბეტის როლი ჯერ კიდევ სტუდენტმა შეასრულა და ეს ურთულესი ამოცანა წარმატებით დასძლია. ჩემი გულისწყვეტა იმაში გამოიხატება, რომ სერიალებში ინტენსიურმა მონაწილეობამ მას, როგორც მსახიობს, გარკვეული დაღი დაასვა-მსახიობი დაბალ რეგისტრში მეტყველებს და მისი ხმა არ ისმის.

 

 

საერთოდ, სპექტაკლი განტვირთულია ემოციურობისა და გრძნობებისაგან, ურთიერთობები და დამოკიდებულებები ხისტია და მშრალი. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რეჟისორს სურს გვიჩვენოს ჩვენი საზოგადოების გულგრილობა, ზედაპირულობა. სპექტაკლის ფინალური სცენის შემყურე ვფიქრობდი: ნუთუ ასეთი უგულოები და უემოციოები გავხდით, რომ არც კი ვტირით უახლოესი და უსაყვარლესი ადამიანების გარდაცვალების გამო-თქო.

 

სიკვდილი დავით მღებრიშვილის „რომეო და ჯულიეტას“ რედაქციის მთავარი კონცეფტია. სიკვდილის შვილები ვართ ყველანი. ამ იდეის თეატრალურ ენაზე გაცოცხლებას დავით მღებრიშვილი შეეცადა, თუ როგორ უკვე გიამბეთ, მაგრამ მგონი, მაინც სჯობს თავად ნახოთ სპექტაკლი და თქვენეულად შეაფასოთ მუსიკისა და დრამის თეატრის ახალი ნამუშევარი.