შეცდომების გასწორება - წერილი ჯონ მაუსს
ერეკლე დეისაძე
 
თარიღი: 29/10/2012
კატეგორია: სტატია


 

 

@ ერეკლე დეისაძე

 

 

შეცდომების გასწორება - წერილი ჯონ მაუსს

 

 

პირველად შენი მუსიკა ბესიკ კაპჭელაშვილმა მომასმენინა. სიმღერას Believer ერქვა და მისამღერში განწირული ხმით ამბობდი: „They call me the believer!’’   

 

მოგვიანებით შენთან გადაღებული ფოტო მაჩვენა: შენს მოსასმენად სტამბულში ჩამოვიდა და ფოტოს გადაღებაც მოახერხა. ძალიან შემშურდა. არა მარტო ბესკასი, ყველა იმ ადამიანის რომლებსაც საშუალება ეძლევათ სცენიდან ცოცხლად გაიზიარონ შენი ენერგია. ყველა შენი ლაივი მშობიარობას ჰგავს. მშობიარობის შემდეგ კი ისევ ახალი ენერგია იბადება, რომელიც სექსუალური უმცირესობების უფლებებზე მღერის, კიდევ მანიაკზე, მოლიზე, ღმერთთან სექსზე და ა.შ.

 

( ახლა ჩვენი დროით 1:09 საათია. ამ წერილს ჩემი ცოლის ლეპტოპიდან გწერ, სანამ მოწერას დავიწყებდი, თავისი დაქალის ისტორიას მიყვებოდა. ეს წუთია ვუსაყვედურე, ხელს ნუ მიშლი მეთქი, მან კი ნიშნისმოგებით მიპასუხა, მე შენს გვერდით ვწევარ, შენ კიდევ ვიღაც ჯონს წერ სასიყვარულო წერილსო. )

 

ახლა იმაზე პატარა ვარ ვიდრე სინამდვილეში, თოთხმეტი წლის თინეიჯერი გოგონას დღიურს ვგავარ, რომელიც ბანალური ფრაზებითაა სავსე. ხოლო მეგობრების მიუხედავად ერთადერთ მესაიდუმლედ ფურცელი დარჩენია. ერთმა გოგონამ შენზე მითხრა, როდესაც სცენაზე გაოფლილს ვხედავ, მეც ვსველდებიო. რაღა დაგიმალო და საპირისპირო სქესის რომ ვიყო ალბათ იგივე დამემართებოდა. გიორგი ხასაიამ მითხრა, იან კერტისის განახლებული რეინკარნაციააო. ჩემს მეგობრებს ვიკიპედიის ჯერათ და შენს მასწავლებლად არიელ პინკს მიიჩნევენ, მაგრამ მე გიოს დავეთანხმები და გავიმეორებ რომ შენი მუსიკის საწყისის Joy Division-ია.

 

შვებულებიდან დაბრუნებულ ღმერთს, კერტისი ჩამომხრჩვალი დახვდა, რის გამოც ძალიან დაღონდა, ეს მისი ცხოვრებაში ყველაზე დიდი კარიერული შეცდომა იყო. მაგრამ ღმერთის შეცდომა 2007 წელს შენ გამოასწორე. სწორედ ამ წელს გამოიცა შენი ალბომი - Love Is real, რომელიც კრიტიკოსებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. თუმცა შევეცი კრიტიკოსებს, მთავარი ისაა რომ Joy Division- ის Unknown Pleasure -ის შემდეგ  Love Is Real   ჩემს საყვარელ ალბომად იქცა.

 

 

 

რამდენიმე დღის წინ, ,,არტარეაზე’’ ნაფტამ ბლოგი გამოაქვეყნა სახელწოდებით ,,მუსიკის ბინძური კლასიკოსი’’ სადაც მისი საყვარელი პიტ დოჰერტის შესახებ წერდა. როდესაც ბლოგი წავიკითხე, მივხვდი რომ მეც უნდა დამეწერა შენზე რამე, ჩვეულებრივ ბიოგრაფიულ მონაცემებს დაინტერესებული მკითხველი Google-ის მეშვეობითაც მოიძიებს, მე ამ ყველაფრისთვის განსხვავებული ფორმა მინდოდა მიმეცა და საბოლოოდ ასეთი შევარჩიე.

 

ლევან ძნელაძემ ,,პრაიმ ტაიმთან’’ ინტერვიუში, რომელიც თანამედროვე ქართველ მუსიკოსებს ეხებოდა, ჩემზე თქვა ჯონ მაუსის გავლენა აქვსო. სხვათა შორის, რამდენიმე კონცერტზე  შენი ყველაზე ცნობილი სიმღერა Believer ქართულად შევასრულე. შევეცადე, ტექსტი ისე მეთარგმნა, რომ  მთავარი აზრი არ დაკარგულიყო. მგონი მოვახერხე, რადგან როდესაც ამ სიმღერას ვმღერი, მსმენელთა რეაქცია ზედმეტად ბუნებრივი და ცოცხალია, თუმცა ეს რაღათქმაუნდა შენი მუსიკის დამსახურება უფროა ვიდრე ჩემი შესრულების.

 

არც ისე დიდი ხნის წინ, მე და ჩემმა მეგობრებმა ფეისბუქზე გვერდი შევქმენით John Maus In Tbilisi - ეს არა მგონია ფორმალობად დარჩეს, ვიცი, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში აუცილებლად ჩამოხვალ, ხოლო თუ ამ წერილს დამიწუნებ, შეცდომას მაშინ გამოვასწორებ, როცა პირადად გაგიცნობ. ასე რომ - შეხვედრამდე, ძვირფასო ჯონ.