ჩვენები
ერეკლე დეისაძე
 
თარიღი: 31/10/2012
კატეგორია: სტატია

 

 

@ ერეკლე დეისაძე

 

 

ჩვენები

 

 

(აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ქვემოთ მოყვანილ ტექსტში, საუბარი მაქვს ჟურნალისტებზე რომლებსაც ტელეეკრანებიდან ვიცნობთ )

 

ქართველი ჟურნალისტები პირადად ჩემთვის დაკარგულ ტერიტორიებზე მტკივნეული თემაა. აქ არ გამოგვადგება ,,ყველა ეგეთი არაას’’ პრინციპი. რადგან ამ პრინციპზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის ის პრობლემებია, რომელზედაც არაერთხელ დაწერილა და თქმულა. მაგრამ კულტურული დისკუსიის ფარგლებში. რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ დისკუსიის მომხრე არ ვარ, უბრალოდ პოლიტკორექტულობა ზოგჯერ დამღუპველია და პრობლემას არათუ აგვარებს, უფრო ამწვავებს კიდეც.

 

როცა ჩვენს ჟურნალისტებზე ვფიქრობ, ყოველთვის ელენე ახვლედიანი მახსენდება. შეიძლება ფიქრობთ, აქ ელენე რა შუაშიაო, მაგრამ ძაღლის თავიც აქ მარხია. ვინც არ იცით, შეგახსენებთ, რომ ახლო წარსულში ელენე ახვლედიანის ნახატების გამოფენაზე მისულმა ჟურნალისტმა, რომელსაც გამოფენის შესახებ სიუჟეტის მომზადება ევალებოდა, პირადად ავტორს ეძებდა, რათა მისგან მოკლე ინტერვიუ აეღო.

 

ამ ბლოგში, საკუთარი პრაქტიკის გათვალისწინებით, შევეცადე  რამდენიმე ისეთი შტრიხი გამომეყო, რაც ქართველი ჟურნალისტების საერთო სურათს მოგვცემდა. შესაძლოა ისინი ერთმანეთს ვერც იტანდნენ და ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ბევრი რამ აქვთ საერთო, უფრო ზუსტად კი ისინი თითქმის ერთნაირები არიან. როდესაც მათ ინტერვიუებზე ვთანხმდები, მე ვფიქრობ მათ გარეგნობაზე, რადგან არაფერი ისე არ აშიშვლებს ქართველ ჟურნალისტს, როგორც სექსზე და რელიგიაზე საუბარი, ისინი პლასტელინივით არიან, თუ შეეხები შენთვის სასურველ ფორმას მისცემ.

 

ერთხელ ერთ-ერთი ყვითელი გამოცემის ჟურნალისტმა, სრულიად სერიოზული სახით მკითხა: ,,თქვენს ნაწარმოებებს ძირითადად ღამის საათებში წერთ თუ დღისით?’’

 

ხანდახან ისინი დეფის ლექსებზე უფრო სასაცილოები არიან და უფრო ბუნდოვანები, ვიდრე რამდენიმე ქართველი ფემინისტი.

 

მათ პროფესიონალიზმზე სადაო მათი გემოვნებაა. ხანდახან ფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ასაკში შეუძლია გახდეს ჟურნალისტი, თანაც წარმატებული. ვინაიდან ქართველი ჟურნალისტი, თავისთავად ნიშნავს წარმატებულ ქართველს.  

 

გთავაზობთ სქემას, რომლის მიზანია, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერმა მსურველმა შეძლოს ქართველი ჟურნალისტის ამოცნობა.

 

1. ვიდრე კითხვას დამისვამს, ჩემგან პასუხს ითხოვს, უკეთეს შემთხვევაში, შეკითხვასაც თავად ვკარნახობ.

2. მოუსვენარია, არ იმჩნევს, რომ პროფესიონალიზმის ნაკლებობა აქვს, ამიტომ ბევრს ეწევა და ნაფაზებს შორის ხმაურიან ყლუპებს აკეთებს.

3. აუცილებლად მეკითხება ისეთ გადაღეჭილ თემაზე, როგორიცაა ავადსახსენებელი “საიდუმლო სირობა”. მეკითხება არა იმიტომ, რომ ხალხს აინტერესებებს, უბრალოდ სხვა შეკითხვა ვერ მოიფიქრა.

4. აცვია დახეული ჯინსები და უჩანს სოლარიუმში გაშავებული მუხლისთავები.

5. ახსენებს რამდენიმე თანამედროვე უცხოელ ავტორს, რომლის ტექსტებიც არ წაუკითხავს, უბრალოდ უთხრეს სკანდალურიაო და ამანაც “ვიკიპედიაში” გადაამოწმა.

6. ტელეფონის ზარზე ლედი გაგას სიმღერა დააყენა, რათა თავი თანამედროვე სამყაროს ნაწილად იგრძნოს. არსებობს მეორე კატეგორია - ზეაღმატებულები, რომლებსაც თუ ტელეფონის ზარით ვიმსჯელებთ კლასიკურ მუსიკაზე  ეკეტებათ ჭკუა.

7. ის ყოველთვის შეყვარებულია, მამაკაცზე ან შინაურ ცხოველზე, რომელიც დაბადების დღეზე აჩუქეს და სახლში ზრდის.

8. მას არასოდეს უნახავს რობიკო სტურუას სპექტაკლები, თუმცა თვლის, რომ დიდი რეჟისორია.

9. როგორც ყველა ქართველმა, ზეპირად იცის ,,ვეფხისტყაოსნის’’ პირველი სტროფი.

10. ფეისბუქზე დალაიქებული აქვს ფეიჯი ,,მე მიყვარს პატრიარქი’’.

 

p.s. გადამოწმებული ჭორის მიხედვით, ახლო მომავალში პროექტ ,,ცეკვავენ ვარსკვლავების’’ მაგივრად შესაძლოა იმედზე ახალი შოუ ვიხილოთ, სახელწოდებით ,,თრთოლავენ ვარსკვლავები’’.