სიზმარში გამოცხადებული რობერტ სტურუა
ლაშა ჩხარტიშვილი
 
თარიღი: 01/11/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

@ ლაშა ჩხარტიშვილი

 

 

სიზმარში გამოცხადებული რობერტ სტურუა

 

 

ჩემი სიზმრები, რომლებსაც იშვიათად ვხედავ, ჟანრობრივად ნამდვილი ფანტასმაგორიაა. წლის განმავლობაში ერთ, მაქსიმუმ ორ სიზმარს ვნახულობ. თუკი ვინმე დამესიზმრა-რატომღაც მხოლოდ თეატრის გამოჩენილი მოღვაწეები მესიზმრებიან ხოლმე (არავითარ შემთხვევაში პოლიტიკოსები). ერთხელ  ვასო ყუშიტაშვილი მესიზმრა (ალბათ მის შთამომავლებს არ ესიზმრებიან და რაღა მაინც და მაინც მე გავახსენდი?!), ერთხელაც თამარ წულუკიძე (სულ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით „მეცხადება“). ერთადერთი ცოცხალი ვინც მესიზმრება ეს რობერტ სტურუაა, რომელიც უკვე სამჯერ ვნახე სიზმარში.

 

პირველად, 2006 წელს, მასთან რეალური შეხვედრის წინა ღამეს, როცა მე და ჩემი კოლეგა-მეგობარი, ნერობ ანულაძე, ბათუმში სასტუმრო „ალიკში“ გაუფრთხილებლად ვესტუმრეთ და თეატრმცოდნე ნოდარ გურაბანიძის სარეკომენდაციო წერილი თეატრში  ჩვენს სამუშაოდ მიღებასთან დაკავშირებით გადავეცით. სიზმარი მეორე დღესვე სრული სიზუსტით აღსრულდა. ერთ კვირას დავეძებდით (თეატრში, რესტორანში, ქუჩებში) მაესტრო სტურუას და როგორც იქნა, მხოლოდ სასტუმროში „გამოვიჭირეთ“.

 

მეორედ რობერტ სტურუა, 2011 წლის აგვსიტოში მესიზმრა, სიზმარი დაახლოებით ასე განვითარდა: თითქოს, ბატონმა რობერტმა შემდეგი შინაარსის SMS გამომიგზავნა: „ისეთი საშინელი ხილვები მაქვს, რომ ... არ ვიცი... არც არავის ვუმხელ! ილევა ჩემი ცხოვრება თეატრში, ამ სიძვის და სიწმინდის ტაძარში! დამჭკნარ ნაცრისფერ სივრცეში სადღაც შორს ეკლესიის სევდიანმა ზარმა ამოიოხრა...“. დილით გაოცებული ვერაფრით ვხსნიდი სიზმრის კონტექსტს. შუადღისას უკვე გავიგე, რომ რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბუნებრივი რეაქცია მქონდა - მეწყინა, გავბრაზდი და სახელდახელო სტატიაც „სტურუას ახდენილი ოცნება“ დავბეჭდე “netgazet.ge”-ში, თუმცა დიდი რეჟისორის არც ერთ  მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობა არ მიმიღია. ფიცი მაქვს დადებული-აქციებში არ მონაწილეობაზე.  

 

 

ამის შემდეგ, რობერტ სტურუას ბევრჯერ შევხვდი, მაგრამ სიზმარში კარგა ხანია არ მინახავს, თუ არ ჩავთვლი, გასულ კვირას მის კიდევ ერთ ახალ და უცნაურ „გამოცხადებას“.  შესაბამისად, არ ვიცი ეს სიზმარი როგორ ასრულდება, ამიტომ ცოტას ვნერვიულობ კიდეც.

 

სიზმარში რობერტ სტურუას, ამჯერად ვეებერთელა უცნაურ შენობაში შევხვდი, ეს არც თეატრი იყო და არც ქარხანა, მაგრამ რაღაც მისტიკური შენობა კი იყო- თეთრი და მაღალჭერიანი გაშლილი სივრცე. მაესტრო ენერგიულად, ჯანმრთელად  და რაღაცნაირად შემოქმედებითად ანთებულად გამოიუყურებოდა, თან მგონი ტკბილეულს შეექცეოდა. ჩვენ შორის (თუ კარგად მახსოვს) ასეთი დიალოგი გაიმართა:

 

- მოგწონს?

 

- ძალიან, სად ვართ?

 

- „რუბიკონში“

 

- და მერე აქ რა არის?

 

- ბიძინა ივანიშვილმა ჩემთვის ააშენა ახალი კულტურის ცენტრი, თავიდან ვფიქრობდით, რომ ყოფილიყო პატარა სცენა, სადაც სპექტაკლებს დავდგამდი, მაგრამ ახლა როცა მშენებლობა მთავრდება, ჩვენ მივიღეთ სივრცე, სადაც შეიძლება ჩატარდეს გამოფენები, კონცერტები, ახალგაზრდებმა წარმოადგინონ თავიანთი შემოქმედება...

 

- ძალიან მაგარია ბატონო რობიკო, ამას რა სჯობს. აუ, რამდენ რამეს გააკეთებთ აქ, ნებისმიერ ექსპერიმენტს განახორციელებთ, ახალ სივრცეში ახალი იდეები, ახალი თეატრალური  ფორმები გაჩნდება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება თქვენს შემოქმედებაში, სრულიად განსხვავებული. აქაურობას  „რუბიკონი“ დაარქვით?

 

- ვფქირობ. მოგეხსენება იულიუს კეისარმა რომზე გალაშქრებამდე პატარა მდინარე გადალახა, რომელსაც რუბიკონი ერქვა. ჩვენც გადავლახეთ ჩვენი რუბიკონი და ახალ რეალობაში შევედით. ამიტომ მომივიდა აზრად, რომ კულტურის ცენტრს „რუბიკონი“ დავარქვა.

 

 

- აჰ, გასაგებია, მაგრამ „რობიკონი“ რომ ერქვას თქვენს ცენტრს არ სჯობს? პირდაპირ თქვენს სახელთან ასოცირდება  და სამომავლოდაც დარჩება, თან კონცეპტის მატარებელია. აგერ ახმეტელზე დიდი რეჟისორი არ გვყოლია და მისი სახელობის თეატრი ქალაქის გარეუბანშია, თქვენ კი შანსი მოგცემიათ სიცოცხლეშივე ახალი თქვენი თეატრი გქონდეთ, თანაც ქალაქის ცენტრში. როდის მოიცლიან ქათველები კიდევ ახალი თქვენი სახელობის თეატრის ასაშენებლად?! ეგ ღმერთმაც არ უწყის. არადა, რობერტ სტურუას თეატრი რომ არ არსებობდეს თბილისში არ შეიძლება! თეატრი - რობიკონი!... თანაც ასეთი პრეცედენტები ხომ არსებობს თეატრის ისტორიაში?

 

- ხო, არ ვიცი, კი როგორ არ არსებობს, მაგრამ... ნუ ჩქარობ, ეს გურული ტემპერამენტი დაიოკე, ისტორიას ნუ წერ დღესვე და ნუ ცდილობ პროცესების დაჩქარებას!!!

 

- აბა რუსთაველში დაბრუნდებით? ისტორიის ტრადიციულობის დარღვევა გინდათ? თქვენი ცხოვრება და შემოქმედება უკვე ლეგენდაა ქართული თეატრის,. უკვე შექმნილია დრამატულ-ტრაგიკული ისტორია, ხალხისთვის  თქვენ უკვე გმირი ხართ და ამ ისტორიის გაფუჭება გინდათ? 21-ე საუკუნეში მოხდა პრეცედენტი იმისა, რომ არ გაუწიეს არავითარი ანგარიში თქვენს ავტორიტეტს, დამსახურებას ქართული თეატრის მიმართ და მთავრობამ (და არა თქვენმა კოლეგებმა, მოწაფეებმა, დასმა როგორც თქვენი წინამორბედები) გაგათავისუფლად რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან, ისე როგორც ახმეტელი, ეს ხომ სხვას არავის ღირსებია, მხოლოდ ლეგენდარულ სანდრო ახმეტელს და თქვენ, აგერ დღეს, 21-ე საუკუნეში შეუძლებელი და დაუშვებელი რომ ეგონა ყველას... თქვენ ხომ ის იშვიათი გამონაკლისი ხართ, როცა რეჟისორი თეატრიდან მიდის არა დასის, არამედ მთავრობის გადაწყვეტილებით?!

 

- ეს ძალიან სერიოზული საკითხია, თუ დავბრუნდები, უნდა დავბრუნდე ახალი იდეებით, ახალი მოთხოვნებით. კარგად უნდა ავწონ-დავწონო ყველაფერი. თუ დავბრუნდები, თეატრი უნდა დავშალო და ყველაფერი თავიდან დავიწყო. ხალხი, რომელიც არ არის გამოსადეგი უნდა გავუშვა... ახალი დინება უნდა შეიქმნას რუსთაველის თეატრში, ეს კი ძალიან რთულია, მაქვს ამის ძალა?

 

- ძალა როგორ არ გაქვთ, მაგრამ არ სჯობს ეს ენერგია აქაურობას მოახმაროთ, რაღა რუსთაველის თეატრის დაშლაზე და მერე ხელახლა აღორძიენაბზე ხარჯავთ ენერგიას? ის მსახიობები თუ უნდა შეცვალოთ, განა თქვენი შერჩეული, შემდეგ გამოზრდილი არ არის ყველა, მათთან ერთად არ შექმენით მნიშვნელოვანი ეტაპი რუსთაველის თეატრში? თანაც მათ ხომ ძალიან უყვარხართ, ისინი ხომ ბევრი წყენის და გულისტკივილის მიუხედავად თქვენი მტრები არასდროს გამხდარან? (არადა რა უცნაურია მსახიობისგან ეს)

 

 

 

როგორც ყველა სიზმარი, ჩემიც კულმინაციის დროს შეწყდა და გამომეღვიძა. ტელეფონში რობერტ სტურუას SMS დამხვდა: „ჩხარტიშვილი გასალახი ხარ, მაგრამ ჯერ ქართველი რეჟისორები, მერე სრულიად ქართული თეატრი და ბოლოს შენ თავის დისტ...ბით. ვხუმრობ! გილოცავ ღირსი ზენონ იყალთოელის ხსენების დღეს, გურულო!“

 

ნეტა ეს სიზმარი ან ეს SMS რას უნდა ნიშნავდეს?   

 

P.S. თუ ვინმეს სიზმრის ახსნა შეუძლია აქვე მომწეროს

 

ფოტო: რობერტ სტურუას Facebook-იდან

ფოტოკარიკატურები: გურიჩასი