კიოლნი - პარფიუმერიის და წვიმის ქალაქი
გაგა ლომიძე
 
თარიღი: 02/11/2012
კატეგორია: სტატია

 

@ გაგა ლომიძე

 

 

კიოლნი - პარფიუმერიის და წვიმის ქალაქი

 

 

კიოლნში მატარებლით ჩავედით. ცენტრალურ სადგურიდანვე დიდი წარწერა დაგვხვდა: Kölnisch Wasser - თითქოს მიგვანიშნებდა, რომ პარფიუმერიის ქალაქში მოვხვდით.

 

 

 

 

პარფიუმერიაზე და პარფიუმერზე შეიძლება ზიუსკინდის რომანი და ამ რომანის მიხედვით გადაღებული, ტომ ტიკვერის ფილმი “პარფიუმერი” გაგახსენდეთ, მაგრამ “კიოლნის წყლის”, ანუ ოდეკოლონის (Eau de Cologne) (როგორც მას უწოდებენ კიოლნში და საიდანაც მომდინარეობს მამაკაცების სუნამოს სახელი) ისტორია სულ სხვაგვარია - უფრო ბედნიერი ფინალით და ის 1709 წლიდან იწყება, როდესაც წარმოშობით იტალიელმა პარფიუმერმა ჯოვანი მარია ფარინამ პირველი სუნამო - ოდეკოლონი დაამზადა. “კიოლნის წყალი” - ეს სახელიც ფარინამ უწოდა თავის ახალ პარფიუმერიულ ნაწარმს. ერთი წლით ადრე, 1708 წელს, ის თავის ძმას წერდა: “სუნამო გამოვიგონე, რომელიც იტალიის შემოდგომის დილას, მთის ნარგიზებს და წვიმის შემდეგ აყვავებულ ფორთოხლის ყვავილს მაგონებს”. ვინ იფიქრებდა, რომ  ცოტა ხანში იტალიელი პარფიუმერის გამოგონება ყველასთვის - მით უფრო ევროპელი მმართველების სასახლეების აუცილებელ ატრიბუტად იქცეოდა. ისევე როგორც ნებისმიერი სიახლე, ოდეკოლონიც თავიდან საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება იყო და მისი ღირებულება ჩვეულებრივი მოქალაქის ყოველთვიური შემოსავლის ნახევარს შეადგენდა.

 

 

 

 

თუკი თავდაპირველი ოდეკოლონის ბოთლს დააკვირდებით, რომელიც დღესაც საკმაოდ წარმატებით იყიდება და ქალაქის სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს, მინაწერს შეამჩნევთ: 4711. ეს იმ დროიდან მომდინარეობს, როდესაც კიოლნში ქალაქის საბჭომ სახლების დანომვრა გადაწყვიტა: ზარების ქუჩის (Glockengasse) 4711 ნომერში იმ დროს ოდეკოლონის მწარმოებელი დაწესებულება მდებარეობდა.

 

 

 

დღეს კიოლნი, როგორც ნებისმიერი სწრაფად მზარდი ქალაქი, სხვადასხვა პერიოდის და არქიტექტურული მიმდინარეობის ნაგებობების გემოვნებიანი ნაზავია. ამ მხრივ არც კიოლნია გამონაკლისი, სადაც თანამედროვე და სიძველე, გოთიკა თუ არ ნუვო ერთმანეთს ორგანულად ერწყმის. კიოლნის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან მოედანზე ამოსულები, პირდაპირ კიოლნის გოთიკური საკათედრო ტაძრის პირისპირ აღმოვჩნდით, თავისი შიშისმომგვრელი დიდებულებით და ჩონჩხებით თუ იმქვეყნიურობის აღმნიშვნელი სიმბოლიკით - თითქოს აქ, კიოლნში სიკვდილიც კი მოიშინაურეს, როგორც ერთადერთი მართალი რამ...

 

 

გარეთ გადაუღებლად წვიმდა, მზის გამოსვლის იმედის ნასახიც კი არ იყო. ამის მერე სულაც აღარ მიკვირს, რომ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანი დეპრესიული გახდეს ან მარტო გრძნობდეს თავს. უმზეობა ამ განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს.

 

ცენტრალური სადგურიდან გარეთ გამოსულებს, კიოლნის წყლის, ანუ ოდეკოლონის რეკლამის შემდეგ, პირდაპირ წვიმა შემოგვეგება. წყალი თან სდევდა კიოლნში მთელ ჩვენს მოგზაურობას. იქამდე, პირველი, რაც ამ ქალაქში დავაგემოვნეთ, წყალი იყო, - ჩვეულებრივი, დასალევი წყალი. პარასკევი დღე იყო, მაგრამ გადაუღებელი წვიმის და უმზეობის გამო, ყველაფერი უხასიათოდ გამოიყურებოდა. მხოლოდ დროდადრო აქეთ-იქიდან იჭრებოდა მკვეთრი სინათლე. ან, ვთქვათ, ჰოჰენცოლერების ხიდთან, კლუბში შესასვლელის რიგში მდგარი, ქალაქივით მრავალფეროვანი ახალგაზრდების ხმაური ერთვოდა წვიმის ხმას. იქვე, სევდიანი, ჩამუქებული რაინის წყალში ჰოჰენცოლერების ხიდი ჩანდა. ხიდთან მასხარის თუ თვითმკვლელის რკინის ქანდაკება მტრედების გარემოცვაში თითქოს რაინის ანარეკლში წამით გაჩერდა და მასთან ერთად, მთელმა დანისლული ქალაქის სანაპირომაც სუნთქვა შეიკრა. თითქოს აქ, კიოლნში სიკვდილიც კი მოიშინაურეს, როგორც ერთადერთი მართალი რამ...

 

 

სიცოცხლის ნიშანს იძლეოდა პატარა, ფერადი ბოქლომებით მორთული ხიდის მოაჯირი, რომლითაც მას შეყვარებული წყვილები რთავენ ხოლმე და ერთმანეთს ამით უმტკიცებენ ერთგულებას; ბოქლომებით, რომლებზეც ზოგჯერ მათი სახელები და გაცნობის თარიღია ამოტვიფრული. ესეც ხომ სიკვდილზე გამარჯვებაა.. ისევე როგორც კიოლნის გოთიკური საკათედრო ტაძრის დიდებულება - ირონია ხილული სამყაროს სიზმარეულობაზე. და იქნებ ამიტომაც არიან ბედნიერი კიოლნში მცხოვრები ადამიანები; ან ამიტომაც იყო, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, კიოლნის საავიაციო დაბომბვის შემდეგ, მთელი ქალაქი განადგურდა, სასწაულებრივად გადარჩენილი საკათედრო ტაძრის გარდა, მაგრამ დღეს აქაურობა სუნთქავს და ცოცხალია. იქნებ ნიცშემ დიონისურის და კვდომა-აღდგომის თუ მუდმივი განახლების მეტაფორაში გერმანული ხასიათი ამოიცნო თუ იწინასწარმეტყველა. დასაწყისში ნახსენები წიგნი “პარფიუმერი” და მისი ეკრანიზაცია იმავე ასოციაციას აღძრავს - პარფიუმერ გრენუისაც ხომ ვნებებით დაბრმავებული ადამიანები აქცევენ ნაკუწებად - სიყვარულით, ინტენსიური გრძნობებით. თან წიგნის ავტორი და ფილმის რეჟისორიც გერმანელია... პარადოქსია, მაგრამ ნიცშეს მოძღვრება, რომელიც გერმანელებისთვის დღეს ასე სათაკილო ნაციზმის იდეოლოგიის ერთ-ერთ საფუძვლად იქცა, თითქოს გერმანულ სინამდვილეში არაერთხელ გამოიცადა...

 

 

 

 

კიოლნის შესახებაც ორგვარი განწყობა გამომყვა - ერთსა და იმავე დროს, დადებითიც და უარყოფითიც. უარყოფითი წვიმების და იმის გამო, რომ პარფიუმერიის ქალაქის სუნის შეგრძნება ვერ შევძელი - ყველა ქალაქს ხომ თავისი სუნი აქვს. ან იქნებ, სულაც, წვიმის სუნია კიოლნის ბუნებრივი სურნელი... არ ვიცი. თან, ვერც ლარს ფონ ტრიერის ფილმის - “ნიმფომანის” გადასაღებ მოედანზე მოვხვდი; ფილმის, რომლის გადაღებებზეც რეჟისორი ნოემბრის დასაწყისამდე კიოლნში იქნება. დადებითი იმიტომ, რომ ადამიანები ბედნიერი ღიმილით იღიმებიან, საკუთარ დღევანდელ და ხვალინდელ დღესაც თვითონ იქმნიან და გეგმავენ, ისევე როგორც გუშინაც თვითონ იქმნიდნენ და გეგმავდნენ საკუთარ წარსულს; იმიტომ, რომ წარსულ შეცდომებზე სწავლობენ და მათთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი სიტყვა “ნაცისტია”; იმიტომ, რომ დღესვე ჩნდება ქუჩებში წარწერები: “კაპიტალიზმი მოკვდა” (Kapitalismus ist tot), რომ ხვალ ათასჯერ გათელილი გზით აღარ იარონ და ძველი შეცდომები არ დაუშვან.