მოციმციმე პატრულის, ცისკრის ვარსკვლავის და სხვათა
ზურა ჯიშკარიანი
 
თარიღი: 05/11/2012
კატეგორია: სტატია

 

 
 
@ ზურა ჯიშკარიანი
 
 
მოციმციმე პატრულის, ცისკრის ვარსკვლავის და სხვათა
 
 
დაახლოებით 4 წლის წინ ჩვენ და მიშა ბახსოლიანი [დაგუგლეთ ეს სახელი და გვარი,დზნ კაი მოთხრობებს გადააწყდებით] პატარა ზღვისპირა ქალაქში ვისვენებდით ერთად, ზაფხული ძალიან მომთენთავი და საამური იყო, მაგრამ უეცრად არვიცი მზის გამო, არვიცი წყლის გამო, რაღაც საოცარი ცვლილება მოხდა ჩვენს ტვინებში... ჩვენ  "საგნების ჭვრეტა" დავიწყეთ, [ასე დაერქვა მერე ამ მოვლენას]. აი ასე პირდაპირ, შეხედავ რამე საგანს და ის გითრევს მთელი ძალით თავის თავში.
-- მიშა ჭვრიტავ? -- ვეკითხები მიშას
 -- ვჭვრიტავ ბიჭო -- მპასუხობს მიშა გაოგნებული სახით.
ამ ჭვრეტის დროს კი წარმოუდგენელი სიხარული და ბედნიერება იღვრებოდა ჩვენს გონებაში იმიტომ, რომ აღმოჩნდა, რომ მთელი სამყარო -- საოცრებების დღესასწაულია. ნებისმიერ ყოველდღიურ მოვლენას თუ ფიქრს -- აღტაცებამდე მივყავდით, მახსოვს საათობით ვიდექით ხოლმე ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან და აღტაცებას ვერ ვმალავდით, ვერც ხმით ვერც ხელით ვერც ფეხით.. ყველაფერი ლამაზი იყო -- ძეგლის პოზა, მალასა რომლითაც ძეგლი იყო გაკეთებული, ცისა და ამწე "კრანების" ფონი მის უკან, თვითონ ეს პიროვნება... გამვლელები გროვდებოდნენ ჩვენს გარშემო და ცოტა ხანში ისინიც ხვდებოდნენ თუ რაზე გვქონდა საუბარი, ვერც ისინი მალავდნენ აღტაცებას,თვითონაც ხდებოდნენ მჭვრეტელები.. მაგრამ ამ დროს ჩვენ უკვე სხვა რამეზე ვიყავით გადართულები -- მაგ. თვალს ვერ ვწყვეტდით იქვე მდგარ პალმას, ან დასათვალიერებლად მივსდევდით პატრულის მანქანას, რომელიც ჩვენს დანახვაზე კიდე უფრო "უჩქარებდა სიჩქარეს", მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, არასოდეს არღვევდა დაწესებულ ლიმიტებს.
 
მოკლედ როცა გავაცნობიერეთ რომ შეიძლება ნებისმიერი ყოველდღიური მოვლენა ასეთი დიდებული იყოს, მაშინ დავფიქრდით რაოდენ დიდებული შეიძლება იყოს მართლა დიდებული მოვლენები და ამან საერთოდ დაგვაგდო,[ამ სიტყვის პირდაპირი მნშვნელობით]. რამდენიმე დღე სახლიდან ვერ გავდიოდით, იმიტომ რომ ფეხები არ გვემორჩილებოდა, ჩაის გასაკეთებლად ხოხვით გავდიოდით სხვა ოთახში,მთასვლელებივით ავდიოდით სკამებზე და დივანზე, მაგრამ გვიხაროდა, გვიხაროდა რომ აღმოვაჩინეთ ასეთი დიდებული ნათება იქ სადაც ადრე მხოლოდ ერთჯერადი მოხმარების საგნებს ვხედავდით.
-- ბიჭო რა დიდებულია -- ამბობდა მიშა
-- უდიდესი  -- ვპასუხობდი მე და ყბა ქვევით მივარდებოდა.
 
საბოლოოდ, მაშინ როცა უკვე საწოლიდანაც ვერ გადმოვდიოდი და ხოხვის თავიც არ მქონდა, თავი მიშასკენ მივატრიალე, ის ოთახის მეორე ბოლოში იწვა თავის საწოლზე და რაღაც დიდებულზე ფიქრობდა.. ამ დროს დავიწყეთ გალობა, ვგალობდით დღე და ვგალობდით ღამე და არმახსოვს რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს გალობა, მახსოვს რომ სადღაც ბოლოს,როცა ასე თუ ისე დავბრუნდით საგნების ჭვრეტამდელ მდგომარეობაში, ამ ყველაფრის ჩაწერა დავიწყეთ, მერე გვინდოდა წიგნად გამოგვეცა, რომ ბევრ ხალხს გაეგო რა კარგია ეს ყველაფერი რაც არის, მაგრამ არგამოვიდა ეს ამბავი, ბოლოს კი საერთოდ დავივიწყეთ..
რამდენიმე დღის წინ კი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე იმ ზაფხულის ტრაქტატები და გადავწყვიტე, რომ  პატარა ნაწყვეტები გამომექვეყნებინა. როგორც მაესტროები ამბობენ "ექსტატური გამოცდილების რამდენიმე თავი ეგზოთერული ცოდნის ნაწილად გამეხადა." :]
თქვენც მოგსვლიათ ასეთი რამე? 
 
 
[დილის საგალობლები, რომლებსაც ასრულებდნენ დენდის კომპიუტერული თამაშებივით უმანკო წმინდა მოქალაქეები
არყის ბიჭი
და 
გატეხილი მფრინავი თეფშის ბიჭი
ყოველ დილით ანონიმური ქალაქის ერთადერთ ნამდვილ ოთახში.]
 
მოციმციმე პატრულის საგალობელი
 
 თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს ამაოდ ფხიზლობს გუშაგი, ამაოდ ვდგებით ადრიან, ვაგვიანებთ დასხდომას, ვჭამთ ჭმუნვით პურს.
აჰა მემკვიდრეობა სახელმწიფოსაგან – მოციმციმე პატრული, ღვთაებრივი მუცლის ნაყოფი.
რომელნი სნეულ არიან დაიცავ და კურნება მიჰმადლე, რომელნი ზღვასა შინა იჭირვიან შეეწიე. მოგზაურთა თანამავალ ექმენ, ბარიგები დააწვინე, რომელნი საწოლთა შინა ბორგავენ და ამბობენ: დიდია უფალი, უზარმაზარია ო, ის დაიცავს ჩემს გუშინდელ სიზმრებს ახდენისგან, ვინაიდან თბილად ვარ მე ამ საწოლში და დაენძრევა ქალაქს.
ყოვლისა ნათესავისა კაცთასა სასოებაო და სიტკბოებაო, ცივი იარაღებით აღჭურვილო სამკაულო – მოციმციმე ნოლოცდაორ!
ვითარცა ელვა ამოაბრწყინე – მიგალკის ციალი ღამის ქალაქის მდუმარებაში.
 
იყავი ქუჩებში და ქუჩებს ზემოთ, პლეხანოვიდან ამოუხვიე ელბაქიძეზე მოულოდნელად. იყავი აკვარიუმებში, ჯიბის კოსმოსებში, გაუხსნელ წერილებში, ტელეფონებს შორის გაჭიმულ კაბელებში. დაესწარი ჩვენს სიყვარულებს სხვის საწოლებში, იყავი ჩემთან აღსარებების დროს, იყავი ჩვენთან ფეთქებადსაშიში განთიადების სიჩუმეში, იყავი ჩვენთან ყველგან როგორც ტელევიზორი.
 
ო მოგზაურო რბილი ხასიათის ორგანიზმებში
დილის საათებში ერიდე პატრულს!
 
 
ვალების საგალობელი
როცა მთვრალი ვარ ყველა ვალი გასესხებული მგონია.
 
მიტოვებულების საგალობელი
 
გიხაროდენ 
უკვე ყველამ მიგატოვა და არავინ არსდროს დაგიბრუნდება
გიხაროდენ
კორპუსების საფარქვეშ დამკვიდრებულო
ყოვლისშემძლის აჩრდილქვეშ ისვენებ
დებილი ტურისტივით რომელმაც რუკა დაკარგა.
ეტყვი უფალს სარკეში:
ჩემი მფარველი და სიმაგრეა ის რომელსაც ვესავ
და რომელიც ესოდენ მიყვარს და რომელმაც დამტოვა მარტო
როგორც კინოთეატრი საინტერესო სეანსების შემდეგ
როგორც ყავა და სიგარეტი
როგორც ჩაძირული გემი მიატოვეს
ერთმანერთზე შეყვარებულმა მაშველმა ბიჭებმა
ლამაზი სამაშველო რგოლებით ხელში.
 
ზაფხულის უკანასკნელი დღის საგალობელი
 
დღეს არის ზაფხულის უკანასკნელი დღე
[მეშინია იმ გემის რომელიც მოდის სითბოს შემდეგ]
 
სადღეღამისო სუპერმარკეტ “ციცინათელას” საგალობელი
 
“და უძღოდა დღისით ღრუბლით
და მთელი ღამე – ცეცხლის შუქით.
გააპო კლდენი უდაბნოში
და დაარწყულა ვითარცა უფსკრულის წყალსატევიდან”
 
ოსანა სადღეღამისო სუპერმარკეტს
სადაც გვიანი ღამით შეპარულ მგზავრს
პურის ნაცვლად მარმელადს მისცემენ.
ამ ქუჩაზე ყველა მარკეტს ძინავს მეფურ ძილით
მხოლოდ ერთ ცალს აღარ ძინავს არყით და ყვირილით
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული
მე და მიშას აქ გვიყვარდა ობლად სიარული.
 
ოსანა და დიდება შენ!
დაიქცევიან გოდოლნი ბაბილონისანი
გაკოტრდებიან მსოფლიო ბანკები
გარყვნილების ბუნაგებს მიატოვებენ მაძღარი კლიენტები
შენ კი არასოდეს მიგატოვებენ “ციცინათელა”!
 
ოსანა მთვრალ ღამეებს
როცა ისინი უდაბნოსავით წვებიან შემთხვევით უძინართა კანზე
და ოაზისების მირაჟებივით მოჩანან სადღეღამისო სუპერმარკეტები
დაგვეხმარე ციცინათელა, გადაგვარჩინე იაფფასიანი პროდუქტებით,
შეგვინდე დასვრილი ნათურით, რომლის გარშემოც მსუქანი ზარმაცი ბუზები დაფრინავენ.
მოაღწიოს შენამდე ღამის მგზავრის კვნესამ
შენი არყის სიძლიერით შეეწიე
უძილობისთვის განწირულ შვილებს
ოდესმე ისინი დაგიბრუნებენ წაღებულ ძილს და ნისიებს
ხოლო ჩვენ -- შენი მარადიული კლიენტები
და შენი სამწყსოს ცხვარი
გადიდებთ შენ
მარადჟამს
თაობიდან თაობამდე მოვუთხრობთ შენს იაფფასიან ციმციმს
პატარა უპონტო ქალაქის უუზარმაზარი ღამის სიჩუმეში.
 
ყველანაირი ლოდინის საგალობელი
იგალობე როდესაც ელოდები ჩაის
იგალობე როგორც მექანიკურმა ბულბულმა დამჯდარი ელემენტებით
იკბინე იდაყვზე და იგალობე
იგალობე ფარულად როცა ელოდები საღამოს კურიერს ან წამალს
იგალობე უცხო ენაზე ლექსიკონის გამოყენებით
როცა ელოდები სამყაროს სამსჯავროს განაჩენს
ან ტოტალიზატორის ანგარიშებს როცა ელოდები.
ლოდინი მურტალია.
 
ავიაციის საგალობელი
მოკვდნენ დინოზავრები
ფრენენ თვითმფრინავები!
დიდება ავიაციას!
 
ვადაგასული ასტროლოგიური პროგნოზების საგალობელი
ეს კვირა თქვენთვის ნებისმიერი მიმართულებით წარმატებული მოძრაობის დასაწყისი შეიძლება გახდეს.
ეს კვირა ყველაზე ხელსაყრელია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობისთვის.
ორშაბათ-სამშაბათს კონფლიქტისა და გართულებებისთვის იყავით მზად.
თქვენ იმპროვიზაციის საოცარ ოსტატობას გამოავლენთ.
ლოგიკურად აწყობილი კვირა გელით.
ამ კვირაში ქრონიკულ დაავადებათა გამწვავების რისკი იზრდება.
ეცადეთ თავი შეიკავოთ ნაჩქარევი ნაბიჯებისა და უტოპიური გეგმებისგან.
უმჯობესია სარისკო ნაბიჯის გადადგმა კვირის ბოლომდე – პარასკევამდე მაინც მოასწროთ.
მოიცადეთ: პარასკევიდან მოვლენები თქვენთვის უფრო სასიკეთოდ განვითარდება.
 
გიხაროდენ და იმოქმედეთ თავისუფლად ვინაიდან ვარსკვლავები მოქმედებენ თქვენი სხეულებით, ვარსკვლავები ლაპარაკობენ თქვენი ტუჩებით
.
რადიაციული საგალობელი 
დაბრუნდებიან ზამთრის პეპლები ჩერნობილიდან და უმწეო ფრთებით მოიტანენ რადიაციას მიტოვებული ქოთნის ყვავილებისთვის.
დაბრუნდებიან ცარიელი მატარებლები და განათებული კუპეებით ჩამოიტანენ ისეთ ჩუმ საღამოს სადაც ტელეფონები ობლად რეკავენ არავისთვის.
დაბრუნდებიან ზამთრის პეპლები  და დასხდებიან ჩვენს ირგვლივ როგორც მოზაიკის ნაკლული ნაწილები და გვაჩუქებენ კოშმარების ჯერ კიდევ შეუცნობელ ხარისხებს, გვაკოცებენ მუტაციებს და ტკივილს, ცვლილებებს და ულტრაიისფერი სხივების აღქმის უნარს. (არვიცი რად გვინდა, მაგრამ ეგრე იქნება)
 
დამასხივე და განვიწმინდები
შემაპკურე ტანკერებიდან გაჟონილი უცნობი სითხე რომ შემეცვალოს ქრომოსომები და გავხდე სუპერმენი.
ჩვენ არასოდეს ვეყოფით ერთმანეთს..
 
ბრაზიანი საგალობელი
იგალობე და დააბიჩოკე
 
 
ჩინური საგალობელი
დიდია მაო ძალნი შენნი
და შვილნი შენნი ვიძინებთ ორნი – ვიღვიძებთ ოთხნი
ვიძინებთ ოთხნი და ვიღვიძებთ ბევრნი.
 
ფურცლის დრაკონებით მათამაშე მაო
დამმალე ჩინური პროდუქციის სახლში
გამართე ბუდას კენჭისოდენა ქანდაკებებით.
მანახე ლაო ძის ნაფეხურები
შანხაის ყველაზე მოდურ დისკო-კლუბში
მე წავყვები მათ
ჩინური ნარკოტიკების გასასინჯად
რათა შევიგრძნო შანხაის ზეცა
და ვისწავლო კუნგ ფუ
და მოვიყვანო ბრინჯი
და ჩინელი გოგოების ოთახებში
ვიფიქრო იმ უზარმაზარ კედელზე
რომელსაც ვაშენებთ პლანეტის გარშემო და მივდივართ კოსმოსში,
 
პ.ს. ჩინელ ნარკომანებს არ უყვართ ჩინეთი.
 
 
ცისკრის ვარსკვლავის საგალობელი
ო ცისკრის ვარსკვლავო ეს არის შენი საგალობელი
 
ღამის დარაჯის საგალობელი
დარაჯს რომელიც დონ კიხოტია ღამეს შერკინებული
დიდება და საუკეთესო სარეკლამო დრო პირდაპირ ეთერში!
 
კოსმონავტების საგალობელი
ნეტარ არიან მძინარენი რკინის რთულ კონსტრუქციებში სადაც საგნები თავისუფლდებიან თავიანთი ბედისწერისგან ნულოვანი გრავიტაციის მეშვეობით. 
ნეტარ არიან ცივი დუმილის მსმენელნი ვინაიდან ვერცხლისწყალივით მოუხელთებელ უფალს ეთამაშებიან კოსმიურ დამალობანას და მათ მეხსიერებაში ვარსკვლავთა მტვერი ციმციმებს.
ნეტარ არიან სტრელკა და ბელკა – ყველაზე მარტოსული ცხოველები, უღიმღამო ყოველდღიურობის შემთხვევითი პოპვარსკვლავები.
ნეტარ არს გაგარინი იურა, რომელიც შეუცნობელმა არსებებმა დაიბინავეს საკუთარ ენით აღუწერელ სიზმრებში, ხოლო მისი ინტერვიუები ადამიანური თავმდაბლობის ეტალონია.
 
ნეტარ არიან რაკეტები და თანამგზავრები!
იგალობეთ კლასიკური სამიჯნურო ისტორიები ვარსკვლავური ომების ფონზე, ვინაიდან კონტექსტი ამძაფრებს სიტყვებს.
იგალობეთ კოსმოსური კოვბოები კოსმოსური ინდიელების წინააღმდეგ.
იგალობეთ ამერიკის დროშა ბებერ მთვარეზე და ასობით რაკეტის ნარჩენი დედამიწის ორბიტაზე, როგორც მარადიული ტვირთი და მარადიული ხსოვნა.
იგალობეთ სკაფანდრებში გამოწყობილი თინეიჯერები, როგორ ცეკვავენ მეტეორთა ტრაექტორიებს მორიგ წვეულებაზე.
იგალობეთ ტელესკოპი და ღვთაებრივი ნივთიერებები.
 
ო კოსმიურო დისციპლინირებულო დერვიშებო
დაკარგეთ კონტროლი
და გაგვიკვალეთ გზა იქით
საიდანაც ოდესღაც მოვედით ამ სახლში.
 
ტონის საგალობელი
მთელი მსოფლიო შენ გეკუთვნის ტონი!
 
მოთენთილი საგალობელი
მე ისეთი მხნე და მამაცი ვარ რომ აუცილებლად დავიძინებ გასაბერ ადამიანთან, ფერად ბუშტებს გავუშვებ ცაში და ვითევზავებ მეგობრების აკვარიუმებში.
ჩემი თავი მომწონს ასეთი, როცა მოთენთილი სიტყვებით ხმამაღლა ვოცნებობ ესპანეთში შავ მუშად გაპარვაზე. იქნებ დამაწინაურონ და ბრიგადირიც გავხდე.
ეხლა ვარ წყალში ჩავარდნილი ფურთხივით და მივყვები ტალღებს და ვძირავ ძველი გაზეთის ფურცლებით გაკეთებულ გემებს და არავინ მიწუნებს საქციელს.
დაძაბულებო ყველა ქვეყნისა მოითენთეთ.
გალღვით ასფალტზე დაგდებული ნაყინებივით. ტკბილი და საზიზღარი, ზარმაცი და მუტანტი ფიზკულტურის მასწავლებელი ჯიუტად მიხოხავს ბაგირზე და ეძინება. 
ასე მძინავს ზარმაც ფიქრებში.
უფალო
ნუ შეეხები სხვის ბანჯგვლიან კეფას რისხვის კომბლით და ნუ აატირებ აკვნიდან გადმოვარდნილ პატარა ბავშვს, ნუ დახეთქავ სტრატოსფეროში ამოსულ ბუშტებს. დაე იფრინონ!
მე ისეთი მხნე და მამაცი ვარ რომ უსაშველოდ მენატრება ყოფილი გოგოების მოთენთილი მუხლისთავები, ომი უზარმაზარი დახეთქილი ბალიშებით და ნაჩუქარი ყვავილების გახარება კოკა-კოლის ქილებში.
მე მომავალი პროლეტარი ვარ, რიგითი ბრიგადირი უსასრულო გაზაფხულის ‘სტროიკებზე”, მიყვარს ძილი ბატუტზე და მხოლოდ ფუნჯით ვეხები ჩემთვის უცნობ საგნებს. თუ ვამჩნევ რომ ახლოვდება სპორტი, გავრბივარ მოთენთილი სირბილით ბიბლიოთეკისკენ და ვიპარავ ჟიულ ვერნის წიგნებს. ბოლოს იმ ადგილას კაფე გახსნეს, სადაც მშვენიერ ყავას ამზადებენ, მაგრამ მე არ ვსვავ ყავას – მე მოულოდნელი ვარ..როგორც ფიზიკა.
შეიძლება მოულოდნელად დავხუჭო თვალები და დაძინების ნაცვლად გენერალი აჩმა დავინახო კუბაში ფიდელთან ერთად, ან ჩემი მეზობელი ზაური ფიდერთან ერთად, ან სტივი ვინმე პიდერთან, რა აზრი აქვს, მთავარია მე ვხედავ როგორ მეზარება ცხოვრება..
ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა და მე ბალახივით ვხმები სიგარეტის ფოლგაში. ერთდროულად ითენთება ჩემ მედ წოდებული მილიონობით უჯრედი და მე ვამთქნარებ..
 მე ვამთქნარებ ქალაქებს, სოფლებს და ჭიანჭველების ბუდეებს, მე ვამთქნარებ ხმადაბალ სიყვარულს და ხმელ მიწაში ჩათესილ სარეველებს, ვამთქნარებ მფრინავ თეფშებს სატურნის მისადგომებთან, მე ვამთქნარებ ლურჯად და ვამთქნარებ ლიფსიტებს. ლიფსიტები მიცურავენ და აღარ ბრუნდებიან. მე აღარ მწყინს და არც სიგარეტს ვეწევი. მე დაუნდობელი ვარ და საყვირივით ვგალობ მონატრებას. ჩემი მონატრება ზღვიდან ამომხტარ ზვიგენს გავს, უზარმაზარი და გამოუვალი, მოთენთილი ზვიგენი პეკინის მაღალ ცაში. როდესაც ვინმე მიყვარდება – ვამტვრევ რადიოს. მე ფაქტიურად თქვენი ანალოგი ვარ. მე ვგავარ ყველას ვინც მეხება, ამიტომაც დავდივარ ფუნჯით და ვითენთები, ვითენთები, ვითენთები. გეომეტრიული ფიგურებივით წამიერი გაელვებები ჩემს თავში, მიბიძგებენ 20წუთიანი გალობებისკენ.
დაჯექი დავიწყებისგან მოწყენილ სკამზე და დააკვირდი რა საოცრად იპარებიან ნივთები შენი ჯიბეებიდან. და თუ გიყვარს ისინი ხელს ნუ შეუშლი ვარდნაში და ნუ ტირი არამედ გიხაროდეს – შენ მოთენთილი ხარ...