ქუჩა-ქუჩა, შარა-შარა... ანუ მოხეტიალე კრიტიკოსის ჩანაწერები
ლაშა ჩხარტიშვილი
 
თარიღი: 06/11/2012
კატეგორია: რეცენზია

 

 

 

@ ლაშა ჩხარტიშვილი

 

 

ქუჩა-ქუჩა, შარა-შარა...

 

ანუ მოხეტიალე კრიტიკოსის ჩანაწერები

 

ქუჩა-ქუჩა და შარა-შარა წანწალს მამაჩემმა მიმაჩვია, ეს თვისება პროფესიაშიც გამომყვა და ამჯერად, რეგიონ-რეგიონ, თეატრ-თეატრ დავხეტიალობ. თუკი გავიგებ, რომ რომელიმე რეგიონალურ თეატრში პრემიერაა ვცდილობ არ გამოვტოვო.

 

გასულ კვირას ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულმა თეატრმა ამ სეზონში რიგით მეორე პრემიერა გამართა -  სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“, რომელიც ახმეტელის თეატრის მსახიობმა კოტე მჟავიამ დადგა.

 

ზესტაფონელების სარეპერტუარო პოლიტიკა ქართულ კლასიკურ რეპერტუარზეა ორიენტირებული. თეატრის განვითარების ამ ეტაპზე ეს სწორი გზაა.

 

რეჟისურასთან ერთად, კოტე მჟავიას  სპექტაკლის მუსიკალური გაფორმებაც ეკუთვნის. „სიბრძნე-სიცრუისაში“ შეზავებულია ჰიტადქცეული ქართული კინომუსიკის ტრეკები ფილმებიდან: „ჩარი რამა“ (კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე) და „შერეკილები“ (კომპოზიტორები ჯანსუღ კახიძე და გია ყანჩელი). ხოლო სულხან-საბასეული ტექსტის ინსცენირება და ადაპტაცია მსახიობმა, რეჟისორმა და დრამატურგმა ოთარ ბაღათურიამ რეჟისორის დაკვეთით შეასრულა, რომელიც არქაული ენის გათანამედროვებას კი არ შეეცადა, არამედ მისი გზა და გზა  განმარტების ხერხს მიმართა. მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის და ფაქტობრივად მათთვის, ვინც ძველი ქართული ენის სპეციალისტი არ არის, სულხან-საბას ენა, ძირითადად, გაუგებარ საკომუნიკაციო სისტემას წარმოადგენს, რომელში გასარკვევად მინიმუმ „სიტყვის კონა“ სჭირდება ადამიანს. სპექტაკლში მსახიობები ნინო აბესაძე, თემურ კიკნაველიძე, ბადრი ტაბატაძე, გოჩა ნიკოლაძე, რომლებიც იგავ-არაკების პერსონაჟებს გაითამაშებენ, ეტაპობრივად განმარტავენ არქაული ენის ლექსიკას კონტექსტიანად თავისი ავტორისეული შეგონებებით. განმარტებათა დროის ხარჯზე, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნებოდა მინიმუმ კიდევ ორი იგავ-არაკის გათამაშება. თუმცა, დღევანდელ ახალგაზრდას რამდენჯერმე თუ არ განუმარტე, ძნელია დაამახსოვრებინო და ტვინში „ჩაუჭედო“ ის იდეები, რაც თეატრის საშუალებით ცდილობს გადასცეს რეჟისორმა მაყურებელს მსახიობების დახმარებით.

 

 

სპექტაკლი მინიმალისტური რეჟისორული ხერხებითაა დადგმული, მწირია დეკორაციაც (სცენოგრაფიის ავტორი დავით კამკამიძე), ნახევარფაბრიკატის შთაბეჭდილებას ტოვებს ნათია ბერაძის კოსტიუმები. მდიდრულ-მოხატულ-მოკაზმული სცენოგრაფიული სივრცე და კოსტიუმები ბუნებრივია შესაბამის ხარჯებს მოითხოვს, რისი საშუალება რეგიონალურ თეატრებს ნაკლებად აქვს, მით უმეტეს, ზესტაფონის თეატრს. არადა ამ მცირე ბიუჯეტიანმა თეატრმა ახალი სეზონის პირველივე დეკადაში უკვე მოახერხა ორი პრემიერის შეთავაზება მაყურებლისთვის, იმის ფონზე, როცა გაცილებით დიდი ბიუჯეტის მქონდე თეატრები თეატრსმოწყურებულ მაყურებელს ვერ ანებივრებენ პრემიერებით.

 

მწირი დეკორაციის, ჩვეულებრივი რეჟისურის და ნახევარფაბრიკატი კოსტიუმების გამო, მაყურებლის ყურადღება ავტომატურად მსახიობისაკენაა მიმართული, საბედნიეროდ, ამ ნაწილში თეატრი ნორმალურად გამოიყურება. თუკი მაყურებელი სპექტაკლის მსვლელობაში ჩაერთო, ეს პირველ ყოვლისა, ზესტაფონის თეატრის მსახიობების დამსახურებაა. გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ უფროსი და საშუალო თაობის მსახიობები კარგ ფორმაში არიან (არ ვგულისხმობ ფიზიკურად, ქართულმა გენმა აქაც სძლია ზოგიერთს და ღიპს ვერაფერი მოუხერხა): გამართული სამეტყველო აპარატი, ზუსტად მართული ინტონაციები და ხმის ტემბრი, დახვეწილი და გამართული ვოკალური შესაძლებლობები, გმირების ხასიათების გააზრების თანმიმედვრულობა ამის თქმის საშუალებას მაძლევს.

 

 

 

„ზესტაფონო გშორდები...“ და ბათუმს მივეშურები...

 

ზესტაფონიდან, პრემიერის შემდეგ პირდაპირ ბათუმში გავეშურე, სადაც უკვე დაწყებული იყო ახალგაზრდა დრამატურგთა უძილო და თეთრი ღამე. წელს პირველად „24 საათიანი თეატრალური ფესტივალს“ ბათუმის თეატრმა უმასპინძლა. ამ ფესტივალის დიდი გულშემატკივარი ვიყავი თავიდანვე, ისე როგორც ამერიკის საელჩო საქართველოში, რუსთაველის თეატრი და კიდევ ბევრი ხელოვანი ჩემს გარდა. შესაბამისად, ორი წლის მანძილზე ფესტივალის არც ერთი წარმოდგენა არ გამომიტოვებია. მომწონს ფესტივალის ჩარჩო, რომლის უსტაბაშიც მხატვარი ნინო მაღლაკელიძეა. ამ უცნაური ფესტივალის თავისებურება იმაში გამოიხატება, რომ ახალგაზრდა დრამატურგები 12 საათის განმავლობაში მოცემულ თემაზე წერენ ახალ მინი პიესებს და ცხელ-ცხელ, ჯერ კიდევ დაუმუშავებელ ტექსტებს ახალგაზრდა რეჟისორები მსახიობებთან ერთად ასევე 12 საათის განმავლობაში დგამენ. ცინცხალი პიესის დაჩქარებულ ტემპში სცენაზე გადატანა-გაცოცხლება ერთგვარ მარათონს ჰგავს. ექსპერიმენტი თავისი ფორმით და შინაარსით ავარჯიშებს ახალგაზრდა დრამატურგების, რეჟისორების და მსახიობების გონებას. წელს ფესტივალში ამ საქმეში გამოუცდელი ბათუმის თეატრის მსახიობები ჩაერთენ, რომლებმაც წარმატებულად გაართვეს თავი დაკისრებულ ამოცანებს: იპოვეს გმირის ხასიათები, დაიმახსოვრეს ტექსტები, შეძლეს პიესაში დახატული ატმოსფეროს მაყურებლამდე მიტანა.

 

 

2012 წლის ფესტივალში ოთხი დრამატურგი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ზურა პაიაშვილი, თაკო ფოლადაშვილი და ნანუკა სეფაშვილი მონაწილეობდნენ. შესაბამისად მონაწილე რეჟისორების რიცხვიც ოთხი პერსონით განისაზღვრა: ნინი ჩაკვეტაძეს კენჭისყრის შედეგად ზურა პაპიაშვილის „თეფში“ შეხვდა, გოგა მაისურაძეს თაკო ფოლადაშვილის „მამა“, გიორგი ჩხაიძეს ნანუკა სეფაშვილის  „გასასვლელი“ და გიორგი ლომთაძეს ალექსანდრე ლორთქიფანიძის „ჩვენი მშობლიური ბიგმაკი“.

 

სპექტაკლების წარმოდგენის შემდეგ ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც რუსთაველის თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა, ბათუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი თავაძე, სინეტიკ თეატრის რეჟისორი პაატა ციქურიშვილი, ფესტივალის დირექტორი ნინო მაღლაკელიძე და საქართველოში აშშ საელჩოს  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მაიკლ ტერნერი შედიოდნენ გამარჯვებულები გამოავლინა. საუკეთესო დრამატურგის ჯილდო ალექსანდრე ლორთქიფანიძის პიესას „ჩვენი მშობლიური ბიგმაკი“ გადაეცა, ზურა პაპიაშვილის „თეფშის“ საუკეთესოდ დადგმისთვის პრიზი ნინი ჩაკვეტაძეს გადაეცა, ხოლო მსახიობთაგან ჟიურიმ დავით წერეთელი და მარინა ბურდული აღიარა საუკეთესოდ.

 

 

დრამატურგთაგან მამაკაცი ავტორები თავიდანვე ლიდერობდნენ, რადგან მათი პიესები ყველაზე დახვეწილი იყო და დრამატურგიის მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ, რაც შეეხება რეჟისორთა ნამუშევრებს, ისინი თითოეულ ტექსტს შემოქმედებითად მიუდგნენ და მათეული ინტერპრეტაციები შემოგვთავაზეს, ისე როგორც ბათუმის თეატრის მსახიობებმა უმოკლეს ვადაში წარმატებით განახორციელეს ახალი როლები.

 

24 საათიანი თეატრალური ფესტივალი ერთი წლით დაგვემშვიდობა. ფაქტია, რომ იმათ, ვინც ფესტივალში მონაწილეობა პირველად მიიღეს, ექსტაზში შევიდნენ და მომდევნო წელს კვლავ სცდიან ბედს არა მხოლოდ გამარჯვებისთვის, არამედ გონების გასავარჯიშებლადაც.