Happy dreamer
ლეო ნაფტა
 
თარიღი: 07/11/2012
კატეგორია: სტატია

 

 

@ ლეო ნაფტა

 

 

Happy dreamer

 

***

 

ერთადერთ მეცნიერებას ვცნობ - საძილე აბების და ფსიქოდელიური ფხვნილების მეცნიერებას. სიამოვნებით ვიმუშავებდი სადმე დახურულ ლაბორატორიაში და ძილის წამლების, ფსიქოტროპული ნაერთების და მცენარეების უამრავ სახეობას დავამზადებდი.

 

წარმომიდგენია, როგორ ვდგავარ თეთრ ხალათში, როგორ მაქვს ყურებში ჩამომხობილი ყურსასმენები, ვუსმენ The postal service-ის  რომელიმე ,,ვეშჩს” და ვოცნებობ ჩემმა დამზადებულმა აბებმა რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მოგვაროს სასიამოვნო ძილი, ბევრის გული დაასვენოს და ბევრის წამებას ბოლო მოუღოს. როგორია, როცა წარმოსახვაში უშვებ იმას, რომ შენ მიერ გამოგონილი რომელიმე მრავალმხრივი და ფერადი ფსიქოდელიური აბი გააბედნიერებს საგიჟეთის ბინადრებს, იმპოტენციისგან გათანგულ მამრებს, ტვინისმბურღავ ბებიებს, მშობლებს და ჯაჯღანა, სექსუალურად დაუკმაყოფილებელ თინეიჯერებს?

 

 

***

 

წარმოიდგინეთ: სავარძელში ნახევრად მთვლემარე ბებია ან ბაბუა, ჩაის რომ გეახლება და თბილ წინდებში ფეხებგაყრილს და პლედმოხვეულს რაიმე საინფორმაციო აქვს ჩართული, სადაც ვიღაც ტვინნაღრძობი ექსპერტი თუ ანალიტიკოსი გეოპოლიტიკურ საკითხებზე, მსოფლიო პოლიტიკაზე, ქვეყნის სოციალურ მოწყობაზე და სხვა ასეთ სისულელეებზე ბოდავს, მისი ოპონენტი ან თანამოაზრე კი გაგიჟებული ეძებს მიზეზებს თუ რატომ ვერ მიაღწია საქართველომ და უკრაინამ ფერადი რევოლუციებით ევროპის და ევროატლანტიკური სივრცის ჯადოსნურ ზღურბლს და რატომ შებრუნდა ისევ ტრაკში, ანუ რუსეთში. ჟურნალისტი კითხვების დასმას ცდილობს, ვიღაცა ყურში რაღაცას ეუბნება ან საერთოდაც, ოპერატორის დაღლილ სახესთან მიტმასნილ კამერას აშტერდება - შენ კი, ამ ყველაფერს მეორე ოთხადიან უსმენ და მართალია ვერ ხედავ, მაგრამ მაინც ზუსტად იცი რაც ხდება იმდენად ბევრჯერ გაქვს ნანახი და მოსმენილი, მაგრამ ბებიას და ბაბუას ტელევიზორს არ უთიშავ, მოხუცები არიან მაინც და თან ზუსტად იცი, რომ ისინიც ისევე აზრზე არ არიან და აზრზე ვერ მოდიან რა ხდება საერთოდ ამ ქვეყანაში, როგორც სხვა სახლებში მოთავსებული ანალოგიური და გაცილებით ახალგაზრდა სხეულები.

 

ხოდა, რას აკეთებ ამ დროს? გადიხარ და ჩაიში უყრი სპეციალურად ჩემს ლაბორატორიაში და ჩემ მიერ გამოგონილ მსუბუქ ფხვნილს, რომელსაც მურაბის გემო აქვს და სასიამოვნოდ ჩააძინებს მათ. შენც ისვენებ და ისინიც მიდიან ღრმა ძილში სადაც ალბათ ახალგაზრდავდებიან და ბედნიერები არიან. ძალიან მაინტერესებს მოხუცებს როგორი სიზმრები აქვთ - ალბათ სულ მზეები და მკვდრები ესიზმრებათ.

 

ან რა მშვენიერი სანახავია ბრიყვი ტვინების გამოფენა - მოდურ კაფეში შეყრილი რაღაც პოეტების, მწერლების, კრიტიკოსების და მათი მეგობრების სახეობები - ამაღლებული განწყობით, დიდრონი თვალებით, მეტყველი სახეებით - როცა ამქვეყნიურ სიკეთეებზე და ბოროტებაზე ბჭობენ, არჩევენ გუშინ წაკითხულ წიგნებს (სინამდვილეში წიგნს არცერთი არ კითხულობს, მენდეთ -  მხოლოდ წინასიტყვაობას ეტანებიან ან ზოგჯერ ვიკიპედიაში ამოკითხულ შინაარს), ნანახ ფილმებზე ან პოლიტიკურ თოქშოუებზე ბურღავენ კედლებს და ერთმანეთის დიდრონ შუბლებს. ამ დროს კი, ამ დროს შენ ბართან დგახარ და მათ მოთხოვნილ ჩაის და ნამცხვარს ჩემს მიერ საიდუმლო ლაბორატორიაში დამზადებულ ფხვნილს ურევ და ნახევარ, ან სულაც 10 წუთში ისინი ადამიანურდებიან, ჩუმდებიან და სიჩუმით ეკონტაქტებიან ერთმანეთს. ყველამ იცის რას ფიქრობს და რას გრძნობს სხვა, ყველამ იცის რომ ისინი კარგად არიან. ზოგი ბოლთას ცემს და სიგარეტს ეწევა, ზოგი კი საღამოს მოწმენდილ ზეცაზე ზღვაში ჩასვენებულ გემებს ხედავს, რომლებსაც ვარსკვლავების ფორმა აქვთ. აღარავინ ლაპარაკობს თუ რამდენი ათასი კაცით  უნდა გაიზარდოს ჯარი, თუ რა იგულისხმა სოროკინმა რომელიღაც მოთხრობაში ან როგორ მიჟიმა ვინმე კუკურიმ ვინმე ფირუზი. ირგვლივ სითბო და სილამაზეა, თუმცა აზრზე ვერ მოდიან როგორ მოხდა ასე. 

 

ყველაზე თვალწარმტაცი კი მაინც პოლიციის შენობები და ყაზარმებია. როცა მზარეული შენი ,,აგენტია” და მათ კუთვნილ საერთო, დიდ ქვაბში სადაც საჭმელს აკეთებენ - ურევს შენს მიერ დამზადებულ ფსიქოტროპულ ფხვნილს. ალბათ თვალწარმტაცი სანახაობა იქნება იარაღებზე მისვენებული და სასიამოვნოდ გაბადრული უნიფრომიანი ,,თოფიანი კაცები” და მათი მეთაურები. სადღაც ქუჩებში მიტოვებული მათი პიკაპები და ტანკები, რომლებიც აღარავის ახსოვს და ისინიც მათი პატრონებივით ჩუმად თვლემენ.

 

***

ტიმოტი ლირის ცნობილ და სამწუხაროდ ვერშემდგარ ექსპერიმენტს (როცა მას მოსახლეობისთვის განკუთვნილ სასმელ წყალში უნდოდა გაეშვა ..ელესდე”) გადარჩენილი ადამიანები დადიან შენს ლაბორატორიაში და გეხმარებიან - ზოგი რაღაც ხსნარს გაწვდის, ზოგი კოლბას, ზოგი საერთოდ თავზე გადგას რომ რაიმე ზედმეტი არ მოგივიდეს, შენ კი ვერც ამჩნევ მათ, იმდენად ღრმა და სამწუხაროა იმაზე ფიქრი, რომ ადამიანები მუდმივად ასე უნდა ილტვოდნენ ერთმანეთისკენ - აი, ზუსტად ასე - გადარჩენისთვის, გამორჩენისთვის, საკუთარ თავიდან გაქცევისთვის. რომ მათი ერთობა და ამ ერთობის მცველი რკინის ქალმიანი სახელმწიფო მოხელეები იმდენად ყალბი და ბინძური ორგანიზმები არიან, რომ ზოგჯერ დასახმარებლად რაღაც ქვის ნაგებობებში იხიზნებიან და ერთნაირად ლოცულობენ, ვიღაც ანაფორიან ტიპებს აღსარებებს აბარებენ და ყველა სიტუაციაში რაღაც საშინლად იკლაკნებიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ,,რომ” გაქვს გონებაში და საკუთარ გამოგონილ დროებში დახტუნაობ იმაზე ოცნებით, რომ მათ იხსნი. და იხსნი არა იმიტომ, რომ ძალიან გაწუხებს მათი პრობლემები ან გიჟდები ისე გიყვარს ადამიანები, სულაც არა - უბრალოდ იმიტომ აკეთებ ამას, რომ ეგოისტი ხარ და მათი ასეთი ყოფნა თავად გაწუხებს პირველ რიგში.

 

მხოლოდ ერთი აბი და მათი სიცოცხლე გადარჩენილია.

 

პატარა ჰოლდენ კოლფილდი ხარ ჭვავის ყანასთან. მეცნიერი თეთრ ხალათში, რომელსაც საერთოდ ფეხებზე გკიდია ვინ გამოგაგდო აქ, ამ გაუგებარ ცივილიზაციაში ან სად უნდა წახვიდე ამის შემდეგ - ყველანაირი მომავალი მხოლოდ ვირუსია, რომელსაც საკუთარი გამოგონილი ანტივირუსებით კურნავ.

 

შემდეგ ჩერდები, ისვენებ, სიგარეტს ეწევი და დასასვენებლად მიდიხარ შხაპისკენ. აბზანას ავსებ და წვები. ალბათ, ერთადერთი ნეტარება აბაზანაა რომელსაც მარტოობა უხდება.

 

და ფიქრობ: ფხიზელ ტვინებზე, რომლებიც მალე განიკურნებიან და დაავიწყდებათ მოწამლული გარემო, დაავიწყდებათ ,,უოლ სთრითი” და პრეზიდენტები, ნავთობის ფასები ბირჟებზე და ტელევიზორები. ვეღარ გაიხსენებენ, რომ ოდესღაც საყვარელი ადამიანები ავარიებში, ომებში და ბუნებრივ კატაკლიზმებში დაიკარგნენ და სამუდამოდ გაქრნენ მათი ცხოვრებიდან. აღარც ის გაახსენდებათ, რომ ვიღაცა ვიღაცის დედა, ვიღაცა ვიღაცის და, ვიღაცა ვიღაცის ძმა ან შეყვარებულია და ყველანაირი შინაგანი ფეტიშების თუ პერვერსიების მიხედვით დაიკმაყოფილებენ სურვილებს. იჟიმავებენ, იოცნებებენ და იგორავებენ თბილ ასფალტზე ან სახურავზე, რადგან ჩემს გამოგონილ ფხვნილში და აბებში  არარსდროს იქნება სიცივე.