წყევლა სახელწოდებით - Post Soviet
ლაშა ჩხარტიშვილი
 
თარიღი: 13/11/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

@ ლაშა ჩხარტიშვილი

 

 

წყევლა სახელწოდებით - Post Soviet

 

 

ნეტა ვინ დამწყევლა: ყოფილ საბჭოთა კავშირს არ გასცდენოდეო?! ბოლო წლებში მოვიარე თითქმის მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე და სრულიად გააზრებულად და პასუხიმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ სივრცის სახელმწიფოებთან შედარებით, ქართველებმა და ზოგადად ქართულმა სახელმწიფომ ყველაზე მეტად წავიწიეთ წინ, ყველაზე მეტად ჩამოვყალიბდით და ბევრი რამის გაკეთებაც შევძელით. ეროვნული პატივმოყვარეობა და პატრიოტული მგზნებარება ნამდვილად არ მაპალაპაკებს ამას. რომელიმე თქვენგანმა იქნებ შემომიბღვიროს, რას როშავ მოლდოვამ საგანგებო კანონი მიიღო სექსუალური უმცირესობების ლეგალიზაციაზეო, იქნებ სხვამ ისიც მითხრას, რომ აზერბაიჯანს როგორ  ეჯიბრები ალიევმა ბაქო გააკეთილშობილა და ნამდვილ ევროპულ ქალაქად აქციაო (ცდილობენ დუბაისაც დაეწიონ მშენებლობებით), იმასაც მეტყვიან ლიტვა და მთელი ბალტიისპირეთის ქვეყნები „შენგენია“ კარგა ხანიაო, მაგრამ... არის ბევრი „მაგრამ...“

 

არ ვამტკიცებ ჩვენმა სახელმწიფომ კორუფცია საბოლოოდ დაამარცხა- თქო, მაგრამ პირველ ადგილზე რომ ვართ ამ სენთან ბრძოლაში ეს ფაქტია, ინფრასტრუქტურას თუ მივხედეთ, თუნდაც ფასადურად და მტრის თვალის დასაბნელებლად, სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნები რატომ არ უვლიან თავისავე ქალაქებს, თუნდაც გზებს, აეროპორტებს. ამ მხრივ აზერბაიჯანი ჩვენ გვგავს, ან პირიქით, ჩვენ ვცილობთ დავემსგავსოთ მათ (არაორდინალური არქიტექტურული ნაგებობეთით, გადაკეთებული „ხრუშოვკებით“ და პოსტ პოსტ მოდერნული ქანდაკებებით). ყველაფრის მიუხედავად მაინც უჭირთ აზერბაიჯანში იმ დემოკრატიული მონაპოვრის დაჯერება, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდა საქართველოში. ვერაფრით ვუხსნი, როგორ არის ქვეყნის პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერი...  

 

 

ამ ფრაზებს ახლა შუაგულ ბაქოდან ბულვარის პირას მდებარე პრესტიჟულ სასტუმრო „Park inn Radisson“-დან გწერთ  (სადაც ერთკაციანი ნომერი 200 მანათი, ანუ 200 ევრო ღირს), მაგრამ რად გიდნა?! მთავარი - ასე აუცილებელი დღევანდელ ყოფაში - ინტერნეტი არ მაქვს. საათი 4 მანათი ღირს, ნახევარი დღე 15. პირველ სართულზე Wi Fi ზონაც არსებობს, მაგრამ სულ ყალბია ეს ყველაფერი, ვერავინ სარგებლობს და სასტუმროს მობინადრეები იძულებულები არიან გადაიხადონ ინტერნეტის საფასური. ეს ყველაფერი მაშინ, როცა ბაქო თეატრის მეორე მსოფლიო კონფერენციას პომპეზურად მასპიძნლობს. ბაქოში თავი მოიყარა 35 ქვეყნის 70-ზე მეტმა თეატრის მენეჯერმა, რეჟისორმა და თეატრმცოდნემ ისეთი შორეული ქვეყნებიდანაც კი, როგორებიცაა კანადა, სამხრეთ აფრიკა, სუდანი, ბრაზილია, ჩინეთი, იამაიკა, კატარი. შენგენის და პოსტსაბჭოთა ქვეყნები თავისთავად. აქ არიან ყველა სათეატრო საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტები და გენერალური მდივნები, შეიხები არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან...

 

აზერბაიჯანელები ქართველებს თავმოყვარეობით, ამბიციურობით და იმერული კუდაბზიკობით არ ჩამორჩებიან, ამიტომაც კონფერენცია (რომელიც უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი კონფერენცია არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ მოწვეული სტუმრებით) ე.წ. Face - ებზეც არის გათვლილი. მაგალითად, მათ შეძლეს კშიშტოფ ზანუსის, ივეტა ჰარდის, ტობიას ბიანკონეს, მიშელ ვაისის, ალი მაჰდის და სხვა ცნობილი პიროვნებების თავმოყრა კონფერენციაზე. ბაქოს მეორე საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებს არც მეგობარი ქვეყნები დარჩენიათ უყურადღებოდ. ყველაზე წარმომადგენლობითი დელეგაციები მათ არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან (მეტისმეტად საჭირო ხალხია და მომგებიანი მათთან კონტაქტი) და საქართველოდან (სტრატეგიული და კეთილგანწყობილი მეზობელი) მიიწვიეს. (ქართულ დელეგაციას ოფიციალურად ზაალ ჩიქობავა, გოჩა კაპანაძე, ეკა მაზმიშვილი და ამ სტრიქონების ავტორი წარმოადგენდა). მოხსენებით „21-ე საუკუნის სათეატრო კრიტიკის ფუნქციები და რეალობა“  წარვსდექი კონფერენციაზე  ერთადერთი თეორიულ-სამეცნიერო დაწესებულების - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის სახელით საქართველოდან. (ქართველთა გამოსვლებზე შემდეგ ბლოგში მოგახსენებთ).

 

 

კონფერენცია აზდრამის (აზერბაიჯანის ნაციონალური აკადემიური თეატრი) ცენტრალურ დარბაზში მიმდინარეობდა. თეატრის სამას ადგილიანი პარტერი მუდმივად გადაჭედილი იყო მსმენელებით (რაც გამიკვირდა კიდეც), უზრუნველყოფილი იყო სამენოვანი სინქრონული თარგმანიც. აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ მაღალპოლიგრაფიულ დონეზე დასტამბა პირველი და მეორე კონფერენციის მასალები, კონფერენციის გახსნის მეორე დღესვე კი 12 გვერდიანი გაზეთ „კულტურის“ სპეციალური გამოშვება დაგვახვედრეს, რომელშიც უკვე ასახული იყო კონფერენციის პირველი დღის ქრონიკა. ბაქოს მეორე საერთაშორისო თეატრალური კონფერენცია მოხსენებეის გარდა მოიცავდა ვორქშოპებსაც, მათ შორის, კშისშოფ ზანუსის ვორქშოპს მომავალი დრამატურგებისა და რეჟისორებისათვის.   

 

 

რა მშურს აზერბაიჯანელების...

 

ქართველს კი არა, ნებისმიერ ევროპელს შეშურდება იმის, რაც აზერბაიჯანმა მოახერხა ეროვნული თეატრისათვის. უკვე დასრულებულია და ექსპლუატაციაში შევიდა აზერბაიჯანული თეატრის ელექტრონული ბაზა, რომლის პრეცედენტი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს. ეს დაახლოებით აზერბაიჯანული თეატრის ელექტრონული ენციკლოპედიაა არა მხოლოდ ისტორიით და დღევანდელობით, არამედ ვიდეო არქივით, დეკორაციისა და კოსტიუმების ესკიზების ფოტოებით, რეჟისორული ექსპლიკაციების ასლებითა და სხვა თეატრისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტებით.

 

 

აზერბაიჯანის მთავრობა დიდ ფულს ხარჯავს კულტურის განვითარებისათვის, მაქსიმალურად ცდილობს მის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას. მათ უკვე მიაღწიეს იმას, რომ ამ სფეროში მსოფლიო თეატრალურ რუკაზე აზერბაიჯანმა ინიციატივებითა და საერთაშორისო ფორუმების მასპინძლობით საპატიო ადგილი დაიკავა. აზერბაიჯანი უკვე თეატრში მომუშავე მსოფლიოს ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ყველაზე საიმედო და სტრატეგიული პარტნიორია. ის აღწევს იმ მასშტაბებს, როგორსაც ვერ სწევს თუნდაც წარმატებული ევროპული ქვეყნების ბიუჯეტები.

 

ვინც ამ ქვეყნის კულტურას იცნობს, დამეთანხმება, რომ აზერბაიჯანული თეატრი ღიაა ახალი ექსპერიმენტებისათვის და განვითარებისათვის. ცდილობს მის თეატრებში დასადგმელად მიიწვიოს ცნობილი რეჟისორები. (თუმცა სამწუხაროდ, ფულს დახარბებული მიწვეული რეჟისორების გარკვეული ნაწილი აზერბაიჯანში დასასვენებლად მიემგზავრება, რაც ე.წ. „ხალტურას“ უწყობს ხელს). აზერბაიჯანის კულტურის პოლიტიკაა დაეწიოს ევროპულ თეატრს და განვითარდეს მასთან ერთად. სწორედ ამიტომაცაა, რომ ნავთობით მდიდარი ქვეყანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყველაზე მეტ რეჟისორს იწვევს, რათა მაქსიმალურად განხორციელდეს „ნოვატორულის“ ექსპორტი აზერბაიჯანულ თეატრში.

 

აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს  გაწერილი აქვს ქვეყნის კულტურის პოლიტიკა და მომავალ ათწლეულში კულტურის განვითარების დეტალური გეგმა. რაც მთავარია ეს სახელმწიფო დოკუმენტები მხოლოდ ფურცელზე დაწერილ მომხიბვლელ დადგენილებებს არ წარმოადგენს და მათი ეტაპობრივი განხორციელებისათვის ნაბიჯები უკვე გადადგმულია.