საბჭოთა ბიუსტის მზერიდან
ლეო ნაფტა
 
თარიღი: 16/11/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

 

@ ლეო ნაფტა

 

 

საბჭოთა ბიუსტის მზერიდან

 

 

***

 

30 წლის წინ, ჩემ დაბადებამდე 2 წლით ადრე ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი გარდაცვლილა - მბრძანებელი სრულიად საბჭოთა ხალხისა და ქვეყნისა, მუშათა და გლეხთა, გლახაკთა და უპოვართა (რომლებიც მაშინ თურმე არ არსებობდნენ, მაგრამ იყოს ასე - როგორც თემურ ქეცბაია იტყოდა, უფრო მაღალფარდოვანია - ,,გლახაკთა და უპოვართა”).

 

სრულიად საბჭოთა ხალხი გლოვას მოუცავს.

სრულიად ქვეყნიერება გლოვობდა და ცრემლს სამუზეუმო ექსპონანტივით (და ალბათ იყო კიდეც)  მორთულ კუბოში ატანდა მეთაურს და მთავარსარდალს.

პროცესიას პოლიტბიუროს მთელი შემადგენლობა ესწრებოდა, მათ შორის ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე.

კუბოს გარშემო უვლიდა უამრავი დამწუხრებული საბჭოელი - ქალი თუ კაცი, ბავშვი თუ მოხუცი, ხეიბარი თუ არახეიბარი, მილიციელი თუ ,,ძედუშიკინიდან” საგანგებოდ ჩამოყვანილი ჯარისკაცი.

 

სკოლის მოსწავლეებისთვის თითქოს ბოლო ზარი დაირეკა - მათ აღარ ჰყავდათ ბრეჟნევი, მამა-მარჩენალი, ქვეყნის მეთაური და ამ ყველაფერთან ერთად მათ მეორე დღეს გაკვეთილებიც გაუცდათ, რადგან სრულიად მგლოვიარე საბჭოთა კავშირში უქმე დღე იყო.

 

თითქოს დრო გაჩერდა და საათის ისრებმა ლეონიდ ილიჩის კუბოს დიაფრაგმაზე თავიდან დაიწყეს ათვლა.

 

 

***

 

,,ნეტაი იმ დროს” - იტყვიან წლების შემდეგ და უკვე იუთუბის არქივებში შემონახულ ვიდეოებს კიდევ ერთხელ გადაავლებენ თვალს.

 

მართლაც სხვანაირი იყო მაშინ სამყარო, რომელსაც მხოლოდ ორი კიდე, მხოლოდ ორი საწყისი და სასრული ჰქონდა - ,,საბჭოთა კავშირიდან-საბჭოთა კავშირამდე”.

 

უყურებენ კადრებს და თითქოს ისინიც კი, ვინც მაშინ საერთოდ არ არსებულა რაღაც სხვანაირ სუნს გრძნობს - რაღაც სასაცილოს, რაღაც ნესტიანს, რაღაც აყროლებულს, უსუსურს, სევდანარევს, მშვიდს და რაღაც მითიურს - ვერავინ წყდება დავირუსებულ მონიტორს

 

ჰოი, საოცრებავ…

 

არ მინდა ამ კადრების გამორთვა.

 

რაღაცნაირად მიზიდავს ეს ნაცრისფერი მუზეუმი.

 

- სადღაც ქუჩებში ვიღაც ერთნაირი ტიპები დადიან, ერთნაირ ავტომობილებს მართავენ, ერთნაირად აცვიათ, ერთნაირ ქუჩებს კვეთენ, ერთ ფერში შეღებილ კორპუსებს ტოვებენ და ერთნაირად ტკივათ. არა, პრინციპში ტკივილი საერთოდ არ ჩანს ამ ძველისძველ ფოტოებზე: ამ ადამიანებს სახეებზე ერთნაირი სიმშვიდე და მოთენთილობა ახატიათ. მოთენთილობა და სიმშვიდე იმისა, რომ სამყაროს ცენტრში დააბიჯებენ, ყველა მათგანი დედამიწის ცენტრია - მათი გულისცემით იწყება და მთავრდება ყველაფერი. თითქოს სადღაც უკვდავებაში დადიან და მომნუსხავად აღმართულ ბიუსტებს გვერდს უვლიან; ეს ბიუსტები კი ყველა ქუჩას, ყველა წერტილს, ყველა ოჯახს, ყველა სადარბაზოს და ყველა გულს ერთნაირი ყავს - მათი სახეები ღმერთებივით აკონტროლებენ ყოველ წერტილში და ყველა ზემდეტი, არასწორი ნაბიჯის შემთხვევაში ეგრევე ახსენებენ, რომ ,,შენ ხომ არ უბერავ, საბჭოთა მოქალაქეს მაგის უფლება არ აქვს”! - როგორც ახლა, ყოველ კუთხეში ჭაღებივით დაკიდული და მტვრიანი სათვალთვალო კამერები.

 

რევოლუციონერი მწერლების, მფრინავების, მუშების, სამამულო ომის გმირების თუ ცეკას მდივნების ბიუსტები ერთგვარი ,,ტორმუზია” მათ მიწიერსა და არამიწიერს შორის.

 

გავა კიდევ მრავალი წელი და მათ პარტიას - ეკლესია, ბელადებს - სხვა სახელის და ნაციონალობის ბელადები,  ბისუტებს - სათვალთვალო კამერები,  და მოთენთილ სახეებს - დაღლილი სახეები შეცვლის. ყველაფერი აბსოლუტურ უკვდავებას შეინარჩუნებს სახეების გარდა. ფორმებს კი, აბა, ვინ აქცევს ყურადღებას? არც არავინ.

 

***

 

2:40 აწერია პლაზმური მონიტორის მარჯვენა კუთხეს, რაც იმას ნიშნავს რომ ფეხბურთის დამთავრების მერე (სადაც მანჩესტერ იუნაიტედმა მორიგი გენიალური ,,ქამბექი” დადო პატარა ჩიჩარიტოს წყალობით), თითქმის მეოთხე საათია ამ მუზეუმს ვათვალიერებ და ყურში ბელადების ხმები ჩამესმის.

ხმები იმისა რომ ქვეყანა აყვავდა, გზები დაიგო, ქარხნები გაიხსნა, ადამიანი დასაქმდა, რომ შევქმნით აყვავებულ ქვეყანას და გავიმარჯვებთ მტერზე და ა.შ. და ა.შ.

ეს ხმები ისე სინქრონულად მიყვება ამ კადრებს და ისე არაშემაწუხებლად აზის თავზე, რომ ძალიან ახლანდელი და შეჩვეულია.

 

მერე ვუყურებ ბრეჟნევის პანაშვიდს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს, გახარებული ადამიანების თავყრილობას, ბუშტებს, ვარდებს, მამიკოების კისრებზე შემოსმულ ბავშვებს, აჟიტირებულ შეძახილებს, ,,ვრემიას” და თითქოს მხოლოდ კადრებია ძველი და გახუნებული, ისიც იმიტომ, რომ მაშინ ტექნოლოგიები სხვანაირი იყო. ამ ყველაფერს ორგანიზმი  და აღქმა ისეა მიჩვეული, რომ მხოლოდ იმიტომღა ვიცინი სადღაც რაციონის სხვა კუნჭულებში ჩაპროგრამებული ინსტიქტებით ვიცი:

ეს მხოლოდ ისტორიაა.

რომ ეს ცუდია.

რომ ეს უნდა დაიგმოს.

რომ ეს აღარ უნდა განმეორდეს.

რომ ამაზე მე, ვითარცა (როგორც ჩვენი იუსტიციის მინისტრი იტყოდა) ჭეშმარიტმა ინდივიდმა მხოლოდ უნდა ვიცინო, რამეთუ (როგორც ჩვენი იუსტიციის მინისტრი იტყოდა) ეს უკვე მორჩა და აღარ იქნება - საბჭოთა კავშირი აღარ აღ(ს)დგება.

 

მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვკითხულობ და პასუხს ვერ ვიღებ: რაღაც რომ აღ(ს)დგეს, ჯერ ხომ უნდა მოკვდეს? ხოდა, ამხანაგო იროდიონ, როდის მოკვდა? ეტყობა რაღაც გამომრჩა.