„როგორც ჩანს, ისე ჩანს“
გიორგი წითური
 
თარიღი: 19/11/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

 

@ გიორგი წითური

 

 

„როგორც ჩანს, ისე ჩანს“

 

 

სიტყვა ამბოხი პირადად ჩემთვის ყოველთვის ფასეული იყო, ვერ გეტყვით ეს იმ ფრანგი პოეტების ბრალი გახლდათ ვისაც ბავშვობიდანვე ვგულშემატკივრობდი თუ იმ მუსიკის, რომელიც ჩემდა საბედნიეროდ ამ სიტყვის მატარებელი გახლდათ და ასე თუ ისე ჩემზე ზეგავლენას ახდენდა. რა თქმა უნდა წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, პოეზიასაც მარტო ამბოხს არ ვუკავშირებდი და არც სცენაზე „სიკვდილი“ იყო აუცილებელი რათა მუსიკოსის შემოქმედება დამეფასებინა, თუმცა იმ ფაქტს ვერსად გავექეცი, რომ თუ შემოქმედში წამით მაინც არ შევნიშნავდი ამ განწყობას, მისი შინაარსი ვერასდროს გახდებოდა ჩემი ნაწილი.

 

ირაკლი ჩარკვიანის შესახებ ასევე ბავშვობაში შევიტყვე, ძალიან პატარა ვიყავი და გაუაზრებლად მსიამოვნებდა ის „ხმაური“, რომელიც მის ამა თუ იმ სიმღერაში მესმოდა, ყველაზე მეტად გულს კი ის მიხარებდა, რომ კონკრეტულ, ასე ვთვქვათ უცხოურ „ხმაურზე“ ვიღაცას ქართული ტექსტი მოერგო. ეს მაშინ იყო 90 -იანების დასაწყისში, როდესაც უბრალოდ ძალიან პატარა ვიყავი იმისთვის, რომ მიმხვდარიყავი, ირაკლი ჩარკვიანის უცხოური „ხმაური“ ყველაზე ქართული და ორიგინალური მუსიკა იყო, რაც კონკრეტულ სტილში საქართველოში დღემდე მომისმენია. მაგრამ ეს მაშინ იყო, როდესაც პატარას ტვინისთვის ძალიან რთულია გაიაზროს რა არის ზოგადად მუსიკა, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ვაღიაროთ - მაშინ ალბათ არც არავის წარმოედგინა, რომ ჩარკვიანი ზუსტად იმ ადამიანად წარმოიქმნებოდა, რომელსაც წესით და რიგით თაობა უნდა გაჰყოლოდა.

 

ყველა რევოლუციას თავისი გმირი ჰყავს და მნიშვნელობა არ აქვს ამ პიროვნებას აქვს თუ არა ამის სურვილი, ჩარკვიანი ქართული კულტურის ზუსტად ეს გმირი იყო, რომლის სიმღერებიც და მითუმეტეს სოციალური აქტიურობა არა ერთი თაობისთვის ყოფილა მნიშვნელოვანი - დღეს ყველაზე ხშირად მესმის სიტყვები „ჩარკვიანი რომ ცოცხალი ყოფილიყო“, რასაც გულის სიღრმეში ვაპროტესტებ კიდეც, თუმცა იმ ფაქტს ვერ ვშორდები, რომ ჩარკვიანის გარეშე ქალაქმა მართლაც დაკარაგა თვისი გმირი, რომლის არსებობაც ასეთი მნიშვნელოვანი იყო იმ ახალგაზრდებისთვის ვისაც სიტყვა ამბოხი დღემდე ახსოვს. ამბოხებულმა ფრანგმა სტუდენტებმა მაშინ თავისთან სარტრი შეუშვეს, ჩვენ კი ალბათ მხოლოდ ჩარკვიანს თუ მივცემდით ამის უფლებას, ჰო რომ ამბოხებულიყავით რა თქმა უნდა . . . 

 

კარგი მუსიკოსები სულ თითზე ჩამოსათვლელი გვყავს, თუმცა ჩარკვიანის შემთხვევაში აქ არა მხოლოდ მუსიკა ფიგურირებს, არამედ ის ცხოვრების წესი რომელიც მხოლოდ მეამბოხე სულს შეიძლება გააჩნდეს. არ მინდა პათეთიკური ვიყო, თუმცა რთულია სხვანაირად მოიქცე როცა საქმე ლეგენდას ეხება. დიახ მეფე დღეს ლეგენდაა და მერწმუნეთ წლების განმავლობაში ეს სტატუსი უფრო გამძაფრდება, რადგანაც როგორც ზემოთ ავღნიშნეთ თაობას ყოველთვის ჭირდება თავისი გმირი, მითუმეტეს მკვდარი გმირი, რომელსაც რაღაც მხრივ წმინდანათაც კი მოიაზრებს ხოლმე ის საზოგადოება, რომელსაც დიდი ხანია რაც რაკეტა უნდა უყიდო.

 

და აქ საქმე სულაც არ ეხება იმას მოგვწონს თუ არა ჩარკვიანის მუსიკა, სულაც რომ არ გვიზიდავდეს ის, ფაქტი ფაქტად რჩება, სხვა გმირი უბრალოდ არ არსებობას. სულაც არ მაქვს სურვილი ვინმეს გაკულტების, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს გარდაუვალი პროცესია, უბრალოდ თუ იგივე უცხოეთს ასეთი გმირები ათზე მეტი ჰყავს, ჩვენს შემთხვევაში ეს მხოლოდ მეფეა, რომელსაც სხვა გამოსავალიც არ აქვს გვირგვინი ისევ მას დარჩეს და ესტაფეტის სახით არავის გადააწოდოს.

 

რატომ ირაკლი ჩარკვიანი ? უბრალოდ ის ყველასათვის მისაღებია, დიახ, ასე ერთი სიტყვით შეიძლება ახსნა მეფის შემოქმედება, რადგანაც ის ჰიტები, რომლითაც განებივრებული ვიყავით ჩარკვიანის სიცოცხლეში ყველასათვის ახლო აღმოჩნდა. ალბათ ჩარკვიანი ზუსტადაც ის ერთადერთი შემოქმედი იყო, რომლის პროტესტის შესახებაც ხშირად ივიწყებდნენ და მის კომპოზიციებს ყველა ისე განიხილავდა როგორც მას სურდა, ხოლო თუ ჩაღრმავებას განიზრახავდა უმალვე აღმოაჩენდა იმ საყაროს, რომელსაც დღეს უკვე მეფის დანატოვარს ვეძახით.

 

პირველი, ერთგვარი შოკი  Svan songs-ის მოსმენისას განვიცადე, როცა პირველად შევიგრძენი, რომ ვიღაც ქართულად მელაპარაკებოდა იმ თემებზე, რომელიც ჩემთვის ეასოდენ აქტუალური იყო. დღემდე მიმაჩნია, რომ უკეთესი ქართული ალბომი უბრალოდ არ ჩაწერილა და დღემდე არ მსურს გავერკვიო იმ დეტალებში, რომელიც ალბომს თან ახლავს, უბრალოდ მახსოვს ერთ-ერთ ინტერვიუში როგორ თქვა ლადო ბურდულმა, Svan songs ჩემ გარეშე შეიძლებოდა უკეთესი გამოსულიყო შეიძლება უარესი, მაგრამ ასეთი არ იქნებოდაო. სიმართლე გითხრათ ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ ალბომი ჩაიწერა და დღესაც შემიძლია ვინმე უცხოელ სტუმარს სიამაყით მოავსმენინო.

 

Svan songs -ზე მართლაც ბლომად დაწერილა, თუმცა ამ სტატიის წერისას კიდევ ერთხელ ჩავრთე და დავრწმუნდი, რომ ის დღესაც ისეთივე აქტუალურია როგორც მაშინ. თუნდაც ყველანაირ სოციალური მესიჯებს რომ შევეშვათ და ალბომის ყველაზე ხანმოკლე კომპოზიცია „ზამთარია“ ავიღოთ - უკეთესი ქავერი ალბათ საქართველოს მუსიკალურ ისტორიას არ ახსოვს, ჩარკვიანმა ზუსტადაც ის სული დაიჭირა, რომლის გამოც ასოდენ პოპულარული იყო კონკრეტული კომპოზიცია . 

 

შემდეგ „აფრენ“ -ის დროც მოვიდა და იმ კლიპის, ნახევარი სამეზობლო შოკში რომ ჩამიგდო, ეს თავ გადაპარსული გიჟი კაცი ვინ არისო, არადა მგონი ექიმს არ დაუსვია ასეთი ზუსტი დიაგნოზი ერისთვის როგორც ეს მაშინ ჩარკვიანმა გააკეთა. მაშინ ეს ნაკლებად თუ დააფასეს, მაგრამ დღეს ცოტა სხვა სურათია და ცოტა სხვა ფერებიც - საინტერესოა დღეს რა დიაგნოზს დაუსვამდა მეფე ამ ხალხს, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა, რომელზეც წესით და რიგით პრინცებმა უნდა იზრუნონ, რომლებსაც სიმართლისთვის უნდა ითქვას ვერსადაც ვერ ვხედავ.

 

„ჩვენი მორისონია რა“ - ასე შეაფასა ალბომი „ამო“ -ს შემდეგ ჩემმა ერთმა მეგობარმა ჩარკვიანის შემოქმედება, რაც უმალვე გულისხმობდა ფატალურ ფინალსაც. დიახ ლეგენდის ადგილი ყოველთვის ოლიმპზეა რის გამოც ჩარკვიანის გარდაცვალებაც ერთგვარი რიტუალად თუ დარჩება მომავალი თაობისთვის, რომელსაც ასეთი დიდი სურვილია გააჩნია ჰყავდეს გმირი. მე კი დარწმუნებული ვარ ჩარკვიანს ამის სურვილი ყველაზე ნაკლებად ექნებოდა, ყოველ შემთხვევაში 21 -ე საუკუნეში სადაც მეფეების ადგილი უბრალოდ აღარ არის.

 

მეფის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ომია და არა თვითონ წაგება თუ მოგება, ასეა ჩარკვიანის შემოქმედებაც - ის თითქმის ყოველ ალბომში უცხადებს ომს ხან ხალხს, ხან ხელისუფლებას, ხან სისტემას, ხანაც პირდაპირ პრეზიდენტს, თუმცა ყველაზე დიდი ომი მას საკუთარ თავთან აქვს, რომელთანაც გამრჯვება მის მთავარი მიზანია. შეიძლება ითქვას რომ მეფემ საკუთარ ომი მოიგო, თუნდაც სიკვდილის საფასურად, რომელიც ასევე ომს ახლავს და რომელსაც ასევე დიდი ნაწილი უკავია ქართველი შემოქმედის კომპოზიციებში თუ ლექსებში.

 

ჩარკვიანი დაგვაკლდა, არა ჩემი აზრით მეფე ზუსტად მაშინ მიდის როცა საჭიროა, ხოლო მისი დანატოვარი ალბათ საკმარისია იმისთვის, რომ უბრალოდ არ ვიწუწუნოთ და ჩვენთვითონ წამოვიწყოთ ის ომი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ცურვაც ვისწავლოთ და გადავცუროთ ბოლოს და ბოლოს ის ავად თუ კარგად ნახსენები ზღვა. 

 

p.s. ჰო ბოლოს კი, ჩარკვიანის ნებისმიერი ინტერვიუს მოსმენისას, რაც ინტერნეტში მოიძებნება, სულ გიჩნდება აზრი, რომ კონკრეტული ვიდეო რაღაც დღევანდელ თემებს ეხება და რომ სულაც არ არის ჩაწერილი რამდენიმე წლის წინ - რაც არ უნდა უცნაური იყოს, მეფე ახლაც ისეთივე აქტუალურია თავისი პასუხებით, როგორც მაშინ და სავარაუდოდ ასეთადაც დარჩება კიდევ მრავალი წელი.