"ჟან ჟენე, ანუ როგორ მოვიპაროთ მარსელ პრუსტი"
არტარეა
 
თარიღი: 16/05/2012
კატეგორია: სტატია

 

ციოდა იმ დღეს, უეჭველი ეციებოდა, ეგრე იცის ხოლმე დეკემბრის პარიზში. ცოტა მანქანა დადიოდა მაშინ, კაცები ქალებს ხელზე კოცნიდნენ, ქუდს უხდიდნენ და ფეხზე წამოუდგებოდნენ ხოლმე. სხვანაირი დრო იყო. იქით პრინცი ფერდინანდი, აქეთ რომანოვები. პარიზელები კიდე თავზე წამომხობილ ლითონის ჯართს აჩვევდნენ თვალს. 19 დეკემბერი იდგა, აგერ ისეთი ამინდი, ბალზაკის გმირს რო ათქმევინებს, დღეს თავის მოსაკლავად ავი დარია, სენა მღვრიეა და ცივიო.


ჰოდა ჩვენი გმირიც დაიბადა, მაგ დღეს უნდა დაბადებულიყო, მაგ ამინდში, სხვა დროს და სხვანაირად არ გამოვიდოდა. დედა – მოახლე, მამა კიდე აბა ვინ იცის. ნაბუშარი გამოდგა, რაღა.


ვიიონის ამბავი თუ მოგეხსენებათ? ამ ჩვენი ჟენესი? გაქცეულებისას ვყვები, სახლ და საფლავდაკარგულებისას. ყველაომწაგებულების, ნაღდი გულიანი დეზერტირების, თავისივე სულის ჯიბგირების, ჟონგლიორების, წერას ატანილების, უსაშველოდ აღოღიალებულების. 


ევროპის ლამის ყველა ციხეში მჯდარხართ? წიგნი თუ მოგიპარავთ? ოთხი ბოთლი აპერიტივი? უბილეთოდ მგზავრობისთის თუ ჩაუყუდებიხართ 45 დღით ერთი თვის გამოსული?


15 წლისას ჩაავლეს პირველად ბაცაცობისთვის, ცხვირსახოცივით იცვლიდა აპეკუნებს და გამოსასწორებელ სახლებს, ბავშვების ფსიქოლოგმა იმბეცილიაო, ეგრე ჩაუწერა დასკვნაში.


არ იფიქროთ ცხოვრების აწყობა არ ეცადოს, მიდგა–მოდგა და არ გამოუვიდა, 18 შესრულებოდა, ციხე იმდენი მოევლო, სათვალავი აგერეოდა კაცს და ვიღას რაღად უნდოდა, ეგ კი არა, სულ დაწკეპილი ბიჭები ვერაფერს გაშანსავდნენ მაშინ. კაი გვარიანი შიმშილები დაყვებოდა ფეხდაფეხ.


ვიიონის დროს მაინც სხვა იყო, სადმე ძმაბიჭებს გაიჩენდი გარეუბანში და იყავი შენთვის, თან დანას დაატრიალებდი და თან ლათინურად ჩამომარცვლავდი ლექსებს.


ალექსი გახსოვთ? აი ბეთჰოვენი რო უყვარდა. რაღა ეგ და რაღა ჩვენი ჟენე. წერა ციხეში დაიწყო, რომანების მაინც, ისე ამასაც ერთი ხანობა კომპოზიტორი ყავდა აპეკუნად, ბრმა, ცოტა ჟიუტი და თავისებურად შერეკილი კაცი, მერე კლასიკოსობისას იგონებდა, მაგან მასწავლა რაღაც–რაღაცეებიო. 


მწერლობის ნიჭი კიდევ ხო, მაგრამ ჯიბგირობისა გრამი არ მიეცა ბუნებას, ერთხელ ვერ მოიპარავდა ისე, რო არ ჩაევლოთ, ძალით შვრებოდა თუ რაში იყო საქმე არ ვიცი, აბა რა გითხრათ.


36 წელს ჩეხოსლოვაკიაში ებრაელი გოგოსთვის ფრანგული გისწავლებიათ? ან მამამის ექიმს რამ დააკარგინა ჭკუა, ეს ქვეყნის მაწანწალა დეზერტირი (მაროკოში ჯარიდან გამოიქცა მაშინ), მასწავლებლად რო დაუყენა თავის თვალის ჩინივით მოსაფრთხილებელ შვილს. ჟენეს რა, ფეხით გამოეჭრა აფრიკიდამ ბელგრადამდე,  მოეპარა გზაში და ეგრევე ჩაესვათ, მანდაც, პალერმოშიც, ვენაშიც. ჰოდა შეუყვარდა თავისი მოსწავლე, ეგრე ამბობენ მაგის მეტი ქალი არც არავინ ყვარებიაო, კაცები კიდე რამდენიც გინდოდეთ, ბუზებივით ეხვია მთელი თავისი დღე და მოსწრება, ზოგს მართლა ყვარობდა და ზოგის ამბავს კიდე აზუსტებენ და ვერ გადაუწყვეტიათ, კიო თუ არაო.


ვიძახი, ალექსას გავდა მეთქი, ან კიდე იმას, იმ ბებერ ფრანგს, ვერცხლის კოვზებს რო იგებდა პოეტების შეჯიბრებებში. გაქცეულებს.
პირველი წიგნიც ციხეში დაწერა, მოიავტობიოგრაფიულებსო, რაც თვითონ იყო ეგეთი აფრენილი სახელი დაარქვა იმასაც, ყვავილების ღვთისმშობელიო. ვიღაცეებმა ჩაავლეს, მასავით შერყეულებმა, პირველი კოქტო იყო, საფრანგეთის მომავალი უძახა სულ, კიდე რო ჩააყუდეს ვირის აბანოში, იმ ჯერზე პოლ ვერლენის წიგნი მოიპარა, სასამართლოში სიტყვით გამოვიდა, საფრანგეთს მწერალი არ დაუკარგოთო, სულ ეგეთები შეუბერა, ამაზე უკეთესი ბარე ორი არ გეყოლებათო. გამოსულსაც პატრონობდა მერე, ნელა–ნელა სხვებმაც აუბეს მხარი.


რა მიყვარს იცი ფრანგების, აი წლები ვერ აბერებთ რა, ყველაფერი დაწერილი ქონდა მაშინ კოქტოს, დანარჩენებიცა და ავტობიოგრაფიულებიც, სარტრიც ეგრე იყო, მაინც იძახდა, მონა ლიზა გამაიტათ ლუვრიდან, ცეცხლში უნდა გადავუძახოო. სარტმაც ჟენეზე ვახო, ეს ვინ ყოფილაო, მერე მორიაკმაც, მხეცმა. საყვედურობდა ნაციხარი თავზე წამომდგარ კლასიკოსებს, თქვენ ძაან მაღლა შემსვით, ცოტა დაბლა დაუწიეთ, რა საძეგლე და საპიდესტალე კაცი მე ვარო, სახეს მართმევთ ჩემსასო და მისთანები. იმ პირველ წიგნს, 100 ცალი რო დაბეჭდა თავის ხარჯით, მოაყოლა და მოაყოლა პიესები და რომანები, კაი ხანს ვერ მოისვენა.


ყვებოდა და ყვებოდა, როგორი ამბებია იცი, აი ნაღდი, ანგელოზისფრთიანი ავსულების, ავარდნილების კი არა, წესიერებაში ვერ დატეულების, რაღაცნაირი ანცების. ინკვიზიციის კოცონზეც რო არ მოიშლიდნენ თავიანთსაც და ცეცხლი რო შარვლის ტოტებს მოულოკავდათ, ეგრე გადმოსძახებდნენ ჯალათს, ვახო, ძლივს არ გავითბე ფეხის გულებიო. 


მიდგა და სამი პიესა გამოუშვა მობერებულზე, სკანდალურები, სულ თავდაყირა დააყენა ფრანგული თეატრი, ,,აივანი“, ,,ზანგები“, ,,შირმები“, იყო ერთი უშიშარი კაცი მაშინ პარიზში, როჟე ბლენი, ეგ უდგამდა პიესებს. ,,შირმები“ დაწერა და ეგრეც ჩაიკვნიტა ენა, მეგობრები შეყარა, მონიკა ლანჟი და ხუან გოიტისოლო, თავისნაირი დაფრენილი, მორჩაო, მე დღეიდან კალამს ვდებო, ამბობენ, აკრობატი უყვარდა თურმე, აბდალი ერქვა, ვენები დაუხსნია ორი დღით ადრე საბრალოს.


ხშირ–ხშირად ჩადიოდა არაბეთში, აფრიკაში, ჯარიდან თუ რამის სიყვარული გამომყვა მაგ მხარისო, იძახდა.


უკვე ასაკში იყო, 60–ს აღარაფერი უკლდა და ეს თმაგათეთრებული კაცი სარტრთან, ფუკოსთან და მარგარეტ დიურასთან ერთად მიტინგობდა პარიზში, შეხედულები მოგიძველდათ, ადე ქუდი დაიხურეთ, ემიგრანტების უფლებებს ნუ არღვევთ, რასიზმს შეეშვითო, მთავრობას უკიჟინებდა.


ფრანგული თეატრის ბეკეტი და იონესკუ ხარო, ეძახდნენ და 70–ისას ამერიკაში ჩასვლა აუკრძალეს, პოლიტიკურად სხვაგან არიო, 70–ის იყო 8 დღე რო იარა ფეხით პალესტინელი ლტოლვილების ბანაკებში, და იასერს შეხვდა არაფატს, დაპატიჟეს და რას არ ჩავიდოდა, 72–ისა ისრაელის ავიაციის დაბომბვას შეესწრო ცხადლივ და ეგეც ცხვირ–პირში მიახალა მსოფლიოს, რას შვებითო.


ერთ ადგილზე რა გააძლებინებდა, არ ასვენებდა გამჩენი. სასტუმროში მოკვდა, სტეფან პიშონის ქუჩაზე, თავისი ბოლო რომანის მეორე კორექტურით ხელში (თუ მაგიდაზე). დილით იპოვეს. ,,შეყვარებული ტყვე“ ერქვა რომანს.


პოსკრიპტუმივით


42 იყო თურმე, გაგანია ომი, ის დრო, რუსეთის ფრონტზე სიკვდილს რო სხვანაირი სუნი უდიოდა. ჟენეს კიდე რა მოეჩვენა რა ვიცი და ძია მარსელის წიგნის მოპარვა მოხუშტურებია, მაშინ ბევრმა არ იცოდა, ძია მარსელი, ამასაც ისე ინტერესესის ხათრით უცდია, განა განზრახ. არი ეგეთი რომანი, ,,შეღერებული ქალიშვილების ჩრდილში“ ქვია. რო ჩამსვესო, მერე იგონებდა, აი ვზივარ და ბევრს არას ვდარდობო, რო გამოილია თურმე საკითხავი, ჩამოატარეს ბიბლიოთეკა და ეს შეღერებული ქალიშვილები არ შერჩა საწყალს?! შემომეყარა გულზეო, მაგრამ გადავშალე, პირველი გვერდი ჩავიკითხე, გავიღიმე და დავხურე წიგნი გახარებულმა, ვიცოდი აწი სულ უკეთესი და უკეთესი იქნებოდაო. 


მაშინ დაუწყია თავისი ღვთისმშობელიც. იმ სროკზე. ვიცი, ახლა მკითხავთ,  ვისა ჰგავს, ვისა ჰგავსო, ალექსასი და ვიიონის გარდაო. ყველასა და არც არავის მეთქი, გიპასუხებთ. მაინც, მაინცო, არ დაიშლით თქვენსას. შემოგიკურთხებთ და დოსტოევსკის მეთქი, გეტყვით, დოსტოევსკის მეთქი, ოღონდ უკუღმა.