კოკა რამიშვილის უსათაურო გამოფენა
ხათუნა ხაბულიანი
 
თარიღი: 21/11/2012
კატეგორია: რეცენზია

 

 

 

ხათუნა ხაბულიანი

 

 

კოკა რამიშვილის უსათაურო გამოფენა

 

 

გალა გალერეაში  კოკა რამიშვილის უსათაურო გამოფენის მთავარი ნამუშევარი „კვარიათი“ იყო, – მსუბუქი, დახვეწილი, ჰაეროვანი ფერწერა, აბსტრაქციის წმინდა ფორმისკენ მიმავალი, პერფექციონისტული ტკბობით შესრულებული.  მთავარი იმ თვალსაზრისით, რომ გამოფენის ემოციური ძაბვის კულმინაციას შეადგენდა მეხსიერებისა და ისტორიის  ფრაგმენტების კრებულში. დამთვალიერებლებს მხატვარი თვითონ ეუბნებოდა ნამუშევრების სათაურებს, – უშუალოდ მათ განმარტებები არ ჰქონდათ დართული და გამომდინარე პოსტერის წარწერიდან – „უსათაურო,“ რთული მისახვედრი არ იყო, რომ სათაურის ინტრიგა პრეზენტაციის მიზნებში იყო გათვალისწინებული. მოგზაურობის დაწყება  პირდაპირი ინსტრუქციების გარეშე უფრო მიმზიდველია არტისტული ნატურებისთვის, ანუ  მოგზაურობა, როცა საბოლოო დანიშნულების ადგილი არასდროს არ არის ცნობილი და არავინ იცის გზა საით წაგიყვანთ. ამასთან, პირდაპირი და სწორხაზოვანი იარლიყი ასევე ძალიან გამაღიზიანებელია იმავე არტისტული ნატურებისთვის, რომელთა უმეტესობისთვის მარტივად მიკერებული დეფინიცია მისი ხელოვნების შესახებ ბიოგრაფიის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ხშირად ძალიან მტკივნეულად განიცდება. 

 

 

ასეა თუ ისე, სათაურების თემა მნიშვნელოვანი იყო იმ თამაშში, რომელსაც  კოკა რამიშვილი ამ გამოფენაზე მისულ სტუმრებს სთავაზობდა მინიშნებებითა და ბოლომდე ართქმულის ინტრიგით. ამ თამაშში კიდევ სურათის ტილოს ფორმატზე მოთავსების ორიგინალური დიზაინიც მონაწილეობდა: თეთრ ფონებზე ჩასმული კადრები თითქოს ვიღაცის ხელით არის გაწეული კიდისკენ, აქ  თქვენ მეტ–ნაკლებად ჩამოჭრილ კადრებს ხედავთ.  სერიაში ყველაზე სრულად აეროპორტის რეალისტური გამოსახულება ჩანს, რომელიც თავისუფალი და უსასრულო გზით  ერთგვარ ალტერნატიულ  გამოსავალს გთავაზობთ ორაზროვანი განწყობით – შეიძლება ის ეგზისტენციალური არჩევანი იყოს ან კიდევ უბრალოდ თავის გადასარჩენად გასაქცევი გზა. კადრების „გვერდით გაწევას,“ მათი განდევნის ერთგვარ მცდელობას ფსიქოანალიზის მარტივი სქემის ასოციაციები შეიძლება მოჰყვეს, სადაც პრობლემას თუ დასანახი ადგილიდან მოვაშორებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ის გადაჭრილია და არავითარი გარანტია არ არის სადმე მოულოდნელ ადგილას არ ამოჰყოს თავი. სერიის  ყოველი ნამუშევარი განსხვავებულ ურთიერთობაშია თავის თეთრ ფონთან, ზოგიერთი ოდნავ გვერდით არის „გაწეული,“ ზოგი კი მეტად. „მანეს შემდეგ“ ყველაზე მცირე ზომის კადრს აჩვენებს. ეს პეიზაჟის ფრაგმენტია მკაფიო განათებით და დიდი ჩრდილებით ბალახიან მინდორზე. თუ აქ წარმოდგენილ კოლექციას სხვადასხვა კულტურულ–ისტორიული კონცეფტების ნიშნებად განვიხილავთ, მანეს სახელი ბევრისთვის მოდერნისტული მხატვრობის დასაწყისს ნიშნავს. კოკა რამიშვილი „ცვლილების“  და გარდატეხის თემას ამჯერად კონკრეტულად მხატვრობის ისტორიაში ეხება, განსხვავებით მისი ვიდეო ნამუშევრებისაგან Change და Change 2, სადაც პოლიტიკური ფაქტების დოკუმენტური სქემა გრაფიკული ნახატით აგებულ ქორეოგრაფიაში გადადის. მანეს ნოვატორობა და მხატვრობაში ახალი ერის დასაწყისი ტრადიციული მხატვრობის მთავარი მოცემულობის –ილუზიის უარყოფაში გამოიხატებოდა, როცა მხატვარი აღარ ცდილობდა ორგანზომილებიანი ტილო სამგანზომილებიან ილუზორულ სივრცედ გადაექცია, პირიქითაც კი, – ის თითქოს საგანგებოდ  უსვამდა ხაზს იმ ბრტყელ  ზედაპირს, რომელზეც ხატავდა. 

 

 

მანეს გახსენება ამ კონტექსტში შესაძლოა ილუზიის ფაქტორსაც ეხებოდეს და სერიაში მოცემული ისტორიული დროისა და ფაქტების წარმავალობაზე მეტყველებდეს. თუმცა,  ამ სერიაში კოკა რამიშვილი სხვა მხატვარსაც მოიხსენიებს– სეზანს, მოდერნისტული მხატვრობის დასაწყისის ასევე მნიშვნელოვან ფიგურას, რომელმაც იმპრესიონისტულ გამოცდილებას მეტი მკაფიოება და დამაჯერებლობა დაუმატა; „ინტურისტი“ (სეზანის მიხედვით) ისევ მწვანე ხეებიანი ლანდშაფტიანი კადრია, ამჯერად უფრო ვრცელი ჰორიზონტალური ზოლი, მხოლოდ პატარა ფრაგმენტი მოჩანს შენობისა, რომელიც საბჭოთა პერიოდის სოციალურ–კულტურული კონტექსტის ერთ–ერთი ხატი იყო და იზოლირებული ქვეყნის მაცხოვრებელთა ცნობიერებაში ირიბად უკავშირდებოდა დანარჩენ სამყაროს. სურათი ერთგვარი ირონიული ექოა იმ პერიოდის საფოსტო ბარათებისთვის სახასიათო ფოტოებისა, სადაც მწვანე ოაზისები ამქვეყნიურ სამოთხეებად იყვნენ წარმოდგენილი, საბჭოთა ადამიანებისთვის კი ამ ოაზისში ჩაფლული ინტურისტი კიდევ დამატებით მითების წყაროც იყო, რეჟიმისადმი მისი შინაგანი წინააღმდეგობის თუნდაც უმნიშვნელო და ფარული  გამოვლინება.  საფოსტო ბარათების ფორმატის ინტერპრეტაცია გრძელდება ნამუშევარში სუფთა ცისფერი ცის ფონზე გამოსახული დროშის ფრაგმენტით, უკვე სოც არტთან პირდაპირი ასოციაციით და ყველასთვის გასაგები სიმბოლიკით. თვითონ სერიის ხასიათი და რეალისტური ფერწერა ისეთი ტიპის გამოსახულებებს ქმნის, რომლებიც კომარისა და მელამიდის ცნობილი სერიის „ყველაზე სასურველი ნახატის“ (The Most Wanted Painting) კრიტერიუმებს იზიარებს, – ანუ სურათისა,  რომელიც ნებისმიერი რიგითი (მხატვრობაში გაუთვითცნობიერებული) მნახველის წარმოდგენას შეესაბამება იმ საკითხზე თუ „როგორი უნდა იყოს ნახატი.“

 

 

კოკა რამიშვილი ეხება თემას, სადაც „სტერეოტიპული კადრები“ – ლანდშაფტები, ტურისტული ფოტოების იმიტაციები ისტორიის აღმნიშვნელებია, რომელთა „გადაწევა,“ გადაფარვა ან სხვა იკონოგრაფიით ჩანაცვლება გაუაზრებლად და ზოგჯერ მექნიკურად ხდება. სოც არტის მანერის ინტერპრეტაციაც სწორხაზოვნად არ ვითარდება, – სერიის სხვა ტილოებისგან განსხვავებულია მონოქრომული “თბილისი“ – მთლიანად ოქროსფრად დაფარული ზედაპირი რომლის უკან  ქალაქის ძალიან ბუნდოვანი სილუეტი ჩანს. თბილისის ამ ვერსიაშიც ფიგურირებს სტერეოტიპული–ტურისტული გამოსახულება, რომელიც თბილისის პირველივე ხსენებაზე ჩნდება მეხსიერებაში, თუმცა  ეფექტურად გადაინაცვლებს სხვა, უფრო ღრმა მნიშვნელობაში უკვე განყენებული ოქროსფერით, სადაც მარტივი იმიჯის უკან საკმაოდ რთული შინაარსებიც შეიძლება წაიკითხოთ.