ნაფტალინის სუნი
ერეკლე დეისაძე
 
თარიღი: 22/11/2012
კატეგორია: სტატია

 

 
 
 
@ ერეკლე დეისაძე
 
 
ნაფტალინის სუნი
 
(შემთხვევით ნაპოვნი ლექსები)
 
 
თანამგზავრი
 
გადაჭედილ ავტობუსში,
ჩვენი სხეულების რხევები და უნებლიე შეხებები
სექსის უხეირო იმიტაციაა..
ამ მოძრაობებს მიღმა,
არშობილი ბავშვების სუნთქვა ისმის,
აბორტსგადარჩენილთა ტირილის ფონზე..
 
პროცესი არ არის ხანგრძლივი,
უახლოეს გაჩერებამდე უცნობი სუბიექტები,
იძულებითი ერთგულების მსხვერპლნი ხდებიან..
 
შესაძლებელია სავსე ავტობუსში,
შენი დროებითი თანამგზავრი, ქრისტეც აღმოჩდეს,
ასეთ დროს, უმჯობესია პირჯვრის გადაწერას თავი აარიდო,
მხოლოდ გაიღიმე..
მოულოდნელ თანამგზავრს ყურთან
ტუჩებით მიუახლოვდი და წასჩურჩულე:
,,ნიცშე მომიკითხე, ღმერთო!,,
 
 
 სავსე
                       ეძღვნება კოშკას
 
  ეს ჰაერი სავსეა ჩვენი ფილტვებით
  როგორც ნოემბრის უკიდეგანო ბაღები ფოთოლცვენით,
  ფოთოლცვენა სავსეა შემოდგომით,
  როგორც შემოდგომა წელიწადის სხვა დროებით,
  ეს გამოშიგნული შენობები სავსეა სიცარიელით
  და სიცარიელეც სავსეა ხმაურით,
  ხმაური სავსეა სიმშვიდით,
  სიმშვიდე სავსეა ქაოტური ხილვებით,
  როგორც კვების პროდუქტები 
  საყლაპავი მილებით..
  და ეს ადამიანებიც სავსე არიან ღმერთით
  და ღმერთიც სავსეა ამ ადამიანებით,
  ადამიანები ყოველდღიურად ივსებიან ერთმანეთით,
  ისინი ეძებენ უფალს და უფალი ეძებს მათ,
  და ჩვენ ხშირად ვიყურებით ცისკენ
  რომელიც სავსეა ანგელოზებით და ფრინველებით,
  ფრინველები სავსე არიან თბილი ქვეყნებითა და
  ეკვატორით..
  რიჩარდ ბახით.. 
  ჯონათან ლივინგტონით..
  მონადირის ნასროლი ტყვიებით..
  მონადირეებიც სავსენი არიან ბუდას საყვედურებით,
  ბუდა სავსეა ჩვენით და ჩვენც სავსე ვართ ბუდათი,
  ბუდა არ იწერს პირჯვარს,
  პირჯვარი იწერს მას 
  აწ და მარადის.
  აწ და მარადის. 
  აწ და მარადის. 
  უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 
 
 
                          * * *
ჩვენ ყოველდღე ვყიდულობთ საკუთარ თავს
ღამის ბარებში,
ჩინურ მაღაზიებში,
მიწისქვეშა გადასასვლელებში და შემდეგ
უსარგებლო ნივთებივით ვუცვლით ერთმანეთს.
 
მერე ისევ განვაგრძობთ სვლას..
მე ვყიდულობ საკუთარ სიკვდილს
თამბაქოს ჯიხურში..
მე ვყიდულობ სიმთვრალეს, სასოწარკვეთას,
უიმედობას და ფანჯრის რაფასთან ველოდები
მზის ჩასვლას, რათა
საკუთარი აწმყო,
წიგნში გადაკეცილი ფურცლის მსგავსად მოვნიშნო..
 
 
 
 
 
სამყაროს მარადიული პრობლემა
                        
 (რეცენზია დათო ჩიხლაძისა და დათო ბარბაქაძის საერთო წიგნზე) 
 
 
ფრთამოტეხილი ყვავები უკანასკნელად ტოვებდნენ ქალაქს
წვიმები იზეპირებდნენ სახურავის სიზმრებს,
ვარსკვლავებიდან ირონიულად იჭვრიტებოდნენ
გალაკტიონი და ქრისტე..
 
ქალაქი ჰგავდა მორგს,
პოეზია მატარებელს უცდიდა ბაქანზე,
ხოლო ინტელექტუალები იკრიბებოდნენ კლუბებში
წრუპავდნენ ყავას
და მსჯელობდნენ თემაზე, ვინ მოერეოდა:
დათო ჩიხლაძე თუ დათო ბარბაქაძე?
 
იდგა დეკემბრის სუსხიანი ღამეები,
ვიღაც ისმენდა მაილს დევისს,
ვიღაც ტკბებოდა ტბის სანაპიროს სიმღერებით,
მეოცე საუკუნის დასასრულის პოეტები კი
ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სიმულტანური და სტატიკური
ლექსების წერაში..
 
თუმცა ყველას ერთი კითხვა აწუხებდა:
ვინ მოერეოდა,
დათო ჩიხლაძე თუ დათო ბარბაქაძე?
 
იმართებოდა მიტინგები რუსთაველის პროსპექტზე,
საქართველო გეზს იღებდა ნატოსკენ,
მაწანწალები იყინებოდნენ,
ბომჟები აგროვებდნენ არყის ფულს,
 
რაკეტები მიაპობდნენ სივრცეს,
სახელმწიფოები იბრძოდნენ ტერიტორიებისთვის,
ანგელოზებს ეკეთათ შაჰიდის ქამრები და თავს იფეთქებნენ
უსახელო პლანეტებზე,
ხოლო პოეტი პიჟონები იყურებოდნენ მაღლა და
წერდნენ ლექსებს ვარსკვლავთცვენაზე,
გონებაში კი ერთადერთი კითხვა ჰქონდათ,
ვინ მოერეოდა:
დათო ჩიხლაძე თუ დათო ბარბაქაძე?
 
მუსიკოსები უკრავდნენ სიმებდაწყვეტილ გიტარებზე,
იტანდნენ შიმშილსა და ეპოქის მარწუხებს,
შარდავდნენ ანდერ გრაუნდში
და სუნთქავდნენ ერთმანეთის სიმყრალეს,
 
მეცნიერები აკეთებდნენ ახალ აღმოჩენებს,
ჰიროსიმა დამეგობრდა ამერიკასთან,
ნავთობის ფასი საგრძნობლად მერყეობდა,
ხოლო ხალხი ეძებდა პასუხს კითხვაზე,
ვინ მოერეოდა:
დათო ჩიხლაძე თუ დათო ბარბაქაძე?
 
ისტორია იწყებოდა თავიდან,
იხოცებოდნენ დინოზავრები,
იბადებოდნენ სპარტანელები და არაგველები,
იუდა ითვლიდა ვერცხლის მონეტებს,
იდგა 11 სექტემბერი და ამერიკაც ითვლიდა დაღუპულებს,
გოლგოთის მთაზე იკრიბებოდნენ მომიტინგეები და
ითხოვდნენ ჯვარცმას,
სახსრებს ლეწავდნენ ლურსმნები,
ბარიკადებს საფრანგეთის სტუდენტობა,
პოეზია იდგა ქუჩაში,
ბუდა იჯდა ჩუმად,
ქრისტე ეცვა ჯვარს და იგი უკანასკნელ სიტყვებს ამბობდა:
,,ვინ მოერევა,
დათო ჩიხლაძე თუ დათო ბარბაქაძე?!’’
 
 
                                          * * *
                                                                                    
სად უნდა გაექცე, ამ ქუჩებს რომ ვერავინ ვეღარასოდეს ვეღარ გიპოვოს,
და გაიძულოს სიცილი, თანაგრძნობა და დახმარება, 
 
მე სამშობლოსავით ავყროლდი და დავიცალე შინაარსისგან.
 
მე ვიცი, რომ აქედან მილიონი კილომეტრის მოშორებით არსებობენ სახელმწიფოები და ჰოლივუდის ვარსკვლავები, 
 
მეოცნებე ბერტოლუჩი და ყოვლის შემძლე ჩაკ ნორისი, 
ეს ახალი გამოწვევაა, ვინაიდან სინოპტიკოსები შესაძლოა ღმერთის ჯაშუშები იყვნენ და გამიზნულად გვიმალავდნენ მოსალოდნელ ვარსკვლავურ ომებსა და ატომურ აფეთქებებს..
 
შეურიგდი სამყაროს..
 
როცა საკუთარ სისუსტეს გრძნობ ყოველი ამბოხება თვითლიკვიდაციით მთავრდება! 
 
შეურიგდი სამყაროს! 
შეურიგდი ქალაქს! 
შეურიგდი სიმარტოვეს!
 
შენ  ისტორიამ გამოგიგონა, როგორც მე და დედაჩემი, რომელიც ერთხელ ჩემს თვალწინ გასხივოსნდა, ის რამდენიმე წუთით მიწად გადაიქცა და ეს ჩემს გარდა ვერავინ დაინახა, ხოლო როდესაც წარმოვთქვი ,,დედამიწა,, 
არავინ გამაგონა.
 
და ეს ყველაფერი თავისი უცნაურობით ძალიან ჰგავდა BBS_ზე ნანახ ერაყელ ბიჭს, რომელიც  მშობლების სხეულიდან ამოღებულ ამერიკულ ტყვიის მასრებს ჯიბით დაატარებდა, ხოლო მაისურზე ,,კოკა კოლა,, ეწერა..