ანტვერპენი - იკაროსის ქალაქი
გაგა ლომიძე
 
თარიღი: 23/11/2012
კატეგორია: სტატია

 

ანტვერპენი - იკაროსის ქალაქი

 

 

ტექსტი: გაგა ლომიძე; ფოტო: ალფრედო მანინო, საბა ქავთარაძე

 

 

ანტვერპენის დათვალიერებისას ისეთი განწყობა მრჩება, თითქოს  მე-15-მე-16 საუკუნეების ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქალაქი ისევ იბრუნებს პირველობას; საპორტო ქალაქი, სადაც ცხოვრება დუღდა და შელდის ნაპირებს უამრავი ვაჭარი აკითხავდა მთელი მსოფლიოდან. არის რაღაც მსგავსება საპორტო ქალაქებს შორის, თუმცა ანტვერპენი მაინც სულ სხვაა. შეიძლება იმიტომ, რომ შემორჩენილია იმ ადამიანების ენერგეტიკა, რომლებიც სხვადასხვა დროს ამ ქალაქში ცხოვრობდნენ. ერთ დროს ბრილიანტით ვაჭრობით სახელგანთქმული ქალაქი ამ მხრივ დღესაც ლიდერია. თან დღეს მოდის სფეროში ანტვერპენი პირველი თუ არა, ერთ-ერთი წამყვანია: ახალგაზრდა დიზაინერების დიდ ნაწილს პარიზსა და ნიუ იორკში განათლების მიღებას ანტვერპენის ხელოვნების აკადემიაში სწავლა ურჩევნიათ. და სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ აკადემიის კურსდამთავრებულებისგან შედგება ე.წ. სახელგანთქმული ბელგიური შვიდეული, რომლის წევრებადაც ენ დემიულემეესტერი, დრიეს ვან ნოტენი, დირკ ბიკემბერგსი თუ მარტინ მარჯიელა ითვლებიან. და მე თუ მკითხავთ, ბელგიელ დიზაინერებს დღეს ვერავინ შეედრება, ინოვაციურობითაც და გემოვნებიანი სითამამითაც...

 

 

 

შეიძლება ანტვერპენის მომხიბვლელობა მისი ორბუნებოვნებაა - აქ ხომ ორი ოფიციალური ენაა - ნიდერლანდური და ფრანგული და ბუნებრივია, რომ ამ ორმაგი ენობრივი სივრცის მქონე ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებიც და, მაშასადამე, სივრცეც, სადაც ისინი ცხოვრობენ, განსხვავებული იქნება; სივრცე, სადაც კინოთეატრებიც კი შეიძლება ჰეტეროსექსუალების და ჰომოსექსუალების კინოთეატრებად იყოფოდეს.

 

 

 

პირველი შთაბეჭდილება მაინც ანტვერპენის ცენტრალური რკინიგზის სადგური იყო, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეოთხეა და არქიტექტურული სტილის მრავალფეროვნების გამო, მისი ერთი რომელიმე მიმდინარეობისთვის მიკუთვნება ძნელია. მაგრამ ეს სადგური ყველაზე ცნობილი მაინც ფლეშმობის წყალობით გახდა, რომელიც 2009 წელს გადაიღეს და რომელშიც დაახლოებით 200 მსახიობი მონაწილეობდა. ისინი ფილმ “მუსიკის ჰანგებიდან” ერთ-ერთი სიმღერის “Do Re Mi”-ს ფონზე ცეკვავენ და ამ ხნის განმავლობაში მგზავრებიც ისე ჩაერთნენ საერთო განწყობაში, რომ ბევრს ბარგიც დაავიწყდა და თავიანთ მატარებელზეც დააგვიანეს. ასე ამბობენ თვითმხილველები. მაგრამ ანტვერპენის ცენტრალური რკინიგზის სადგურზე მოხვედრის შემდეგ მართლაც ასეთი მხიარული განწყობა მიგყვება ადამიანს.

 

 

და მერე რა, რომ გარეთ უამრავი მთვრალი ადამიანი გხვდებათ, ბევრი, მათ შორის ძალიან ახალგაზრდა ადამიანებიც, სულ რაღაც 90 ცენტად “ყველაფერს” გთავაზობენ... და კიდევ: პირველივე თვალშისაცემი ქუჩაში ალკოჰოლის დალევის აკრძალვის აღმნიშვნელი ნიშანი იყო - იმ კანონის აღმნიშვნელი, რომელიც თურმე 2010 წლიდან შევიდა ძალაში. ცხადია, მთვრალი ადამიანების სიმრავლის გამო.

 

 

მაგრამ ამქვეყნად არაფერი ხდება უმიზეზოდ... რუბენსის, პლანტენის და მორეტუსის ქალაქში სიცოცხლის მოჭარბებული სიყვარულის და სილაღის მიღმა მაინც იგრძნობა ფარული დეპრესია თუ დაძაბულობა, ისეთი როგორიც ძმები დარდენების ფილმების ყურებისას შეიძლება განიცადოთ. და ბელგიური შოკოლადიანი ვაფლის სასიამოვნო სურნელის და მაღალი მოდის ქვეყანაში მოხდენილად მოსიარულე, შარვალჩაჩაჩული სეგერების ყურებისას, ისეთივე ორმაგი გრძნობა გიჩნდება - ბედნიერების და ამ ემოციის დასასრულის შიშის - როგორიცაა თვითონ ანტვერპენი - ორბუნებოვანი, ორენოვანი, გოთიკურიც და თანამედროვეც, სევდიანიც და მხიარულიც.. თუმცა ვინ იცის, შეიძლება ეს ორგვარი გრძნობაც მიზეზ-შედეგობრივი იყოს..

 

 

ცენტრალურ სადგურთან გრინფისის წარმომადგენელი ახალგაზრდები დავინახე, დიდი პლაკატები ეჭირათ და შემოწირულობებს აგროვებდნენ - დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებს მართლაც აღელვებდათ თავიანთი ქალაქის და, აქედან გამომდინარე, მთელი პლანეტის ეკოლოგიური მომავალი. ისევე როგორც სიმღერაში ფილმიდან “მუსიკის ჰანგები”, სადაც თითოეულ მუსიკალურ ბგერას ისევ საწყის - დო-მდე მივყავართ. შეიძლება ეს შეგრძნება უფრო გამიმძაფრა ანტვერპენის ბოტანიკურ მუზეუმში, ღია ცის ქვეშ ნანახმა ერთგვარმა სკულპტურულმა კომპლექსმა - მონიკ დონკერსის “გამწვანებამ”, დარვინის ევოლუციის თეორიის ერთგვარმა ინტერპრეტაციამ; სკულპტურულმა კომპლექსმა, სადაც ერთ მწკრივში ჩანს, პირობითად, ადამიანის განვითარების სხვადასხვა საფეხური - თუ როგორ იზრდება თავის ქალიდან ტანამდე, ოღონდ მთლიანი ტანით მაინც არცერთ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი, როგორც მიწასთან მიბმული, მცენარესავით მოწყვლადი და მუდმივ საფრთხეში მყოფი ჰომო საპიენსი: თუკი არასწორად იცხოვრებს, შეიძლება განადგურდეს, როგორც პირველი ფიგურა, რომელიც თითქმის არ ჩანს; თუკი გაუფრთხილდება ბუნებას და აქედან გამომდინარე, საკუთარ თავს, მაშინ მცენარესავით გაიზრდება და გაიხარებს. და ასეთ შემთხვევაში მარადიულად დაუბრუნდება წრებრუნვას - ისევე როგორც მუსიკალური ბგერები დაუბრუნდებიან პირველ ბგერას.

 

 

არადა, მართლაც იგრძნობა ანტვერპენში ცხოვრებით ტკბობასთან ერთად რაღაც სევდა - იქნებ არსებობის სევდა; და განსაკუთრებით ანტვერპენის აუცილებლად მოსანახულებელ წითელი ჩირაღდნების უბანში, სადაც გულის ფორმის შუქნიშანი თვალის მოსატყუებელს უფრო გავს და ასობით მარტოსული ადამიანი თავის სიმარტოვეს დროებით ილუზიაში კლავს.

 

 

მაგრამ არის ამ ილუზიას მინდობაში ერთგვარი გაბედულებაც, როგორც ანტვერპენის წმინდა იოანეს მოედანზე მდგარ ქანდაკებაში “პეპტო ბისმო”, რომელიც  თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ ბელგიელ მოქანდაკეს, პანამარენკოს ეკუთვნის. ისევე როგორც მისი სხვა ქანდაკებები, ესეც მფრინავის და, ზოგადად, ფრენის თემატიკაზეა აგებული.

 

 

სწორედ ამ თანამედროვე იკაროსის გამოსახულებაში არის ის იმედისმომცემი რწმენა და გაბედულება, რაც მუდმივად თან გდევს ამ ქალაქში - მაღალი გემოვნების, კაპუჩინოს და ბელგიური ვაფლით გაჟღენთილ ქალაქში, სადაც ისეთ ინტიმური თემისთვისაც კი ყოფნით იუმორი და თვითირონია, როგორიცაა სექსი - საკუთარ კომპლექსებზე ლაპარაკი ხომ მათგან გათავისუფლებს. იქნებ ამიტომაა, რომ ამ ქალაქში სულისშეხუთვამდე თავისუფლად გრძნობ თავს, რაც მომავლის რწმენას გიორმაგებს.