გენტი - წარმართული და ქრისტიანული
გაგა ლომიძე
 
თარიღი: 23/11/2012
კატეგორია: სტატია

 

გენტი - წარმართული და ქრისტიანული

 

ტექსტი: გაგა ლომიძე

 

ფოტო: ალფრედო მანინო, საბა ქავთარაძე

 

ფლამანდელები მას გენტს ეძახიან, ფრანგები - განდს. გენტი ბრიუსელის, ბრიუგეს და ანტვერპენის შემდეგ ბელგიის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია, თავისი შუასაუკუნეობრივი არქიტექტურით და ულამაზესი არხებით. შუასაუკუნეების ევროპაში გენტი პარიზის შემდეგ მეორე უდიდესი ქალაქი იყო, სადაც წარჩინებული ფლამადნელები დასვენებას ამჯობინებდნენ. მათივე აგებულია პირქუში ციხესიმაგრე - გრავენსტეენი (Het Gravensteen).

 

 

მე-14 საუკუნიდან გენტი ტანსაცმლის უმსხვილეს მწარმოებლად იქცა და ეს ამ ქალაქის პატარა და გემოვნებიან მაღაზიებს დღესაც ეტყობა. როგორც ჩანს, გენტში ზოგადად ესთეტი ადამიანები ცხოვრობენ, რომელთაც შეუძლიათ, თუნდაც უმიზეზოდ, თავიანთი სპორტული ფეხსაცმელი ქუჩის განათების მავთულებზე ჩამოკიდონ, როგორც სანტას საშობაო საჩუქარი.

 

 

თუმცა ამ მხრივ ბელგიელებს ტრადიციაც ხომ განსაკუთრებული აქვთ: ზეთის საღებავებით დახატული ტილოს ერთ-ერთი პირველი ნიმუში სწორედ აქ, გენტში შეგიძლიათ იხილოთ. “წმინდა კრავის თაყვანისცემა” - ასე ქვია იან ვან ეიკის ტილოს, რომელზე მუშაობაც მხატვარმა 1432 წელს დაასრულა. ესაა სამი ნაწილისგანს შემდგარი ტრიპტიქი, რომელიც ქრისტეს ცხოვრების განდიდებას ემსახურება. ნამუშევრის ზედა, ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია მამა-ღმერთი, ქალწული მარიამი და იოანე ნათლისმცემელი. ტრიპტიქის გარე კარედზე კი - ადამი და ევა. ვან ეიკის ნამუშევარი იმითაცაა ღირსშესანიშნავი, რომ მას ერთგვარი მძაფრსიუჟეტიანი ისტორია აქვს: ჯერ იყო და ძლივს გადაურჩა კალვინისტების მიერ განადგურებას; ავსტრიის იმპერატორი იოზეფ II შიშველი ადამის და ევას ხილვამ შეძრა და ტრიპტიქის კარედები ჩაცმული ადამის და ევას გამოსახულებებით შეცვალა; საფრანგეთის რევოლუციის დროს ნამუშევარი პარიზში გაიტაცეს და შემდეგ გერმანელებმა მოიპარეს და მეორე მსოფლიო ომის დროს მარილის ქარხანაში ინახავდნენ. იან ვან ეიკის ეს ნამუშევარი სწორედ გენტში, წმინდა ბააფის ტაძარში ინახება. ასეა თუ ისეა, ფაქტია, რომ იან ვან ეიკის ტრიპტიქში წარმართული და ქრისტიანული სიმბოლიკა ერთმანეთის გვერდით თანაარსებობს, რადგან შეუძლებელია ერთმანეთის საპირისპირო იყოს კონცეფციები, რომლებიც ერთ, საერთო, საყოველთაო იდეას ემსახურება, როგორც ერთის ანარეკლი მეორეში. ისევე როგორც დღევანდელ გენტში შეუძლებელია ერთფეროვნება დაუპირისპირდეს მრავალფეროვნებას.