ეგზოტიკა თუ ევროპულისკენ ფუჭი სწრაფვა?!
ლაშა ჩხარტიშვილი
 
თარიღი: 27/11/2012
კატეგორია: კრიტიკა

 

 

 

@ ლაშა ჩხარტიშვილი

 

 

ეგზოტიკა თუ ევროპულისკენ ფუჭი სწრაფვა?!

 

 

სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი ხომ გახსოვთ? ჰოდა, ზუსტად სოლომონის მდგომარეობაშია დღეს სამხრეთ აფრიკული და არაბული თანამედროვე თეატრი. გახსოვთ ალბათ, ლავრენტი არდაზიანის პერსონაჟი - მე-19 საუკუნის ვაჭრუკანა სოლომონი ცივილური სამყაროსკენ ისწრაფვოდა და ინტელიგენციის სრულუფლებიან წევრად გახდომას ლამობდა. ამ მიზნის მიღწევის ერთადერთი მარტივი გზა მსხვილი ფული იყო, ან ინტელექტუალური რესურსი, რომელიც სოლომონს არ გააჩნდა. სამაგიეროდ, მას ჰქონდა ფული და ამიტომაც სოლომონმა საოპერო სპექტაკლზე დასასწრები ბილეთები შეიძინა, მდიდრულად მოკაზმა ცოლ-შვილი და ისე მიიყვანა თეატრში, მაგრამ შედეგი?! - არავითარი!

 

აი, ასე ყიდულობენ არაბი შეიხები დღეს ევროპას იმ მოტივით, რომ ოდესღაც ისინი ამ კულტურული რეგიონის ნაწილი გახდებიან. თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის (ITI) ვიცე-პრეზიდენტმა ალი მაჰდიმ (ემირატების გაერთიანებული სამეფო) პირდაპირ მითხრა: ჩვენ ხალხს ვაჭრობა და ოქროს ბაზარში სეირნობა უფრო იზიდავს, ვიდრე თეატრიო. ისიც მომიყვა როგორ მოახერხა „ლა სკალას“ სამი სპექტაკლის ჩატანა თავის ქვეყანაში და რომ სპექტაკლებზე უფასოდ დასწრების საშუალების მიუხედავად წარმოდგენები ნახევრად ცარიელ დარბაზში რომ გაიმართა. წარმოგიდგენიათ რა მოხდება საქართველოში „ლა სკალას“ სამი დადგმა უფასოდ რომ აჩვენონ თბილისის რომელიმე თეატრში? ხალხის ნაკადს ვეღარც ცხენოსანი პოლიცია გააკონტროლებს და ვერც ასე მობილიზებული ჩვენი პატრული. რას ვიზამთ? არაბები შავ ოქროში იხრჩობიან, ფულში ცურავენ, ჩვენ კი სახელოვნებო რესურსში. იმათ თეატრი არ აქვთ, ჩვენთან კი კულტურის სფეროს კიდევ უფრო უმცირებენ ისედაც გაძვალტყავებულ ბიუჯეტს. ეტყობა ეს ჩვენი ბედისწერაცაა და ხასიათიც, უფულოდაც მონახავს ქართველი გამოსავალს.

 

 

Taif Theater Troupe-მა (საუდის არაბეთი) ბაქოს ახალგაზრდული თეატრის სცენაზე სპექტაკლი სახელწოდებით „სადგური, რომელზეც არასდროს დარჩები“ წარმოადგინა. ბუნებრივია, არაბეთიდან წარმოდგენის სანახავად დიდი ინტერესით გავემართე, რადგან არავითარი წარმოდგენა არ მქონდა ამ ქვეყნის თეატრზე. ველოდი რაღაც განსაკუთრებულს და ეგზოტიკურს, მაგრამ ამაოდ, კოვზი ნაცარში ჩამივარდა. დამხვდა ძალზედ სუსტი ევროპული თეატრის მოდელის წარმოდგენა, რომელშიც ორი მსახიობი სამი ალზაჰრანი და მუსაად ალზაჰრანი მონაწილეობდნენ. რეჟისორმა ფაჰად ალჰართმა ნაციონალური თეატრალური წარმოდგენის მაგიერ ტიპიური ევროპული სპექტაკლი შემოგვთავაზა. ეს დაახლოებით იგივე შემთხვევა იყო, როცა თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე შარშან იაპონურმა დასმა ეგზოტიკური კაბუკისა და ნოს მაგიერ კონ მიჯიროს „თვალდახუჭული აბრუნებს სახეს“ რომ შემოგვთავაზა.

 

არაბულმა წარმოდგენამ ბაქოში უღიმღამოდ ჩაიარა.

 

კიდევ ერთი სპექტაკლი, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან ვნახე „ქალი მოლოდინში“ იყო. როგორც ჩანს, სამხრეთ აფრიკაშიც თეატრი ევროპისკენ ისწრაფვის, რადგან აფრიკელებმაც თავიანთი თანამედროვე დრამატურგისა და რეჟისორის იაელ ფარბერის სპექტაკლი შემოგვთავაზეს. მასში ერთი მსახიობი მწჰალი-ჯონესი მონაწილეობდა. ამ კონკრეტული სპექტაკლების შედარებისას სამხრეთ აფრიკის თეატრალური მისწრაფებები, დონე და შესაძლებლობები გაცილებით მომხიბვლელად გამოიყურებოდა. აფრიკელი მსახიობი ავლენდა დახვეწილ მეტყველების კულტურას, სამსახიობო ხელოვნების ოსტატობის ღრმა ცოდნას და კარგ ფიზიკურ მომზადებას. სპექტაკლში თანამედროვე აფრიკელი ქალის სულიერი პრობლემები, სასოწარკვეთა, საპირისპირო სქესთან ურთიერთობებით გამოწვეული პრობლემებია წარმოჩენილი, რომელიც ასე აქტუალურია დღეს აფრიკის გარდა სხვა კონტინენტზე მცხოვრებლებისთვისაც. ევროპული სტილის ტექსტს მშვენივრად ერწყმის აფრიკული კოლორიტული მუსიკა. მსახიობი უხვად იყენებდა გამომსახველობით ხერხებს, რომელთა წყალობითაც მან შეძლო მაყურებლის წარმოდგენაში ჩართვა. სპექტაკლი გაჯერებული კლოუნადის ელემენტებით და მუდამ ცვალებადი დინამიკურობითა და რიტმით საინტერესოდ იცქირებოდა. მსახიობი მწჰალი-ჯონესი  თამაშისას გამოირჩეოდა ტემპერამენტით, მგრძნობელობით, გულწრფელობითა და მაყურებელთან უშუალო ურთიერთობით.

 

 

 

უცნობი ახუნძადე

 

თეატრი „Yug“ ერთადერთი თეატრია აზერბაიჯანში, რომელიც სპექტაკლებს არატრადიციულ თეატრალურ სივრცეში თამაშობს. დამოუკიდებელი, სახელმწიფოსგან თავისუფალი თეატრი აზერბაიჯანში არ არსებობს. არავინ უკრძალავს ნებისმიერს, ვისაც ახალი თეატრის შექმნის ინიციატივა აქვს გახსნას, ან ჩამოაყალიბოს თეატრი, მაგრამ ამ იდეის განსახორციელებლად სპონსორების მოძიება (მიუხედავად იმისა რომ ამ ქვეყანაში დიდი ფული ტრიალებს) ჭირს, უფრო სწორად, შეუძლებელია.

 

შესაბამისად, აზერბაიჯანში მხოლოდ სახელმწიფო სტატუსის მქონდე კლასიკურ-ტრადიციული თეატრებია. ერთადერთი გამონაკლისი თეატრი „Yug“ არის, რომლის სახელწოდება უძველესი აზერბაიჯანული რიტუალიდან „Yug“-დან მოდის. თეატრი ქალაქის ცენტრში ძველი აღმოსავლური აბანოს შენობაშია განლაგებული. გარემო, რომელიც ამ თეატრშია ნამდვილ ეგზოტიკურობას შეგაგრძნებინებს და ინტერესით განგაწყობს წარმოდგენის მიმართ. სცენა (პირობითად, არავითარი ფიცარნაგი და ამაღლებული ადგილი) მაყურებელთა დარბაზის შუაშია შეიჭრილი. ამიტომ, იქ წარმოდგენილი კამერული სპექტაკლების ნახვა სამი მხრიდან არის შესაძლებელი. აქ თამაში გაცილებით რთულია და მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს მსახიობიდან, ვიდრე ჩვეულებრივ სცენაზე, რადგან ოდნავ ტყუილსაც კი ვერ გამოაპარებ გამოუცდელ მაყურებელსაც კი.

 

რიტუალურ თეატრში აზერბაიჯანელი კლასიკოსის ახუნძადეს ოთხი ნაკლებად ცნობილი ნოველის სცენური ინტერპრეტაცია ვნახეთ, რომელიც ერთ სპექტაკლში „უცნობი ახუნძადე“ არის გაერთიანებული. ეს იყო მეორე აზერბაიჯანული სპექტაკლი (პირველი ბაქოს მუნიციპალური თეატრის ყურბან საიდის „ალი და ნინოს“ სცენური ინტერპრეტაციაა. რეჟისორი ელვინ მირზოევი) აზერბაიჯანულ თეატრზე რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ, რომელთა მიმართ დადებითად განვეწყვე, აღმოჩნდა საინტერესო და მოულოდნელი. სპექტაკლი გუმრახ ომარმა კამერული თეატრის მსახიობებთან დადგა და მიზანსცენები ისე ააწყო, რომ სამი მხრიდან განლაგებული მაყურებლისთვის ყველა ეპიზოდი ნათელია და ხედი დაუკარგავი. მხატვრულად „უცნობი ახუნძადე“ რეშიდ შერიფმა გააფორმა.

 

 

არატრადიციულ თეატრალურ სივრცეში გათამაშებული კომედია მისტიკურობის ფონზე აბანოს გუმბათის შვეულად მიმდინარეობს, არატრადიცულ სივრცეში მაყურებელიც არატრადიციულადაა განლაგებული, რაც კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენს სპექტაკლს. ამ სპექტაკლში გამორიცხულია პათეტიკურობა და არტისტული სიყალბე, რაც ასე დამახასიათებელია აზერბაიჯანული თეატრისათვის. არტისტებს უშალოდ უწევთ შეხება მაყურებელთან და ეს შეხება არის გულწრფელობას, ბუნებრიობას, ირონიულობას, იუმორსა და ფსიქოლოგიზმს დაფუძნებული. მით უფრო სასიხარულოა ის, რომ ამ ექსპერიმენტებში მხოლოდ ახალგაზრდები კი არა, საშუალო და უფროსი თაობის მსახიობებიც რომ იღებენ მონაწილეობას.

 

ვფიქრობ, აზერბაიჯანული თეატრის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი როლი სწორედ თეატრს „Yug“ენიჭება, რადგან ამ დასში არის ექსპერიმენტების განხორციელების მზაობა და სურვილი, ეს სპექტაკლში „უცნობი ახუნძადე“ კარგად გამოჩნდა.