”უცხო სხეული” ჩაკეტილ სივრცეში
თეონა ჯაფარიძე
 
თარიღი: 29/11/2012
კატეგორია: სტატია

 

 

ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს

 

 

@ თეონა ჯაფარიძე

 

”უცხო სხეული” ჩაკეტილ სივრცეში

 

"მას აკადემია დამთავრებული არ აქვს, აკადემიისთვის ის უცხო სხეულია და ამიტომ ის ჩვენი ოჯახის წევრი ვერ გახდება” - ეს ამ ბოლო დროის ცნობილი ჰომოფობიური ფრაზა და ”არგუმენტია”, რომელიც აკადემიის პედ-კოლექტივის ნაწილმა ახალი, მაგრამ დღეს უკვე ყოფილი რექტორის, ირინა პოპიაშვილის, მისამართით გამოთქვა. გამოთქვა და ძალაუნებურად აღიარა ის ფაქტი, რომ მათ ცნობიერებაში სამხატვრო აკადემია ჩაკეტილი სივრცე - ოჯახია, სადაც სიახლესა და ცვლილებებს მოხვედრის უფლება არ აქვს. სწორედ ამ ჩაკეტილი სივრცის გარღვევის მიზნით სოციალურ ქსელში გაჩნდა ”საინიციატივო ჯგუფი უკეთესი აკადემიისათვის”. ჯგუფი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის ”არ შექმნილა კონკრეტულად ირინა პოპიაშვილის მხარდასაჭერად, და მისი მიზანი აკადემიის მომავლის ხედვასთან დაკავშირებული ფართე დისკუსიების ორგანიზებაა”. თვალი გადავავლოთ კომენტარებს:

 

ყარამან ქუთათელაძე: ”სანამ აკადემიაში არ მოხერხდება კარის გახსნა, რეალურად დემოკრატიული პროცესების დაწყება, ეს ”კანტორა” (იგულისხმება აკადემიური საბჭო) ყოველთვის იქნება აკადემიის სათავეში... არა, საბჭო დიდი ხნის ვადაგასული პროდუქტია, არა აქვს მნიშვნელობა ის შეიცვლება თუ გაფართოვდება, მთავარია სისტემა შეიცვალოს მთლიანად...”

 

ხათუნა ხაბულიანი: ”საუკეთესო შემთხვევაში აკადემია უნდა ამზადებდეს სტუდენტებს საერთაშორისო არტ-სამყაროსათვის და არა ეგზოტიკური ხილის სახით აწვდიდეს თანამედროვე ხელოვნების კურსებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებს...”

 

გიორგი კვინიკაძე: ”ინტერნეტში მოძებნილი როდკოს ფერწერა კი გავარჩიე, მაგრამ რამდენიც გინდა ურტყი თავი მონიტორს, ვერაფერს გაძლევს ეს JPG ფაილი, სირცხვილია, საცოდაობაა... სადღაც ხელოვნებათმცოდნეები ჯოტოზე ბჟუტურებენ, აქეთ შენ ფართხალებ ფერწერაში და ბოლოს გამოდის, რომ ისინი შენ არ გიცნობენ და შენ მათ. გრაფიკაზე ვერ ახვალ რაიმეს გასაკეთებლად. ლამის მცემეს, იმიტომ რომ ფერმწერი ხარო. სირცხვილია...” - ეს ბოლო კომენტარი როგორც ხედავთ სამხატვრო აკადემიის სტუდენტს - მომავალ მხატვარს ეკუთვნის. მხატვარი კი მარტივად რომ ვთქვათ ცივილიზებულ სამყაროში როგორც წესი თანამედროვე არტ-ბაზრისათვის ქმნის პროდუქტს. ხელოვნების ნიმუში, მხატვარი და არტ-ბაზარი ერთი მთლიანი სისტემის ხერხემალია, რომლისთვისაც მუშაობენ კურატორები, არტ-დილერები, კრიტიკოსები, გალერისტები, კოლექციონერები და ა. შ...

 

მაგრამ სად არიან ახალი გენერაციის ქართველი მხატვრები, რომლებიც 21-საუკუნის საერთაშორისო არტ-ბაზარის სტანდარტებს მოერგებიან? რას აკეთებს სამხატვრო აკადემია მათი ამ მისიის შესასრულებლად, გასანათლებლად და საერთოდ მათ შესაქმნელად? - ეს ის კითხვებია, რომლებიც თითქმის ბოლო ათი წელია ქართულ არტ-წრეებში ხშირად გაისმის, ამ კითხვაზე პასუხს ზემოთ, აკადემიის სტუდენტის კომენტარშიც მშვენივრად ამოვიკითხავთ:

 

"ისინი ”ინტერნეტში JPG ფაილებით სწავლობენ როდკოს ფერწერას, გრაფიკაზე არ უშვებენ - იმიტომ რომ ფერმწერი ხარო; ხელოვნებათმცოდნეებმა კი მათი არსებობის შესახებ არაფერი იციან...” - ანუ ახალი, 21-ე საუკუნის ქართული ხელოვნება განათლების საფუძვლებიდან, განათლების სისტემიდან დაწყებული - შეფუთვით და დღის სინათლეზე გამოტანით დამთავრებული, ფაქტობრივად, ჰაერში ჰკიდია. სწორედ ამიტომაც ოპონენტთა ის აზრი, რომ ”სამხატვრო აკადემია მხოლოდ მათი ოჯახია” და მის საქმეში სხვა ვერ ჩაერევა ძირშივე მცდარია, რადგანაც ეს განაცხადი და ბოლო მანძილზე აქ შექმნილი ადმინისტრაციული თუ საგანმანათლებლო სისტემა, სამხატვრო აკადემიის დისტანცირებას და იზოლირებას ახდენს დანარჩენი არტ-სამყაროსგან.

 

საინიციატივო ჯგუფისაგან განსხვავებით, ამ სტატიაში გვერდს ვერ ავუვლით ირინა პოპიაშვილს, რადგან ლოგიკურად მივედით საერთასორისო არტ-სცენამდე:

 

”ირინა პოპიაშვილი ფაქტობრივად ლინკია საერაშორიოსო სახელოვნებო სივრცესთან" - მეუბნება გურამ წიბახაშვილი. გურამი მთელი დღე მილოცვებს იღებდა - დეკემბერში მის ნამუშევრებს ცნობილ NADA -ზე (Nada Maiami Beach) სწორედ ნიუმენ-პოპიაშვილის გალერეა წარადგენს.

 

“ჯერ კიდევ 1997-ში, მაშინ როცა მართლაც ჩაკეტილ სივრცეში ვცხოვრობდით, ჩემს სახელოსნოში გაისმა ზარი - ირინა პოპიაშვილი, რომელიც უკვე 90-ის დასაწყისიდან იყო წასული საქართველოდან, და რომელსაც შორიდან, ირაკლი ფარჯიანისგან ვიცნობდი, აღმოჩნდა, რომ ნიუ-იორკში ჩემი ნამუშევრების გამოფენას აპირებდა. იმ პერიოდში ნიუ-იორკზე ოცნებაც კი ზედმეტი იყო ქართველი არტისტისთვის. გამოფენა Joyce Goldstein Gallery -ში გაიხსნა, რომლის კურატორიც იმხანად თავად ირინა იყო. გამოფენას თან მოჰყვა პრესა ცნობილ გამოცემებში (Flash Art-სა და Artforum-ში, რასაც ნიუ-იორკში ორ ჯგუფერ გამოფენაში მონაწილეობა მოჰყვა თან. შემდეგ მისი კურატორობის შედეგად მოხვდა ჩემი ნამუშევრები ნიუ-იორკის Apex-სივრცეში. შემდეგ მან საკუთარი - ”ნიუმენ-პოპიაშვილის გალერეა გახსნა ჩელსიში, დღემდე მე ამ გალერეის ავტორი ვარ და ამ გალერეიდან მოვხვდი ვენის არტ-ბაზრობასა თუ ბერლინში ბარბარა თუმის ( Barbara Thum) გალერეაში და ა. შ... ეს ზღვაში წვეთია და მხოლოდ ის გიამბეთ, რაც მე შემეხება, ირინა კი ზუსტად ასევე მუშაობს დანარჩენ ქართველ არტისტებთან (80-90-იანელებთან...) ის ძალიან კარგად იცნობს და მას და მის გალერეასაც ასევე კარგად იცნობენ საერთაშორირისო არტ-სცენაზე. მან იცის ბაზრის და 21-ე საუკუნის სტანდარტები, აქვს კონტაქტები, ზუსტად იცის, სად და ვისთან ერთად გამოგფინოს და ა. შ... ცალ-ცალკე აქ ბევრი კარგი მხატვარი გვყავს, მაგრამ ქართულ ხელოვნებას სწორად შეფუთვა და საჭირო დროსა და სჭირო ადგილზე წარდგენა აკლია. მას შეუძლია კურატორული გამოცდილება და სტანდარტების კარგად ცოდნა განათლების სისტემის ახლებურ ხედვაში გამოიყენოს. სამხატვრო აკადემიის სწორად ორიენტირებაა საჭირო საერთაშორისო არტ-სცენაზე...” - ამბობს გურამ წიბახაშვილი.

 

ამ ემოციურ პათოსს, რომელშიც რაციონალიზმიც საფუძვლიანადაა, ქართულ სახელოვნებო წრეებში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მაგრამ არსებობს პრობლემის იურიდიული მხარე - ანუ აკადემიური საბჭოს არა არჩეული არამედ ყოფილი კულტურის მინისტრის მიერ მოწვეული და დანიშნული რექტორი. ამავე დროს თავად აკადემიური საბჭოს მორალის საკითხიც შეგვიძლია დავაყენოთ დღის წესრიგში, საბჭოსი, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს კულტურის მინისტრის მიერ მოწვეული ირინა პოპიაშვილი 9 აგვისტოს ერთხმად აირჩია აკადემიის რექტორად, ხოლო ხელისუფლების შეცვლის

შემდეგ - 13 ნოემბერს, ფარულად შეკრებილმა საბჭომ (5 წევრიდან სხდომას მხოლოდ 3 ესწრებოდა) წინასწარ გამზადებულ ოქმზე ხელის მოწერით რექტორი გადაირჩია. საბჭოს მე-4 წევრს (თამაზ ვარვარიძეს) გვიან დაუძახეს და წინ უკვე გამზადებული ოქმი დაუდეს, სადაც აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო არჩეული. ცხადია ბატონმა თამაზმა ამ ოქმს ხელი არ მოაწერა.

 

”ეს საბჭოთა ეპოქის დროინდელ დოკუმენტს ჰგავს” - ამბობს ირინა პოპიაშვილი 13 ნოემბრის სხდომის ოქმზე. სარჩელი მომზადებული აქვს და სწორედ ამ ოქმის შედეგების გასაჩივრებას აპირებს საამართლოში. მას შემდეგ რაც ახალი გაფართოვებული საბჭო და ახალი აკადემიური შტატი იქნება არჩეული, ახალი არჩევნები დაინიშნება, რომელშიც ის მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. უამრავ წამოწყებულ სიახლესთან ერთად, ძალიან უნდა, რომ სამხატვრო აკადემიამ ტემპუსის-ევროკავშირის საუნივერსიტეტო თანამშრომლობის პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა.

 

”ეს პროგრამა 1995 წლიდან არსებობს, მაგრამ აკადემიას მისთვის არც ერთხელ არ მიუმართავს. შარშან, ქალბატონ ნინო ღაღანიძის დროს გაკეთდა განაცხადი, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მიუყვანიათ. წელს ბოლო შანსი გვაქვს, რადგან ეს პროგრამა მთავრდება. ჩვენ შვედები დაგვიკავშირდნენ და ამ პროგრამაში მათი პარტნიორები ვიქნებით კონსერვატორიასა და თეატრალურ ინსტიტუტთან ერთად. ამ პროექტის განხორციელებას საერთაშორისო პარტნიორები ანუ კონტაქტები და კიდევ საინტერესო ხედვა სჭირდება” - ამბობს ირინა პოპიაშვილი.

 

ასე, რომ აკადემიის არჩევნები წინაა. ”უცხო სხეულმა” ჩაკეტილ სივრცეში კი უამრავი დაფარული პრობლემა ამოატივტივა...