კინოს დაბადება
სანდრო ჯაფარიძე
 
თარიღი: 03/12/2012
კატეგორია: სტატია

 

@ სანდრო ჯაფარიძე
 
 
კინოს დაბადება
 
*
 
შემონახულ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ კაცობრიობას ოდითგანვე აინტერესებდა მოძრაობის ეფექტი. პირველყოფილი ადამიანები ქვებსა და გამოქვაბულებში ცხოველებსა და ფრინველებს ხატავდნენ. მათ სურდათ ისინი მოძრაობის მომენტში გამოესახათ და ამ მიზნის მისაღწევად თავიანთ ნამუშევრებს უფრო მეტ ფეხს, ან ფრთას მიუხატავდნენ ხოლმე, ან თუნდაც ძველი ეგვიპტელები, რომლებიც ერთ ნამუშევარში მთელ ამბავს ჰყვებოდნენ, - მაგალითად რამზეს II მეფობის დროინდელი მანუსკრიპტი. (1292-1225 ჩვ.წ. აღ-მდე)
 
მეთევზეები თევზსაჭერი ბადით/ Fishermen, pulling in nets, fishing with baskets.
 
ძველი ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ თვალი რამდენიმე წამის განმავლობაში მაშინაც კი ინარჩუნებს ობიექტის გამოსახულებას, როცა ეს საგანი გამქრალია თვალთახედვის არედან, მაგრამ მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ამას არა თვალი, არამედ ტვინი აკეთებს ხედვითი აღქმის ინერციით, რის შემდეგადაც სწორედ ამ პრინციპმა ჩაუყარა საფუძველი კინოს დაბადებას.
 
 
**
 
თითქმის ყველა ადამიანს შეუმჩნევია, რომ როდესაც ღამე მანქანის ფარნის სინათლე ფანჯარაში შემოაღწევს, ოთახის კედლებზე წამიერად გადაივლის სხვადასხვა ფორმის ჩრდილი. სინამდვილეში კი ეს აღმოჩენა საკმაოდ ძველია და ჩვენამდე ძველ ჩინელებს, ქრისტეშობამდე V საუკუნეში მიუქცევიათ ამისათვის ყურადღება - როდესაც შუქი ფანჯრის დარაბების ვიწრო ჭუჭრუტანაში გაივლიდა, ის ოთახის კედელზე (ანუ სიბრტყეზე) გარეთა პეიზაჟის ამობრუნებულ გამოსახულებას ტოვებდა. ეს ეფექტი ადამიანს თავის სამსახურში რომ ჩაეყენებინა და თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა, ათასწლეულები დასჭირდა, რასაც შემდგომ ,,კამერა ობსკურა" (ანუ ბნელი ოთახი) ეწოდა. ,,კამერა ობსკურები" იყო ყუთებიც და ბნელი ოთახებიც, რომლებიც აღჭურვეს სარკეებიანი ლინზებით, რათა გამოსახულება კვლავ ნორმალურ მდგომარეობაში ამოებრუნებინათ და ასე ახდენდნენ პროექციას.
 
 
 
***
 
XVII საუკუნის შუახანებში (1602-1680) ცხოვრობდა გერმანელი ფილოსოფოსი და გამომგონებელი ათანასიუს კირხერი, რომელმაც თავის ერთ-ერთ ნამუშევარში აღწერა თუ როგორ შეიძლებოდა კამერა ობსკურას ძირითადი კომპონენტების გაერთიანება ერთ მოწყობილობაში, რომელიც გამჭირვალე ფირფიტიდან კედელზე გადაიტანდა გამოსახულებას, რასაც შემდგომ ,,ლატერნა მაგიკა" (ანუ ჯადოსნური ფარანი) ეწოდა. მის სრულყოფაზე დიდი პაექრობა იმართებოდა გამომგონებლებს შორის. ეს აპარატი ეპოქიდან ეპოქამდე იხვეწებოდა და მას ხან ფოკუსირებულ ლინზებს უმატებდნენ გამოსახულების სიმკვეთრის მისაღებად, ხან დამატებით სარკეებს უმაგრებდნენ კორპუსის შიდა ნაწილში და ხან ფირფიტებს აფერადებდნენ მეტი ბუნებრიობისათვის.
 
 
Athanasius Kircher (1602-1680)
 
LATERNA MAGICA
  
 
 
 
****
 
მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში გამომგონებლებმა ხედვითი აღქმის ინერცია საფუძვლად დაუდეს ნახატების მოძრაობის ილუზიის შექმნას და გააკეთეს საბავშვო სათამაშოები, როგორიცაა 1832 წელს ბელგიელი ფიზიკოსის, ჟოზეფ პლატოს გამოგონება - ,,ფენაკისტისკოპი".
 
 
Joseph Plateau
 
 
 
Phenakistiscope
 
 
 
 
 
*****
 
XIX საუკუნის 70-80-იან წლებში ადამიანმა გამოიგონა ფოტოგრაფია, რომლის შედეგითაც არა მარტო დაკმაყოფილდა, არამედ უფრო დიდი წარმატების მოთხოვნილება გაუჩნდა და გადაწყვიტა ფოტოსურათების ამოძრავება. არაერთმა გამომგონებელმა სცადა ამის გაკეთება, მაგრამ ყველაზე წარმატებული გამოდგა ინგლისელი ედვარდ მაიბრიჯის ცდები, რომელთაგანაც ერთი დღესაც კი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ედვარდ მაიბრიჯმა ერთმანეთის მიყოლებით 12 ფოტოაპარატი დააყენა, თითოეულს საკეტზე გამოაბა ძაფი, რომელთა ბოლოები დაამაგრა მოპირდაპირე მხარეს. შემდეგ ცხენოსანს მისცა დავალება, რომ გამოეჭენებინა ცხენი და ძაფებს შორის ჩაერბინა. გაჭენებისას ცხენმა სათითაოდ გაწყვიტა ყველა ძაფი და შედეგად ფოტოაპარატებმა გადაიღეს მხედარი და ცხენი 12 სხვადასხვა ფაზაში. ამის საილუსტრაციოდ მან ასევე გამოიგონა ,,პრაქსინოსკოპი", რომელშიც შუშის ფირფიტაზე გადატანილ მხედრის მოძრაობის ფაზების ფოტოსურათებს ატრიალებდა.
 
 
 
Eadweard Muybridge
 
 
PRAXINOSCOPE
 
 
 
 
 
******
 
XIX საუკუნეში როდესაც მოძრავი გამოსახულებისა და ფოტოგრაფიის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი სუფევდა და გამომგონებლებს შორის დაწყებული პაექრობა სულ უფროდაუფრო მასიურ სახეს იღებდა, ცხოვრობდა ერთი ფრანგი გამომგონებელი სახელად - ლეპრენს ლუი, (Louis Aimé Augustin Le Prince) რომელიც XIX საუკუნის მიწურულს 1885-1887 წლებში (ჯერ კიდევ ძმებ ლუმიერებამდე) ნიუ იორკში, თავისი გამოგონებული პროექტორით საჯაროდ აჩვენებდა ხალხს ასევე თავისივე გამოგონებული გადასაღები აპარატით გადაღებულ მოძრავ, ბუნდოვან გამოსახულებებს, რის შემდეგაც 1888 წელს ინგლისის ერთ-ერთ ფაბრიკაში წარადგინა თავისი ძალიან პატარა კინოფილმი ,,ტრანსპორტის მოძრაობა ლიდსის ხიდზე/Traffic Crossing Leeds Bridge". ლეპრენს ლუი ითვლება კინემატოგრაფიის დამფუძნებლად, რადგან მან პირველმა აღბეჭდა მოძრავი გამოსახულება და რაც მთავარია თავის გამოგონილ გადასაღებ აპარატზე, რომელსაც ერთი ობიექტივი ჰქონდა.
 
 
Traffic Crossing Leeds Bridge