კაცი ცხვირზე ლურჯი ძარღვით (ციკლიდან - ,,გურული დღიურები’’)
გიორგი კეკელიძე
 
თარიღი: 07/12/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

@ გიორგი კეკელიძე

 

 

კაცი ცხვირზე ლურჯი ძარღვით 

(ციკლიდან - ,,გურული დღიურები’’)

 

ისეთი დღეა, რომანის წერას დაიწყებდა ადამიანი. ნოემბრის 18 - ღრუბლიანი და ცივი - ღამეგამოყოლილი. რომ არ თენდება და იცი, არც გათენდება. სამი წლის წინ ერთმა მოხუცმა, რომელიც სურებში ცხოვრობდა და ალბათ პოეზია უყვარდა, ახლა რომ ამინდია, ამდაგვრაზე ასეთი რამ მითხრა: ,,ცა ჰგავს ნაომარ ავადმყოფს, ღრუბელი მარლას და მზე კიდევ შიგნიდან შემხმარი სისხლივით აჩნია. სუნი სპირტის და იოდის დგას''. ეგ კი არა და ეს ინტერნეტიც ვითომ მოგბეზრდა. ტელევიზორი არ გაქვს. რომანის წერა კიდევ ლექსის საერთოდ არ ჰგავს, ბევრი დრო უნდა ფიქრისთვის და ზომვა-წონვა - ეს ამბავი ისედაც იცით. ამიტომ ჯობს გადავდოთ - ვთქვი მე და გადავდე.

 

შევეცადე,  იმაზე მეტი მძინებოდა, ვიდრე ჩვეულებრივ - კვირაა ბოლოსდაბოლოს, მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ უნდა გაგეღვიძოს. ასე გვიანგაღვიძებულზე, თან თუ საქმე არ გაქვს, რაღას აღარ გაიხსნებ - ჩვეულებას გააჩნია მოგონებების და ახლა ამით არ დაგღლით. ჩაის დავლევ. თქვენც მიირთვით. არ გიყვართ? -  ნუ გიყვართ. მეც ბევრი რამე არ მიყვარს - ბებიაჩემი მეუბნებოდა ასე, წამლის დალევას რომ ვუარობდი. საინტერესო თვე კი იყო ისე. მე, როგორც ამჟამად საჯაროს დირექტორი (ასე ყველაზე ხალხურად და კარგად ითქმის) ბუნებრივია, პერიოდულად ვხვდები ბიბლიოთეკის მკითხველებსაც ან ისე, დაინტერესებულ პირებს. ბუნებრივიცაა, რომ მათ ნაწილს აქვს სხვადასხვა სახის სათხოვარი შესაბამისი შესავლითურთ. ამაზე ღიად წერა არაკორექტულია, მაგრამ  იმ დღეს სულმთლად ეპიკური შემთხვევა მოხდა. შემოდის ერთი ბატონი, რაღაც პროექტის განხორციელებას მთავაზობს - ბევრი უწვალია, ამბობს რომ ყველგან ბლოკავენ, რომ გენიოსებს სულ ებრძვიან და ბოლოს ამთავრებს: ,,ბატონო გიორგი, სხვათა შორის, მე თქვენი მეუღლის ნათესავი ვარ’’ და აგრძელებდა რაღაც ამბით ჩემს ,,სიდედრზე''. ინსტიქტურად ვკითხე: რომელი მეუღლის? და მომიგო: ,,იმის''. 

 

ცოლი ნაღდად არ მყავს. როდის მომყავს? არ ვიცი. მაგას ჯობს იმ კაცს აღგიწერთ - დიდი, მსხვილი ცხვირი შესამჩნევი ძარღვებით  - თუ კაპილარი ქვია ამას უფრო მეცნიერულ ენაზე. ასეთი ცხვირი მანამდე ერთხელ მენახა. ერთხელ მინახავს ასეთი წარბებიც - უცნაურად მოკლე და ხშირი. იმას ედუარდი ერქვა და ამასაც. აშკარად რაღაც ახლებურ ინკარნაციასთან გვქონდა საქმე, შევშინდი - ვაპატიე ჩემი სახელდახელო ქორწინება. შევუქე პროექტი, წავიდა და კვლავ მოსვლა დაიბარა. ხოლო ის მეორე კაცი, აწგარდაცვლილი ედუარდი,  ყველას უჩიოდა.  ამისთვის სპეციალური კარადა ჰქონდა, მეორე სართულზე, ოდაში. ფურცლები გულმოდგინედ იყო აკინძული. თაროებზე კი ნაფტალინის შემცვლელად ძველი სიგარატები ეწყო, იმ დროის და ხარისხის, რომ ჩრჩილს შეხედვაც კი არ უფიქრია. საჩივრების დოკუმენტაციის ათვლა იწყებოდა სადღაც 1976 წლიდან. მაშინ თურმე ძმას გაეყარა და ძმამ წაიღო უფრო დიდი არყის სახდელი ქვაბი. მერე იყო პროცესთა მთელი წყება მეზობლებთან, მათ შორის ჩვენთანაც - მიწის ზომაზე, ღობის მიმოხვრის ნიუანსებზე, წაბლის ხეს ფესვი საით ჰქონდა და ამის მიხედვით ნაყოფი ვის ეკუთვნოდა. ლამის საკვამურიდან კვამლის მიმართულებაზეც კი. ერთხელ საკუთარ ცოლსაც კი უჩივლა - ქათმის ჭირის წამალი გაყიდაო და  თვითონ მოსამართლეს, რომელმაც ეს წამალი იყიდა და ქათმები დაეხოცა და ამის გამო ფრიად ტენდენციური შეიქნა. ედუარდის აზრით - ბუნებრივია.

 

საინტერესო ის იყო, რომ არცერთი საქმე არ მოუგია ცხოვრებაში. და ამას თითქოს დიდად არც დარდობდა. მისი სტიქია არა მოგება, არამედ - ამ საჩივარის შეტანის პროცესი იყო და მერე ამაზე ლაპარაკი. ,,ციხის პოლს ვახეხიებ მაგენს’’. კურმუხეთი - არის ასეთი სიტყვა გურულ ლექსიკონში. ზოგი ამბობს, რომ ჯოჯოხეთს ნიშნავს. კარგს ნამდვილად არაფერს - ეს ზუსტად ვიცი. ,,შენ წაი კურმუხეთში’’ ანუ სადღაც ყველაზე ცუდ ადგილას. ედუარდი გზავნიდა ხოლმე მოსამართლეებს.  დრო მიდიოდა -  მოსართლეები ჯიუტად რჩებოდნენ ოზურგეთში, არსად წასვლას არ აპირებდნენ.

 

მაგრამ მთავარი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შეემთხვა. აფთიაქს უჩივლა, ძველი წამლები მომყიდესო. კუსტარული აფთიაქის აფთიაქარი ადრე პროდუქტების მაღაზიაში მუშაობდა და იქ რომ ეცვა, იგივე ხალათს იმეორებდა აქაც.  წამლები კი იაფი ღირდა, მაგრამ ყველა ემდუროდა. ხარისხს უწუნებდნენ. მითების ნაწილი მიუთითებდა რაღაც სარდაფის არსებობაზე, სადაც ამ აფთიაქარის ოჯახს საიდუმლო ლაბორატორია ჰქონდა. ედუარდის და მოსამართლის ინტერესი პირველად დაემთხვა ერთმანეთს. მაგრამ სანამ განაჩენი დღის სინათლეს იხილავდა, ეს უკანასკნელი ედუარდს წაერთვა. მოულოდნელად გარდაცვლილს, პანაშვიდზე რომ მივედი, სახეზე დავაკვირდი. ის ძარღვები ისევ შესამჩნევად აჩნდა ცხვირზე, ფერდაუკარგავი. ახლა რომ დავწერო, ხოლო სული კი ალბათ მიქელ-გაბრიელს ედავებოდა, ზეციური გზების მოუწესრიგებლობაზე მეთქი, ბანალური იქნება - სხვა, უფრო ცნობილ პერსონაჟზეც სხვა მიმართულებით, მაგრამ იგივე უთქვამთ. არადა, ასე იქნებოდა და არც კანონზომიერება დაირღვეოდა - აქ ვერას გახდა და იქ რას გახდებოდა.

 

აბა, აბა, რას გახდებოდა - ვუთხარი საკუთარ თავს წამოვდექი. ისეთი დღეა, რომანის წერას დაიწყებდა ადამიანი.  მაგრამ რაღა დღე -  დაღამდა უკვე. ამიტომ ჯობს გადავდოთ - ვთქვი მე და გადავდე.