ბრიუგე - ჩრდილოეთის ვენეცია
გაგა ლომიძე
 
თარიღი: 08/12/2012
კატეგორია: სტატია

 

ბრიუგე - ჩრდილოეთის ვენეცია

 

ტექსტი: გაგა ლომიძე

 

ფოტო: ალფრედო მანინო, საბა ქავთარაძე

 

 

 

ბრიუსელიდან ბრიუგემდე დაახლოებით ერთი საათის გზაა, მაგრამ მათ თითქოს საუკუნეები აშორებს. აქ მთავრდება დღევანდელობა და იწყება ისტორია - როდესაც ინგლისის განდევნილი მონარქი რიჩარდ III ბრიუგეში აფარებდა თავს; ბრიუგეს ისტორია ან ისტორიის სივრცობრივი სიმულაცია. ქალაქი, რომელიც ბავშვობიდან მახსოვს ილუსტრირებული წიგნების რეპროდუქციებში. იან ვან ეიკის, ჰანს მემლინგის, ბოსხის ბრიუგე. ყველგან მეორედ მოსვლის წინათგრძნობა თუ შიშნარევი მოლოდინი - კულტურის ერთ-ერთი საფუძველი, რომ სამყაროში შეძლებისდაგვარი წესრიგი დამყარდეს და ადამიანებმა ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანი ცხოვრება შეძლონ...

 

 

ფლამანდიელი პრიმიტივისტების ფერწერული ნამუშევრებიდანაც ზუსტად ეს იგრძნობა - ადამიანისთვის ჩარჩოების შექმნის აუცილებლობა, იმქვეყნიური ცხოვრებისთვის მუდმივი სამზადისი თუ მზადყოფნა. ტყუილად ხომ არ ეძახიან ბრიუგეს “ჩრდილოეთის ვენეციას”, თავისი ულამაზესი ხიდებით და არხებით, ზღაპრული ჯოჯოხეთის მდინარის მსგავსს. თან ჯოჯოხეთის მდინარის ასოციაციას ჟორჟ როდენბახის რომანი “ბრიუგე - მკვდარი ქალაქი” კიდევ უფრო ამძაფრებს.

 

 

და იმის მიუხედავად, რომ აქ მზიანი ამინდი, ალბათ, იშვიათობაა, ასე მგონია, სიამოვნებით ვიცხოვრებდი ბრიუგეში, აქაურ სანაპიროზე მდგარ სკამზე ჩამოვჯდებოდი და ფიქრებს გავატანდი ბრიუგეს მშვიდ მდინარეს, რომელსაც დროდადრო დაუოკებელი და ხმაურიანი ტურისტები სიმშვიდეს ურღვევენ; ან ველოსიპედით გადავკვეთდი არხებს და მდინარეს; ჟორჟ როდენბახის რომანის გმირივით ვიხეტიალებდი ღამის ბრიუგეში. ამ ქალაქში ემოციების შემგროვებელს ვემსგავსები, როგორც ბოდლერი იტყოდა, flaneur-ივით დავდივარ დაცვარულ ქვაფენილზე და თავი ნახევრად სიზმარში მგონია. თან მთელი ქალაქი ისტორიაა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ან იქნებ ისტორიის იმიტაციაა. იმიტაცია იმიტომ, რომ შუასაუკუნეობრივი გარემო აქ, ძირითადად, მე-19-მე-20 საუკუნეებში აღადგინეს და შეინარჩუნეს. თითქოს ამით ხელახლა შექმნეს შუასაუკუნეობრივი სივრცე.

 

 

აქამდე, ბავშვობის შემდეგ, ბრიუგემ თავი კიდევ ერთხელ შემახსენა, როდესაც ირლანდიელი დრამატურგის და რეჟისორის, მარტინ მაქდონაჰის კრიმინალური დრამა “ბრიუგეში” გამოვიდა, ქოლინ ფარელის და რალფ ფაინსის მონაწილეობით. ფილმი, თავისი შავი იუმორით, თითქოს ამ ქალაქისთვის საგანგებოდ შექმნილი ვიზუალური პროექციაა. და პარადოქსის პაროდია, რომ ამ ღვთისმოშიში გარემოს მიუხედავად, დღესაც, ისევე როგორც შუასაუკუნეებში, როდესაც ad majorem Dei gloriam ადამიანებს ცოცხლად აძრობდნენ ტყავს, როგორც გერარდ დავიდის ნახატშია “კამბისის სამსჯავრო” და რომელიც ციტირებულია ფილმში “ბრიუგე”.

 

თუკი სიარულით დაიღლებით, შეგიძლიათ მარკტპლაცზე შეისვენოთ, პირდაპირ იმ ადგილას, სადაც ფილმის მნიშვნელოვანი ნაწილია გადაღებული და სადაც ბრენდან გლისონის გმირის - გამოცდილი მკვლელის ინსტინქტზე ადამიანური გრძნობები იმარჯვებს, როდესაც ის ღვთისმშობლის ტაძრის კოშკურიდან ხტება, რომ ფარელის პერსონაჟი სიკვდილისგან იხსნას...

 

ყველაზე მოულოდნელი და გასაოცარი ისაა, რომ შოკოლადის და შემწვარი წაბლის სუნით გაჟღენთილ ქუჩებში, სადაც ყოველ ნაბიჯზე ცხენები და ველოსიპედები ენაცვლებიან ერთმანეთს, ზე-კრეატიულ კაფეებს შორის შეიძლება ვიწრო გასასვლელებსაც წააწყდეთ, სადაც შეიძლება ყველაზე ანდერგრაუნდულ სივრცეში აღმოჩნდეთ, თავისი თვალისმომჭრელი მონუმენტური კედლის მხატვრობით, რომ თითქოს შეგახსენოთ, ახლა 2012 წელია.

 

და იმის მიუხედავად, რომ ზოგისთვის შეიძლება ბრიუგე შუასაუკუნეების სიმულაცია იყოს, ამ ქალაქში ერთხელ მაინც უნდა მოხვდეთ, რომ დროებით მაინც იმ საუკუნეებში აღმოჩნდეთ, როდესაც ამქვეყნიურ ცხოვრებას იმქვეყნიურობისთვის მზადებად თვლიდნენ. თითქოს ეს მდინარეც ზოგჯერ სტიქსს ემსგავსება, რომლის ბნელ ზედაპირზეც საცაა ქარონი ჩამოივლის ნავით და წარსულს დაგვავიწყებს, რომ მომავალში გავიღვიძოთ. მხოლოდ გზად წისქვილის აწ უკვე დეკორაციადქცეული ბორბლები შეგვახსენებს, რომ სიცოცხლე გრძელდება და ბრიუგეში წასვლა აუცილებლად ღირს, თუკი გინდათ, რომ დროებით სიზმარში აღმოჩნდეთ.