კანის დღიურები. დღე პირველი – სამოთხე და "სამოთხე"
არტარეა
 
თარიღი: 17/05/2012
კატეგორია: სტატია

 


შარლ დე გოლი ამბობდა: რთულია მართო ქვეყანა, რომელიც 300-მდე სახეობის ყველს აწარმოებსო.
სწორედ ამ ქვეყანაში, მერლინ მონროს დაგეროტიპებით, ჟან პოლ გოწიეს იმიჯებით კოკა კოლასთვის და ბრწყინვალე იტალიელი კინორეჟისორის – ნანი მორეტის თავმჯდომარეობით, კანის 65-ე კინოფესტივალი გაიხსნა.


ჩემი მეგობარი ამბობდა: მორეტი და დარდენი თუ ჟიურიში არიან, ფილმები ვინ უნდა წარადგინოსო?!
ცხადია, წლევანდელი ფესტივალი მშფოთვარე და დაძაბულია, კრიტიკა და მაყურებელი სწორებას შარშანდელზე აკეთებს - შარშანდელი პროგრამა, სადაც ბრილიანტს ბრილიანტი ცვლიდა, კანის კინოფესტივალის ისტორიაში საუკეთესოდ აღიარეს.

 

ცოცხალ კლასიკოსებს გლობალური საკითხები – კატაკლიზმები და პლასტიკური ქირურგიის თემები ოსტატურად ჰქონდა დაპრესილი და ოჯახურ სურათებად წარმოადგენდა. შარშან გაცხადდა, რომ თანამედროვე კინო იმაზე უფრო საინტერესოა, ვიდრე ამას წარმოიდგენს თითოეული ჩვენგანი…

 


ჰოდა, შფოთავს წლევანდელი ჟიური: დახვეწილი იუმორით სავსე ბრწყინვალე ნანი მორეტი, ლეგენდარული ჟან პოლ გოწიე, შფოთავს დაიან კრუგერიც და ევან მაკგრეგორიც.


თუმცა ცხადია, სახელები არც წლევანდელ პროგამას აკლია, აქ განსაკუთრებით ელოდებიან, კენ ლოუჩის, აბას კიაროსტამის, მიხაილ ჰანეკეს, სერგეი ლოზნიცას, ბერნარდო ბერტოლუჩის და ფილიპ კაუფმანს არასაკონკურსო პროგრამაში.

 

დღეს წარმოდგენილ ფილმებს შორის, ულრიჰ საიდლს გამოვარჩევდი, "სამოთხე" ასე ქვია ფილმს, რომელიც ავსტრიელი ქალის (ქალების) კენიაში მოგზაურობის შესახებ ყვება. 50 წლის ტერეზა, აფრიკელი ახალგაზრდა ბიჭებით ირთობს თავს, სექსისთვის და სიყვარულისთვის ის ფულს იხდის. ევროპული სამყარო აფრიკულს ერწყმის, თუმცა რამდენად ერწყმის ბებერი სხეული მოქნილ და ლამაზ შავკანიან სხეულს?


თამამი და გახსნილი სცენებით რეჟისორი  "სიმსუქნისგან ღილებ ამწყდარ" ევროპას გვიჩვენებს. როგორი უსუსურია ის, მიუხედავად უზრუნველყოფილი სტატუსისა, როგორ ტყუვდება ის კენიური ლეგალური ბიზნესით და არ იჯერებს, რომ ახალგაზრდა აფრიკელი მის პურს ჭამს, მაგრამ თავისი ენატრება, მის მზეს უყურებს, მაგრამ მხოლოდ თავისი ათბობს. ეს არის ის, რაც რეალურად დღემდე ვერ დაიჯერა ევროპამ.

 


ტერეზას თინეიჯერი ქალიშვილი, რომელსაც მხოლოდ ფილმის დასაწყისში ვხედავთ (დედას კენიაში აცილებს), დედის სატელეფონო ზარს არ პასუხობს და დაბადების დღესაც არ ულოცავს. სამაგიეროდ, მეგობარი ქალები ულოცავენ და ტერეზას, როგორც იუბილარს, კენიელ ბიჭს  "ჩუქნიან". სასტუმროს ნომერში შიშველ ბიჭს შიშველი 50 წლის ქალები ეხვევიან და სასქესო ორგანოს, როგორც სათამაშოს ისე ექცევიან.აღზნებული ევროპა მარაზმით იღლება და თავად ასრულებს თამაშს.


მარგარეტ ტისელის შესანიშნავი შესრულება, ზედმიწევნით დამაჯერებელს ხდის მოცემულ სიტუაციას. ერთი შეხედვით უტრირებულ გარემოში არაფერია დაუჯერებელი - თმადავარცხნილ ევროპას ეგზოტიკა უნდა - ეგზოტიკა კი ზედმეტად ძვირი სიამოვნება აღმოჩნდება " ბებერი ბურჟუებისთვის", რაც იმედგაცრუების სასტიკ განცდას იწვევს.

 


ვნახოთ, რა თემას შეკრავს მთლიანობაში წლევანდელი კინოპროგრამა.


ყველაზე სკანდალურ, გლამურულ და საავტორო კინოზე ორიენტირებულ კინოფესტივალს, სინოპტიკოსები წვიმიან დღეებს და დაბალ ტემპერატურას უწინასწარმეტყველებენ. მთავარია ეს აბზაცი ერთგვარი მეტაფორა არ აღმოჩნდეს 65-ე ფესტივალისთვის - ასეა, კონკურსს მკაცრად ვადევნებთ თვალს, როგორც უკვე მოგახსენეთ, შარშან საკონკურსო პროგრამამ ყველანი გაგვანებივრა …

 

რაც შეეხება თავად ქალაქს, ის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. აქ ყველაზე ადრე ბულანჟერია და თევზის ბაზარი იხსნება. 4 ათასზე მეტი ჟურნალისტი ისევ დილის 7 საათზე იღვიძებს, რომ ყოველ დღე, ცხრის ნახევარზე საკონკურსო ფილმი ნახოს და მერე ყველამ თავის ქვეყანას გააგებინოს - არაფერი ისე არ ასახავს დროს, როგორც კინო.

 

ნესტან ნენე კვინიკაძე


კანის 65-ე კინოფესტივალი

2012