ლიეჟი
გაგა ლომიძე
 
თარიღი: 09/12/2012
კატეგორია: სტატია

 

@ გაგა ლომიძე

 

 

ლიეჟი

 

 

ზოგადად, კიბის ყველა საფეხური განსხვავებულია, მაგრამ კიბის მთლიანობას თვითონ კიბის იდეა ქმნის და აერთიანებს. ამის წყალობით საფეხურების ერთიანობა კიბედ, როგორც ასეთად, იქცევა. ასე იტყოდა პლატონი... მაგრამ ჩვენ ახლა ანტიკურ სამყაროში არ ვცხოვრობთ. მით უმეტეს, არც საბერძნეთში ვართ, ახლა ბელგიაში - ქალაქ ლიეჟში ვართ. სწორედ ლიეჟის გულისგულში, ძველ უბანში, მე-19 საუკუნეში აგებული 374 საფეხურიანი კონსტრუქცია გადმოჰყურებს ქალაქს ბუერენის მთიდან. ყოველი წლის ოქტომბრის პირველ შაბათს კიბის საფეხურებს 15 000 სანთლით რთავენ.

 

 

გართობასთან ერთად, ესეც კომუნიკაციის ერთგვარი ფორმაა - ლიეჟელებს რომ რამე ჰკითხო, აშკარად იგრძნობ უნდობლობას. მაგრამ ეს თავდაპირველად, სანამ დარწმუნდებიან, რომ მტრულად არ ხარ განწყობილი. ესეც გასაგებია. აქ ხომ ყოველწლიურად უამრავი ემიგრანტი ჩამოდის საცხოვრებლად მესამე სამყაროდან. ამიტომაცაა, რომ “სხვის”, “უცხოს” გაგება აქ უფრო მძაფრია. მით უმეტეს, რომ 2011 წელს, 33 წლის მაროკოული წარმოშობის ბელგიელმა ნორდინ ამრანმა წმინდა ლამბერის მოედანზე სისხლიანი ბლოქბასტერის სცენა რეალობად აქცია, როდესაც 6 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა და ასობით დაჭრა. თან, ეს ყველაფერი დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე...

 

 

 

2001 წლის მონაცემებით ლიეჟი ევროპაში ყველაზე საშიშ ქალაქად ითვლებოდა. თუმცა ყველაფერს ორი მხარე აქვს, ყველა მხარეს თავისი სიმართლე აქვს - ესაა გლობალიზაციის მრავალხმოვანება თუ მრავალხმიანობა. ბელგიელი ძმები დარდენების ფილმების დიდი ნაწილიც სწორედ ლიეჟშია გადაღებული და ამავე პრობლემებზე გვიამბობს, ოღონდ ქალაქის პოსტინდუსტრიულ ნაწილში, ნაცრისფერი ცის ქვეშ, გაცრეცილ გარემოში მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებიც მზის ქვეშ თავის ადგილს ეძებენ და თითქოს უნდათ, რომ ნისლიან გარემოში ჩრდილივით არსებობიდან თანდათან ფორმა და ფერი შეიძინონ. სიმართლის ძიება ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კატეგორიის ადამიანებისთვის “ღმერთი მოკვდა” და “რადგან ღმერთი მოკვდა, ყველაფერი დაშვებულია”. თითქოს ამ თეორიის სიცოცხლეში გატარებას ცდილობენ, თუნდაც ქვეცნობიერად ან გაუცნობიერებლად.

 

იქნებ გლობალიზაციის მიუხედავად, ადამიანები აქ ერთმანეთის პიროვნულ საზღვრებს იმდენად სცემენ პატივს, რომ ერთმანეთისგან საბოლოოდ უცხოვდებიან და მათთვის განურჩეველი ხდება გვერდით მყოფის ბედი; იქნებ სისასტიკეც სწორედ ამ გაუცხოებიდან მომდინარეობს, როდესაც უკიდურესი ფორმებით პროტესტს უცხადებენ როგორც გაუფერულებულ და გაცივებულ გარემოს, ისე მთელ სამყაროსაც, რომელიც, მათი აზრით, უსამართლოდაა მოწყობილი. არადა, ადამიანებს ყველაზე მეტად ერთმანეთთან სიახლოვე თუ თანაზიარობა ჭირდებათ და ერთმანეთის გარეშე ისინი დაკარგავენ მნიშვნელობას; ისევე როგორც თუკი კიბის საფეხურები არ იარსებებენ, აღარც კიბე იქნება... ვინ იცის, კომისარი მეგრე რომ მართლაც არსებულიყო, შეიძლება თავისი ბრძნული გონებრივი კომბინაციებით აქაურობა უფრო უსაფრთხო ექცია. ხუმრობა იქით იყოს და კომისარი მეგრე იქნებ მართლაც არსებობდა - არა მხოლოდ ჟორჟ სიმენონის წარმოსახვაში, რომელიც ამ ქალაქში დაიბადა. იქნებ მისი ცნობილი დეტექტივების პერსონაჟის - მეგრეს პროტოტიპი ლიეჟის ვიწრო ქუჩებს მძიმე ნაბიჯებით დაუყვებოდა ხოლმე თავისი განუყრელი ჩიბუხით ხელში და კრიმინალური ამბების კროსვორდების ამოხსნის პროცესში ნირვანას ეძლეოდა...

 

 

 

 

ქალაქის ძველ ნაწილში სეირნობისას, წამით შეიძლება დროც აგერიოთ, ვერ მიხვდეთ, რომელ საუკუნეში ცხოვრობთ - ეს ადგილი შუა საუკუნეების ზღაპრული კოშკებითაა სავსე. და კიდევ არნუვოს არქიტექტურული ნაგებობებით.

 

ბურენის მთის ირგვლივ გარემომ შეიძლება მონმარტრიც გაგახსენოთ - მაგრამ ლიეჟის კედლებს მეტი რამ ახსოვთ: აქაური დასახლების სახელი უკვე მე-6 საუკუნიდან მოიხსენიება. მე-8 საუკუნეში წმინდა ლამპერ მაასტრიხტელმა აქაური მოსახლეობა ქრისტიანებად მოაქცია. ლიეჟის გულისგულში სწორედ ამ წმინდა ლამბერის მოედანია.

 

 

 

მაგრამ არსებობს სხვა ლიეჟიც - უფრო high-tech ლიეჟი, რომლის ერთ-ერთი დასტურიცაა თვალისმომჭრელად თეთრი რკინიგზის სადგურის ახალი შენობა, რომელიც სახელგანთქმულმა ესპანელმა არქიტექტორმა - სანტიაგო კალტრავამ დააპროექტა და რომელიც 2009 წელს ფრანკო დრაგონეს თეატრალური წარმოდგენით გაიხსნა. ახალი მინიმალისტური სადგური რკინის, შუშის და თეთრი ბეტონისგანაა აგებული. გოთიკის და ფუტურისტული არქიტექტურის ეს სინთეზი ანესთეზიის შეგრძნებას გიჩენს - ობობას ქსელის მსგავსი საყრდენებზე დამაგრებული ბაქნები და გამჭვირვალე სახურავი ეთერულობის განწყობას ქმნის. ზოგადად, სადგურები ხომ შეხვედრის ადგილიცაა. აქაურობაც თითქოს სხვადასხვა დროის - წარსულის და შორეული მომავლის გადაკვეთის წერტილად ქცეულა. მაგრამ წარსულის და მომავლის შეხვედრასთან ერთად, ეს სადგური პირდაპირ უკავშირდება აახენს, ფრანკფურტს, პარიზს და ბრიუსელს. ხუთ წელიწადში კი შოკოლადის და აქაურობისთვის ეგზოტიკური ჩილიმიდან მწვანე ვაშლის სურნელის გამონაბოლქვით გაჯერებული ეს ქალაქი მასშტაბური ექსპო 2017-ის მასპინძელი იქნება.