A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Session.php

Line Number: 675

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Facebook.php

Line Number: 60

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Facebook.php

Line Number: 60

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tbcartar/public_html/bookmarks.php:1)

Filename: libraries/Session.php

Line Number: 675

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! - ARTAREA.TV
 
 
 


გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
ლელა ჩილინგარიშვილი
 
თარიღი: 10/12/2012
კატეგორია: სტატია

 

@ ლელა ჩილინგარიშვილი

 

 

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

 

 

 

 

 

2004 წლის სექტემბერში დავტოვე ჩემი ფორმირების ყალიბი ნავარდებ–ნარევოლუციონარ ქვეყანაში და დავიწყე ცხოვრება გერმანიაში. ყალიბი კი დავტოვე, მაგრამ თან წამოვიღე 1989-2004 წლები, ყველა იმ არტეფაქტით, რომლის გადაფასებას დიდი დრო მოვანდომე უცხო სამყაროში დამკვიდრებისას.
 
წინასწარ მინდა გითხრათ, რომ ეს ბლოგი ამ არტეფაქტებს ეხება და არა ჩემს ბიოგრაფიას, თუმცა შესვლა სხვაგან ყოველთვის შენგან გამოსვლით იწება. მოკლედ, დღეს 2012 წლის მიწურულს ვკითხულობ მეგობრის, ლაშა გაბუნიას, სტატიას არტ–კლუბზე, რომლის აქტიური წევრი ვიყავი პოსტინდუსტრიულ, ჩაბნელებულ, მაგრამ იასამნისფერ, ხშირად საეჭვო შემადგენლობის არყის საშუალებით დამთბარ ქუთაისში. მახსენდება ეს დრო და მაჟრიალებს, ისევე როგორც მაშინ, ამ არ ყის შემადგენლობასა და ჩემს ორგანიზმს შორის დაწყებული ქიმიური პროცესების მიჯნაზე. თუმცა ამ ნახევრად მთვრალი და ნახევრად ჰეროიკული ჟრიამულიდან უცებ გამოვდივარ, სტატიასთან ერთად ლაშას ატვირთული აქვს არტ-კლუბის პირველი ლიტერატურული კრებული, რომელიც ჩემი შემოქმედებითი წვით იწყება. სწორედ ეს მაფხიზლებს და თან ძალიან სწრაფად. ვკითხულობ მესამე-მეოთხე ტექსტს და ვხდვები როგორ შევიცვალე, რა შევცვალე კონკრეტულად და ბოლოსდაბოლოს, რატომ აღარ მესმის უამრავი ნაცნობი ადამიანის და პირველ რიგში ჩემი თავის იმ პერიოდში, სანამ ჩემთვის გამზადებულ ყალიბს დავტოვებდი.
 
„რადგან დაგარქვი“– ასე ქვია ჩემს ლოზუნგურ ჩანაწერს, რომელიც 8-9 წლის წინაა დაწერილი და ის წარმოადგენს იმ ნაზავის ზუსტ რეცეპტს, რაშიც მაშინ ვიხარშებოდი, და რაშიც დღემდე იხარშება ჩემი ბევრი ნაცნობი და უცნობი ადამიანი. ესაა ტრაფარეტული ნაციონალური სიმბოლოებით გაჟღენთილი სინამდვილე, სულ წარსულისკენ კისერმობრუნებული, ბრტყელი, ხმამაღალი და შემზარავი ლოზუნგებით სავსე. ამ ტექსტის სათაურიც უკვე მოწოდებაა და ეს ჩანაწერი მთელი თავისი მგრძნობელობის და გულწრფელობის მიუხედავად საოცრად სასაცილოა 21 წლის გოგოსგან.
 
„სიტყვები დამნებდნენ. მოვიწიე აღვირი ჩემკენ, გამოვეშურე შენი სამკვიდროს დასალაშქრად. ცივა საქართველოში, დაიხოცებითო, ჩხაოდა ყვავი.
 
ამ კედლებში ჩავშენდები და სისხლი გაპოხავს ქვებს. რადგან შენც ისეთი თბილი ხარ როგორც მჭადი და საქართველოს საფეთქელი, ისეთი მარილიანი ხარ როგორც ყველი და საქართველოს ტუჩები.
 
ახვიხვინდა ულაყი. უვარგისად მოწვიმა ყაყაჩოები ტყვიისფერი ღრუბლიდან. შენ წააგე ომი. მე მაინც პარტიზანულად ვანთებ ცეცხლს.
 
სიტყვებმა  პილპილის გემო დაკარგეს და შენ დიდი ხანია გაქვავდი დროში. თუმცა მოძრავია საათის ისრები. ყველგან მომაგნებენ და ღია ჭრილობაში ჩამერჭობიან. ასე ვბრუნავ, მე შენთან ერთად, იმ წერტილიდან ვერგამოსული, როცა შემიყვარდი.
 
მე ხომ ულაყის ჭიხვინი მართობს და ისევ შენს გაქვავებულ დიდებაზე ვიწერ პირჯვარს, რადგან დაგარქვი სამშობლოს სიყვარული!"
 

რა უბედურებაა ეს? გეტვით ახლავე, ესაა ცნობიერებაში არეული ფილმი კელტებზე, სქელტრაკიანი ულაყებით, ყვავებით და სისხლებით პლუს (ალბათ) ლელა წურწუმიას და სტეფანეს სიმღერის კლიპი, რომელსაც არ ვუსმენდი, მაგრამ მუდმივად ჩართულ ტვ-ში ალბათ საკმარისად ვხედავდი იმისთვის, რომ ჩემს ქვეცნობიერს იქედან სიმბოლოები ამოეღო, ან შეიძლება ეს რემბოა, ან ტერმინატორი, ან ჟანა დარკის მამაკაცის დაგუბებული ხმით გახმოვანებული პირატული რუსული ვერსია. რა ვიცი, რა ვიცი...

 

ეს აუცილებლადაა ასევე ცხრა აპრილი და ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები, პირჯვარდაწერილი ნაციონალიზმი, რომელიც ისმოდა ყველა კომუნიკაციის საშუალებიდან. ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, სახელმწიფო მოხელეებისგან, ისმოდა სუფრებზე, სიმღერებში, ლექსებში, ჰიმნებში, ნახატებში, ფილმებში და ყველგან.... ყველგან... ყველაფერში. თუმცა ეს არაფერი, უფრო დიდი მარაზმი ამ ყველაფრის მრავალჟამიერობაა, ქრონიკულობა და დაუსრულებლობაა. "გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს" და მის ინტერპრეტაციებს პოლიტიკოსების და უბრალო მოკვდავების მონოლოგებში, სადღეგრძელოებში, პოლიტიკურ პროგრამებში და სხვა დანარჩენ სიმღერებში ადამიანები ისევ ელოდებიან, რომ ყიჟინა დასცენ. იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ნამდვილი სამშობლოს სიყვარული ჰქვია და თუ სისტემას და მის მიერ მხარდაჭერილ ღირებულებებს, როგორიცაა ვაშა–პატრიოტიზმი, ქსენოფობია, ჰომოფობია და ფაშიზმი აკრიტიკებ, ამას უკვე სამშობლოს მოღალატეობა ჰქვია.
 
ვვიწროვდები როცა ვხედავ, რომ ევროპის მიმართულებით გეზაღებული ქვეყანა ისევ ფსოუს წყალზე და აფხაზეთზე მღერის, მილიტარული სიძლიერის დემონსტრაციას ახდენს ვიდეოებში, რომლებშიც დახარჯული თანხები დანაშაულია, მაშინ როცა ქვეყანაში 1,5 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, როცა დამიანებს წაართვეს სახლები და ქვეყანას წაართვეს საკუთარი მხარეები.
 
ამ გულისამრევი ხმამაღალი პატრიოტიზმისთვის ძალას არ იშურებს მედია და შოუბიზნესი. მასკულინური კულტს უჭერს სახემწიფო პოლიტიკა მხარს, რომ მან ისევ სამშობლოს და ეკლესიის სადღეგრძელოებს თქვას და ის დღე დალოცოს, როცა ჩვენ ქართველები გავჩნდით და ამით სამყარო უფრო ლამაზი გახდა.
 
მე ენერგო კრიზისის წლებში ამ პატრიოტული რიტორიკისგან შედარებით თავისუფალი და ალტერნატიული მეგონა ჩემი თავი, თუმცა ზემოთ მოყვანილი ტექსტის მერე ვხდები რომ ისეთი ბრმა იარაღი ვიყავი, როგორც კაპიტალისტებისთვის ჩეს გამოსახულებიანი მაისურია. საზიზღარი კაპიტალისტი სოციალური თანასწორობის იდეებისთვის მებრძოლ ჩეს მაისურებს ფაბრიკული სისწრაფით ამზადებინებს და აყიდინებს იაფფასიან მუშახელს, რომელიც უფრო მეტად ღარიბდება, რომ რომელიმე კაპიტალისტი უფრო მეტად გამდიდრდეს. ასეთი ჩეს მაისურები ბევრნი ვართ და ალბათ სულ ვიქნებით, სანამ არსებობენ სისტემები.
 
ჩვენ კი არა,  ჩეს მაისურები აღმოჩნედენ თავად Ken Kesey ("ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა") და Stewart Brand ("მთელი დედამიწის კატალოგი") 60-იანი წლების ამრიკული კუნტრკულტურის გურუები, რომლებმაც დიგიტალური სისტემის განვითარებაში უსაზღვრო როლი შეიტანეს, დაანგრიეს საზღვრები ხელოვნების, ტაბუების და რეალობის აღქმის და ჰიპური ცხოვრების და აზროვნების წესს დაუკავშირეს დიგიტალური წელთაღრიცხვის და ახალი მედიების შესაძლებლობები. ამ ადამიანებმაც კი, როლმებიც სიყვარულზე, თავისუფლებაზე და მშვიდობაზე მღეროდნენ, გათვიცნობიერ-გაუთვინცობიერებლად შეიტანეს წვლილი იმ სისტემის მშენებლობაში, რომელიც აკონტროლებს დედამიწელებს და მათ შორის თავად მათაც.
 
ბიტნიკები და ჰიპები კი არა, მე 1989-2004 წლის ქართულ პოსტსაბჭოთა ტრამვებზე ვყვებოდი, ჩემს დასაფორმირებელ ყალიბში რომ დავტოვე... ვაშა-პატრიოტიზმი, მამა-ეკლესია და ამათთვის ჰეროიზმი და ამ ყველაფრის ცირკულაციისთვის გამოყენებული ტექსტობრივი და ვიზუალური სიმბოლოები.
 
რიტორიკა და ქცევები, რომლებთაც ყველა თანაბრად უნთებდა და უნთებს სანთელს მასკულინური კულტის სალოცავზე. რას ვგულისხმობ მასკულინურ კულტში? ბებიაჩემი  ამბობდა "კაცს ყველაფერი ეპატიებაო", დედაჩემი იგივეს რუსულად ამბობდა, კაცი რასაც აკეთებს, უმრავლეს შემთხვევაში ეს არისო "в порядке вещей". ამ აბსოლუტური უმრავლესობით უპირატეს არსებად აღიარებულ მასკულინურ კულტს ევალებოდა ყოფილიყო სამშობლოს დამცველი მორწმუნე პატრიოტი, შეკითხვების გარეშე რომ უნდა გადაარჩინოს სამშობლოს გაყიდულ-გაჩუქებული მიწები და წყლები.
 
კაცები ჩნდებოდნენ სამშობლოსთვის გასაწირ ჯარისკაცებად და ქალები, ამ კაცების დედებად, დებად, ცოლებად და შვილებად.
 
და როცა გადასარჩენი და თავგასაწირი არაფერი იყო, მასკულინურ კულტს კიდევ უფრო მეტად უნდა გაეძლიერებინა თავისი მასკულინური უპირატესობები, რა თქმა უნდა, პატრიოტიზმთან მიმართებაში განსაკუთრებით.
 
ომები და მისი მსვერპლი სხვა თემაა და ამ დანაშაულისთვის იმედია ვინმე ოდესმე პასუხს აგებს, მაგრამ ეს ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს სისტემა ვაშაპატრიოტიზმს, იმისთვის რომ ადამიანებმა მთავარი თემიდან გადაუხვიონ, დაბრმავდნენ და დაყრუვდნენ.
 
ვაშა-პატრიოტულ იდეალებს ომის მერეც მშვიდობიან ვითარებაში ამყარებდა ოჯახი, ქუჩა, სახელმწიფო, მედია და ფსევდოკულტურული გამოვლინებები, როგორიც ამ დროს უმრავლეს მუსიკალურ და ლიტერატურულ ქმნილებებში და მიტინგების ლექსიკაში იყო დამკვიდრებული.
 
ტესტოსტერონის სიმრავლის მიხედვით იკვეთებოდა კაცის როლი და იერარქიული დაქვემდებარება ოჯახში და ქუჩაში. სხვადასხვა მასკულინური "კანონზომიერებები" ასევე თავის ასპარეზს პოულობდნენ ტრადიციულ თავყრილობებზე, რომლის ერთ მთავარ გამოვლინებად დღემდე სუფრა რჩება. სუფრის დასაწყისში ნადღეგრძელები სამშობლო, მანდილოსნები, წმინდანები და დედები, ალკოჰოლის და ტესტოსტერონის ნაზავში როგორც წესი ბოლოსკენ ზმნებს და ბრუნვებს იცვლიდნენ და იცვლიან და გინების სუბიექტებად დაფრიალებენ ჰაერში, თაფშებთან და ჭურჭელთან ერთად. ამ თეფშებს და სიტყვებს მისდევენ ქალები, სუფრის სიამაყეები და დამლაგებლები, შეზარხოშებულ ვაჟკაცს რომ წინდებს გახდიან და მოასვენებენ, თანაც ბოლო დროს გავრცელებული ქადაგების თანახმად, ალბათ ფეხებსაც დაბანენ.
 
ცალკე შესწავლას მოითხოვს ამ რიტორიკაში დიადი ქართული წარსულის  და მისი ციტირების მნიშვნელობა. საუბრები იმაზე, რომ ქართველების მესიანიზმი და რელიგიური და ეროვნული იდენტიტეტის განუყოფელობა ღვთიურია და უკვდავი. თუ მართმადიდებელი არა ხარ, მაშინ არა ხარ ქართველი და თუ ქართველი ხარ, მაშინ ხარ ნამდვილი მართმადიდებელი, და თუ ეს ორივე ხარ, მაშინ ხარ გამორჩეული იმისთვის რომ ზემოდან უყურო და პოზიტიური და ნეგატიური დისკრიმინაცია გაუწიო თითქმის ლეგიტიმურად, ანუ ვაშა-პატრიოტიზმის ლოგიკით და პრინციპით ეროვნულ, სექსუალურ და რელიგიურ უმცირესობებს.
 
როგორია ნამდვილი სამშობლოს სიყვარული? თავიდან ყველაფერი ალბათ ეგზისტენციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით იწყება. პირველ რიგში, როცა იმ ადამიანებს, რომელთაც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება ევალებათ, ეყვარებათ ადამიანები და შეუქმნიან მათ ელემენტარულ სასიცოცხლო პირობებს. ამავდროულად ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან განსაკუთრებით კულტურის, მედიცინის და განათლების სფეროებზე, მიაწვდიან ხალხს იმ ფასეულობებს, რომლებიც ვაშა-პატრიოტიზმის ნაცვლად საქართველოს მოქალაქეს საშუალებას მისცეს იყოს რაციონალური და სახელმწიფოებრივი, ჰუმანური და ტოლერანტული.
 
ვიცი, გულწრფელად და სულელურად ჟღერს ეს ჩემი ფაციტი, მაგრამ უფრო სულელურად ჯღერს დაუსრულებელი "გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!", რომელიც ჩემს 8-9 წლის წინანდელ ტესტში და ტესტოსტერონმომძლავრებული რემბოებისგან სამწუხაროდ დღესაც ასე ხმამაღლა ისმის და აყრუებს ანალიზის მოლოდინში გარდაცვლილ სიჩუმეს...
 
 
 




A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122)

Filename: Unknown

Line Number: 0

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php56)

Filename: Unknown

Line Number: 0